BBC ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს, რომელშიც დავით კეზერაშვილი “მისტერ "ოფშორად" მოიხსენიებენ
ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება.
BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული.
ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ.
BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასაც დაესწრო, რომელსაც ასევე გერმანელი პროკურორები ესწრებოდნენ. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნულ სპეცოპერაციასთან პარალელურად საქართველოს მასშტაბით კიდევ 30 რეიდი განხორციელდა.
გამოცემის თანახმად, ადრე კეზერაშვილი დამაკავშირებელი რგოლი იყო გამოძიებაში ნახსენებ სხვა პირებს შორის, რომლებიც ფლობენ თაღლითურ კომპანიებს ან მართავენ - დავით თოდუა, მიხეილ ბენიმინი, იოსებ მგელაძე, რატი ჭელიძე და გურამ გოგეშვილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ახლა მათ შორის კავშირების დოკუმენტური დასაბუთება ვერ იძებნება, მაგრამ სხვა ირიბი მტკიცებულებები მოჰყავს, მაგალითად პირადი კავშირები.