უკრაინელების მიერ ნაალაფარი რუსული ტანკი სასწრაფოდ ამერიკაში გადააფრინეს...
10 ათასი კმ-ი იფრინა რუსულმა ტანკმა, რათა უკრაინის ფრონტიდან აშშ-ის ლუიზიანის შტატის სამხედრო პოლიგონზე მომხვდარიყო - ასეთ "ბედს" ბევრი ტანკი ვერ დაიკვეხნის...
რაში დასჭირდათ ამერიკელებს იმ რუსული ტანკის სამშობლოში ჩატანა, რომელიც უკრაინელებმა რუს ოკუპანტებს ბრძოლისას წაართვეს?
იმ ფოტოებიდან გამომდინარე, რომლებიც ლუიზიანის შტატშია გადაღებული და მასზე გამოსახულია სპეციალურ ლაფეტზე მდგომი ტანკი, შეიძლება შემდეგის მტკიცება - ეს არის Т-90А ტიპის შედარებით თანამედროვე რუსული მოდიფიკაციის ძირითადი საბრძოლო ტანკი, რომლის რეალური ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების (და არა სარეკლამო, რომლებშიც თითქმის ყველა მწარმოებელი ქვეყანა ცდილობს საკუთარი სამხედრო ტექნიკის ტექნიკური და საბრძოლო შესაძლებლობები ხელოვნურად გაზარდოს) გარკვევა ამერიკელმა გენერლებმა დაჟინებით მოინდომეს, რისთვისაც ამ ნაალაფარი, 46-ტონიანი რუსული ტანკის ათასობოთ კმ-ის სიშორეზე გადატანაც კი არ დაიზარეს...
იმან, რომ ფოტოზე გამოსახულ ტანკს უკრაინის არმიის კუთვნილობის აღმნიშვნელი თეთრი ჯვრები ახატია, მკითხველი შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს, რადგან დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ეს ტანკი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო არმიის 27-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის კუთვნილება გახლდათ და ის უკრაინელმა მებრძოლებმა ალაფის სახით 2022 წლის 25 სექტემბერს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტის - კირილოვკას გათავისუფლებისთვის ბრძოლაში აიღეს...
რას წარმოადგენს ეს, Т-90А ტიპის რუსული ტანკი, რომ მისი გადაფრენა ევრაზიის კონტინენტიდან ჩრდილო-ამერიკის კონტინენტზე უღირდა პენტაგონს?
სიმართლე, რომ ითქვას... ბევრს არაფერს, რადგან რუსული ტანკის ეს მოდელი - Т-90А, სინამდვილეში ცნობილი საბჭოთა ძირითადი საბრძოლო ტანკის Т-72Б-ს მორიგ მოდიფიკაციას - Т-72БУ-ს შემდგომ განვითარებას წარმოადგენს.
Т-72БУ კი სერიულად საწარმოებლად ჯერ კიდევ 1991 წელს იქნა გამზადებული, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტის ინიციატივით, მას ახალი სახელი Т-90 "ვლადიმირი" ეწოდა, ხოლო მცირე გაუმჯობესების შემდეგ 2005 წელს რუსეთის არმიის შეიარაღებაში Т-90А-ს სახელით იქნა მიღებული.
Т-90А ტიპის ტანკი ვიზუალურად ადვილად გასარჩევია Т-72-ების მრავალი სხვა მოდიფიკაციისგან იმით, რომ კოშკურის წინა ნაწილში, ლულის ორივე მხარეს ორი ოპტიკურ-ელექტრონული პროჟექტორი Штора-1 უყენია, რომლებიც "ავისმომსწავლებლად", წითელ ფერებში ანათებენ და გათვალისწინებულნი არიან ლაზერული ნახევრად ავტომატური დამიზნების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მოსაგერიებლად.
ამ ტიპის რუსული ტანკის განსაკუთრებულება იმაშიცაა, რომ სწორედ მასზე დაიწყეს პირველად ღამის სამიზნე თბოვიზორების დამონტაჟება, რომლებშიც გამოყენებული იყო იმ პერიოდისთვის თანამედროვე ფრანგული წარმოების მატრიცები - ფაქტობრივად, ცნობილმა ფრანგულმა კორპორაციამ "თალესმა" ამით პუტინის "ვლადიმირებს" ღამით შორს ზუსტად სროლის ბევრად უკეთესი შესაძლებლობები მისცა...
Т-90А-ს სხვა სიახლეებიც გამოარჩევდა - შედუღებული ახალი კოშკურა, 950 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის ექვივალენტი, მრავალშრიანი შუბლა ჯავშნით; 1 000 ცხ/ძ სიმძლავრის ფორსირებული დიზელის ძრავა; ქვემეხის გაუმჯობესებელი სტაბილიზატორი და ა.შ.
რუსეთმა 2004-211 წლებში 625-მდე Т-90А გამოუშვა და მათი ნაწილი, არანაკლებ 40 ერთეულის რაოდენობით, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის შეიარაღებაშიც იყო (შესაბამისად, განიხილებოდა ქართული არმიის მოდერნიზებული T-72 SIM1-ების მთავარ სავარაუდო მოწინააღმდეგედ, თუკი საბრძოლო მოქმედებები დაიწყებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში), სანამ ისინი იქიდან სირიაში არ გააგზავნეს და მოდერნიზებული Т-72Б3-ებით არ ჩაანაცვლეს.
სწორედ Т-90А-ების მასობრივი მოდერნიზაციის შემდეგ "დაიბადა" დღეისათვის რუსეთის ყველაზე თანამედროვე სერიული ძირითადი საბრძოლო ტანკი - Т-90М, რომელიც დეტალურად გასაცნობად ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა ამერიკელი სპეციალისტებისთვის, მაგრამ არც ეს წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან რუსეთმა უკრაინის ფრონტზე უკვე არანაკლებ 18 ერთეული Т-90М დაკარგა, რომელთაგან ორი ასეთი ტანკი უკრაინელებმა "საღსალამაათი" ჩაიგდეს ხელში და მათგან ერთს მაინც გადასცემენ ამერიკელ სამხედროებს დაწვრილებით შესასწავლად...