ზუგდიდში, 14 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ზუგდიდში მესხიას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭაიამ გამოაცხადა. მოსამართლემ არასრულწლოვანს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს სასჯელის მაქსიმალური ზომაა, რომელსაც წაყენებული ბრალდების მუხლი ითვალისწინებს არასრულწლოვანის მიმართ.
დაკავებულის დედა განაჩენს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, გასული 2022 წლის ნოემბერში, ზუგდიდში, მესხიას ქუჩის მიმდებარედ რამდენიმე ათეულ მოზარდს შორის დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. 14 წლის საბა მამფორია გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომლის მიმართაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობდა.
IPN