"ამ დროს ჩხიკვიშვილმა მუშტი უთავაზა შალვა ნუცუბიძეს, მან კი სკამი მოისროლა" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "გურიის მეფე" და აკადემიკოსი? - კვირის პალიტრა

"ამ დროს ჩხიკვიშვილმა მუშტი უთავაზა შალვა ნუცუბიძეს, მან კი სკამი მოისროლა" - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "გურიის მეფე" და აკადემიკოსი?

"...გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სოხუმისა და თბილისის მერის, ბათუმის ოლქის გუბერნატორის და "გურიის მეფის" - ბენია ჩხიკვიშვილის და აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაპირისპირების შესახებ საზოგადოებას თითქმის არაფერი სმენია... რეჟისორი და მწერალი, ავტორი წიგნისა "ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი" - ირაკლი მახარაძე "კვირის პალიტრას" უნიკალურ ცნობებს აწვდის:

- ბენია იყო არაორდინარული, რადიკალური, ფეთქებადი და ფიცხი. ხშირად, თურმე, თავისი ხასიათის გამო პრობლემები ექმნებოდა: 1920 წლის შემოდგომაზე (მოვლენებს ცოტა წინ გავუსწრებ) ერთ რესტორანში ჩხიკვიშვილი, ვალიკო ჯუღელი, ვალოდია გოგუაძე, ვიქტორ თევზაია და თედო ღლონტი ქეიფობდნენ. შეზარხოშებულებმა, თურმე, დალიეს მთავრობის წევრების და მეორე ინტერნაციონალის ლიდერის - კარლ კაუცკის სადღეგრძელო [1]. თედო ღლონტს ეს არ მოეწონა და სუფრის წევრებს სამშობლოს მოღალატეები და დასავლეთის კაპიტალისტების აგენტები უწოდა. ატყდა ჩხუბი და ბენიამ მაგრად მიბეგვა სოციალისტ-ფედერალისტი თედო ღლონტი.

შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბენიას თვალში ჰყავდა ამოღებული ფედერალისტები - მეორე გახმაურებული ჩხუბი მას იმავე პარტიის წევრთან მოუვიდა. 1921 წლის პირველ თებერვალს, ოკუპაციამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში ბენია და შალვა ნუცუბიძე შელაპარაკდნენ:

- კაცო, მე წავიკითხე, რომ გაზეთში დაგიწერია, ჩხიკვიშვილს თავი ფაჩულიასთან (პლატონ ფაჩულია ბათუმის მილიციის უფროსი გახლდათ - ი. მ.) ხომ არ ჰგონია, ღვინოს სამოვრით რომ სვამსო...

- დავწერე, მერე რა?!

- საბუთი გქონდა რამე?

- უსაბუთოდ ლაპარაკი სოციალ-დემოკრატების საქმეა. მე ჰაერზე არაფერს ვამბობ.

- ჰოდა, მაგ საქმეზე უნდა ვილაპარაკოთ. აგერ, ჩემდათავად, სამსონს ვასახელებ (ჩხიკვიშვილმა ხელი ფედერალისტ სამსონ დადიანს დაადო), შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე და გავარჩიოთ, ჩვენ შორის ვინაა მტყუანი.

- რა პრობლემაა, მიუგო შალვა ნუცუბიძემ, მაგრამ ვერ გავიგე, რა არის აქ გასარჩევი? შენც კარგად იცი, მე ეს ვთქვი შენი რეპლიკის პასუხად, სხდომაზე, ლაზღანდარა ხარო, რომ მომაძახე...

- მანამდე შენ თვითონ დამიძახე ჯიბგირი. ესე იგი, თავის დაძვრენა გინდა და უკან მიგაქვს შენი სიტყვები? - გაიფხორა ბენია ჩხიკვიშვილი.

- კაცო, შენ შარზე ხომ არ ხარ? რა თავის დაძვრენაზე მელაპარაკები? გეუბნები, ვთქვი, დავწერე და თუ ძალიან გაგიხარდება, დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდანაც გაგიმეორებ მომდევნო სხდომაზე.

- ბუჩქებში მიძვრები, ხომ, შე უ**აკო ინტილიღენტო?

ამ დროს ჩხიკვიშვილმა მუშტი უთავაზა შალვა ნუცუბიძეს თვალში და ხელი რევოლვერზე გაიკრა. ჩხიკვიშვილი გააკავა სამსონ დადიანმა და ნიკოლოზ ელიავამ. ნუცუბიძემ ხელი სკამს სტაცა, რა დროსაც მას ხელი შეუშალა დეპუტატთა ერთმა ჯგუფმა და მისი ნასროლი სკამი ბენიას ასცდა.

შალვა ნუცუბიძეს ბენიას მუშტმა თვალი ჩაუსისხლიანა და წარბი გაუხეთქა. კონფლიქტი ამით არ ამოწურულა. სამსონ დადიანმა ბენიას დაუყვირა, ვინც ასეთ საქმეს იკადრებს, იგი არ არის ღირსი დეპუტატობისო. ამან კიდევ უფრო გადარია ჩხიკვიშვილი. რევოლვერზე კიდევ ერთხელ წაივლო ხელი და თან გაჰყვიროდა: ,,პუსტიტე მენია, ზასტრელიუ მერზავცა!” მას არც სამსონ დადიანი ჩამორჩა, რომელიც გამშველებლებს მოუწოდებდა, გაუშვით ეგ ლაჩარი, გვესროლოსო! შემდეგ, როგორც ბენია ირწმუნებოდა, სამსონ დადიანმა ამ ყველაფერს რუსულად დედის გინებაც დააყოლა. სოციალ-ფედერალისტები ამტკიცებდნენ, რომ ბენია ჩხიკვიშვილმა შალვა ნუცუბიძეს ხელი არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ, წინასწარი განზრახვით დაარტყა.

მეორე დღეს თბილისში სტუდენტთა ათასკაციანი დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს დამფუძნებელ კრებაზე შალვა ნუცუბიძის ფიზიკური შეურაცხყოფა. სტუდენტები გამოთქვამდნენ იმედს, რომ დამფუძნებელი კრება შეძლებდა იმ ლაქის ჩამორეცხვას, რომელიც მას უღირსმა დეპუტატმა მიაყენა. სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციამ კი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს წარუდგინა წინადადება, ბენია ჩხიკვიშვილისთვის დეპუტატის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ფრაქციის წევრთა თქმით, ჩხიკვიშვილმა თავისი საქციელით დამფუძნებელი კრების ღირსებაც შელახა. სოციალ-ფედერალისტთა გაზეთში ,,სახალხო საქმე" დაიბეჭდა შალვა ნუცუბიძის მხარდამჭერი სტატიები და დეპეშები, სადაც დაგმობილი იყო დეპუტატ ბენია ჩხიკვიშვილის საქციელი.

4 თებერვალს, დამფუძნებელ კრებაზე გაიმართა მსჯელობა სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციის წინადადების შესახებ, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ბენია ჩხიკვიშვილის დამფუძნებელი კრებიდან გაძევება. სოციალ-დემოკრატმა დეპუტატმა კონსტანტინე (კოწია) გვარჯალაძემ განაცხადა, რომ ორ დეპუტატს შორის მომხდარი ინციდენტი არ შეიძლება, გამხდარიყო კრების მსჯელობის საგანი. მან დაამატა, რომ ასეთი ამბები ბევრ ქვეყანაში ხდება და ამის გამო პარლამენტიდან არავინ გაუგდიათ. თვით ბენია ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ნუცუბიძის გამომწვევი კილო ვერ ავიტანე და მას აფექტის მდგომარეობაში მყოფმა დავარტყიო. თან დაამატა, მოხარული ვიქნები, თუ ამ საკითხს დამფუძნებელი კრება გაარჩევს და იმის თქმის საშუალება მომეცემა, თუ როგორ უმართებულოდ ,,მიმიხდნენო". ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კრება ამ საკითხს არ გაარჩევდა, იგი თანახმა იყო, გაჰყოლოდა ნუცუბიძეს საჯარო სამედიატორო სასამართლოში ან კიდევ ოფიციალურ სასამართლოში.

საბოლოოდ, ეს საქმე ჩაიფარცხა, საქართველოს დაპყრობის შემდეგ კი ჩხიკვიშვილი-ნუცუბიძის ჩხუბი ვიღას ახსოვდა. მაგრამ როცა სოციალ-ფედერალისტთა ერთმა ნაწილმა, თედო ღლონტისა და შალვა ნუცუბიძის მეთაურობით, საბჭოთა ხელისუფლებასთან აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა, ნუცუბიძესთან სტუდენტები მივიდნენ და განუცხადეს, - ეს რა შეცდომა დავუშვით, რომ თქვენი გულისთვის დემონსტრაციაზე გამოვედითო, ბენია ჩხიკვიშვილმა რატომ მეორე თვალიც არ მოგთხარათო.

მრავალი წლის შემდეგ ჩხუბის ამ ისტორიას გაგრძელებაც მოჰყვა. ბენიას შვილთან, სლავასთან მივიდა მისი მეგობარი, შალვა ნუცუბიძის ნათესავი და შალვას თხოვნა გადასცა, - შემახვედრე ბენიას შვილიო. შეხვედრისას კი სლავას შემდეგი უთხრა: - ალბათ, მოგიყვნენ ჩემსა და მამაშენს შორის რაც მოხდაო. იცოდე, ყველაფერი ჩემი ენის ბრალიაო....

როგორც ამბობენ, ჩხიკვიშვილი უფრო მემარცხენე სოციალისტი იყო, რის გამოც, მას ბოლშევიზმთან სიახლოვეს საყვედურობდნენ, მაგრამ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას ბოლომდე თავგამოდებით უერთგულა და ამისთვის სიცოცხლეც კი დათმო.

(სპეციალურად საიტისთვის)