"მხედრიონელები ყველგან დამეძებდნენ, არადა, არანაირი დანაშაული არ მქონდა, გარდა ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერისა"
ავტორი და შემსრულებელი ნანა ბელქანია ბევრმა სიმღერით „დიდოუ ნანა“ გაიცნო და შეიყვარა. იყო რამდენიმე სხვა სიმღერაც: „თოლიგე“, „სამარგალო გვალო შხვა რე“, „ჩქიმ სოფელი“, რომლებმაც ასევე დიდი პოპულარობა მოუტანა მომღერალს. მის საავტორო მელოდიებს საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც ასრულებენ, მაგალითად, თურქულ ფილმებში ქალბატონი ნანას სიმღერებია გაჟღერებული; თურქი მომღერლის, ქაზიმ ქოიუნჯუს გასვენების დროს კი სტამბოლის ცენტრალურ ქუჩაზე თურმე „დიდოუ ნანა“ ისმოდა.…ამბობს, რომ ყველასგან მივიწყებულია და გული სტკივა. ნანობს, წლების წინ შანსი რომ არ გამოიყენა და ამერიკაში ცხოვრებაზე უარი თქვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულების გამო. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ერდოღანში ვიზიტისას შარშანწინ ქალბატონი ნანას სიმღერით დახვდნენ.
- 1990-იან წლებში მოვახერხე და ამერიკის ვიზა მივიღე, მაგრამ ზვიად გამსახურდიასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო ვერ შევძელი აქაურობის დატოვება. თანაც, იმედი მქონდა, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მხედრიონელები ყველგან დამეძებდნენ, არადა, არანაირი დანაშაული არ მქონდა, გარდა ზვიადის მხარდაჭერისა და კიდევ, აქციებზე ვმღეროდი ხოლმე, ეს იყო და ეს. ერთ დღეს ჩვენს სახლშიც კი შემოიჭრნენ, მე მეძებდნენ და ლამის დედა მომიკლეს. იძულებულები გავხდით, საცხოვრებლად რუსეთში გადავსულიყავით.
- პირადად იცნობდით?
- ერთხელ ტელევიზიაში სრულიად შემთხვევით შევხვდი. მისმა მძღოლმა დააგვიანა მოსვლა და მთხოვეს, თავისუფლების მოედნამდე გამეყვანა. წარმოშობით წალენჯიხიდან, სოფელ ნაკიფუდან ვარ, იქიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი, მანქანა ერთიანად ტალახში იყო ამოგანგლული და ძალიან მომერიდა, როგორ უნდა ვაკადრო აქ ჩაჯდომა-მეთქი. არა უშავსო, მითხრა თვითონ, არ იუკადრისა და ჩახტა ჩემს მანქანაში. ფილარმონიამდე წავიყვანე. ამ მოკლე დროში მოვასწარი მეთქვა, ვინ ვიყავი და ისიც ვუთხარი, რომ ერთი კვირის წინ კონსტანტინე გამსახურდიას იუბილეზე ჩემი სიმღერა შესრულდა-მეთქი. ძალიან გაუხარდა. აუცილებლად დამირეკეო, ტელეფონის ნომერიც მითხრა. როგორც გავიგე, ჩეჩნეთში ყოფნისას თურმე ჩემს სიმღერას ხშირად უსმენდა. ეს მითხრა კონსტანტინე ფირცხალავამ, რომელიც 1991-92 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ და წლების შემდეგ მოსკოვში შემხვდა.
ეროვნული სულისკვეთებით მზრდიდნენ და ამიტომ ვიყავი ასეთი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ უნდა წავსულიყავი ამერიკაში, ასე ხელმოცარულად და დაუფასებლად მაინც არ ვიგრძნობდი თავს. კი, მართალია, დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობ ხალხისგან, თუნდაც სოციალურ ქსელში და ზოგჯერ ვფიქრობ, ვარ კი ამის ღირსი? თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ არასდროს, არც ერთი ხელისუფლებისგან არ მქონია მხარდაჭერა ისე, როგორც სხვა მომღერლებს. ჯერ მარტო 25 წელი ვიდექი ბინის მიღების რიგში. მთავრობაში უმეტესობა მეგრელი იყო, მიცნობდნენ და უყვარდათ ჩემი „დიდოუ ნანა“, ღონისძიებებზე სულ მეძახდნენ და მეც ჩემი გიტარით მივდიოდი, მაგრამ ბინის მიღებაში არავინ დამეხმარა. ბოლოს, ერთი მეგობრის დახმარებით, რუსთავში ვიყიდე.
- სიმღერის სიყვარული ოჯახიდან მოგდევთ?
- დედა მღეროდა მეგრულ სიმღერებს, მამა კარგად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. მახსოვს, ხშირად დამიყენებდა გვერდით და მამღერებდა, თან მაქებდა, რა კარგად მღერის, მე მგავსო. წალენჯიხაში დავამთავრე 8 კლასი. მაინცდამაინც კარგად არ ვსწავლობდი და სულ თან დავდევდი მიტროფანე შელიას, რომელიც სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა. სიმღერა ისე მიყვარდა, ვის უნდოდა კლასში შესვლა? მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, ძალიან კარგი პედაგოგები მყავდა, ხედავდნენ ჩემში ნიჭს და შეძლებისდაგვარად მიწყობდნენ ხელს. სკოლის დამთავრების შემდეგ საგუნდო-სადირიჟოროზე ჩავაბარე, არაჩვეულებრივი ლოტბარი მყავდა, ვასილ მახარაძე. მაშინ "ხუთიანები" იწერებოდა, ერთადერთი 5 დაიწერა და ისიც მე მივიღე. პოპულარული კი გავხდი მაშინ, როდესაც „დიდოუ ნანა“ ვიმღერე, 34 წლის ასაკში. ჩემი პირველი სიმღერა, „შენ ხარ ჩემი მზე და მთვარე“, ჩემი აზრით, უკეთესი იყო, მაგრამ რატომღაც, ეს უფრო აიტაცეს. მახსოვს, თემურ ცაგურიასთან, ნუნუ გაბუნიასa და სხვა მსახიობებთან ერთად აფხაზეთში გვქონდა გასტროლი. თემურმა მითხრა, რამე მეგრული სიმღერა არ გაქვს მომზადებულიო? სიმღერის დაწერას რა უნდა-მეთქი, ვუპასუხე და იქვე, მატარებელში დავწერე პირველი სიმღერა, თუმცა იმ პერიოდში ძირითადად მაყვალა ჩიხლაძესთან ერთად გამოვდიოდი სცენაზე, გიტარის თანხლებით და ჩემს საესტრადო სიმღერებს ვასრულებდით.
- ტექსტებსაც თვითონ წერდით და მელოდიებსაც, ხომ ასეა?
- ტექსტებს ხან ცაგურია მიწერდა, არაჩვეულებრივი ადამიანი და მომღერალი, ასევე ვახტანგ გოგოლაშვილიც. რაც შეეხება „დიდოუ ნანას“ - ერთ დღეს, კონცერტის დასრულების შემდეგ ომარ კელაპტრიშვილს დავუნახavვარ, შორიდან მივესალმეთ ერთმანეთს, რადგან ბევრი ხალხი იყო და მაშინ დამიძახა, რამე მეგრული სიმღერა მოიტანე და მოდი ტელევიზიაში, რეპეტიციები გვაქვსო. ისე გამიხარდა, ვერ წარმოიდგენთ. არ მინდოდა ძველი სიმღერა მიმეტანა და რამდენიმე დღეში დავწერე „დიდოუ ნანა“ - სიმღერა, რომელიც შეიყვარა მსმენელმა. ომარმა მითხრა, მესამე ხმაც მიუმატეო, მაგრამ უარი ვთქვი, მერე გაახალხურებენ-მეთქი და მართალიც აღმოვჩნდი.
- ამბობთ, რომ თქვენი საავტორო უფლებები არ არის დაცული, რას გულისხმობთ?
- ასეა, მართლაც ძალიან გულნატკენი ვარ, ხშირად მღერიან ჩემს სიმღერებს ისე, რომ არც ტექსტის და არც მელოდიის ავტორს არ ასახელებენ, თან ამახინჯებენ. მაგალითად, თურქულ სერიალში, „ლაზეთის ცის ქვეშ“ გამოყენებულია ჩემი მელოდია „დიდოუ ნანა“; უდავოდ ნიჭიერი და დაფასებული გიორგი კალანდიას ფილმში, „ჩვენებურებში“ არაბი ბიჭი, ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ ქაზიმ ქოიონჯუსთან მუშაობდა და ადრე როდესაც ეკითხებოდნენ მის შესახებ, ბევრმა არ იცოდა, მაგრამ ახლა, როგორც კი „დიდოუ ნანას“ ავტორს ახსენებს, მაშინვე ყველა ხვდება, ვისზეა საუბარი. გიორგიც ისე თარგმნიდა, რომ თურმე „დიდოუ ნანა“ ქაზიმ ქოიონჯუს დაწერილი იყო. ამის შემდეგ მე მას დავურეკე და ვესაუბრე. რა ვიცი, რაღაცნაირად ასე მოხდაო, მიპასუხა. ახლანდელ მომღერლებსაც ალბათ ასე, „რა ვიცით“ მოსდით, ჩემს სიმღერებს რომ ასრულებენ ავტორის მითითების გარეშე. გადაცემებში რომ იწვევენ მომღერლებს და ამღერებენ, ხომ უნდა გაარკვიონ, ვისი სიმღერაა, ვისი დაწერილია ან ტექსტი, ან მელოდია? სწორად მაინც იმღერონ! თავს არ ვიქებ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი სიმღერები ჩემსავით ვერავინ შეასრულა, იმიტომ რომ ჩემია, მე მაქვს მათი „გასაღები“.
ომარ კელაპტრიშვილს რომ მივუტანე „დიდოუ ნანა“, გაგიჟდა, ისე მოეწონა და მკითხა, საიდან მოიტანეო? მე დავწერე-მეთქი. ახლა კი მიწევს იმის მტკიცება, რომ ის ნამდვილად ჩემი სიმღერაა. იმ ამბის შემსწრეებმაც კი არ შემაწიეს სიტყვა და არ აღიარეს, რომ ეს ჩემი ტექსტი და მელოდია იყო. სულ რამდენიმე ადამიანი დამიდგა გვერდით და ხმამაღლა თქვეს, რომ დიახ, ეს ტექსტი და მელოდია ნანა ბელქანიას ეკუთვნისო. არ ვიცი, ალბათ ეს შურის გამო მოხდა, უფრო მეტი წარმატებისთვის რომ არ მიმეღწია.
ერთხელ კელაპტრიშვილმა მითხრა, რომ ნუნუ გაბუნიას და ეთერ კაკულიას nდომებიათ ამ სიმღერის შესრულება და გამოურთმევიათ კასეტა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ უკან დაუბრუნებიათ, ნანა იმდენად კარგად ასრულებს, ჩვენ არ ვიმღერებთო. ჩემი კიდევ ერთი ცნობილი სიმღერა, „თოლიგე“ გაახალხურეს, თუმცა მე არც ეს ვერსია მომეწონა და არც შესრულება.
- ამჟამად როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?
- შვილთან ერთად რუსთავში ვცხოვრობ, ის თავისი პროფესიით მუშაობს, ფსიქოლოგია, მე კვლავ ვწერ და უკვე რამდენიმე კარგი სიმღერა მაქვს, თუმცა არავის აინტერესებს. კარგი იქნება, თუ ვინმე დაინტერესდება. ადრე მყავდა მოწაფეები, გუნდიც, მაგრამ ახლა აღარ მაქვს ამდენი ენერგია, რადგან სხვა საზრუნავიც გამაჩნია - ძალიან მიყვარს ცხოველები და წლებია, მათზე ვზრუნავ. ვიცი სად, რომელ ქუჩაზე რომელი კატა თუ ძაღლი ელოდება ჩემ მიერ მიტანილ საჭმელს.
ჩემი შვილი მეტყვის ხოლმე, გული ნურაფერზე დაგწყდება, ხალხს უყვარხარ და ახსოვს შენი ნამღერიო. მართლა ასეა, მას შემდეგ, რაც „დიდოუ ნანა“ პოპულარული გახდა, ჩემს კონცერტებზე უამრავი ხალხი მოდიოდა. ერთ-ერთ რესტორანში თურმე, 11-ჯერ რომ შეუკვეთiaთ ჩემი სიმღერა, ერთი კახელი კაცი მისულა მუსიკოსებთან და უთქვამს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, იქნებ ჩვენც გვინდა რამე კახური შევუკვეთოთო. ფოთში მითხრა ერთმა კაცმა, რომელიც ჩემს ფირფიტებს ყიდდა, - თქვენ გაგახაროთ ღმერთმა, ქალბატონო, ალბათ ოჯახს ვერ ვარჩენდი, რომ არა თქვენი სიმღერაო. სხვათა შორის, ერთმა თურქმა ბიჭმა დამიწერა ასეთი კომენტარი, ბედის მადლობელი ვიქნები, თუ ამ სიმღერას („დიდოუ ნანას“ გულისხმობდა) მოვისმენ სიკვდილამდე, საუკეთესოაო.
გულისტიკივილი უფრო მეტი მქონდა ცხოვრებაში, ვიდრე სიხარული. ერთი, რაც მახარებს, ის არის, რომ მსმენელისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, განსაკუთრებით სამეგრელოში, თორემ არც ერთ ხელისუფლებას არ უნდოდა და უნდა ჩემი ახლოს გაკარება და ჩემი სახელის ხსნება, მე კი ყველას ვაღმერთებ და პატივს ვცემ ნიჭიერებას. სამწუხაროა, რომ დღეს უნიჭოები ბობოქრობენ, ნიჭიერები კი ასპარეზზე არ ჩანან.
ნინო ჯავახიშვილი
ჟურნალი "გზა"