"ევროპელთა ნადირობა კრემლის ფულზე: სადაა რუსეთის ცენტრობანკის საგანძური?"
გერმანული გაზეთი "დი ველტი" (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ევროპელთა ნადირობა კრემლის ფულზე: სადაა რუსეთის ცენტრობანკის საგანძური?" (ავტორი - შტეფან ბეიტელსბახერი), რომელშიც განხილულია ევროპულ ბანკებში არსებული რუსული აქტივების ბედი.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
როგორც ცნობილია, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროპულ ბანკებში განთავსებული რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვაზე და იმედოვნებენ, რომ ამ ფულს უკრაინის ეკონომიკის ომისშემდგომ აღდგენაში დახარჯავენ. ასე თვლის, მაგალითად, ურსულა ფონ დელ ლაიენი. მის პოზიციას მხარს უჭერენ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ევროკავშირის ისტორიაში ასეთ გეგმას უპრეცედენტო ხასიათი აქვს, ასეთი რამ მის ფარგლებს გარეთაც ძალიან იშვიათად თუ ხდება. შეიძლება გავიხსენოთ ერაყთან დაკავშირებული შემთხვევა, როცა 2003 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დიქტატორ სადამ ჰუსეინის მთავრობის აქტივების კონფისკაცია განახორციელა.
მაგრამ როგორ არის საქმე რეალურად რუსეთის კუთვნილი აქტივების მიმართ?
ევროპის კავშირის ინიციატივის შესრულება დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული და როგორც ბოლო მონაცემები აჩვენებს, რუსული ფულს დასავლეთი ვერ დახარჯავს. საქმე ისაა, რომ დღემდე არ არის გარკვეული, თუ ზუსტად სად, რომელ სახელმწიფოში და რომელი ბანკის ანგარიშზე არის განთავსებული რუსეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები, დაახლოებით, 300 მილიარდი ევროს ოდენობით. საკითხი ეხება არა სეიფებში დამალულ ოქროს ზოდებს, არამედ - იმ აქტივებს, რომლებიც განაწილებულია მრავალ ანგარიშზე. სპეციალისტებს მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ამ ანგარიშებს მოსკოვთან კავშირი აქვთ, რაც ძალიან რთულია. როგორც ჩანს, ელვირა ნაბიულინას საგანძურზე ნადირობა ევროპაში უფრო ძნელი იქნება, ვიდრე ეს თავდაპირველად ეჩვენებოდათ ევროკავშირის ლიდერებს.
ევროკომისიას იმ ქვეყნების - ევროკავშირის წევრების - დასჯაც კი უნდოდა, რომლებიც თავიანთ ბანკებში რუსული აქტივების ადგილმდებარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ წარადგენდნენ, მაგრამ რადგანაც ათზე მეტმა ევროპულმა სახელმწიფომ წინააღმდეგობა გამოხატა, ინიციატივა ვერ განხორციელდა. თანაც ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ფულის პოვნას არ ეხება, რაც მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბრიუსელმა ფული რომც იპოვოს, წინ რთულად გადასაჭრელი საკითხი დგას: რამდენად შეუძლია ევროკავშირს ამ ფულის დახარჯვა უკრაინის აღსადგენად? დიახ, ამისათვის ევროკავშირის პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ იურიდიული დაბრკოლებები ისეთია, რომ მათი გადალახვა თითქმის შეუძლებელია.
ამ დღეებში "ველტს" ხელში ჩაუვარდა გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად, ევროკომისია მივიდა გამომაფხიზლებელ დასკვნამდე: გაყინული რეზერვების ხარჯვა არ შეიძლება - იმიტომ, რომ როცა ომის დასრულდება, თანხა რუსეთს უნდა დაუბრუნდეს.
თუმცა იმავდროულად ბრიუსელმა მაინც მოიფიქრა წესი, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, რუსული ფულით გარკვეულწილად მაინც ისარგებლოს: თანხა ინვესტიციის სახით გამოიყენოს, მისგან მიღებული მოგება კი კიევს მისცეს ეკონომიკის აღსადგენად. მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის გეგმა არ გაამართლებს, რაც არ უნდა გამოირიცხოს? გამოთვლების თანახმად, უარეს სიტუაციაში ევროკავშირი, სავარაუდოდ, 4 მილიარდიან ზიანს მიიღებს.
რაც შეეხება რუსი ოლიგარქების აქტივებს, აქაც სიტუაცია მარტივი არ არის: სიძნელეები ჩნდება უკვე მათი გაყინვის მცდელობაშიც. გასული წლის ოქტომბრამდე ევროკავშირმა 17 მილიარდი ევრო "დააპატიმრა", ხოლო მიმდინარე წლის მარტში, ომის პირველ წლისთავზე - 3 მილიარდი. ანუ სანქციების მთელი ათი პაკეტის პირობებში, ყადაღადადებულ ანგარიშებზე თანხის რაოდენობა მხოლოდ 21 მილიარდამდე გაიზარდა. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად, ბელგიამ და ლუქსემბურგმა, დიდი ოდენობით ფული გაყინა, მაგრამ სხვებს ამ საკითხში, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებიათ: მალტამ რუსების კუთვნილი მხოლოდ 222 470 ევრო "შეაგროვა", საბერძნეთმა - 212 201 ევრო. ევროკომისია დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი შეიძლება მოიძებნოს, მაგრამ ოლიგარქები თავიანთ აქტივებს კარგად ინახავენ და ნიღბავენ: იახტები გაუმჭვირვალე სტრუქტურების მქონე კომპანიებზეა გაფორმებული, ვილები კი - შორეულ ნათესავებზე, რომლებიც სასანქციო სიებში არ არიან.
და თუ ევროკავშირის ორგანოები რუსი ოლიგარქების ფულს და აქტივებს მაინც იპოვიან და გაყინავენ, ბრიუსელს მათი კონფისკაციის უფლება არ აქვს. კონფისკაცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დადგენილია მათი მფლობელის კავშირი დანაშაულის ჩადენასთან. ევროკავშირი ვალდებულია, ყველა ეს საკითხი ცივილიზებულად, სასამართლოს მეშვეობით გადაწყვიტოს, პროცესი კი შეიძლება წლები გაგრძელდეს. თანაც ზოგიერთმა რუსმა ოლიგარქმა უკვე შეძლო თავისი უფლების დამტკიცება სასამართლოებში, მაგალითად, "ფორმულა-1"-ის ავტომრბოლელმა ნიკიტა მაზეპინმა. გასულ წელს იტალიამ მისი აქტივები, 105 მილიონი ევროს ოდენობით, გაყინა, მაგრამ ორიოდე კვირის წინ ევროსასამართლომ სანქციები გააუქმა, რადგან შეუძლებელი აღმოჩნდა პირდაპირი კავშირების დადგენა ნიკიტა მაზეპინსა და კრემლის მეთაურ ვლადიმერ პუტინს შორის. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ