"გარკვეული პირები და მათი უახლოესი ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ აშშ-ში შესვლას" - რას აცხადებს კელი დეგნანი?
რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები იგივეა. ვიზის განსაზღვრა ნიშნავს, რომ გარკვეულ პირებსა და აშშ-ის მოქალაქეობის არმქონე მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირების საკითხებს და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტერმინი არასწორად იქნა თარგმნილი.
მისი თქმით, ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა.
„რაც შეეხება ინფორმაციის გაზიარებას, ამის საფუძველია საინფორმაციო წყაროების მრავალფეროვნება, მათ შორის არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, ინფორმაციის დიდი ნაწილი ცნობილია და წლების განმავლობაში ფართოდ იყო ცნობილი. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება, იგივე შედეგებამდე მივა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.