რას აღნიშნავს სეფისკვერი, რომელსაც თითოეული ქრისტიანი წირვის შემდეგ იღებს? - კვირის პალიტრა

რას აღნიშნავს სეფისკვერი, რომელსაც თითოეული ქრისტიანი წირვის შემდეგ იღებს?

წმინდა მამები გვიამბობენ, თუ როგორ ისწავლა კითხვა ყრმა ბართლომემ. პატარაობისას მას ძალიან უჭირდა სწავლა, ამისათვის მშობლები და პედაგოგები ტუქსავდნენ. იგი ცრემლად იღვრებოდა და უფალს სთხოვდა, მისთვის გონება გაეხსნა, სწავლა შესძლებოდა.

ერთხელ მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად გაუშვა, გზაზე იგი გადაეყარა ბერს, რომელიც მუხის ქვეშ იჯდა და ჩუმად ლოცულობდა. ბართლომემ ბერს სთხოვა, მისთვისაც ელოცა. ბერმა ხელები ზეცად აღაპყრო და ლოცვა წარმოსთქვა, შემდგომ სეფისკვერი გაუწოდა და დასძინა: "გეძლევა ნიშნად ღვთის მადლისა".

რატომაა სეფისკვერი ღვთის მადლის ნიშანი? და რას აღნიშნავს ის, რომელიც წირვის შემდეგ ქრისტიანებს ურიგდებათ? დღეს ამ საკითხზე ვისაუბროთ.

სეფისკვერი, თავისი წარმოშობით, უძველესი დროიდან გვხვდება და ერთი მაგალითი შესავალშივე დავწერე. მცნება პურის შეწირვის შესახებ ჩნდება ძველი აღთქმის დროიდან: „საფუარიან ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირავი, თავის სამადლობელ მსხვერპლთან ერთად“ (ლუკ.7,13)

მოსეს კარავში იყო მოსაკითხი პურები, რომლებიც ორი ნაწილისგან შედგებოდა, რაც აღნიშნავდა პურს - მიწიერსა და პურს - ზეციურს, ესე იგი მის ორბუნებობას - ღვთიურსა და ადამიანურს. ამის მსგავსება გახლავთ ქრისტიანულ ტაძრებში პურები ანუ სეფისკვერების ორი ნაწილი აღნიშნავს იესო ქრისტეს ღვთიურსა და ადამიანურ ბუნებას. სეფისკვერი - ეს არის საფუარიანი პური, რომელსაც ძველ დროში ქრისტიანთა შესაწირს ეძახდნენ, რომლის ერთი ნაწილი წირვას ემსახურებოდა, დანარჩენი - აღაპს.

აღაპის თავდაპირველი ხასიათი მკაცრი რელიგიური გახლდათ, შეკრების მთავარი მომენტი ევქარისტიის შესრულება იყო, იგი მათ შორის თანასწორობას და ერთობას გამოხატავდა ქრისტეში; ისინი, ვინც შეძლებულნი იყვნენ, ზრუნავდნენ ღარიბთა დაპურებისათვის, ღარიბები თავიან ფიზიკურ შრომას დებდნენ მასში. „სიყვარულის საღამო“ - ასე უწოდებდნენ მას. ერთი ასეთი ჩანაწერი არსებობს მეორე ათასწლეულის დასასრულის თარიღით: საღამოს შეხვედრები, ბერძნულად - აღაპი, აღნიშნავს სიყვარულსა და მეგობრობას. მორწმუნეები მასზე უარს არ ამბობენ. საღამო ლოცვით იწყება და იღებენ სწავლებას ყოველისა კეთილისა...“ შემდგომში აღაპი სრულიად იქნა გაუქმებული წმინდა ამბროსის მიერ ჩრდილოეთ იტალიაში, რადგან ყოველგვარი უწესრიგობა დამკვიდრდა შეკრებაზე.

391 წელს კართაგენის მე-3 კრებამ დაადგინა, რომ ყველა ერთგული ქრისტიანი აღსარებისთვის მომზადებულიყო.

თანამედროვე ღვთისმსახურება ზოგადი სახით უძველესი ღვთისმსახურების ნიშნებს მოიცავს. პროსკომიდია (ბერძნ. კვეთა) ნიშნავს შეწირვას ე.ი. ქმედებას შემომწირველისა, რომელიც სწირავს ვიღაცას რაღაც საგანს. თვით შესაწირს სეფისკვერი ეწოდება. როგორც აღვნიშნე, პირველი სეფისკვერი გახლდათ ჩვეულებრივი პური, იგი დროთა განმავლობაში მოუხერხებლად მიიჩნიეს და ტაძრებში დაიწყეს ცხობა. უძველესი წესის მიხედვით, გამოიყენება ხუთი პური, ეს ყველაზე ცოტა რაოდენობაა, რაც რომ კვეთის დროს გამოიყენება. დიდ ტაძრებში შეიძლება საჭირო გახდეს ათობით სეფისკვერი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი მოსახსენებელი იქნება შეგზავნილი.

მახვილის სულიერი მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ ხდება ნათელი, როდესაც განვიხილავთ სეფისკვერის სიმბოლურ მნიშვნელობას, რომლიდანაც მახვილის საშუალებით ამოიკვეთება წმინდა ნაწილები. იგი შედგება ორი ნაწილისგან, რომელიც ცალ-ცალკე მზადდება ცომისაგან, შემდეგ ერთმანეთს ეწებება;

სეფისკვერი დამზადებულია პურის ფქვილისგან, რომელიც შედგება უთვალავი პურის თავთავისგან. იგი აღნიშნავს ადამიანურ ბუნებასაც, შემდგარს მრავალი ბუნებრივი ელემენტებისგან და - კაცობრიობას, შემდგარს უთვალავი ადამიანისგან. სეფისკვერის ქვედა ნაწილი აღნიშნავს მიწიერ (ხორციელ) შემადგენელს ადამიანისა და კაცობრიობისა; ზედა ნაწილი ბეჭდით შეესაბამება ადამიანისა და კაცობრივის სულიერ საწყისს; ნაკურთხი წყალი ნიშანია ღვთის მადლისა, ხოლო საფუარი - სულიწმინდის ცხოველმყოფელი ძალისა.

სიბრძნე სეფისკვერის წყობისა ნებას რთავს მას, რომ იყოს სიმბოლო ეკლესიისა, ქრისტესთან ზიარებით იქნეს აღდგენილი ღვთივ ბოძებული ადამიანური ბუნება. სეფისკვერი, ძირითადად, განღმრთობილი ქმნილების ნიშანს წარმოადგენს, ღვთის საუკუნო მეუფებისას, რომლის ნაწილად ყოფნასაც მიელტვის ადამიანი; წირავს რა ადამიანი სეფისკვერს, იგი ამით გამოხატავს სურვილს, იყოს მისგან ამოღებული ნაწილი. რკინის ბასრი მახვილი, შესაბამისად, აღნიშნავს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელსაც ღმერთი უშვებს ადამიანის მოწინააღმდეგის, დემონური ძალების მხრიდან ისე, რომ ეს გამოცდა თავად მტრის წინააღმდეგ წარიმართება. ის აუცილებელი იარაღია მიწიერ ცხოვრებაში ადამიანის ხსნისთვის, რათა განიკვეთოს ცოდვიანი მიდრეკილებისაგან და ღვთივრჩეულები შეერთდნენ ღმერთთან.

მახვილი იმისთვის არ არის შექმნილი, რომ შეძლონ, მოხერხებულად ამოკვეთონ სეფისკვერიდან ნაწილები. ტარიგისა და ნაწილების ამოღებას სულიერი მნიშვნელობა რომ არ ჰქონოდა, მაშინ სხვა საშუალებითაც ამოკვეთდნენ, თუნდაც ხელით გატეხდა მღვდელი მას და არა იარაღით, რომელიც სისასტიკისა და სხეულის მომაკვდინებელია.

ევქარისტიის ტარიგი არის ოთხკუთხა ნაწილი, რომელიც პირველი სეფისკვერიდან ამოიკვეთება და ევქარისტიის კანონის დასასრულს გადაარსდება ქრისტეს სხეულად... ხოლო ანტიდორი არის პატარ-პატარა ნაწილები სეფისკვერიდან, რომლიდანაც პროსკომიდიის დროს წმინდა ტარიგს ამოკვეთენ და წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს ურიგებენ. ანტიდორი ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს - „ნაცვლად ძღვენისა“.

წესი ანტიდორის დარიგებისა ჩანს, წარმოიშვა მას შემდეგ, რაც გაქრა უძველესი ტრადიცია, ეზიარებინათ წირვის ყველა მონაწილე; ისინიც კი, ვინც ვერ ახერხებდნენ ტაძარში მისვლას, უზიარებლობას მძიმე დანაკლისად თვლიდნენ. შემდგომში ასეთი გულმხურვალება განელდა, ისევე, როგორც შემცირდა სიყვარული მაცხოვრის მიმართ. მრავალმა ადამიანმა საერთოდ მიატოვა ტაძარში სიარული, ზოგი მივიდა, მაგრამ არ ეზიარა წმინდა საიდუმლოს. აი, ამიტომ დაიწყეს წმინდა ძღვენის ნაცვლად უსისხლო შეწირვის შემდეგ დარჩენილი წმინდა ნაწილების დარიგება...

სეფისკვერი, რომელიც წირვის დამთავრებისას გვეძლევა, წარმოადგენს სიწმინდეს და მორწმუნეთა მიერ კრძალვით მიიღება ჭამამდე; ეკლესიის წესის თანახმად, ანტიდორი ტაძარშივე უნდა იქნეს მიღებული, უზმოზე, მოკრძალებით, რადგანაც პურია წმინდა, პური მსხვერპლშეწირული მაცხოვრისა. არტოსის ნაწილები მადლიერებით ინახება მორწმუნეთა ოჯახებში, როგორც სულიერი განმკურნებელი, უძლურებისა და ავადმყოფობისაგან...

დაე, მრავალჯერ ვყოფილიყავით უპირველესად წმინდა სისხლის და ხორცის ღირსნი. ქრისტე აღდგა!