როგორ დაუბრუნეს საქართველოს აღდგომის წინა დღეს სიონიდან გატაცებული აღსავლის კარის ოქროსა და ვერცხლით ნაქარგი ფარდაგი ბევრმა, სამწუხაროდ, დღემდე არ იცის აკაკი და თამარ პაპავების ღვაწლის შესახებ, რომელთა დამსახურებაზეც გიორგი კალანდიამ და ედიშერ ჯაფარიძემ ვრცლად ისაუბრეს... "ხელოვნების სასახლის“ დირექტორი გიორგი კალანდია: - ისტორია მე-XIX საუკუნეში დაიწყო, როცა ერთ-ერთი აღდგომის წინა დღეს, სიონიდან ძვირფასი რელიქვია, კერძოდ, აღსავლის კარის ოქროსა და ვერცხლით ნაქარგი ფარდაგი გაიტაცეს. ეს ხატებად ქცეული ქსოვილი, იგივე კრეტსაბმელი, 1773 წელს მოუქარგავს და სიონისათვის შეუწირავს ქეთევანს, მეფე ერეკლეს მამიდაშვილს... ბევრი ეძებეს, თუმცა უნიკალურ საგანძურს ვერსად მიაგნეს.... ამბავი 1937 წელს გერმანიაში გაგრძელდა... ბერლინში ამ დროს ერთი ცნობილი სომეხი კოლექციონერი გარდაიცვალა და გამოცხადდა, რომ მისი გერმანელი მეუღლე მთელი კოლექციის გაყიდვას აპირებდა. ბედნიერი შემთხვევით, კოლექციას ქართველი ემიგრანტები - თამარ და აკაკი პაპავები გაეცნენ, შედეგი გამაოგნებელი იყო, რადგან გასაყიდად გამზადებულ ნივთებს შორის ქართულწარწერიანი ფარდაგი აღმოჩნდა. ნივთის ფოტო და აღწერილობა ქართველებმა ექვთიმე თაყაიშვილს ლევილში გაუგზავნეს... ექვთიმემ „მღელვარე წერილი“ გაგზავნა ბერლინში: “ეს ფარდაგი სწორედ საკურთხევლის ის გადასაფარებელია, გასულ საუკუნეში რომ მოგვპარეს სიონიდანო“. ექვთიმეს წერილის წაკითხვის შემდეგ თამარ და აკაკი პაპავებმა გაყიდეს ყველაფერი, რისი გაყიდვაც შესძლეს, ისესხეს, რისი სესხებაც მოახერხეს და დიდი ვაჭრობის შემდეგ კოლექციონერის ქვრივისაგან 20 ათას დოლარად საქართველოდან გატაცებული ნივთი შეიძინეს... თამარ პაპავა ამბობდა: "იმ აფორიაქებულ ბერლინში გრიგოლ რობაქიძე, მიხაკო წერეთელი და ვიქტორ ნოზაძე, იმხანად გერმანიაში მცხოვრები სხვა ქართველებიც ორი წლის განმავლობაში, როგორც ეკლესიაში, ისე დადიოდნენ ჩვენთან, სადაც ხატად ესვენა სიონის განძთაგანიო. მაგრამ 1938 წელს, ქსოვილი უსაფრთხოებისათვის ჰამბურგის ბანკს მივაბარეთ შესანახადო". მალე ევროპას მეორე მსოფლიო ომის ქარტეხილმა გადაუარა. 1943 წელს ჰამბურგი სასტიკად დაიბომბა, ბანკის შენობა მთლიანად ნაცარტუტად იქცა, მაგრამ შენობიდან გადარჩა ერთადერთი პატარა სეიფი, სწორედ ის, სადაც ქართული კრეტსაბმელი ინახებოდა. პაპავებმა სულზე მიუსწრეს და წმინდა ნივთი ისევ შეინარჩუნეს... გერმანიის შემდეგ ნივთმა გეზი არგენტინისაკენ აიღო. 1950 წელს პაპავების ოჯახი ბუენოს-აირესის მახლობლად, პატარა ქალაქ ლომას-დე-სამორაში დასახლდა, კრეტსაბმელმაც სწორედ იქ დაიდო ბინა. 1987 წელი.. რეზო თაბუკაშვილი ლომას-დე-სამორაშია, პაპავების სიძე - ლეო ჭეიშვილი მას დაუვიწყარ და ძვირფას სიტყვებს ეუბნება: „ეს ფარდაგი... ამ ადგილას 39 წელიწადია არის დასვენებული. რასაკვირველია, გვიჭირს იმის მოცილება და ამ ადგილზე სიცარიელის ყურება. ახლა გვინდა, ეს ჩვენი სამკაული, ეს ჩვენი საუნჯე, ეს უნიკალური განძი საქართველოისა გადმოგცეთ და ჩაგაბაროთ. და მიიტანოთ, როგორც თქვენი საკუთარი გული... იცოცხლოს საქართველომ მარადის....“ ფარდაგი სამგზავროდ მოამზადეს... რეზო თაბუკაშვილი ამ მომენტს კინოფირზე იღებდა, კრეტსაბმელის სახლიდან გამოტანის ცერემონიალი თითქოს საყვარელ ადამიანთან გამოთხოვების მომენტს ჰგავდა... გზა დიდი და რთული გამოდგა, კრეტსაბმელის სამშობლოში დაბრუნებას როგორც მოსალოდნელი იყო მღელვარება და განსაცდელი არ ასცდენია: "ზოგიერთებმა ამ ისტორიული ქსოვილის ერმიტაჟში გაგზავნა უფრო მიზანშეწონილად ჩათვალეს". მაგრამ რეზო თაბუკაშვილმა არ დათმო, უკან ერთი ნაბიჯით არ დაიხია... რეჟისორის „სიჯიუტემ“ გასჭრა, საუკუნე-ნახევრის განშორების შემდეგ ძვირფასმა კრეტსაბმელმა სიონის საკურთხეველზე გაათია ღამე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის გადაწყვეტილებით, განძი საქართველოს ხელოვნების მუზეუმს გადაეცა. ის დღემდე იქ ინახება... ამის შესახებ უფრო ვრცლად ვწერ ჩემს წიგნში „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“. ტომი მე-15, რომელიც "პალიტრა L-მა" გამოსცა... თამარ და აკაკი პაპავებს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი - ედიშერ ჯაფარიძე გვაცნობს... - მეოცე საუკუნის ემიგრანტულ მწერლობაში ქართველი ქალის ისტორიული როლის გააზრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ თამარ და აკაკი პაპავებს. მწერალი და ჟურნალისტი აკაკი პაპავა 1890 წელს ქალაქ სამტრედიაში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და შემდგომ სწავლა გააგრძელა იურიევის (დერპტის), იმავე ტარტუს უნივერსიტეტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მოგვიანებით, სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწორედ ამ პერიოდში აკაკი პაპავამ გაიცნო თამარ გოგოლაშვილი და გაცნობისთანავე ბედი დაუკავშირა. თამარ გოგოლაშვილი-პაპავა დაიბადა 1888 წელს ქალაქ ქუთაისში, ცნობილი ქართველი მსახიობის - სიმონ გოგოლაშვილის ოჯახში. სამწერლობო ასპარეზზე თამარ პაპავა ძალზე ახალგაზრდა გამოვიდა. იგი "ივერიაში" წერდა "ქოჩრიანი ტოროლას" და "ისახარის" ფსევდონიმით. საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ თამარ პაპავა იძულებული გახდა, თბილისიდან 1923 წელს თავის ორ შვილთან - ტურფასა და მზიასთან ერთად საცხოვრებლად მეუღლესთან, ბერლინში გადასულიყო. თამარ პაპავამ 1937 წელს გამოსცა წიგნი "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში", ექვთიმე თაყაიშვილის წინასიტყვაობით, რომელიც ექვსი ნარკვევისაგან შედგებოდა („მეფე ერეკლეს ქალები“, „ქართველი ქალი და 1832 წლის შეთქმულება“, „ალექსანდრე ბატონიშვილი და მისი ოჯახის ბედი“, „იმერეთის ქალების ეპიზოდები დასავლეთ საქართველოს ბრძოლათა ისტორიიდან“, „სამეგრელოს დედოფალი ნინო, ბატონიშვილი დარეჯან“), რომელიც მიზნად ისახავდა, მკითხველისთვის ეჩვენებინა ქართველი ქალის როლი, ღვაწლი და განცდები იმ გმირულ ბრძოლებში, რომლებსაც აწარმოებდნენ საქართველოს ყოფილი სამეფოები თუ ცალკეული კუთხეები... ნაშრომის მიზანია იმ ისტორიული ქალი პერსონაჟების და მათი ღვაწლის წარმოჩენა, რომლებმაც საქართველოს ძნელბედობის ჟამს ისტორიული მისია იტვირთეს და მედგრად იბრძოდნენ სამშობლოს დასაცავად. ჩვენ სწორედ ასეთ ისტორიულ პასაჟებს გაგაცნობთ, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ მწერლის შემოქმედებაში აისახა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე პაპავების ოჯახი უმთავრესად ჰამბურგსა და ბერლინში ცხოვრობდა, ხოლო ომის მძიმე წლები ევაკუაციაში გაატარა ხან ბავარიაში, ხან - ავსტრიაში. 1949 წლიდან პაპავები სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადასახლდნენ, სადაც ცოლ-ქმარი სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს ბუენოს-აირესში გამომავალ ჟურნალ „მამულში“. 1951 წელს ბუენოს-აირესში დაისტამბა ისტორიული ნარკვევი - „დარეჯან დედოფალი“, რომელსაც წინ უძღოდა ნოე ჟორდანიას წერილი ,,ქართველი ქალი’’. 1953 წელს ბუენოს-აირესში გამოვიდა თამარ პაპავას ახალი წიგნი - მეორე ტომი „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“, რომელშიც შევიდა ორი ნარკვევი: „იმერეთის დედოფალი მარიამი“ და „გურია და დედოფალი სოფიო“, სადაც გადმოცემულია ქალის განსაკუთრებული როლი ქართულ ისტორიაში. 1956 წელს კი გამოქვეყნდა აკაკი და თამარ პაპავების ნაშრომი „მარიამ - უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“. დასახელებული თხზულებების უმთავრესი თემა საქართველოს ისტორიაში ქალის მიერ შესრულებული როლის გამოკვეთა და შეფასებაა. შესაბამისად, განსჯის საგნად XIX საუკუნის რეალიებია ქცეული. „საქართველოს ისტორიამ ქართველ ქალს თავიდანვე საპატიო მოვალეობა დააკისრა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს მწუხრის ჟამსაც მან ღირსეულად შეასრულა”, - ასე აფასებენ თამარ და აკაკი პაპავები ქართველი ქალის მიერ ქვეყნის წინაშე გაწეულ სამსახურს. ამგვარივეა საერთო პათოსი იმ ტექსტებისა, რომელთა გმირებმაც XIX საუკუნის პირველ ნახევარში მთლიანად გაიზიარეს სამშობლოს ტრაგიკული ხვედრი. ამ თვალსაზრისით, მათი კვლევის მიზანი გახლდათ 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილე ქართველი დიდგვაროვანი ქალების, მეფე ერეკლეს ასულების, სოლომონ მეფის მეუღლის, ეკატერინე წერეთლის, სამეგრელოს დედოფლის - ნინოს, ალექსანდრე ბატონიშვილის ოჯახისა თუ სხვათა თავდადების, რუსულ აგრესიასთან უკომპრომისობის ჩვენება და მათი ღვაწლის წარმოჩენა. მართალია, თითოეული მათგანის ძალისხმევა, საბოლოოდ, მარცხით დასრულდა, მაგრამ სამაგალითო იყო მათ მიერ ისტორიის განაჩენის მიუღებლობა, ბოლომდე თავგანწირული წინააღმდეგობა. ძალზე საინტერესოდ წერენ პაპავები ჩვენი ქვეყნის ამ უმძიმეს პერიოდსა და უკანასკნელი დედოფლის განცდებზე - „მარიამ - უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“, რომელიც პირადულზე მეტად საქვეყნო ტკივილითაა გამსჭვალული. „საქართველოს მეფესთან და საყვარელ მეუღლესთან, დედოფალმა მარიამმა თავისი დიდება, პატივი და სახელი დამარხა... მაგრამ მას გულს ახლა უფრო მძიმედ ის უღადრავდა, რომ 12-საუკუნოვანი დინასტიის ჯაჭვი წყდებოდა, საქართველოს სამეფო პალატში საუკუნო გლოვა ისადგურებდა“. ქართველ ემიგრანტთა საუკეთესო წარმომადგენლები ჩვენს ეროვნულ მახასიათებლად თვლიან სამშობლოსათვის თავგანწირვის მკვეთრად გამოხატულ უნარს ქალებში, რისი უაღრესად თვალსაჩინო გამოვლინებაა საქართველოს უკანასკნელი დედოფალი მარიამი. თავიანთი პუბლიკაციის დასაწყისშივე ავტორები დაუფარავად ამჟღავნებენ საკუთარ უარყოფით პოზიციას საქართველოში XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში განვითარებული საბედისწერო მოვლენების შესახებ. „ჩვენ გვინდა მკითხველს ვუამბოთ, თუ როგორ შეხვდა ქართველი დედოფალი და ქალი მრავალგზის სახელმოხვეჭილ სამეფოს განადგურებას, ქართული კერის ნგრევას და ოჯახის რღვევას „იმ თავაზიან“ სტუმრის მიერ, რომელიც ერისა და ქრისტიანობის დასაცავად ასეთის გულმხურვალებით იქნა მოპატიჟებული“,- წერენ ისინი... ეს ვრცელი ნაშრომი, ფაქტობრივად, გიორგი მეცამეტის ცხოვრებასა და აღსასრულს შეეხება და მთელი სიღრმით აჩვენებს რუსეთის მიერ ჩვენს ქვეყანაში გატარებული დამპყრობლური პოლიტიკის არსს. ქართველ ქალთა გამჭრიახობის მაგალითები ყველა ტექსტში და ამ მონოგრაფიაშიც თვალსაჩინო ადგილს იჭერს, რადგან ავტორთა მიზანია, არ დაიჩრდილონ თავისუფლებისათვის უკომპრომისოდ მებრძოლი ქალბატონები. ბუნებრივია, ისიც რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას და მისგან თავის დაღწევის გულუბრყვილო, მაგრამ უაღრესად პატივსაცემ მცდელობას აღგვიწერს. როგორც თამარ პაპავა აღნიშნავს, სამშობლოს თავისუფლებისათვის მეომარ „საუკეთესო მამულიშვილთა რიგებში ღირსეული ქალების დასიც ერია“. ისინი თავგამოდებით ეწეოდნენ „ერის უფლებათა დაცვისათვის ბრძოლას“. თამარ პაპავა სამართლიანად მიუთითებს, რომ ქართლ-კახეთის შემდეგ დასავლეთ საქართველოს დამორჩილება, შესაძლოა, ფიზიკურად იყო უფრო იოლი, თორემ ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად გაცილებით ძნელი უნდა ყოფილიყო, რადგან შეუძლებელი იყო ერთმორწმუნეობის ქვეშ კვლავ შენიღბულიყო ნამდვილი მიზანი. " გვინდა იმერეთის ბრძოლის ამბებთან დაკავშირებით ქართველი ქალის დამსახურებას და მის მწვავე განცდებს შევეხოთ; მის სიფხიზლეს, დარბაისლობას და თავდადებას მეფისათვის, რაც მაშინ ერისთავის თავგანწირვას უდრიდა“, - თამარ პაპავა ამგვარად აყალიბებს ქართველ დედათა თავდადების მნიშვნელობას ქვეყნისათვის. წიგნი ისტორიული ხასიათის ნაწარმოებია, მაგრამ სხვა, ამ ტიპის ტექსტებისაგან იმითაა გამორჩეული, რომ ეს ისტორია დედოფლის პოზიციიდან იმზირება, საიდანაც, როგორც ავტორები აღნიშნავენ: „საქართველო დაპყრობილი ქვეყანა არ იყო, არამედ, მისი ქმრის ნებით რუსეთთან შეერთებული“, რასაც ბაგრატიონებისათვის მეფეთა „პატივი და ღირსება“ უნდა უზრუნველეყო, მაგრამ, როგორც ხაზგასმით აღნიშნავენ, დედოფალი ხვდებოდა, რომ საქართველოს სამეფო არსებობას ასრულებდა და ამით ეს სახელოვანი დინასტიაც ქვეყნის მართვისა და პატრონობის სადავეებს იძულებით შორდებოდა. ეს დეტალიც შეგნებულადაა წინა პლანზე წამოწეული. მისი საშუალებით კიდევ ერთხელ იკვეთება რუსეთის იმპერიის ცინიზმამდე მისული თავგასულობა. თუმცა მარიამ დედოფალი, ყოველივე ამის მიუხედავად, მედგრად იდგა საქართველოს სამსახურში და ბოლომდე იბრძოდა საქართველოს ერთიანობისა და ღირსების დაცვის საკითხში. თამარ პაპავას გურიასა და დედოფალ სოფიოზე დაწერილი სტატიაც რუსეთის წინააღმდეგ გაწეულ წინააღმდეგობას ეძღვნება. ნიშანდობლივია ისიც, რომ გურიის უკანასკნელ მთავარზე არსებული ცნობების სიმწირისა და მისი „სახელოვანი მეუღლის“ შესახებ კიდევ უფრო ნაკლები მასალის არსებობის მიუხედავად, ავტორი მაინც ახერხებს, ხაზი გაუსვას გურიის დედოფლის სიმტკიცისა და თავდადების გენეტიკურობას (სოფიოს მამა 1810 წელს რუსმა სალდათებმა სხვა შეთქმულებთან ერთად აკუწეს და, დაჭრილმა, თბილისის ციხეში წამებით დალია სული). როგორც მეტაფორულად აღწერს თამარ პაპავა, „თავისი ანთებული გული სოფიომ გურიის სამთავროს კარზე მიიტანა“, აქვე, იმაზეც აკეთებს აქცენტს, რომ დედოფალი მხოლოდ თანამეცხედრის სიკვდილის შემდეგ ერევა სამთავროს საქმეებში და თავგანწირულ ბრძოლას იწყებს შელახული ეროვნული ღირსების დასაცავად“. თამარ პაპავა თავის ნარკვევს ასე ასრულებს: „გურიის დედოფალი სოფიო, თუმცა კარგად ხედავდა, რომ ქართლ-კახეთის და იმერეთის დაცემის შემდეგ პატარა გურია რუსეთის იმპერიის დაწოლას ვერ გაუძლებდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ერს მარტო ტლანქი ძალა ვერ ანადგურებს და მისი მხნეობა და სულიერი სიმტკიცე საძირკველია მომავალი აღორძინების ჩათვლით“. (სპეციალურად საიტისთვის)