"სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა, წელს თანაცხოვრების 43 წელი უსრულდებოდათ" - რას ჰყვებიან მეგობრები ზაზა მიქაშავიძეზე - კვირის პალიტრა

"სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა, წელს თანაცხოვრების 43 წელი უსრულდებოდათ" - რას ჰყვებიან მეგობრები ზაზა მიქაშავიძეზე

"ზაზა, გენაცვალე, ღმერთმა დაგლოცოს. "კამინო რეალზე" ერთად მუშაობის ისეთი მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს. თუმანიშვილის თეატრმა დაკარგა ერთ-ერთი უსაყვარლესი მსახიობი. ღამე მშვიდობისა ტკბილო პრინცო", - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ჩვენი დროის უდიდესი რეჟისორი ჰილარი ვუდი მსახიობ ზაზა მიქაშავიძეს.

ზაზა მიქაშავიძემ იმ წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, ნინელი ჭანკვეტაძემ რომ ჩააბარა. ერთმანეთი ინსტიტუტში გაიცნეს - უკვე კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ზაზა მიქაშავიძე ხშირად ესწრებოდა თუმანიშვილის ლექციებს ნინელის ჯგუფთან. ნინელი თავიდან ბატონობით მიმართავდა ზაზას... მეოთხე კურსზე იყო ნინელი, ცოტნე ნაკაშიძემ კინომსახიობთა თეატრში რომ მიიწვია როლზე სპექტაკლში "დარაბებს მიღმა გაზაფხულია". ნინელი და ზაზა სწორედ იმ პერიოდში დაუახლოვდნენ ერთმანეთს. სცენაზე გათამაშებული სიყვარული მათ ცხოვრებაში გაგრძელდა. მერე იყო ნიშნობა, ქორწილი ცხელი ზაფხულის ერთ დღეს. მას შემდეგ ერთად იყვნენ ცხოვრებაშიც და თეატრშიც. წელს თანაცხოვრების 43 წელი უსრულდებოდათ , მოულოდნელად კი ეს დამთავრდა...

"ბოლოს ორი კვირის წინ ვილაპარაკეთ. ისეთი თბილი საუბარი გვქონდა, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება"

ქეთი დოლიძე, რეჟისორი:

- 16 წლის იყო, როდესაც პირველად მოვიდა ბატონ მიშასთან. ყოველთვის დამოუკიდებელი იყო, ყოველთვის თავისი სიტყვა ეთქმოდა. იმდენად შევეზარდეთ ერთმანეთს, რომ ძალიან ახლობლები გავხდით. მე-11 აუდიტორიაში ყველას ყველაზე მეტად ეგონა, რომ მას განსაკუთრებით უყვარდა ეს თეატრი. ზაზასაც ჰქონდა ეს შეგრძნება და სწორიც იყო. მხოლოდ 1997 წელს იყო პატარა გაუგებრობა, როცა ნაწილს გვინდოდა თეატრში თემურ ჩხეიძე მოსულიყო. მე დღესაც ვთვლი, რომ ამით ძალიან ბევრი წააგო თეატრმა. ვერაფრით ვერ მოვრიგდით ამ საკითხზე და კარგა ხანს გაყოფილივით ვიყავით, ოღონდ არც ერთმა არ დავუშვით, რომ თეატრი დაშლილიყო. მერე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად იყო გოგა მარგველაშვილი, მერე მე მერგო ეს უმძიმესი ტვირთი და მართალი გითხრათ, ძალიან კარგად ვმუშაობდით ერთად. ზაზა ბრწყინვალე სახასიათო არტისტი­ იყო. ბევრი როლი ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე კარგი "ჩვენი პატარა ქალაქი" იყო. ამ როლის თამაში გენიალური გოგი გეგეჭკორის მერე, ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ზაზამ ბრწყინვალედ გაართვა თავი. მით უმეტეს მაშინ, როცა ეს როლი რეზო გაბრიაძეს სწორედ გოგიზე ჰქონდა გათვლილი.

ზაზა მიშა თუმანიშვილისა და თეატრის ძალიან ერთგული იყო. ამიტომაც ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში ბატონმა მიშამ ზაზას ჩააბარა სპექტაკლი "ჩვენი პატარა ქალაქი". ჯერ რეზო იმნაიშვილი წავიდა, მერე თაზო თოლორაია... და ახლა ზაზა. ეს იყო ის გუნდი, რომელიც მუდამ მიშა თუმანიშვილის გვერდით იყო. დათო კვირცხა­ლია, ზაზა და ეროსი ძალიან მეგობ­რობდნენ და მახსოვს, რამხელა დარტყმა მივიღეთ, როცა ეროსი დაიღუპა. ბატონი მიშას სიცოცხლეში ჩემი კარიერა კინოში შედგა და თითქმის ყველა ფილმში ზაზა ჩემთან არის. "მარტოხელა მონადირეში", "სანამ წვიმა გადაივლიდეს" ძალიან კარგი სახასიათო ეპიზოდები აქვს. ზაზასთან მუშაობა ძალიან მიყვარდა, კომფორტული მსახიობი იყო. ერთ-ერთი კარგი როლი აქვს ნათამაშები ჩემს "სამეფო ოჯახში". ესტრადაზეც საინტერესო რაღაცები გააკეთა. არც ერთი წამი არ უფიქრია, რომ სხვა თეატრისკენ გაეხედა. თვლიდა, რომ ის იყო ამ თეატრის მეციხოვნე და იყო კიდეც. ბოლოს დაახლოებით ორი კვირის წინ ვილაპარაკეთ. ისეთი თბილი საუბარი გვქონდა, სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ძალიან, ძალიან მტკივნეულია. წავიდა ცხოვრების ნაწილი!

"მე არ ვიცი, ვინ შეცვლის ზაზას "ჩვენს პატარა ქალაქში"

მანანა ანთაძე, თეატრმცოდნე, მეგობარი:

- უმძიმესი დღეები დაუდგა თუმანიშვილის თეატრს. თავში სულ ასეთი წრე მიტრიალებს: ბატონი მიშა თუმანიშვილი, რეზო იმნაიშვილი, თაზო თოლორაია და ზაზა მიქაშავიძე. მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო ეს ამბავი. თუმანიშვილის სცენიდან ჩვენ გავაცილეთ თეატრისთვის თავდადებული ადამიანები: ჩვენი ხმის რეჟისორი სერგო კაზარიანი, ნინო ჩხეიძე, ლალი კეკელიძე, მიშა ჯოჯუა, მაგრამ რეზო, თაზო და ზაზა თეატრის ფუნდამენტი იყვნენ, თეატრის მოამაგე, თეატრის ფანატიკურად მოყვარულები, რომლებმაც მიშა თუმანიშვილთან ერთად შექმნეს ეს თეატრი. მე არ ვიცი, ვინ შეცვლის ზაზა მიქაშავიძეს "ჩვენს პატარა ქალაქში". ეს იყო ბატონი მიშას უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი. ამ სპექტაკლთან ერთად შეიქმნა რიტუალი "ეროსის ზარები", რომელიც "ქალაქის" ორგანული ნაწილია. აი, ამ ზარებში ისმის ეროსის, მიშას, რეზოს, თაზოს, ახლა ზაზას ხმაც. ძალიან რთული იქნება ხელმეორედ ამ სპექტაკლისთვის სულის შთაბერვა, მაგრამ აქ არის ქეთი დოლიძე, აქ არის ნუგზარ ბაგრატიონი, ცოტნე ნაკაშიძე, რომლებისთვისაც ახლობელია ის სული, რომელიც ამ სპექტაკლში ჩადო ბატონმა მიშამ. მინდა გავიხსენო ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლიც, "ადამიანის ხმა", ნინელი ჭანკვეტაძის მონოსპექტაკლი. სცენაზე ნინელის გარდა, იყო ერთი პერსონაჟიც. ავანსცენაზე იდგა სავარძელი, სადაც იჯდა ზაზა. მის პერსონაჟს მთელი სპექტაკლის განმავლობაში ხელში ჰქონდა გაზეთი, რომელსაც თითქოს კითხულობდა, მაგრამ ბოლოს ირკვეოდა, რომ ასე არ იყო. მახსოვს, ბატონმა მიშამ მითხრა, შეხედე, ნინელის დაპყრობილი აქვს სცენა, ყველა უყურებს, მაგრამ ყველა აკვირდება ზაზას პერსონაჟსაცო. ასე თამაში მხოლოდ დიდ არტისტს შეუძლია. მინდა მას მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივი მეგობრობისთვის. მე და ჩემი შვილის მადლობა მას იმისთვის, რომ როცა ჩემი მეუღლე ტანჯვით მიდიოდა ამ ქვეყნიდან, ზაზა ჩვენ გვერდით იდგა. მშვიდობით, ჩემო არაჩვეულებრივო მეგობარო!

"როცა ძალიან მიჭირდა, თითქოს გრძნობდა და ისეთ სითბოს, თანადგომას ვგრძნობდი მისგან..."

დოდო დედაბრიშვილი, თეატრის ხმის რეჟისორი:

- როდესაც ზაზა როლზე მუშაობდა, მაქსიმუმს აკეთებდა. დაუღალავი და ენერგიული იყო. მომთხოვნი და ზოგჯერ, კატეგორიულიც პარტნიორებთან, ტექპერსონალთან... ყველაფერი, რაც ხდებოდა თეატრში, კარგი თუ ცუდი, მისი კრიტიკისა და შენიშვნის ქარცეცხლს ვერ გადაურჩებოდა. წუხდა წვრილმანებზეც კი. მთავარი იყო დროულად გაკეთებულიყო ნებისმიერი საქმე, რაც სპექტაკლისთვის აუცილებელი იყო. ალბათ, გახსოვთ "ვატერპოლოო", ნუგზარ ბაგრატიონმა დადგა დოჩანას მიხედვით. ბრწყინვალე სპექტაკლი იყო, ზაზამ ითამაშა რექსაჩი, რომელიც მისი ერთ-ერთი საუკეთესო როლი მგონია. თუმცა, ბევრი საინტერესო სახე შექმნა სცენაზეც და ფილმებშიც. არაჩვეულებრივი მუსიკალური სმენა და განსაკუთრებული ხმის ტემბრიც ჰქონდა. როცა ძალიან მიჭირდა, თითქოს გრძნობდა და ისეთ სითბოს, თანადგომას ვგრძნობდი მისგან. ხშირად მეუბნებოდა, არ მოგერიდოს არაფრის, როგორც შემიძლია დაგეხმარებიო.

"ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ეროსის საღამოს, რომელიც მიეძღვნება - ზაზას და ეროსის"

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- როცა ურთულესი დღეები იყო ჩემს ცხოვრე­ბაში, ყოველ საღამოს მირეკავდა­ და საათობით მესაუბრებოდა ქართულ თეატრზე.­ ამით თანაგრძნო­ბას მიცხადებდა. მიყვებოდა ისე, რომ არასოდეს არც ერთხელ არავისზე ცუდი არ წამოსცდენია. მისი სალანძღავი სიტყვა იყო "მაგის ამბავი მე მკითხე" და რომ ვეკითხებოდი, მერე აღარაფერს ამბობდა. ჩვენ სამტრედიაში უნდა ვყოფილიყავით ეროსი მანჯგალაძის საღამოზე, მაგრამ... ერთხელ მითხრა, იმიტომ მიყვარხარ, ჩემი ეროსი რომ ასე გიყვარდაო. სულ ვეხვეწებოდი, მოსულიყო გადაცემაში, ვეუბნებოდი, რანაირი არტისტი ხარ, არასოდეს არ გინდა გამოჩენა-მეთქი. ის მხოლოდ თეატრზე ფიქრობდა, სულ ფუსფუსებდა, სულ დარდობდა ყველაფერზე,­ რაც თუმანიშვილის­ თეატრს შეეხებოდა. ზაზა იყო მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყოს არტისტი. იყო საოცრად ინტელექტუალური, შეეძლო ნებისმიერ თემაზე ძალიან საინტერესოდ ელაპარაკა. მე მინდა მას ვუთხრა, - ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ეროსის საღამოს, რომელიც მიეძღვნება ორივეს - ზაზას და ეროსის.

რუსუდან შაიშმელაშვილი

გაზეთი "კვირის პალიტრა"