"20 წელი საქართველოში არ ვცხოვრობდი, აქ რა ხდებოდა, რა ჭორია და რა - სიმართალე, არ ვიცი. მე რომ პოლიტიკოსობა დავიწყო, მზარეულმა ადამიანმა, ძალიან არასწორი იქნება"
"20 წელი საქართველოში არ ვცხოვრობდი, აქ რა ხდებოდა, რა ჭორია და რა - სიმართალე, არ ვიცი. მე რომ პოლიტიკოსობა დავიწყო, მზარეულმა ადამიანმა, ძალიან არასწორი იქნება"
ცნობილია, ახალი წლის ღამეს შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, ხელში აფეთქებული პიროტექნიკის დაზიანების შედეგად. მან მარცხენა ხელი დაიზიანა და მდგომარეობაც საკმაოდ რთული იყო... მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე თვე გავიდა, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პერიოდს გადის და მის შეცვლილ დღევანდელობაზე გვესაუბრება...
გურამ ბაღდოშვილი:
- ჯანმრთელობის მხრივ საქმე მარტივად არ არის. რეაბილიტაციის პერიოდს გავდივარ, რადგან ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ჯერჯერობით მუშტს ვერ ვკრავ, ბოლომდე ვერც ვშლი თითებს, ბევრი ვარჯიში და ფიზიოთერაპიაა საჭირო... ვნახოთ, მდგომარეობა როგორ განვითარდება, რამდენად ძლიერი აღმოჩნდება ჩემი სხვა ორგანოები, რომლებიც ხელს რეაბილიტაციაში დაეხმარებიან და იმ აქტიურ ცხოვრებას დავუბრუნდები, რომლითაც საზოგადოება მიცნობს.
ყველასთვის რთული იქნებოდა ასეთი რამ და ჩემთვისაც ასეა. როცა მიჩვეული ხარ, ორივე ხელს რომ ერთნაირად აბურთავებ და მერე ერთი ხელის, ფაქტობრივად, პარალიზება ხდება...
ტელევიზიით, სადაც კი ხმა მიმიწვდება, ყველგან აღვნიშნავ პიროტექნიკის მავნებლობაზე... პარლამენტში საკითხი დაისვა მისი აკრძალვის შესახებ და უკვე განიხილავენ კიდეც. ნამდვილად უნდა მოხდეს კანონის გამკაცრება, რეგულაციები დაწესდეს, ბავშვებისთვის მიყიდვაზე - აკრძალვა, კონტროლი... ძალიან ცუდი რამაა გარემოსთვის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის და - ყველაფრისთვის!
- ამ ფაქტმა თქვენს ყოველდღიურ რეალობაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეგიქმნათ?
- რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტრავმა პრობლემაა, მით უმეტეს, ცალი ხელის პარალიზება... მე შემიძლია ცალი ხელითაც ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ, ძირითადად, ინტელექტუალურ საქმიანობაზე ვარ გადართული... აზროვნება, მოფიქრება, მოგზაურობა, სხვადასხვა კულტურის გაცნობა... ცხოვრება არ ჩერდება და ჩვენც "აფდეითი" უნდა შევძლოთ.
ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ შემთხვევაში, ცოტა მეტი დრო მაქვს იმისთვის, რომ ვიმოგზაურო, კოლეგებს შევხვდე, სხვადასხვა ფესტივალს დავესწრო, ჩემი ქვეყნისთვის სხვადასხვა საინტერესო საკითხი განვიხილო.
- მეურნეობაც გქონდათ...
- დიახ, ახლა იქ ნაკლებად ვარ ჩართული, ხალხი მუშაობს, ახლა გაზაფხულია და ბევრი საქმეა.
- მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ყველაფერი ჩვეულ რიტმშია?
- დიახ, ცხოვრება აქ არ სრულდება... რომ მოვმკვდარიყავი, მერე უკვე ვეღარაფერი ეშველებოდა ამ ყველაფერს... ამ ფოიერვერკებს სიკვდილიც მოსდევს, ადამიანის სრული პარალიზებაც, კიდურების მოკვეთა, თვალების დათხრა, მძიმე დაზიანებები... საით გაისვრის ადამიანი და სად რა მოხვდება, არავინ იცის.
უმძიმესი შედეგების უამრავი შემთხვევაა.
- ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე რა აზრის ხართ? როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაღელვებთ...
- გულწრფელად გითხრათ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ...
როგორც ვხედავ, ძალიან ბევრი ადამიანი იბრძვის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. როგორც მოქალაქე, ადამიანი, ვიტყვი, რომ ვერავის განვსჯი, ამის უფლება არ მაქვს. თავად ოცი წელი საქართველოში არ ვცხოვრობდი, აქ რა ხდებოდა, რა ჭორია და რა მართალი, არ ვიცი და, მგონი, ნახევარმა საქართველომაც არ იცის.... ყოველთვის იმას ვახმოვანებ, იმ წუთას რაც ხდება, რა ავნებს და რა წაადგება ჩემს ქვეყანას...
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, როგორც ადამიანი, ვფიქრობ, რომ არასწორია ის, რაც ხდება. მთელი ეს ტრაგედია, რაც მის თავს ტრიალებს. ძალიან მძიმე კადრებია, რასაც ხანდახან ვხედავ... მე ტელევიზორს არ ვუყურებ, თუ დაიჯერებთ - არც ჩემს გადაცემებს... ადამიანური გადმოსახედიდან ძალიან მძიმე კადრებია და არასწორად მიმაჩნია ამის გაშუქება... ვინც რა დააშავა, რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ცოდვა დიდია თუ პატარა, სასწორზე ცოდვა - ცოდვაა, არ ბალანსდება... მე თუ რამ ღმერთის წინაშე შევცოდე, ვითხოვ, მომიტევოს, გამომასწოროს...
ისევ ვიმეორებ, მე რომ პოლიტიკოსობა დავიწყო, მზარეულმა ადამიანმა, ძალიან არასწორი იქნება! ყველა რაღაც აზრებს აბრახუნებს, ვისაც ესმის თუ არ ესმის საკითხი, რაღაცებს ბლუყუნებს... უბრალოდ, არ მიმაჩნია სწორად ადამიანის დაკნინება, რაც არ უნდა დანაშაული, ცოდვა ჰქონდეს ჩადენილი. ეს ყველაფერი სამართალმა, კანონმა უნდა გადაწყვიტოს.
სამწუხაროდ, ქვეყანა ძალიან პოლიტიზებულია, რაც აბსოლუტურად ყველაფერს ავნებს...
მე ძალიან დიდი სანაცნობო წრე მყავს და ყველას თავის აზრი აქვს, უნდა ჰქონდეთ კიდეც, მაგრამ მოქალაქეებს არ გვაქვს უფლება, ვინმეს ვაგინოთ, დავაკნინოთ, გავლანძღოთ, ვაფურთხოთ... როგორც ვხედავ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესაცვლელად ბევრი ადამიანი იბრძვის და ყველა ბრძოლას თავისი აზრი აქვს... მეც ვიტყვი, რომ ეს ფორმა ჰუმანური არ არის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება.
- საუბრის დასასრულს, კვლავ იმ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, რითაც დავიწყეთ...
- დიახ, მაქსიმალურად ვიბრძოლოთ და პიროტექნიკა არ შევიძინოთ. თუ საქართველოს კანონმდებლობამ მკაცრი გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩვენი საზოგადოებრივი მოვალეობაა, თავად ვთქვათ უარი... მე ყველაზე ცუდი მაგალითი ვარ და რაც თავად დამემართა, მტერს არ ვუსურვებ! რამდენი სიცოცხლე იღუპება, სახიჩრდება... ღმერთმა უწყის, ქვეყნისთვის რამდენად გამოსადეგი ადამიანი შეიძლება მოსპოს, მისი ჯანმრთელობა შეიწიროს...
მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არასოდეს ფიქრობს, თუ რამდენად მავნე და კატასტროფაა ეს ბრჭყვიალა ჯოჯოხეთი. მეც სულ აღტაცებით ვუმზერდი და ცაში ნამდვილად ძალიან ლამაზია, მაგრამ არ დავფიქრებულვარ, მის უკან რამდენი საშინელება ტრიალებს.
ჯერჯერობით მთელ თბილისში სულ ამ ფოიერვერკის ბრაგა-ბრუგი ისმის და უამრავი ტრაგედია ხდება... აღარ უნდა დავინგრიოთ ჯანმრთელობა, გარემო არ გავანადგუროთ, ამ საშინელებაზე უარი უნდა ვთქვათ!
(სპეციალურად საიტისთვის)