"იმ პრესტიჟისთვის, რაც რუსეთს უნდა, რომ ჰქონდეს, პუტინი დღეს აბსოლუტურად შეუფერებელია"
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, როგორც რეგიონის, ისე - მსოფლიოს პოლიტიკური დღის წესრიგი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ცივილიზებული მსოფლიო სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით უკრაინას მასშტაბურ დახმარებას უწევს. პარალელურად, გრძელდება რუსეთისთვის სანქციების დაწესების პროცესი.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან ერთ წელში, რუსეთის ფედერაციამ ბევრი მიმართულებით მიიღო ზიანი, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა მისმა ეკონომიკამ განიცადა. რა ადგილი უკავია ახლა რუსეთის ფედერაციას მსოფლიო პოლიტიკაში და რა დაკარგა მან ერთი წლის განმავლობაში; შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მისი პრესტიჟი და პოლიტიკური გავლენა იკლებს, განსაკუთრებით, რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში? - ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი გობრონიძეს ვესაუბრეთ:
- როდესაც ეკონომიკურ შედეგებზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების შედეგად რუსეთს გაუყინეს ის აქტივები და ქონება, რომელიც მას საზღვარგარეთ ჰქონდა და, დაახლოებით, 600 მლრდ-ს შეადგენდა ანუ, პრაქტიკულად, ნახევარ ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღემატებოდა. ეს კოლოსალური თანხებია და სრული მოცულობით, შესაძლოა, აღემატებოდა კიდეც იმას, რაც რუსეთს ეკონომიკურ კრიზისებთან გასამკლავებლად ჰქონდა. ამდენად, რუსეთმა პირველი ეკონომიკური დარტყმა ამ კუთხით მიიღო, რადგან ეს შეეხო როგორც რუს ოლიგარქებს, პრეზიდენტთან დაახლოებულ ბიზნესმენებს, ისე - უშუალოდ სახელმწიფო ხაზინას, რადგან მათი რეზერვების ნაწილი რუსეთის ფედერაციის გარეთ იყო დაცული.
რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან დარტყმას, რაც რუსეთის ფედერაციამ მიიღო - ევროკავშირმა და, უპირველესად, გერმანიამ, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ბუნებრივი აირის გასაღების პირველ ბაზარს წარმოადგენდა, პრაქტიკულად, დაიწყო აქტიური მოქმედებები ენერგოდივერსიფიკაციის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი აღარ არის ნომერ პირველი მიმწოდებელი იმ ქვეყნებისთვის, რომლისთვისაც იგი ტრადიციულად იყო ენერგომომარაგების მთავარი წყარო. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებიდან რუსეთმა მილიარდობით დოლარი დაკარგა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულმა ომმა და სანქციებმა რუსეთის ფედერაციის საბანკო-საფინანსო ინსტიტუტები ძალიან დააზარალა. წამყვანი ბანკებისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია საერთაშორისო გადარიცხვების წარმოება დოლარში, რადგან დოლარზე წვდომა შეეზღუდათ. ეს იყო სერიოზული დარტყმა.
ასევე, რუსეთის ფედერაციაში მკვეთრად გაუარესდა საინვესტიციო კლიმატი - გამოვიდა უცხოური კაპიტალი და ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთმა მიიღო ზარალი, რომლის აღდგენასაც, შესაძლოა, ათეულობით წელი დასჭირდეს. აღარაფერს ვამბობ შელახულ რეპუტაციაზე და იმაზე, დაბრუნდებიან თუ არა კომპანიები რუსეთში, ასევე, რამდენად შესაძლებელი იქნება საერთაშორისო პოზიციების აღდგენაც. ეკონომიკაში მთავარი არის არა მხოლოდ ის, რა დაკარგა, არამედ ის, პერსპექტივაში რა შეიძლება დაკარგოს. როდესაც სახელი გიფუჭდება, როგორც სანდო და კეთილსაიმედო პარტნიორს, პერსპექტივაშიც კარგავ შემოსავალს იმიტომ, რომ აღარავის უნდა შენთან თანამშრომლობა. ამასთან, რუსეთის ტერიტორიაზე ტვირთბრუნვა შემცირდა. რუსეთზე გადიოდა ცენტრალური აზიის მომარაგების უმთავრესი მარშრუტები, ასევე, ცენტრალური აზია დასავლურ ბაზრებს, ძირითადად, რუსეთის გავლით უკავშირდებოდა, შესაბამისად, სატვირთო კორიდორებმა მეტწილად გადაიწია სამხრეთით. ჩვენი ქვეყნის მაგალითი რომ ავიღოთ, ჩვენი ინფრასტრუქტურა მოუმზადებელიც კი აღმოჩნდა ტვირთების ნაკადის ასეთი ზრდისთვის. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციამ ეკონომიკური თვალსაზრისითაც მიიღო ამ ტიპის ზარალი. სიღრმისეულად გასაანალიზებლად მეტი ინფორმაციაა საჭირო. თუმცა ის, რაც ხელისგულზე დევს, უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ათეულობით წელი რუსეთის ფედერაციას გაუჭირდება არსებული მოცემულობიდან გამოსვლა.
- ეკონომიკური ზიანის გარდა, ცხადია, რუსეთმა ომის წარმოებით მნიშვნელოვანი საგარეო-პოლიტიკური დარტყმები მიიღო. უფრო კონკრეტულად, რა დაკარგა რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო ასპარეზზე?
- თუ გადავხედავთ რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ დეკლარირებულ მიზანს, რის გამოც უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ეს გახლავთ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეფერხება. ვნახეთ, რომ ნაცვლად იმისა, ნატო უკანდახევის რეჟიმზე გადასულიყო, პირიქით - ნატოს კონტინგენტი ევროპის კონტინენტზე გაიზარდა; ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამხედროების რაოდენობა ევროპაში, პრაქტიკულად, გაორმაგდა; გაიზარდა სამხედრო გემების რაოდენობა, მათ შორის - ხმელთაშუა ზღვაში. ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ყველაფრის ფონზე ნატოში უკვე გაწევრდა ფინეთი და მალე შეიძლება ვიხილოთ შვედეთიც. ნატომ არათუ უკან დაიხია რუსეთის საზღვრებიდან, არამედ ფინეთის გაწევრებით დამატებით მიიღო, დაახლოებით, 1600 კმ-იანი საზღვარი რუსეთთან. შესაბამისად, პირველი მიზანი, რომ ნატო რუსეთის საზღვრებიდან შორს წავიდოდა, არ გამართლდა. მეორე გამოწვევა კი იყო ის, რომ ნატომ არათუ უკან არ დაიხია, პირიქით, გააგრძელა გაფართოება. თუ ნატო აქამდე თავისი საერთაშორისო ფუნქციის ძიებაში იყო, დღეს შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ნატო ჩამოყალიბდა და შედგა ანტირუსულ ორგანიზაციად. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფრონტაციამ თვისობრივად ახალ ფაზაში გადაინაცვლა. ვხედავთ, რომ არა მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებზეა ლაპარაკი, არამედ დასავლეთი ღიად, სამხედრო მეთოდებით ეხმარება უკრაინას. როგორც უნდა ისაუბრონ, რომ გერმანიიდან ან ამერიკიდან დახმარება აგვიანებს, ვხედავთ, რომ ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნისთვის გამოყო სამხედრო დახმარება; გერმანია ეხმარება სამხედრო კონფლიქტში ჩართულ სახელმწიფოს, რომელიც, იმავდროულად, არ არის ნატოს წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტზე თვისობრივ გადაადგილებას ვხედავთ და ეს გადაადგილებები ნამდვილად არ არის რუსეთის ფედერაციისთვის კეთილსაიმედო, მიუხედავად იმისა, როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი. რუსეთის ფედერაციამ საბოლოოდ აიძულა დასავლეთი, გადაელახა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების შიში, რომელიც მას ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი მზადაა, კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება, თუ კიდევ დასჭირდება მის რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
რაც შეეხება სამხედრო დანაკარგებს, ამის შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია არ არის, თუმცა საუბარი კოლოსალური მასშტაბის დანაკარგზეა. მაგალითად, სხვადასხვა ინფორმაციით, ტანკების დანაკარგი 3 ათას აღწევს, მაშინ, როდესაც შედარებისთვის, საფრანგეთს და ბრიტანეთს, ერთად აღებულს, 600 ტანკი ჰყავს. პრაქტიკულად, რუსეთმა დაკარგა ის ცოცხალი ძალა, რაც შეიძლება რამდენიმე ქვეყნის არმიას, ერთად აღებულს, ჰყოლოდა; მათ შორის დაკარგა იმაზე მეტი ტექნიკა, ვიდრე ნატოს წევრ 5-6 ქვეყანას, ერთად აღებულს, შეიძლება ჰქონდეს; დაკარგა ძალიან ბევრი თვითმფრინავი და პირველობა შავი ზღვის აუზში მას შემდეგ, რაც ჩაიძირა კრეისერი „მოსკოვი“ და განადგურდა კიდევ რამდენიმე სამხედრო-საბრძოლო ხომალდი. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციამ მიიღო ის სამხედრო დანაკარგი, რომელიც შავი ზღვის აუზში მის რეგიონულ ლიდერობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
- რუსეთი, რომელსაც ომის დასაწყისში, ალბათ, ეგონა, რომ სამხედრო მოქმედებები, დაწყებიდან უახლოეს მომავალში, მისთვის სასურველი შედეგებით დასრულდებოდა, სრულიად სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორია ახლა რუსეთის პრესტიჟი როგორც დასავლურ ქვეყნებში, ისე - რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში და რა საფრთხეებს შეიძლება წააწყდეს?
რუსეთის ფედერაციას მართავს ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ძებნილია ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე აფრიკელი დიქტატორი. რუსეთი დღეს საერთაშორისო პოლიტიკის იმავე ტიპის სახელმწიფოა, რაც არის რომელიმე დესტრუქციული აფრიკული რეჟიმი, რომლის დიქტატორიც არის საერთაშორისო ძებნილი. შესაბამისად კი, მისი [რუსეთის] პრესტიჟი განულებულია და ამას ექნება შესაბამისი ასახვა მთელი რიგი მიმართულებით. ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, როგორ შეიცვლება რუსეთის ურთიერთობები ცენტრალურ აზიასთან, თუმცა ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ცალსახად ძლიერდება ჩინური და თურქული პოზიციები. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები თანდათან ყალიბდება, როგორც დამოკიდებული პარტნიორობა, თუ არა - ვასალიტეტი, სადაც რუსეთი არის დაქვემდებარებული, დამოკიდებული პარტნიორის ან პოტენციური ვასალის როლში.
- საინტერესოა თავად ვლადიმერ პუტინის რეპუტაციის საკითხიც. პუბლიკაციებში ვხვდებით მოსაზრებას, რომ „რუსი გენერლები ხელში ბრუტუსის მახვილს აიღებენ“...
თუ სახელმწიფოს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს დიდი ძალა, ეს სახელმწიფო უნდა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საერთაშორისო ძებნილის მიერ მართული საერთაშორისო პოლიტიკური ერთობა. მარტივად რომ ვთქვათ, იმ პრესტიჟისთვის, რაც რუსეთს უნდა, რომ ჰქონდეს, პუტინი დღეს აბსოლუტურად შეუფერებელია.
- ჩანს, რომ რუსეთის ომის დაწყებიდან ერთ წელში რუსეთის ფედერაციის ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. როგორ ფიქრობთ, რამდენად აღდგენადია დანაკარგი, რაც რუსეთმა მიიღო და რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს?
სანამ სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ამაზე, მათ შორის სამხედრო დანაკარგზე, დეტალური ინფორმაცია არ გვექნება. შესაბამისად, რთულია თქმა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც რუსეთს უჭირს ელემენტარულად ახალი ტექნიკის წარმოება, ძველის მოდერნიზება და ა.შ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მთლიანად იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც პუტინმა საკუთარ სახელმწიფოს მიაყენა, 1 და 2 წელი არ ეყოფა და შეიძლება, თუ ეს მოხდა, ამას ათეულობით წელი დასჭირდეს. რეალურად რომ შევხედოთ, რუსეთის მმართველმა პოლიტიკურმა ელიტამ თავისივე ქვეყანას მიაყენა ისეთივე დარტყმა, როგორსაც თეორიულად, ვერც ერთი მტერი ვერ მიაყენებდა.
(სპეციალურად საიტისთვის)
ლიკა რუაძე