ექსკავატორებისთვის დაწყებული მორიგი აზერბაიჯანულ-სომხური სისხლიანი შეტაკება... - კვირის პალიტრა

ექსკავატორებისთვის დაწყებული მორიგი აზერბაიჯანულ-სომხური სისხლიანი შეტაკება...

არა, საბედნიეროდ, ეს არ იყო რუსეთ-უკრაინის ომის ბახმუტის ბრძოლების დონის ბრძოლა, მაგრამ 11 აპრილს აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარმა მორიგმა შეირაღებულმა შეტაკებამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ამ ორ ქვეყანას შორის, რაც ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებშიც შეიძლება გადაიზარდოს...

ეს მორიგი ინციდენტი იმიტომაცაა გამორჩეული, რომ თავიდან ბოლომდე სომხების დისტანციური მოქმედების ავტომატურმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომლის ვიდეოკადრებზეც კარგად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ჯერ ჩვეულებრივი „ქუჩური“ გარჩევით“ დაიწყო უშუალოდ ერთმანეთში და მოწინააღმდეგე მხარეები შორი დისტანციიდან არ ესროდნენ ერთმანეთს...

ყველაფრის მიზეზი კი ... ექსკავატორები გახდნენ, ის ექსკავატორები, რომლებიც ერთმანეთისაგან ასეულ მეტრში თავდაცვით მიწათხრილებს თხრიდნენ - ერთი აზერბაიჯანის, მეორე კი - სომხეთის არმიის დანაყოფებისთვის.

ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ აზერბაიჯანელების პოზიციიდან მოძრაობას იწყებს თეთრი ფერის პიკაპი, რომლის ძარა გადავსებულია შეიარაღებული სამხედროებით, პიკაპი უახლოვდება სომხების მომუშავე ექსკავატორს, პიკაპიდან ჩამოქვეითდებიან აზერბაიჯანელი სამხედროები და სომეხ სამხედროებთან იწყებენ ჯგუფურ ჩოჩქოლს, სავარაუდოდ, იმის მოთხოვნით, რომ ამ უკანასკნელებმა გააჩერონ ექსკავატორი და, შესაბამისად, შეწყვიტონ ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ამ საკამათო მონაკვეთზე თავდაცვითი პოზიციების მოწყობა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ამ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს ექსკავატორების მუშაობის გამო დაწყებული დაპირისპირების დასაწყისი...

ორი მეზობელი, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მტრულად განწყობილი ქვეყნის სამხედროების ეს ჩოჩქოლი და გაწევ-გამოწევა, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სროლით მთავრდება (რისი ამსახველი ვიდეოკადრებიც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ამ მასალაში შეკვეცილია) სავალალო შედეგით - მოკლულია სამი აზერბაიჯანელი სამხედრო, ასევე, ოთხი სომეხი სამხედრო დაიღუპა, ექვსი კი - დაიჭრა...

ექსკავატორების მუშაობის გამო გარჩევებისას ატეხილი ავტომატების ცეცხლი მალევე საარტილერიო ზალპებში გადაიზარდა - აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებდა, რომ სომეხმა სამხედროებმა პირველად გამოიყენეს ირანული კამიკაძე „შაჰიდები“ და - ინდური მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებიც კი...

კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ წაკინკლავებით აგორებულ ამ აზერბაიჯანულ-სომხურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში ირიბად ჩაერთო მეზობელი ირანიც, რომელმაც სადაზვერვო დრონები ააფრინა აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვრის გაყოლებით, რითაც ოფიციალური ბაქოს მორიგი გაღიზიანება გამოიწვია...

საქმე ის არის, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ, რომელშიც სამხედრო გამარჯვებას აზერბაიჯანმა მიაღწია და თავისი ტერიტორიების უდიდესი ნაწილის დეოკუპაცია განახორციელა, უფრო ღიად იკავებს პროსომხურ პოზიციას და დიდ სიხარულს არ გამოხატავს იმ ფაქტით, რომ მდინარე არაქსის მარცხენა ნაპირზე, რომელზეც აზერბაიჯან-ირანის სახელმწიფო საზღვარი გადის, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაბრუნდნენ სამი ათეული წლის შემდეგ...

თუ სიმართლეს შეეფერება ის ფაქტი, რომ სომხეთის არმიის შეიარაღებაში ისეთივე ირანული კამიკაძე-დრონები გამოჩნდა, როგორი „შაჰიდებითაც“ რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს, ეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ირან-სომხეთის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავების მაჩვენებელი იქნება, რადგან „შაჰიდებს“ სხვა ირანული შეირაღების გადაცემაც მოჰყვება სომხეთის არმიისთვის...

გარდა იმისა, რომ ირანი ეჭვის თვალით უყურებს აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ გაძლიერებას, თეირანში განსაკუთრებით აშფოთებთ ისრაელის სამხედრო დახმარების მასშტაბების მნიშვნელოვანი ზრდა აზერბაიჯანის არმიისთვის და არც იმას გამორიცხავენ, რომ ისრაელ-ირანის ღია სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, „ცახალმა“ შეიძლება აზერბაიჯანის ტერიტორიაც კი გამოიყენოს ჩრდილოეთის მიმართულებიდან ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად...

ეს, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ირანთან ომში ჩართვის ტოლფასი იქნება, რაზეც ოფიციალური ბაქო წესით არ უნდა წავიდეს, მაგრამ თუკი ირანის სამხედრო-პოლიტიკური დახმარება სომხეთისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება, მაშინ პრეზიდენტმა ალიევმა შეიძლება ძალიან რისკიანი ნაბიჯიც კი გადადგას, როგორც ერთხელ მან ეს უკვე გააკეთა, 2020 წლის 27 სექტემბერს, როდესაც ქვეყნის დეოკუპაციის დაწყების ბრძანება მისცა აზერბაიჯანის არმიას...