"პუტინისა და ზელენსკის სიკვდილი, დარტყმა კრემლზე, მოსკოვში" - რა წერია "აშშ-ის დაზვერვის "გაჟონილ" დოკუმენტში?
ამერიკულ გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" (The New York Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "აშშ-ის დაზვერვის "გაჟონილ" დოკუმენტში გადმოცემულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ოთხი "გაუთვალისწინებელი" სცენარი" (ავტორები - ჯულიან ბარსი, ჰეილი უილისი, ქრისტიან ტიბერტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"ნიუ-იორკ თაიმსის" რედაქციის მიერ მოპოვებული დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტი ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორი, "წინასწარ გაუთვლელი" და "მოულოდნელი" გარემოებები განიხილება ამერიკის დაზვერვის უწყებაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ანალიტიკურ დოკუმენტში აღწერილია ოთხი "წინასწარ გაუთვლელი" და "მოულოდნელი" სცენარი და მათი სავარაუდო გავლენა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე, მათ შორის, პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის სიკვდილი, ცვლილებები რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობაში და უკრაინის არმიის დარტყმა კრემლზე, მოსკოვში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ომი, ალბათ, კიდევ საკმაოდ გაჭიანურდება. მასში, ასევე, განიხილება, თუ რა შედეგს მოიტანს "თითოეული "წინასწარ გაუთვლელი" და "მოულოდნელი" სცენარი - ომის სწრაფ ესკალაციას ან საომარი მოქმედებების შეწყვეტას მოლაპარაკების გზით, ან კონფლიქტზე საერთოდ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
თითოეული ვარიანტის ანალიზი სპეცსამსახურების საკმაოდ ტიპური მუშაობის შედეგს წარმოადგენს. ასეთი ანალიტიკური დასკვნების მიზანია, დაეხმაროს სამხედრო ჩინოსნებს, პოლიტიკოსებს და კანონმდებლებს, უკეთ გაერკვნენ პერსპექტიულ სიტუაციაში, მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეაფასონ რისკები, გათვალონ თავიანთი შესაძლებლობები და საომარი მოქმედებების სავარაუდო შედეგები.
დოკუმენტს აქვს გრიფი "RELIDO", რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შიგთავსის გაცნობის შესახებ მიიღება განსაზღვრული მაღალი თანამდებობის პირის მიერ. დოკუმენტი დათარიღებულია 24 თებერვლით და აქვს შტამპი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ანალიზი მომზადდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ.
დოკუმენტში მოცემული ერთ-ერთი ჰიპოთეტური სცენარის თანახმად, უკრაინის არმია დარტყმას აყენებს მოსკოვს, უშუალოდ - კრემლს, რომელსაც შეუძლია პოტენციური შედეგების მთელი სპექტრი მოიტანოს. ასე, მაგალითად, კრემლზე დარტყმა გამოიწვევს ომის უსწრაფეს ესკალაციას, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის მოქმედებაზე, რუსი საზოგადოების პროტესტის შედეგად, გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და გადაწყვეტს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას. კიდევ ერთ ვერსიაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ომის ესკალაცია კი არ მოხდეს, არამედ - რუსულ საზოგადოებას შეეშინდეს, რომ პრეზიდენტზე ზეწოლას მოახდენენ და იგი იძულებული გახდება, უკან დაიხიოს და მოლაპარაკებაზე დასთანხმდეს.
კრემლზე უკრაინის არმიის შესაძლო დარტყმა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისათვის, იმდენად, რამდენადაც რუსეთის საპასუხო მოქმედება აუცილებლად მოახდენს გავლენას ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ ნაბიჯებზე. სწორედ ამ შიშების გამო, რომ უკრაინას შეუძლია, ასეთი შეტევა მართლაც განახორციელოს, არ აწვდის ამერიკა კიევს შორი მოქმედების რაკეტებს.
ზოგჯერ სპეცსამსახურები განსაზღვრული მოვლენის ყველაზე სავარაუდო შედეგს აფასებენ ხოლმე, მაგრამ ეს დოკუმენტი მოწმობს, რომ ამჯერად ისინი სხვაგვარად მოიქცნენ: სხვადასხვა სცენარის აღწერა გადმოცემულია მათი განხორციელების ალბათობის შეფასების გარეშე.
ამერიკელ ჩინოვნიკებს დოკუმენტის უტყუარობა არც დაუდასტურებიათ და არც უარყვიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ის იმ სხვა მასალების მსგავსია, რომლებსაც პენტაგონის გაერთიანებული შტაბები უშვებენ და რომელთა უტყუარობას ოფიციალური პირები, ჩვეულებრივ, ადასტურებენ ხოლმე. იმავდროულად, ამერიკელმა ჩინოვნიკებმა მიუთითეს, რომ "გაჟონილი" დოკუმენტები უკვე საკმაოდ მოძველდნენ.
კიდევ ერთ, "სრულიად საიდუმლო" დოკუმენტში, რომელიც "ნიუ-იორ თაიმსს" ჩაუვარდა ხელში, გადმოცემულია იმ მოლაპარაკების ფართო მიმოხილვა, რომელიც აფრიკაში რუსული ნავთობის ფასებს ეხება. 17 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, მალის ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოხატავს რუსული ნავთობის ფასის გამო და მოლაპარაკებას აწარმოებს რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის მეშვეობით. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ