F-16-ების პილოტებო, გეპატიჟებით უკრაინის ცაში საბრძოლველად! - კვირის პალიტრა

F-16-ების პილოტებო, გეპატიჟებით უკრაინის ცაში საბრძოლველად!

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი იმ უცხოელ მფრინავებს, რომლებსაც F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, უკრაინის დასაცავად იწვევს.

კერძოდ, თავდაცვის მინისტრი უცხოელ სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უცხოური ტექნიკის გამოყენება, აქვთ შესაბამისი ნებართვები და დოკუმენტებზე წვდომა, უკრაინაში სამუშაოდ ჩასვლას სთავაზობს.

"ეს ასევე ეხება პილოტებს. თუ არსებობენ მფრინავები, რომლებმაც F-16-ის მართვა იციან და მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ (ომში), უცხოური ლეგიონი მზადაა, კარის გააღოს", - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის ხელისუფლებიდან ასეთი შეთავაზება დიდი ხანია, მოსალოდნელი გახლდათ, რადგან, თუკი უკრაინის მხარეს, უცხოურ ლეგიონში იბრძვიან ქვეითები, ტანკისტები თუ მეზენიტეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაშინ რატომ არ შეიძლება ეს უცხოელ სამხედრო მფრინავებზეც გავრცელდეს?

სხვის ომში უცხოელი პროფესიონალი სამხედროების დაქირავების ისტორია საუკუნეებს მოითვლის, რაც შეეხება მფრინავებს, ჯერ კიდევ სტალინი გზავნიდა ესპანეთის სამოქალაქო ომში თუ კორეის ომში რუსი ეროვნების სამხედრო მფრინავებს და რუსი ივანოვები ესპანეთში გონსალესები "ხდებოდნენ", ხოლო პეტროვები კორეაში კიმ ჰვანებად "გადაინათლებოდნენ", თუმცა ამით ვერავის ატყუებდნენ, რადგან გახურებული საჰაერო ბრძოლების დროს რადიოეთერს ისევ რუსული გინებით "აბინძურებდნენ"...

აქამდე უკრაინის თავდაცვის უწყებას დიდად არ დასჭირვებია რომელიმე კონკრეტული სპეციალობის უცხოელი სამხედრო პროფესიონალების ასე სახალხოდ მიწვევა, რადგან საბჭოთადროინდელი წარმოების საბრძოლო ტექნიკაზე, იქნებოდა ეს ტანკები, საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო დანადგარები თუ საბრძოლო თვითმფრინავები და შვეულმფრენები, საკუთარი კადრებიც საკმარისად ჰყავდა.

თუმცა რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რაც დასავლეთმა სხვადასხვა კლასისა და ტიპის საბრძოლო ტექნიკის მიწოდება დაიწყო უკრაინის არმიისთვის, უკვე სერიოზულ პრობლემად გადაიქცა შესაბამისი კადრების მომზადება-გადამზადება, რომლებსაც "ჰაიმარსიდანაც" შეეძლებოდათ სარაკეტო ზალპების გაშვება და "ლეოპარდებსაც" წაუძღვებოდნენ შეტევებში...

მაგრამ ერთია ტანკისტის გადამზადება საბჭოთა T-64-დან გერმანულ "ლეოპარდ-2"-ზე ან, ასევე, საბჭოთა "ურაგანიდან" ამერიკულ "ჰაიმარსზე" და სულ სხვაა საბჭოთადროინდელი МиГ-29 გამანადგურებლის პილოტის გადასმა ამერიკულ F-16-ზე.

შეუძლებელი არაფერია, მაგრამ თუკი ბრძოლებში უკვე გამოცდილ უკრაინელ ტანკისტს გერმანული "ლეოპარდის" მეტ-ნაკლებად კარგად ათვისებისთვის შეიძლება ორი-სამი თვეც ეყოს, დაჩქარებული პროგრამით გადამზადებისას, იგივეს გამეორება საბრძოლო თვითმფრინავების შემთხვევაში ურთულესია და "კაბინის გამოცვლას" МиГ-29-დან F-16-ზე შეიძლება ერთი წელიც არ ეყოს...

მართალია, ორი გამოცდილი უკრაინელი პილოტი ერთ თვეზე მეტია, უკვე ითვისებს აშშ-ში F-16-ს, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ცვლის - უკრაინელებს ორი-სამი F-16 კი არა, არამედ ამ მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების ორი-სამი ესკადრილიაც არ ეყოფათ, რათა რუს ოკუპანტებს თანასწორი საჰაერო ბრძოლებიც გაუმართონ "ჰაერი-ჰაერის" კლასის მართვადი რაკეტებით და მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებიც ზუსტად დააზიანონ "ჰაერი-ჰაერის" და "ჰაერი-ხომალდის" კლასის მართვადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით.

ჯერჯერობით ისიც არ არის ბოლომდე გარკვეული, საერთოდ, გადასცემს თუ არა აშშ უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, თუმცა არსებობს სხვა გზებიც - დღემდე 4 600 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის F-16-ია დამზადებული, რომელთაგან მსოფლიოს 26 ქვეყნის შეიარაღებაში ჯერ კიდევ რჩება არანაკლებ 3 050 ასეთი "მებრძოლი შევარდენი" და ნუთუ ამ ქვეყნებიდან რამდენიმე მათგანს არ გაუჩნდება სურვილი, უკრაინას უწილადოს სამ-სამი თუ ხუთ-ხუთი ასეთი თვითმფრინავი?

1-poto-p-16-1681202447.png

F-16-ებზე მომზადებული და პენსიაზე ახალგასული რამდენიმე ათასი სამხედრო მფრინავი მოიძებნება მთელ მსოფლიოში და ნუთუ მათ შორის არ აღმოჩნდება 20-30 მსურველი, რომ დიდი ანაზღაურების, თუმცა, ამავე დროს, დიდი რისკის ფასად, უკრაინის ცის დაცვას დათანხმდეს?

კიევს ეტყობა, აქვს კულუარული ინფორმაციები იმის შესახებ, რომ ნატოს წევრი რამდენიმე ევროპული ქვეყანა, რომლებიც ისედაც აპირებდნენ თავის მოძველებული მოდიფიკაციის F-16-ების შეიარაღებიდან მოხსნას და მათ ჩანაცვლებას ბევრად თანამედროვე F-35-ებით, შეიძლება დაჰყაბულდეს ამ "მებრძოლი შევარდნების" უკრაინისთვის გადაცემაზე, რისთვისაც უკრაინის გენშტაბს უკვე F-16-ზე მომზადებული პილოტები სჭირდება, ამისთვის კი მხოლოდ უცხოელი სამხედრო მფრინავები გამოდგებიან, რომლებიც ახალი გასული არიან პენსიაზე და მაღალი ან ძალზე მაღალი ფინანსური დაინტერების გამო (მაგალითად, ერთ საბრძოლო გაფრენაში 5-10 ათასი დოლარის ანაზღაურების სანაცვლოდ) შეიძლება დათანხმდნენ უკრაინის ცის დაცვას...

სხვათა შორის პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ამ ომში ინტენსიურად იყენებს Су-25 მოირიშეებისა და Су-24М საფრონტო ბომბდამშენების იმ პენსიონერ სამხედრო მფრინავებს, რომლებიც მანამდე რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებში მსახურობდნენ და დღეს მზად არიან, მაღალი გასამრჯელოს ფასად შეასრულონ ისეთი ძალზე სახიფათო საბრძოლო გაფრენები, რაზეც უარს აცხადებენ რუსი კადრის ოფიცერი-მფრინავები, ბევრად ნაკლები ოდენობის ხელფასიდან გამომდინარეც.

პ.ს. ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ქართველი დაქირავებული სამხედრო მფრინავები ოც წელზე მეტია, აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის ცაში დაფრინავენ - ადგილობრივებსაც ასწავლიან Су-25 მოიერიშეებისა და Ми-24 დამრტყმელი შვეულმფრენების მართვას და ხანდახან თავადაც არ ამბობენ უარს კონკრეტული საბრძოლო დავალებების შესრულებაზე, რასაც თავის დროზე, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყვა...