"ბაიდენს ტრამპი ჭირდება" - რას წერს ბრიტანული გამოცემა
ბრიტანულ "სფექთეითორში" (The Spectator) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ბაიდენს ტრამპი ჭირდება: რონ დესანტისი პრეზიდენტისათვის სამომავლო არჩევნებში უფრო რთული ოპონენტი იქნება" (ავტორი - ქეით ენდრიუსი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთს ეწვია, იგი მონაწილეობას იღებს ბელფასტის (იგივე "დიდი პარასკევის") ხელშეკრულების დადებიდან 25 წლის იუბილეში [რომელმაც სათავე დაუდო სამშვიდობო პროცესს], მაგრამ ახლა მთავარი ის კი არაა, თუ რას იტყვის აშშ-ის პრეზიდენტი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, არამედ ის, თუ რას გააკეთებს სახლში. მთავარი კითხვა: მიიღებს თუ არა ჯო ბაიდენი ისევ მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში?
დიახ, ჯო ბაიდენმა ორი დღის წინათ განაცხადა, რომ მას აქვს გეგმები ისევ წამოაყენოს თავისი თავი პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა ოფიციალურად ამას ჯერ არ განაცხადებს. ასეთი მინიშნებები ბოლო დროს არა მარტო ჯო ბაიდენისაგან, არამედ მისი ცოლისგანაც მოდიოდა. მაგრამ ბევრი ამ შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს - ამჟამინდელი პრეზიდენტი თავისი ასაკით ისედაც უხუცესია აშშ-ის სიტორიაში და რა იქნება შემდეგ, როცა მას წლები მოემატება, გაუძლებს კი იგი სამსახურის საქმეებით დატვირთვას? ნამდვილად იქნება მზად ჯო ბაიდენი კიდევ აიღოს პასუხისმგებლობა ამერიკის ბედზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში? და თუ მზად არის ამისთვის, რატომ არ აცხადებს ამას ოფიციალურად?
შესაძლოა, არის რაღაც ტექნიკური მიზეზი, რომლის გამოც პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ოფიციალურ განცხადებას აჭიანურებს - ვთქვათ, მას არ სურს წინასწარ გამჟღავნდეს საარჩევნო კამპანიის შემოწირულებების მოცულობა. ჯო ბაიდენს უნდა, რომ შეგროვებული თანხა შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს.
შეიძლება ის მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ აცხადებს მკაფიოდ თავის პოზიციას ჯო ბაიდენი, არის ის, რომ მას, კაცმა რომ თქვას, საჩქარო არაფერი აქვს. ჯერჯერობით არ ჩანს არცერთი სერიოზული კონკურენტ-პრეტენდენტი, რომელიც ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოვა. შესაბამისად, მანამ, სანამ "არავინ არ ემუქრება, მას შეუძლია "მშვიდად იყოს" და ოფიციალურად ჯერ არ გამოაცხადოს თავისი საბოლოო გადაწყვეტილება.
ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი სიტუაცია მოწმობს იმას, რომ დემოკრატიულ პარტიას კარგი დღეები არ უდგას. არავისთვის საიდუმლო არაა, რომ პარტიაში განხეთქილება არსებობს ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის მეორე სავარაუდო ვადასთან დაკავშირებით. მაგრამ არც ის არავინ იცის, თუ ვინ იქნება მისი მემკვიდრე კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში. კამალა ჰარისი ისეთივე არაპოპულარულია, როგორც ჯო ბაიდენი: გამოკითხვების შედეგად ირკვევა, რომ ვიცე-პრეზიდენტის რეიტინგი ბევრად უფრო მცირეა თვით პრეზიდენტის დაბალ რეიტინგთან შედარებით.
არადა, გასული წლის ნოემბერში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგები ამერიკელი დემოკრატებისათვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დიახ, რესპუბლიკელებმა წარმომადგენლობითი პალატა დაიბრუნეს, მაგრამ ეს არ იყო ის "წითელი ტალღა", რომელსაც ბევრი ელოდა. უფრო მეტიც - დემოკრატებმა სენატში კონტროლი შეინარჩუნეს. შეიძლება ითქვას, რომ შარშანდელი შუალედური არჩევნები ჯო ბაიდენისათვის უფრო უკეთესი იყო, ვიდრე მისი წინამორბედი სხვა დემოკრატი პრეზიდენტებისათვის - ვთქვათ, ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამასთვის. მოკლედ, ბევრი ნიშანი მიუთითებს, რომ ჯო ბაიდენს მართლაც სურს მეორე ვადით პრეზიდენტობა და შეიძლება მართლაც ოფიციალურად წამოაყენოს თავისი კანდიდატურა..
მაგრამ არსებობს ორი საფრთხილო მომენტი: პირველი, ალბათ, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ჯო ბაიდენს ხშირად მოსდიოდა ხოლმე საჯარო გამოსვლების დროს "ჩავარდნები", რის გამოც მისი ჯანმრთელობა მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო. მეორე, ალბათ, არის სავარაუდო მცდარი გათვლები, თუ ვინ იქნება მისი მოწინააღმდეგე რესპუბლიკელებიდან.
დღეისათვის ისე ჩანს, რომ ჯო ბაიდენის კონკურენტი დონალდ ტრამპი იქნება. პრეზიდენტის გუნდს სჯერა, რომ დონალდ ტრამპზე დემოკრატების კანდიდატი (ანუ ჯო ბაიდენი) ისევე გაიმარჯვებს, როგორც ეს 2020 წელს მოხდა. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ რესპუბლიკური პარტია ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდადატად დონალდ ტრამპს არ დაამტკიცებს? რესპუბლიკელები ჯერ კიდევ ელოდებიან საკმაოდ წონად და გავლენიანი კანდიდატების დასახელებას, ფლორიდის გუბერნატორის რონ დესანტისის ჩათვლით.
ჯო ბაიდენის განცხადების დაყოვნება, ალბათ, ერთგვარი ცნობისმოყვარეობითაც არის განპირობებული - მას აინტერესებს, თუ ვისთან ექნება საქმე ჯერ დებატებისა და შემდეგ, ხმის მიცემის დროს. უეჭველია, იგი იმედოვნებს, რომ საარჩევნო არენაზე ისევ დონალდ ტრამპს შეხვდება. ეს უფრო მისაღები ვარიანტია, რაც ბევრ ამერიკელს ნოსტალგიას უქმნის იმის გამო, თუ როგორ მოქმედებდა ამერიკული პოლიტიკა. მაგრამ თუ იარსებებს საფუძვლიანი მიზეზი იმისა, რომ იგი შესაძლოა დაუპირისპირდეს ახალგაზრდა, ნაკლებად პოლარიზებულ რესპუბლიკელს - ვთქვათ, იგივე რონ დესანტისს, რომელიც დემოკრატის კანდიდატისათვის რთული ოპონენტი იქნება, მაშინ ჯო ბაიდენის გათვლა შეიძლება შეიცვალოს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ