„გარიგება ეშმაკთან“: საბედისწერო შეცდომა, რომელიც „ცისფერყანწელებმა“ დაუშვეს - კვირის პალიტრა

„გარიგება ეშმაკთან“: საბედისწერო შეცდომა, რომელიც „ცისფერყანწელებმა“ დაუშვეს

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი „მოგონებებში“, რომელიც პირველად 1927 წელს დაიბეჭდა და ბოლშევიკური ცენზურის დამღა აზის (აბა ისე წიგნს ვინ გამოსცემდა?), აღწერს, რომ თითქოსდა პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე 1921 წლის 25 თებერვალს ტფილისიდან გაქცევას აპირებდნენ და მისი რჩევით დარჩნენ ქალაქში “მცხოვრებლების დასამშვიდებლად“. რა თქმა უმდა ასე არ იყო. 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს „გასაბჭოების“ ტრაგიკულ დღეს, „ცისფერყანწელების“ ლიდერი პაოლო იაშვილი გულითადად მიესალმა „ქვეყნიერების ახალს რიტმს და რევოლუციას“ და იმავე საღამოს დაწერა ლექსი - "ახალ საქართველოს". ხაზი უნდა გავუსვა: არა ვინმეს დავალებით, არამედ საკუთარი სურვილითა და გულის კარნახით. რაც ძალზე მნიშვნელოვანია. „ცისფერყანწელების“ მშფოთვარე სული ბრძოლას უცხადებდა ძველს, „დაობებულს“, ესალმებოდა ახალს ისე, რომ „ბოლშევიკურ იდეოლოგიაში“ და მათ მიზან–გეგმებში ჯერ გარკვეულიც არ იყო. 1924 წლის ივლისში ჟურნალმა „ხელოვნების დროშა“, გამოაქვეყნა „ცისფერყანწელების “ ერთგვარი „მანიფესტი“ და „საპროგრამო განცხადება“ (დოკუმენტის სტილი უცვლელია – ბ.ა.)

„ცისფერი ყანწების“ განცხადება

„ცისფერი ყანწები“ პირველი მემარცხენე სკოლა იყო და არის ქართულ მწერლობაში. რვა წელიწადია ეს სკოლა აწარმოებს თავის სასტიკ ბრძოლას ახალი გზების დაპყრობისათვის. ჩვენ დღესაც ვერავის დაუთმობთ პოეზიის პოზიციებს, რადგან მწერლობაში ყველაზე კარგათ ვგრძნობთ ცხოვრების შეცვლას, ქვეყნიერების ახალს რიტმს და რევოლიუციას. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ქართული კულტურის განმტკიცება და მისი გამოყვანა ეთნოგრაფიული საზღვრებიდან მსოფლიო კულტურის და შემოქმედების ასპარეზზე. ქართული ხელოვნების ძველი მრევლი დღესაც განაგრძობს დამშვიდებულ ცხოვრებას, თითქოს ქვეყანაზე არაფერი შეცვლილა. ჩვენ კიდევ ერთხელ უცხადებთ ბრძოლას ყოველივე მოძველებულს, დაობებულს, ჩამორჩენილს. ვდგევართ რა რეალურ ნიადაგზე, ჩვენ მემარცხენე სკოლის ენერგიით ვაგრძელებთ ჩვენ მიმართულებას ქართულს ლიტერატურაში და აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ კულტურის განვითარებისათვის საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც თავგამეტებით ეპატრონება ხელოვნების ყველა დარგებს. ჩვენ გვწამს, რომ ამ მიზნის განხორციელებისათვის ჩვენთან ერთად იქნებიან ქართული ხელოვნების ყველა ახალი ძალები. „ცისფერი ყანწები“ გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე, შალვა აფხაიძე, კოლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, რაჟდენ გვეტაძე, სერგო კლდიაშვილი, ივანე ყიფიანი. „ცისფერი ყანწების“ განცხადებას სავსებით ვიზიარებ.სანდრო შანშიაშვილი.“ (ციტატის დასასრული).

მართლაც „ცისფერყანწელებმა“ ყველაზე ადრე აუღეს ალღო ახალ რეალობას და ბოლშევიკებთან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყეს. მათ ბევრი მეგობარი ჰყავდათ „ბობოლა პარტიულებში“, რაც მათ „კარიერულ წინსვლაზეც“ აისახა. პაოლო იაშვილი 1927 წელს არჩეული იყო სრულიად საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკ–ის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით .

tician2-1681205177.jpg

პაოლო იაშვილი

დიდად იყო დაფასებული ბოლშევიკების მიერ ასევე ტიციან ტაბიძეც, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე იყო საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი. ტიციან ტაბიძე 1923 წლის 11ოქტომბერს მამია ორახელაშვილს, სახელმწიფო გამომცემლობის კოლეგიის თავმჯდომარეს ვრცელ წერილს წერს, რომელიც ამგვარად მთავრდება (ავტორის სტილი უცვლელია): “გთხოვთ, მე დამნიშნოთ სახელგამის კოლეგიის წევრად, რაც შეეხება გასამრჯელო ჯამაგირს, ამას ჩემთვის არ ექნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა და გამოირკვევოდა იმ მუშაობის მიხედვით, რომელსაც მე შევძლებდი გამეკეთებია.”

გრიგოლ რობაქიძე ამგვარად გამოეხმაურა 1924 წელს ლენინის სიკვდილს: “როცა რადიომ ლენინის სიკვდილი მსოფლიოს აცნობა, ალბათ ჰაერში მისი ტალღა სხვანაირად დაიკლაკნა. მე არ მგონია არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც ლენინის სიკვდილით არ შერხეულიყოს”. ერთი კია: გრიგოლ რობაქიძემ თავს უშველა და 1931 წელს საზღვარგარეთ ბოლშევიკების ნებართვით გამგზავრებული უკან არ დაბრუნებულა. სხვა შემთხვევაში ვერც ის გადაურჩებოდა ჯალათის ტყვიას. საინტერესოა, რომ 1935 წლის 19 აპრილს მისი „მოღალატეობრივი მუშაობა“ ერთხმად დაგმეს გუშინდელმა მეგობრებმა: პაოლომ, ტიციანმა, ვალერიანმა, ნიკოლომ... და ორიოდ წლით გაიხანგრძლივეს სიცოცხლე.

„ცისფერყანწელების ორდენის“ ერთ-ერთი დამაარსებელი ვალერიან გაფრინდაშვილი წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. ისიც „დიდი გულისტკივილით“ გამოემშვიდობა „დიდ ბელადს“ და ლექსიც მიუძღვნა („ლენინის ხსოვნას“).

ნიკოლო მიწიშვილი, რომელიც ერთხანს ემიგრაციაში იყო, ქართველი ბოლშევიკების ერთ–ერთ ლიდერს, ლევან ღოღობერიძეს 1923 წლის მაისში პარიზიდან წერდა: „საქართველოსთვის მენშევიზმი უდიდესი ბოროტებაა, რომელიც არა-მარტო მორალურად, ფიზიკურადაც უნდა განადგურდეს. ამ პარტიის როლი 30 წლის განმავლობაში მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ქართული აზროვნების, იდეის, ინტელიგენციის ჩაკვლისაკენ. მათ მენშევიკური კრეტინიზმით დააავადეს საქართველოს თაობის დიდი ნაწილი და, სანამ ეს დაავადებული თაობა ფიზიკურად არ გაქრება, მანამდე საქართველო არ იქნება აღქმული, როგორც იდეა. ფიზიკურადო, ვამბობ, რადგან მენშევიზმი მკურნალობას არ ექვემდებარება. მენშევიზმი არსებითად შულერობაა, ქართველი ხალხის აბუჩად აგდება, დაცინვა და მას არა თუ არ შეუძლია, უფლებაც არ აქვს ილაპარაკოს საქართველოს სახელით ან საქართველოსთვის…“ ხოლო 1923 წლის ოქტომბერში გამოგზავნილ წერილში ლ.ღოღობერიძეს სიამაყით აცნობებს: „ მე თებერვალს ვესალმები და ამიტომ სხვა, ევროპიდან ტიფლისში იმპორტირებული მაისი არ მინდა“.

tician3-1681205177.jpg

ნიკოლო მიწიშვილი

ნიკოლოს დაუფასდა „თებერვლის ერთგულება“: გასული საუკუნის 20–30 წლებში ის ერთ–ერთი „დიდი ჩინოვნიკი“ იყო მწერალთა შორის: რედაქტორობდა მწერალთა კავშირის ჟურნალ „ქართულ მწერლობას“, იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო გამომცელობას. 1926 წლის 1 თებერვალს, საღამოს 8 საათზე, ხელოვანთა სასახლეში გაიხსნა. საქართველოს მწერალთა პირველი ყრილობა. წარმოდგენილი იყვნენ – "აკადემიური ასოციაცია", ახალი მწერლობის კავშირი ("ცისფერყანწელები"), პროლეტარული მწერლების ასოციაცია, ფუტურისტები. „საბჭოთა მთავრობასა და ჩვენ შორის (იგულისხმებიან ქართველი მწერლები – ბ.ა.) არ იყო სრული კონტაქტი“ – ასე მიმართა კონსტანტინე გამსახურდიამ ყრილობის ტრიბუნიდან საქართველოს ბოლშევიკურ ხელისუფლებას. ცნობილია, რომ კ. გამსახურდიას კონფლიქტები ჰქონდა „ცისფერყანწელებთან“ (უპირველესად ტიციან ტაბიძესთან, პაოლო იაშვილთან და ნიკოლო მიწიშვილთან), რაც დიდწილად ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული. „ეშმაკთან გარიგება“ ითვალისწინებდა „ცისფერყანწელების“ მონაწილეობას „სადამსჯელო ოპერაციებშიც“. ერთ–ერთი მაგალითი ასეთია. კომპარტიის ცეკას მითითებით მწერალთა კავშირში 1930 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა „წმენდის კომისია“ (თავმჯდომარე შალვა რადიანი, წევრები - არისტო ჭუმბაძე, სიმონ წვერავა, სიმონ ჩიქოვანი, ტიციან ტაბიძე, მდივანი – ნინო კლდიაშვილი), რომელსაც ურჩი და შემთხვევითი პირებისაგან უნდა გაენთავისუფლებინა ეს გაერთიანება. კომისიამ სათითაოდ უყარა კენჭი მწერალთა კავშირის ყველა წევრს. მრავალთა შორის კონსტანტინე გამსახურდიაც ერთხმად გარიცხეს . . . .

tician4-1681205177.jpg

კონსტანტინე გამსახურდია

„ცისფერყანწელები“ იმდენად ჩაებნენ „ჩინოვნიკურ ცხოვრებაში“ რომ 1926 წლის 17 იანვარს ტიციანს წამოცდა: „ჩვენზე ამბობენ, რომ ლიტერატურას თავი დაანებესო“. თუ წერდნენ, წერდნენ რევოლუციასა და „სოციალისტურ მშენებლობაზე.“ გასული საუკუნის 30 წლების დასაწყისში სტალინის პიროვნების განდიდებას მიეცა სტარტი. მწერლები, პოეტები და მხატვრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ “ბელადზე” (“დიდი ბელადი” და “ხალხთა მამა” სტალინი ცოტა მოგვიანებით გახდა) “უკვდავი” ნაწარმოებების შექმნაში. ქართველი პოეტი ირაკლი აბაშიძე მოგონებებში “ზარები ოცდაათიანი წლებიდან”, აღნიშნავს (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): “ყველა მწერლის პატრიოტულ, მორალურ მოვალეობად იქნა აღქმული იმჟამად ე.წ. “სტალინის თემა”, საქართველოში ამ საქმეს გულწრფელად უმეთაურეს უფრო “ცისფერყანწელებმა”, ვიდრე ე.წ. პროლეტარულმა, უკვე ავტორიტეტდაკარგულმა მწერლებმა”. 1936 წელს საქართველოს “კულტურული ფრონტის” მოღვაწეები მოსკოვში, კრემლში სტალინს სტუმრობდნენ. ირაკლი აბაშიძე წერს (ავტორის სტილი უცვლელია – ბ.ა.): „იაშვილი სტალინს მეტად მოსწონებოდა – ადვილი წარმოსადგენია, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა თავის სტიქიაში ის იმ შეხვედრაზე. სტალინმა გადაარქვა მაშინ სახელები ნატა ვაჩნაძეს და პაოლო იაშვილს და ქართულად უწოდა მათ – ნატო და პავლე“. თუმცა საბედისწერო მარყუჟი თანდათანობით ვიწროვდენოდა. ამიტომ „ცისფერყანწელები“ იძულებულნი იყვნენ ბოლშევიკ–კომუნისტების მოთხოვნებს დამორჩილებოდნენ და სულ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოთ „რევოლუციური თემატიკისადმი“. ამგვარი იყო „ეშმაკთან კონტრაქტის“ ერთ–ერთი მოთხოვნა. 1937 წლის მაისში საქართველოს კომუნისტური პარტიის X ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ლავრენტი ბერია, რომელმაც ქართულ მწერლობაზეც ისაუბრა. ქვემოთ გავეცნოეთ მცირე ამონარიდს ამ გამოსვლიდან (დოკუმენტის სტილი უცვლელია –ბ.ა.): „საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას . . . . ქართველ მწერალთა წრეში არსებობდა განკერძოებული ჯგუფები: ,,ცისფერყანწელები”, ,,აკადემიური ჯგუფი”, ,,ლეფელები”, ,,არიფიონელები” და სხვ. ,,ცისფერყანწელთა” ჯგუფში შედიოდნენ: პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, ვ. გაფრინდაშვილი, ნ. მიწიშვილი, გ. ლეონიძე და სხვები. ეს ჯგუფი ჯერ კიდევ 1916 წელს ჩამოყალიბდა. სახელწოდებას ,,ცისფერყანწელები” გადატანითი მნიშვნელობა ჰქონდა და უნდა აღენიშნა შემოქმედებითი თრობა, მაგრამ ეს დევიზი ცხოვრებაში, ქეიფებსა და ღრეობებში უფრო ხშირად ხორციელდებოდა. (სიცილი დარბაზში). ქართულ ლიტერატურაში ,,ცისფერყანწელთა” შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთ-ევროპულ და რუსულ ბურჟუაზიულ–დეკადენტურ ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. სოციალისტური მშენებლობის წარმატებებისა და ,,ცისფერყანწელების” წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფი დაიშალა. თუკი ადრეულ პერიოდში, ЦК ВКП (б)-ს 1932 წლის აპრილის დადგენილების შემდეგ, ჯგუფ ,,ცისფერყანწელების” ზოგიერთ პოეტთა შემოქმედებაში ჭარბობდა უაზრო ლირიკის მოტივები და არ შეეძლოთ თავისი ვიწროლიტერატურული სამყაროდან გამოსვლა, უკანასკნელ ხანებში მათი შემოქმედებითი საქმიანობა უკვე სოციალისტური მშენებლობის თემების დამუშავების კუთხით გაიშალა“. ვხედავთ, რომ ლავრენტი ბერია თან აკრიტიკებდა და თან ნაწილობრიც იწონებდა „ყოფილი ცისფერყანწელების“ მოღვაწეობას. თუმცა სულ რამდენიმე თვეში საქრთველოში „სისხლიანი რეპრესიები“ დაიწყო. არავის ეგონა, რომ „ცისფერყანწელებს“ – უპირველესად პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს და ნიკოლო მიწიშვილს – დაემუქრებოდა 30–იანი წლების ეს საფრთხე. „აქტიურად ვითანამშრომლებთ ქართულ კულტურის განვითარებისათვის საბჭოთა ხელისუფლებასთან“ - სწორედ ეს იყო „გარიგება ეშმკათან“, რაც „ცისფერყანწელების“ უმრავლესობას და მათი ოჯახის წევრებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. იყო კი ლელი ჯაფარიძე ამ „გარიგების“ აქტიური წევრი?

პაოლო იაშვილისა და კოლაუ ნადირაძის მიერ 1922–1924 წლებში შედგენილ „ცისფერყანწელების“ სია–ჩამონათვალში ლელი ჯაფარიძე არ მოიხსენიება, თუმცა მათთან მეგობრობა, მას რომ არ შეუწყვეტია 1925–1930 წლებში ერთობლივად გადაღებული ფოტოებითაც დასტურდება. ლელი ჯაფარიძე, რატომღაც, დღესაც ,,ცისფერყანწელთა“ ორდენის მივიწყებულ წევრადაა ქცეული.

(მეშვიდე ნაწილის დასასრული)