"ფინეთიზაციის დასასრული ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს"
ბრიტანულ ჟურნალ "სფექთეითორში" (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ფინეთიზაციის დასასრული ვლადიმერ პუტინმა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს" (ავტორი - პროფესორი რობერტ სერვისი, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი). მასალაში გაანალიზებულია ფინეთ-რუსეთის ურთიერთობა და პუტინის როლი მის გაუარესებაში: კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომით რუსეთის უსაფრთხოება კი არ განამტკიცა, არამედ პირიქით - ნეიტრალური ფინეთი მტრად გადააქცია.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იოსებ სტალინი ფინეთთან მიმართებით უფრო ჭკვიანურად მოიქცა, ვიდრე - ვლადიმერ პუტინი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ცივი ომი დაიწყო, საბჭოთა დიქტატორი მივიდა დასკვნამდე, რომ ფინეთში მეორედ შეჭრა უფრო მეტ პრობლემას მოუტანდა, ვიდრე პირველი - 1939-1940 წლების დამამცირებელი "ზამთრის ომი".
ამრიგად, ფინელებს "ბედმა გაუღიმათ" - მათ თავიდან აიცილეს პოლონელების, უნგრელების, ბულგარელების და აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სხვა ხალხის თავს დატრიალებული უბედურება - ოკუპაცია და კომუნისტური ხელისუფლების დამყარება. თუმცა ფინელებს "თავიანთი ცოდვების გამოსასყიდად" გარკვეული ფასის გადახდა მოუხდათ - ქვეყანა იძულებული გახდა, ნეიტრალური სტატუსი მიეღო და საბჭოთა კავშირთან "მეგობრული ურთიერთობა" ჰქონოდა ათწლეულების განმავლობაში, იმ დროს, როცა ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ. ფინელი პოლიტიკოსები და ფინური მასმედია დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, როცა საბჭოთა კავშირზე საუბარი უხდებოდათ - მიუხედავად იმისა, რომ ფინეთში ლიბერალური დემოკრატია, პრესის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და საბაზრო ურთიერთობები სუფევდა. ეს იყო ჰელსინკის მიერ გატარებული კომპრომისული პოლიტიკა, რომელსაც მოგვიანებით "ფინეთიზაცია" ეწოდა.
"ფინეთიზაცია" ევროპაში კომუნისტური მმართველობის პერიოდიდან - 1940-იანი წლებიდან გრძელდებოდა, თუმცა უკვე 1995 წლისათვის ფინელები ნელ-ნელა, ფრთხილად დაუახლოვდნენ დასავლელ სახელმწიფოებს და ევროკავშირში გაწევრდნენ. იმავდროულად, ნატოს წევრობა ჰელსინკისათვის ერთგვარ "წითელ ხაზს" წარმოადგენდა - ფინელი საზოგადოება და მთავრობა, "რუსული დათვი" რომ არ გაეღიზიანებინათ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებას ერიდებოდა.
ობიექტურად თუ ვიტყვით, მოსკოვში ფინელ მინისტრებს ღირსეულად და პატივისცემით ეკიდებოდნენ. რუსი ტურისტები, რომლებიც ფინეთში შაბათ-კვირას დადიოდნენ, მსხვილ მაღაზიებში დასავლურ საქონელს ყიდულობდნენ და ფრიად კმაყოფილნი იყვნენ. ფინელებიც რუსების მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ - იმპერატორ ალექსანდრე II-ის ქანდაკება, რომელიც ჰელსინკში, სენატის მოედანზე ჯერ კიდევ 1894 წელს დაიდგა, ფინეთის რუსეთის შემადგენლობაში ყოფნის დროს, დღესაც ხელშეუხებელია. რუსეთსა და ფინეთს შორის ეკონომიკური კავშირები მუდმივად ფართოვდებოდა. ბალტიის ზღვა, რომელიც ორ ქვეყანას ერთდროულად კიდეც ჰყოფდა და კიდეც აერთიანებდა, ვაჭრობისათვის მშვიდობიან ზღვად რჩებოდა. რუსი მომხმარებლები კმაყოფილები იყვნენ ფინეთიდან ხარისხიანი დასავლური, მაღალტექნოლოგიური ტექნიკის იმპორტით. და მაინც, ფინეთში რუსეთის მიმართ გარკვეული ისტორიული მიუღებლობა იგრძნობოდა: ძალიან ბევრ ფინელს დაეღუპა "ზამთრის ომის" დროს ბებიები და ბაბუები, რომ ასე იოლად დაევიწყებინათ ყველაფერი. არსებობდა მწარე მოგონება იმისაც, თუ როგორ შეცვალა იოსებ სტალინმა ფინეთის საზღვრები საბჭოთა კავშირის (ჩათვალე - რუსეთის) სასარგებლოდ, ასობით ათასი ფინელი კარელიიდან გაასახლა და "გულაგებში" ჩაყარა.
2022 წლის 24 თებერვლამდე ფინელები თავს იკავებდნენ და "თავიანთ იძულებით ნეიტრალიტეტს", ასე თუ ისე, ითმენდნენ. ისეთი ქვეყნები, რომლებმაც ნეიტრალიტეტი თვითონ, საკუთარი ნებით აირჩიეს, ამ სტატუსს მოგებიანად იყენებდნენ (ვთქვათ, შვეიცარია - საბანკო სფეროში), ასევე, ავსტრია, რომელსაც ნეიტრალიტეტი მოკავშირეებმა მიანიჭეს, მაგრამ ვენამ ამ სტატუსით კარგად ისარგებლა, როცა საბჭოთა ჯარი ავსტრიიდან 1955 წელს გავიდა.
ფინელებს გეოპოლიტიკური ნეიტრალიტეტი მხოლოდ მანამდე მოსწონდათ, სანამ ასეთი სტატუსი დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გარანტიას აძლევდათ. მაგრამ ვლადიმერ პუტინის შეჭრამ უკრაინაში ფინელები დაარწმუნა, რომ უსაფრთხოების სამხედრო გარანტიების არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ჰელსინკმა ოპერატიულად წარადგინა განაცხადი ბრიუსელში. მართალია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მუქარანარევი განცხადებით გამოვიდა, მაგრამ უკრაინის ომით დაკავებულ მოსკოვს არაფერი არ შეეძლო გაეკეთებინა ფინეთის ინიციატივის წინააღმდეგ, რიტორიკის გარდა.
მოკლედ, ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც რუსეთისათვის სერიოზულ გეოსტრატეგიულ ზარალს ნიშნავს. საქმე ისაა, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი გარემოცვა ამერიკას და დასავლეთს მუდმივად ადანაშაულებდნენ, რომ ნატო თავის წევრებად ყოფილ კომუნისტურ, სოციალისტურ და საბჭოთა რესპუბლიკებს იღებდა. რასაკვირველია, მას (ნატოს) ნამდვილად ჰქონდა რუსეთის გარკვეული შიში 1990-იან წლებშიც, როცა მოსკოვმა უკრაინას ყირიმზე დავა დაუწყო და საქართველოში კონფლიქტების ინიცირება მოახდინა. ამიტომაც საქართველოც და უკრაინაც ნატოში წევრობას ესწრაფვოდა და როცა მათ უარი განუცხადეს, 2008 წელს რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა და მისი რეგიონების ოკუპირება მოახდინა, 2014 წელს კი უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია განახორციელა.
ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი ე.წ. სამხედრო სპეცოპერაცია ეფუძნებოდა იმ თავდაჯერებულობას, რომ მოსკოვის გამარჯვება ელვისებური და განსაცვიფრებელი იქნებოდა, ისევე, როგორც [საქართველოს რეგიონებისა და] ყირიმის მსგავსად, იგი ვარაუდობდა, რომ უკრაინის მარცხი ნატოსათვის დასრულებული ფაქტი იქნებოდა. რუსეთის პრეზიდენტს არ ჰქონდა დაგეგმილი ის, რომ უკრაინა რაიმე წინააღმდეგობას გასწევდა ან ნატო კიევს რაიმე მნიშვნელოვან დახმარებას აღმოუჩენდა. კიდევ უფრო ნაკლებად ელოდა ვლადიმერ პუტინი იმას, რომ ნატო გაფართოვდებოდა. რუსეთის ლიდერი, რომელიც იზოლირებულია საღად მოაზროვნე ადამიანებისაგან, რომლებსაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ მასზე, რომ საბედიწერო ნაბიჯი არ გადაედგა, თავის თავში დარწმუნებული იყო და ამაყობდა, რომ იგი სტრატეგიულად მოაზროვნე მთავარსარდალს წარმოადგენს და სწორედ ამ დროს ფინეთის ნაბიჯით იგი გაოგნებული დარჩა. ის კოშმარი, რომელიც რუს "პოლიტიკურ და სამხედრო ქორებს" ჰქონდათ წარმოდგენილი, მის თვალწინ თანდათან რეალური გახდა.
შვედეთის განაცხადი რუსეთისათვის საკმაოდ არარეალური და შეიძლება ითქვას, "უსაფრთხოც" იყო - იმის მიუხედავადაც კი, რომ თურქეთი წინააღმდეგი იქნებოდა. შვედეთი რუსეთს არ ესაზღვრება. სხვა საქმეა ფინეთი, რომელსაც რუსეთთან უზარმაზარი საზღვარი აქვს ბარენცის ზღვიდან ბალტიის ზღვამდე. როცა უკრაინის ოკუპაციის ბრძანება გასცა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უსაფრთხოება, განმტკიცების ნაცვლად, დააზარალა. უკრაინაში შეჭრამ ცნობილი პრინციპი - "ფინეთიზაცია" დაასამარა. უკრაინა არასოდეს აღარ დაეთანხმება ფინეთის მსგავს ვარიანტს, როგორი მტკიცეც უნდა იყოს გარანტიები.
მე-19 საუკუნის დასაწყისში ფინელები იმ ხალხს წარმოადგენდნენ, რომლებმაც, სხვებისაგან განსხვავებით, რუსეთის თვითმპყრობელურ ხელისუფლებასთან გარკვეული დონის მშვიდობას მიაღწიეს. 1939-40 წლების "ზამთრის ომის" გარდა, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, კომპრომისულები ყოფილიყვნენ და აღმოსავლეთსა და დასავლეთ შორის სასარგებლო შუამავლის როლის შეესრულებინათ. ვლადიმერ პუტინმა კი მათ სამსახურზე წინდაუხედავად უარი თქვა - შესაბამისად, ფინელები დღეს რუსეთის პოტენციური მტრების წინა ხაზზე დგანან. როცა უკრაინის სისხლით მორწყულ ველებზე მშვიდობა აღდგება, კიევს ჰელსინკის ისტორიული როლი, როგორც შუამავლისა, ძალიან დააკლდება. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ