ავიამზიდი "ბაირაქტარებისთვის" - თურქეთს დრონებისთვის მსოფლიოში პირველი ავიამზიდი ეყოლება - კვირის პალიტრა

ავიამზიდი "ბაირაქტარებისთვის" - თურქეთს დრონებისთვის მსოფლიოში პირველი ავიამზიდი ეყოლება

დღეს, 10 აპრილს, მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება, რადგან არსენალში გამოჩნდება შეიარაღების აბსოლუტურად ახალი სახეობა - დრონების ავიამზიდი...

და ეს სიახლე გააძლიერებს არა, ვთქვათ, აშშ-ისა თუ ჩინეთის, არამედ - საქართველოს უშუალო მეზობლის - თურქეთის სამხედრო შესაძლებლობებს ზღვებზე.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი დღეს დაესწრება უნივერსალური სადესანტო ხომალდის, იგივე მსუბუქი ავიამზიდის TCG Anadolu (L-400) -ის ოფიციალურ მიღებას თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შემადგენლობაში.

ეს თურქი ადმირალებისთვის საერთოდ პირველი ავიამზიდის კლასის ხომალდია, ხოლო მსოფლიოსთვის ასევე პირველი მსუბუქი კლასის ავიამზიდი, რომელიც ძირითადად დრონებისთვის - დისტანციურად მართვადი უპილოტო საფრენი აპარატების ზღვაში ბაზირებისთვის და მისი გემბანიდან აფრენა-დაფრენისთვის იქნება განკუთვნილი.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თურქებს, თავისდაუნებურად, გამოუვიდათ გამხდარიყვნენ სამხედრო ხომალდების ახალი კლასის "დამბადებლები", რადგან ამერიკელებმა მათ მეხუთე თაობის F-35 ტიპის თვითმფრინავის საგემბანო ვარიანტის - F-35B-ის მიწოდებაზე უარი უთხრეს...

თურქები სწორედ ამერიკული F-35B -სთვის ამზადებდნენ მომავალ "ანადოლუს", რისთვისაც მის კონსტრუქციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს - გემბანის ასაფრენი ზოლის ბოლოში ტრამპლინი დაუმატეს, რათა F-35B მცირე გარბენის შემდეგ ჰაერში აჭრილიყო, ხოლო თავად გემბანის ზედაპირი გააძლიერეს, რომ უკან დაბრუნებულ F-35B-ს შვეულად დაშვება შესძლებოდა და მისი ძლიერი ძრავის მოსატრიალებელი საქშენიდან გამოტყორცნილ მაღალტემპერატურიან ცეცხლის ჭავლს გემბანის ზედაპირი არ დაეზიანებინა.

თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა და თურქი პილოტები აშშ-ში ემზადებოდნენ F-35-ზე საფრენად, მაგრამ 2016 წლის შემდეგ, როდესაც თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, ყველაფერი შეიცვალა - ერდოღანი უფრო პუტინისკენ შეტრიალდა და მას რუსული თანამედროვე C-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვა სთხოვა...

კრემლმაც არ დაახანა და დიდი კრედიტიც კი გამოუყო თურქებს C-400-ების შესაძენად. ამ გარიგებით რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა შეიძლება იმხელა მოგება ვერ ნახა, რასაც ელოდა, მაგრამ სამაგიეროდ, დიდად მოიგო პუტინმა, რომელმაც კიდევ უფრო გააღრმავა შიდაუთანხმოება ნატოს რიგებში - თურქეთსა და აშშ-ს, ასევე - ევროპულ ქვეყნებთან.

ნატოს ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემაში ვერანაირად ვერ ჩაეწერებოდა რუსული C-400-ები და თანაალიანსელები კულუარულად სთხოვდნენ ერდოღანს, ხელი აეღო რუსული საზენიტო სისტემების შესყიდვაზე.

მანამდე დასავლეთის ზეწოლას ერდოღანი ერთხელ უკვე დაჰყაბულდა, როდესაც თურქეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩინური წარმოების საზენიტო-სარაკეტო სისტემამ (საბჭოთა/რუსული C-300-ის ჩინური კლონი) გაიმარჯვა, ძირითადად, სიიაფის წყალობით, მაგრამ ამერიკელების თხოვნა-მოთხოვნით, მაშინ ერდოღანის ხელისუფლებამ ეს ტენდერი გააუქმა.

მაგრამ იმავე დათმობაზე ერდოღანი 2016 წლის შემდეგ ვეღარ წავიდოდა, რადგან ის თვლის, რომ სამხედრო აჯანყების მცდელობაში მის მთავარ ოპონენტს - გიულენს (რომელიც აშშ-ს აფარებს თავს) შეიძლება, სწორედ ამერიკული სპეცსამსახურებიც ეხმარებოდნენ...

ანკარის მტკიცე პოზიციამ, უარი არ ეთქვა რუსული C-400-ების შეძენაზე, ძალზე გააღიზიანა თეთრი სახლი და მათ პასუხად თურქეთს კარები მიუხურეს F-35-ის საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობაზე, არადა, მანამდე თურქეთი მესამე დონის პარტნიორი გახლდათ და F-35-ების ფიუზელაჟის ნაწილებს სწორედ თურქეთში ამზადებდნენ, რისი წარმოებაც სულ ახლახან გერმანიაში გადაიტანეს.

მცირე გარბენით აფრენისა და შვეულად დაშვების უნარის მქონე მრავალფუნქციური F-35B -ს მიღების პერსპექტივის გარეშე დარჩენილმა თურქმა ადმირლებმა სასწრაფო გამოსავლის ძებნა დაიწყეს, რომ ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების მომავალი მსუბუქი ავიამზიდის - "ანადოლუს" გემბანი ცარიელი არ დარჩენილიყო...

და გამოსავალიც თავისდაუნებურად დაიბადა - "ანადოლუ" მსოფლიოში პირველ დრონების ავიამზიდად იქცევა და მის გემბანზე განთავსდება თითქმის ლეგენდარულად ქცეული "ბაირაქტრის" ტიპის სადაზვერვო-დამრტყმელი დრონის სპეციალური საგემბანო ვარიანტი - Bayraktar TB3, რომელიც წინამორბედზე შედარებით დიდია, მეტი საბრძოლო დატვირთვა მიაქვს, ჰაერში 24 სთ შეიძლება იყოს "გამოკიდებული" და, რაც მთავარია, დასაკეცი ფრთები აქვს, რაც "ანადოლუს" ტრიუმებსა და გემბანზე 30-ზე მეტი ასეთი საზღვაო "ბაირაქტრის" განთავსების საშუალებას იძლევა.

2-anadolu-1681122673.png
ფრთებდაკეცილი „ბაირაქტრების“ „ანადოლუს“ გემბანზე განთავსების ვარიანტი

თავად TCG Anadolu (L-400) მსუბუქი ავიამზიდის გარდა, უნივერსალური სადესანტო ხომალდების კლასსაც განეკუთვნება და სრული წყალრწყვა 24-დან 27 ათას ტონამდე შეიძლება მერყეობდეს. მისი სიგრძე 232 მ-ს აღწევს, გემბანის სიგანე 32 მ-ია, ხომალდის სიმაღლე კი 58 მ-ს უტოლდება.

მას 85 ათასი ცხ.ძ-ის საერთო სიმძლავრის 5 დიზელის ძრავა უყენია, რომლებიც ამ ხომალდს 21 კვანძის (38,8 კმ/სთ) სრული სვლით ცურვის საშუალებას აძლევენ.

15 კვანძით საშუალო სიჩქარით სვლისას "ანადოლუს" 9 ათასი საზღვაო მილის ანუ 14 484 კმ-ის გაცურვა შეუძლია.

"ანადოლუს" ეკიპაჟში 261 მეზღვაურია, მათ შორის - 30 ოფიცერი.

3-anadolu-1681122710.png
„ანადოლუს“ საზღვაო კატარღებით ტანკების დესანტირებაც შეუძლია...

უნივერსალური სადესანტო ხომალდის რანგში "ანადოლუს" დრონებისა და შვეულმფრენების გარდა 29 ტანკის წაღებაც შეუძლია, რომელთა საზღვაო დესანტირებისთვის ორი საჰაერო ბალიშიანი სადესანტო კატარღაც ჰყავს ბორტზე.

რას შეცვლის თურქეთის განკაგულებაში დრონების პირველი ავიამზიდისა და, ამასთანავე, უნივერსალური სადესანტო ხომალდის გამოჩენა?

თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ოთხ ოპერატიულ სარდლობას აერთიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში და შავ ზღვაში თურქეთის საზღვაო ინტერესების გატარებაზე.

შესაბამისად, თურქეთის განკარგულებაში "ანადოლუს" გამოჩენა, პირველ რიგში, საბერძნეთისთვის უნდა იქცეს თავის სატეხად, თუმცა არც ისრაელი დარჩება ძალიან გახარებული მის სანაპიროსთან თურქული მსუბუქი ავიამზიდის კონტურების დალანდვისას...

რაც შეეხება ჩვენს შავ ზღვას, მონტროს საზღვაო კონვენცია კი კრძალავს ავიამზიდების შემოსვლას შავ ზღვაში, მაგრამ თურქებმა შეიძლება "ანადოლუ" მსუბუქ ავიამზიდად კი არა, არამედ, სწორედ უნივერსალურ სადესანტო ხომალდად "გაასაღონ" და უპრობლემოდ იცურონ შავი ზღვის ქვეყნების სანაპიროებთან, თუმცა ამით, ერთმანეთთან ომში მყოფი ვერც უკრაინელები და ვერც რუსები დიდად ვერ ისარგებლებენ - თურქეთის ლიდერს, ერდოღანს საკუთარი გრანდიოზული გეგმები აქვს "დიდი ოსმალეთის" იმპერიის აღსადგენად, თუ, რა თქმა უნდა, მოახლოებულ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა...