"საქართველო BBC-ზეა ნახსენები, საიდანაც ამ ბიზნესის ოპერირება, პენსიონერების ძარცვა ხდება" - კვირის პალიტრა

"საქართველო BBC-ზეა ნახსენები, საიდანაც ამ ბიზნესის ოპერირება, პენსიონერების ძარცვა ხდება"

კეზერაშვილია, თუ სხვა გვარია, ამ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველო BBC-ზეა ნახსენები, საიდანაც ამ ბიზნესის ოპერირება, პენსიონერების ძარცვა ხდება, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატიის გამოქვეყნებას, სადაც დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორადაა მოხსენიებული.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელია.

„როგორც ჩანს, გამოძიებაა ჩატარებული, სადაც ფიგურირებენ ადამიანები და მათ შორის, დასახელებულია საქართველო. მას შემდეგ, რაც მასალას ბოლომდე გავეცნობი, უფრო მეტი კომენტარის გაკეთება შეიძლება. ისევ და ისევ საქართველოს უკავშირებენ „ქოლ - ცენტრების“ ამბავს, რომელიც მძიმე საკითხია. ეს არის შემოსავალი, რომელსაც იღებ პენსიონერების გაძარცვის ხარჯზე. არის რაღაცები, რაც არაფერში ჯდება. სამწუხაროა, როცა ამხელა გამომცემლობაში, BBC-ზე ასეთი გამოძიებაა ჩატარებული და საქართველოა ნახსენები.

არის რაღაც საკითხი, რომელიც ხელისუფლებას პირდაპირ უკავშირდება, ხელისუფლების კონტროლის გარეშე, მსგავსი ბიზნესი უბრალოდ ვერსად მუშაობს. ეს უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომელიც რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან გადის, წარმოუდგენელია, ვიღაცამ რომელიღაც ოთახში კომპიუტერი დადგას, იმუშაოს ამ მეთოდით და ხელისუფლებამ ამის შესახებ არ იცოდეს, კონკრეტულად, სუს-მა. ეს არის ძალიან ბინძური ბიზნესი, ძალიან სამწუხაროა, რომ ამხელა გამომცემლობაში, საქართველო ფიგურირებს.

კეზერაშვილია, თუ სხვა გვარია, ამ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო BBC-ზე ნახსენებია, საიდანაც ამ ბიზნესის ოპერირება, პენსიონერების ძარცვა ხდება და შემდეგ, ამ ფულის გადანაწილება. 10 წუთშია შესაძლებელი ამ ყველაფრის აღმოჩენა. ეს არის ძალიან ცუდი, რეპუტაციულად დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და რეაგირება მაინც მოახდინოს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქვეყანაში „ქოლ - ცენტრების“ ბიზნესი არის, მუშაობს“, - განაცხადა დოლიძემ.

მან ასევე პარტიაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, „არჩევნები თვითმიზანი არ არის, თვითმიზანია პარტიის სწორი და პრაგმატული პოლიტიკა".

„საერთოდ არ ვფიქრობ, ვინ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს, მთავარი ამოცანაა, ამ პარტიას საბოლოოდ არ მოვუკლათ შესაძლებლობა, რომ იყოს ის პლატფორმა, საიდანაც რეალური ცვლილებებია შესაძლებელი. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს ვხედავ, რომ უფრო და უფრო იხურება, იკუმშება პარტია, ძალიან ბევრ გულანთებულ ადამიანს, რომელიც ამდენი წელია ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის, კარებს უკეტავენ მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი მენეჯმენტის ხედვას არ იზიარებენ, ეს იქნება თბილისში, თუ სხვა ქალაქებში. ახალი მთავარი ამოცანაა, ეს ადამიანები არ დაგვეფანტონ“, - განაცხადა დოლიძემ.

IPN