"ვხედავთ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომლებიც ბოროტები არიან, მე მათ პოლიტიკური ტურები დავარქვი" - კვირის პალიტრა

"ვხედავთ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომლებიც ბოროტები არიან, მე მათ პოლიტიკური ტურები დავარქვი"

ვხედავთ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომლებიც არიან ბოროტები და მე მათ დავარქვი პოლიტიკური ტურები - არასამთავრობო სექტორის განცხადება ფარსია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც არასამთავრობო სექტორის განცხადებას გამოეხმაურა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ კონკრეტული განცხადება არ უნახავს, თუმცა, მათი არ სჯერა.

დეპუტატი აცხადებს, რომ ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ახმოვანებენ და ერთად პოზიციონირებენ.

„მოდი, თავის თავს ჰკითხონ ამ პირებმა, რამდენად არიან ობიექტურები და რამდენად არიან იმ სიტყვების გამზიარებლები და ქმედებაში მომყვანები, რაც განაცხადეს, რომ ქვეყანას ნამდვილად ეკუთვნის სტატუსი, ეს ვერ ვათქმევინეთ ამ ადამიანებს. არც მეტი არც ნაკლები, ვხედავთ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომლებიც არიან ბოროტები და მე მათ დავარქვი პოლიტიკური ტურები. ეს სინდრომი აქვთ, გამოჩნდებიან და საფარიდან იმ დროს გამოდიან, როცა ისეთ სიტუაციას იგრძნობენ, როცა არეული სიტუაციით შეუძლიათ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ეს ადამიანები მოქმედებენ იმ პრინციპით, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ თუნდაც ისე, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია, თუ გინდათ ქვეყანა გადაიბუგოს და გადაიწვას, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციების არავის სჯერა, არათუ დიდ ეჭვებს ბადებს მათი გულწრფელობა, მათ თუ რაიმე აინტერესებთ და ქმედითად უნდათ ქვეყნის ხვალინდელი დღის პროგრესი, ჰკითხონ მაგალითად, ხაზარაძეს, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ოპოზიციურ სპექტრში პირები, ვისაც არ სურს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ხშირად ძალიან რთულია ხოშტარიას და გიგაურის ერთმანეთისგან გარჩევა, წარმოუდგენელია მათში ზღვრის გავლება და ჰკითხონ ხოშტარიას და სხვებს, ისინიც ასე ფიქრობენ თუ არა, ასე რომ მათი ეს განცხადება არის ფარსი, თუ მათ ქმედითი ნაბიჯის გადადგმა უნდათ, დაიწყონ იქიდან, ჰკითხონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ახმოვანებენ და ერთად პოზიციონირებენ, რამდენად არიან დეპოლარიზაციის შემსრულებლები ის პირები, ვინც საზოგადოებას, ჩვენს ხალხს მუდმივად უწყობენ ობსტრუქციას, ჰკითხონ ამ ადამიანებს, რომლებიც დეკლარირებულად ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარების მოწყობა ერთადერთი გზაა, რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამით დაიწყონ, თქვან, რომ ყველაზე მთავარია ერთად დასხდომა და სამუშაო ფორმატი უნდა იყოს და არა ის, რასაც გიჩი-ჯაფარიძე და სხვები, ამ არასამთავროვო ორგანიზაციების მეგობრები და დაქალები ჰპირდებიან და აანონსებენ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებას მიმართავს. როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, ისინი განმარტავენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის მთავარი მიზანი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის მაქსიმალური ძალისხმევის გაწევა იქნება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა ინფორმაციით, ევროკომისიამ შესაძლოა 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია, თუ საქართველო მომდევნო პერიოდში გააგრძელებს რეფორმებზე მუშაობას და არ გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობას.

IPN