"ხვიჩას დასახვედრად თორნიკე აეროპორტში არ წამოვიდა, ვარჯიში მაქვს და საღამოს ვნახავო!" - რას ამბობს ბადრი კვარაცხელია უმცროს ვაჟზე, რომელიც, ასევე, ფეხბურთელია - კვირის პალიტრა

"ხვიჩას დასახვედრად თორნიკე აეროპორტში არ წამოვიდა, ვარჯიში მაქვს და საღამოს ვნახავო!" - რას ამბობს ბადრი კვარაცხელია უმცროს ვაჟზე, რომელიც, ასევე, ფეხბურთელია

გაზეთში "კვირის პალიტრა" გამოქვეყნებულია ექსკლუზიური ინტერვიუ ყველაზე პოპულარული ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამასთან, ბადრი კვარაცხელიასთან, რომელსაც ჟურნალისტი რატი შელეგია ბათუმში შეხვდა და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუც ჩაწერა. მათ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის - ხვიჩას უმცროს ძმაზე, თორნიკეზე, რომელიც ასევე ფეხბურთელია.

გთავაზობთ ეპიზოდს ინტერვიუდან

- გიხარიათ, როცა თქვენს შვილს ამა თუ იმ ლეგენდარულ მოთამაშეს ადარებენ?

- ხვიჩას თავისი სტილი აქვს, თავისი­ კერპიც ჰყავს, მაგრამ ვინმესთან შედარება­ მაინც არასწორი მგონია. მარადონას რომ ადარებენ, "კვარადონას" ეძახიან, ამაზე დიდი შეფასება რა უნდა იყოს?! ჩემი შვილი ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე რომ თამაშობს, უკვე ეს არის უდიდესი პატივი. ძალიან გამახარა ხვიჩას სიტყვებმა - მადლობა, მარადონას რომ მადარებთ, მაგრამ პირადად მე დიეგოს თავს არასდროს შევადარებ! ვეცდები, კარგი თამაშით ქომაგები გავახარო, მაგრამ შედარებები არასწორი მგონიაო. ბოლო დროს, ხშირად რომ წერენ: დროა, "ნაპოლის" 10-ნომრიანი მაისური ხვიჩამ გადაიბაროსო, შანსი არ არის! მეც არასდროს დავუჭერ მხარს ასეთ რაღაცას - 10 ნომერი მარადონასი იყო და მუდამ მისი იქნება! "ნაპოლიში" ხვიჩა­ არასდროს ჩაიცვამს 10-ნომრიან მაისურს! არც გადავა იტალიის სხვა კლუბში. მაგალითად, "ფიორენტინაში" შეიძლება ჩაიცვას 10 ნომერი, "სასუოლოში" ან "ლაციოში", მაგრამ ნეაპოლში - არასდროს! ხვიჩამ უკვე გააუმჯობესა რამდენიმე რეკორდი, თუმცა დიეგო "ფეხბურთის ღმერთია" და სხვა განზომილებაშია. მარადონამ რაც გააკეთა,­ ნეტავ ხვიჩამ იმის ნახევარს მიაღწიოს.

...

- ცოტა ხნის წინ ხვიჩამ თავისი საყვარელი მოთამაშისგან - გუტისგან მიიღო საჩუქრად ავტოგრაფიანი მაისური... იქვე თქვა, მეც მაქვს გუტისთვის საჩუქარი და გავუგზავნიო... ხომ არ უთქვამს, რა უნდა აჩუქოს?

- არ გვეუბნება და არც ჩვენ ვეკითხებით. ისე, ხვიჩას სხვების გახარება უფრო უყვარს, ვიდრე საჩუქრების მიღება. ჩვენთვის მთავარი საჩუქარი მაინც ის არის, ნეაპოლის "დიეგო არმანდო მარადონაზე" შეკრებილი 55 ათასი მაყურებელი "კვარაცხელიას" რომ გაჰყვირის.

- უმცროს შვილზე, თორნიკეზეც გკითხავთ: ხომ არ აკომპლექსებს ხვიჩას ამხელა წარმატება? თუ პირიქით, მოტივაციას მატებს?

- თორნიკესთვის უფროსი ძმა საუკეთესო მოტივატორია, ყველაფერში მას ჰბაძავს... ბიჭებიც, მეც და მაკაც ვცდილობთ არსად გავუსვათ ხაზი, რომ ხვიჩას ოჯახის წევრები ვართ. ვინმემ თუ მიცნო, რაღას ვიზამ, ისე კი, გამორიცხულია, ვინმესთან ვილაპარაკო, რომ ხვიჩას მამა ვარ. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ხვიჩა იყო ბადრი­ კვარაცხელიას შვილი, ახლა მე ვარ ხვიჩას მამა!

- ვიცი, რომ თორნიკეც ძალიან ნიჭიერია და როგორც მისი მწვრთნელი ამბობს, უფროს ძმაზე არანაკლებ "ჟილკიანი", მუდმივად კარზე "დაგეშილია"...

- თოკოს ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, კარგი ფეხბურთელი რომ გაიზარდოს. ვარჯიში "ავაზას" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო, ამჟამად "ვიკინგების" წევრია. ხვიჩას ძალიან გაუმართლა - თბილისის "დინამოს" ასაკობრივ გუნდში რომ ვარჯიშობდა­ კარასკოსთან, უამრავ საერთა­შორისო ტურნირში მონაწილეობდნენ და ეს ძალიან დაეხმარა. სამწუხაროდ, ახლა აღარ იმართება იმდენი ბავშვთა ტურნირი და სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევუწყო ხელი თორნიკეს... როცა ხვიჩა მარტის­ სანაკრებო შეკრებისთვის თბილისში ჩამოფ­რინდა, მთელი ოჯახი წავედით აეროპორტში მის დასახვედრად. თორნიკე არ წამოვიდა - ვარჯიში მაქვს და საღამოს ვნახავო! ასე პროფესიულად უდგება საქმეს. ნახე სრული სტატია