"მგონია, არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე და თუ არ არსებობს, მაშინ უფასოდ უჩუქებიათ "ნაცები“ "ქოცებისთვის“ - კვირის პალიტრა

"მგონია, არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე და თუ არ არსებობს, მაშინ უფასოდ უჩუქებიათ "ნაცები“ "ქოცებისთვის“

მგონია, რომ სრულიად რაციონალურად წავიდნენ პოლონეთში, იმ თვალსაზრისით, რომ მურუსიძის საქმის გარჩევა შინაარსობრივად არის "ნაციონალური მოძრაობის“ საქმის გარჩევა, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც საგამოძიებო კომისიის საკითხზე რიგგარეშე პლენარული სხდომის გადადებას და ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში ვიტიტს გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელსაც არ შეუძლია თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს საგამოძიებო კომისია შეუქმნას.

"უნდა გავიაზროთ, რომ "ნაცების“ "ვერხუშკა” "ქოცების“ ხელშია. კანონი უნდა მიგვეღო დღეს. აქ უნდა ყოფილიყვნენ, კენჭი უნდა ეყარათ და წავიდნენ პოლონეთში. როდის ყოფილა აქამდე, რომ ამერიკელებს დაესანქცირებინოთ საქართველოს მოსამართლეები და როდის ყოფილა შანსი, რომ ოპოზიციას ამაზე საგამოძიებო კომისია შეექმნა, ეს უბრალოდ არასერიოზულია. მე მგონია, რომ არსებობს შეთანხმება მიშას გამოშვებაზე და თუ არ არსებობს შეთანხმება, მაშინ უფასოდ უჩუქებიათ "ნაცები“ "ქოცებისთვის“, რადგან მეტს რას ნიშნავს ის, რომ ფაქტობრივად "ქოცების“ საქმეს აკეთებ ღიად?

ნაცვლად იმისა, რომ ყურადღება კონცენტრირებული ყოფილიყო საგამოძიებო კომისიაზე და მთელი შტურმი ამაზე წასულიყო, წავიდნენ პოლონეთში. რა შუაშია საერთოდ. მე მგონია, რომ სრულიად რაციონალურად ქნეს ეს, იმ თვალსაზრისით, რომ მურუსიძის საქმის გარჩევა შინაარსობრივად არის მისი („ნაციონალური მოძრაობის“) საქმის გარჩევა. წარმოიდგინეთ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ შეუძლია თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს შეუქმნას საგამოძიებო კომისია იმ მოტივით, რომ ვაი, თუ ჩემი საქმეებიც გამოიძიონო. ამით კობახიძე ღიად დაემუქრა.

მურუსიძის სასამართლოს გასამართლება სინამდვილეში არის "ქოცების“ და "ნაცების“ გასამართლება ერთად. შინაარსობრივად ეს ერთი და იგივე რეჟიმია. გასაგებია, რომ ბიძინას ნაკლებად უყვარს ძალადობა და ერიდება ამას, მაგრამ ნებისმიერი ტიპის რეპრესიული ქმედებები პოლიტიკური მოწინააღმდეგეებთან და ოპონენტებთან ორივემ ამ სასამართლოში გააკეთა და ეს სასამართლო ამაშია სპეციალიზებული. სხვა რითია უნიკალური მურუსიძის სასამართლო გარდა იმისა, რომ იცის მმართველი პარტიის ოპონენტებთან ბრძოლა, ამაშია გამობრძმედილი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეზიდენტს 11 აპრილს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს. მოგვიანებით, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის პოლონეთში გამგზავრების გამო, მათ განმეორებით მიმართეს პრეზიდენტს, რომ რომ მათივე მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა 11 აპრილს არ ჩანიშნოს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი "რეფორმების ჯგუფის" მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის მიღება უნდა ყოფილიყო, რომელიც სასამართლოს სისტემაში კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიის შექმნას მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

"ინტერპრესნიუსი"