"ეს არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა...სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით" - რას წერს თეა გოდოლაძე რიკოთის უღელტეხილის შესახებ
რიკოთის უღელტეხილზე დღეს მიწის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია. ამ დროისთვის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.
უღელტეხილზე მიმდინარე გეოლოგიურ პროცესთან დაკავშირებით დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს.
"რიკოთის მონაკვეთი მიეკუთვნება ძირულას მასივს. ძირულა არის ყველაზე ძველი ქანები ამიერკავკასიაში. 600 მილიონი წლისაა, აპალაჩებზე ძველია. აპალაჩებისგან განსხვავებით, ეს გადაძველებული, მეტამორფული ქანები, დამატებით კიდევ განიცდის აქტიურ დეფორმაციას, დანაოჭებას, აზევებას!
აშლილია ქანებიო დასკვნებში, მაგიტომ წერენ. არა, სად ეტენებოდით ამ მიწის ჩიჩქვნით ერთი გამაგებინეთ რა!
დასკვნა, ის ჩინური კომპანია, აზრზე არ იყო, რას აკეთებდა. რის შესახებაც ადრეც გაგვაფრთხილეს. თვითსტაბილიზაციისკენ მიდის ახლა სისტემა, თქვენ ჭკუაზე არ გაიაროს რა", - წერს გოდოლაძე.