"ბადრიმ თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?"
გთავაზობთ ამონარიდს გია ხუხაშვილის წიგნიდან "კულისებს მიღმა - რა ღირს საქართველო", რომელიც ბადრი პატარკაციშვილისა და გია ხუხაშვილის ურთიერთობას ეხება
მეგობრობის დასაწყისი
ბადრი კვირაში ერთხელ ან ორჯერ მეპატიჟებოდა თავისთან და ვსაუბრობდით მიმდინარე მოვლენებზე, წარსულსა და მომავალზე. ხშირად იხსენებდა ეპიზოდებს თავისი განვლილი ცხოვრებიდან, ძირითადად იმ ფაქტებს, რომლებითაც ამაყობდა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს სრულიად ბუნებრივი იყო.
ასე რომ, მე არ გახლდით მისი მესაიდუმლე, რომელსაც საკუთარ ცოდვებსაც გაანდობდა. მომავალში შესაძლოა, ასეც მომხდარიყო, მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ, მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ, როგორც იტყვიან, არ დაგვცალდა...
განსაკუთრებით ხშირად იხსენებდა პუტინთან შეხვედრას მას შემდეგ, რაც ბორის ბერეზოვსკი პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდა და რუსეთში დამკვიდრებული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი გახდა.
როგორც ბადრი მომიყვა, პუტინმა ძალიან კარგად მიიღო, დიდხანს ესაუბრა, განუმარტა საკუთარი შეხედულებები ქვეყნის განვითარებაზე და ბიზნესის როლზე რუსული სახელმწიფოს განვითარების საქმეში. უთხრა, რომ პატივს სცემს და სიამოვნებით ითანამშრომლებდა მასთან, მაგრამ ბადრის უნდა გაეკეთებინა არჩევანი - ხელისუფლებასთან იყო თუ ბერეზოვსკისთან. ბადრის პასუხი იყო, რომ ის არ იცვლის მეგობრებს. შეიძლება, ეს ისტორია ცოტა შელამაზებულია, რასაც არ გამოვრიცხავ მისი პიროვნებიდან გამომდინარე. თუმცა ჩვენს ურთიერთობაში არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც მას ან ტყუილი ეთქვა, ან სიტყვა გაეტეხა. პირიქით, კარგად ესმოდა სიტყვის ფასი და ძალიან უფრთხილდებოდა ამ მხრივ საკუთარ რეპუტაციას. უბრალოდ, ჰქონდა ადამიანურად ძალიან გასაგები თვისება, უყვარდა ტრაბახი, საკუთარ მნიშვნელოვნებასა და პრინციპების ერთგულებაზე ხაზგასმა. ვფიქრობ, რომ ამისთვის მას ვერავინ ვერ "ესვრის ქვას", რადგან მეტ-ნაკლებად ყველა ვცოდავთ ამ მხრივ.
ხშირად ვსაუბრობდით ზურაზე. ბადრი ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უყურებდა არა მარტო იმიტომ, რომ ზურასთან მეგობრობდა, არამედ იმიტომ, რომ ზურას დაღუპვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა იმ მყიფე ბალანსს, რომელიც ხელისუფლებასა და მას შორის არსებობდა.
სულ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გაეხსნა ეს საქმე და ემხილა დამნაშავეები. ამისთვის მზად იყო, სერიოზული ნაბიჯები გადაედგა.
აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დასკვნა, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, შეიცავდა გარკვეულ ორაზროვნებას და ცალსახად ვერ პასუხობდა კითხვას - შესაძლებელი იყო თუ არა ეს ყოფილიყო ბანალური უბედური შემთხვევა?
ამიტომ, გარკვეულ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ცხედრის ექსჰუმაციის საკითხი ლოგიკურად იდგა დღის წესრიგში...
ბადრიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე გამიზიარა თავისი იდეა, რომ დაწყებულიყო კამპანია ზურას ცხედრის ექსჰუმაციის მოთხოვნით. ის ვარაუდობდა, რომ ამას შეეძლო მოეხდინა ხელისუფლების პროვოცირება, ფარულად ჩაეტარებინა საფლავზე გარკვეული ქმედებები. ამასობაში, ის დააყენებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ფარულ კამერებს და ყველაფერს გადაიღებდა.
ეს გეგმა ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ექსჰუმაციამ შესაძლოა გააჩინოს გარკვეული დამატებითი კითხვები, მაგრამ ცალსახა პასუხებს დაღუპვის კონკრეტულ მიზეზებზე მაინც ვერ მივიღებთ.
ეს მოსაზრება გავუზიარე და დასკვნის სახით ვუთხარი, რომ არ მიმაჩნდა მოქმედი ხელისუფლება იმდენად ბრიყვად, რომ ასეთ პროვოკაციაზე წამოგებულიყო და სისულელე ჩაედინა, რადგან მათთვის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული რისკი არცთუ ისეთი მაღალი იყო.
კამათი არ დაუწყია. მომეჩვენა, რომ დამეთანხმა და ამ გეგმაზე საბოლოო ჯამში უარს იტყოდა.
საუბარში ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა, რაც ჩვენს ურთიერთობაში ხშირად ხდებოდა...
ჩვენი პაუზები იყო საკმაოდ კომფორტული და მრავლისმეტყველი, თითქოს დიალოგი არც შეწყვეტილა და ისევ გრძელდებოდა... უცბად სახე შეეცვალა, მისთვის უჩვეულო ცივი ნათება ჩაუდგა თვალებში და თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?" რიტორიკული კითხვა, რომელიც პასუხს არ გულისხმობდა და არც საჭიროებდა...
ეს სცენა სამუდამოდ ჩამებეჭდა მეხსიერებაში, იმდენად მოულოდნელი, შოკისმომგვრელი და დამთრგუნველი იყო როგორც ფორმით, ისე შინაარსით. თითქოს დრო შენელდა და წამები უსასრულოდ გაიწელა...
ისე ხდებოდა, რომ ჩვენი შეხვედრები ხშირად ემთხვეოდა სადილის დროს და მეც ძალაუნებურად მიწევდა სუფრასთან მიჯდომა. ბადრის, როგორც ნამდვილი გურმანის, სადილი ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით და უმაღლესი ხარისხით. ვერ ვიტყვი, რომ ის განსაკუთრებული მჭამელი იყო, მაგრამ ქართული სუფრის რიტუალური ნაწილი ნამდვილად მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა მის ცხოვრებაში.
ჰოდა, ამ შეხვედრებზე მუდმივად ვითარდებოდა ერთი და იგივე მიზანსცენა: მე ზრდილობის გულისთვის ხაჭაპურს "წავწიწკნიდი" და ვჩერდებოდი. ის ხან რას შემომთავაზებდა, ხან - რას. მე უარს ვამბობდი. ბოლოს ის იყენებდა "აკრძალულ იარაღს" - მეუბნებოდა, რომ დედის, ქალბატონი ნათელას, საფირმო პომიდვრის სუპი მაინც მეჭამა, რაზეც უარის თქმა "დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის" ტოლფასი რისკის შემცველი იყო. მეც, მეტი რა გზა მქონდა და, მივირთმევდი. აქვე უნდა გითხრათ, რომ სუპი ნამდვილად უგემრიელესი იყო. ახლაც, როცა ამას ვწერ, პირობითი რეფლექსი მეწყება მის გახსენებაზე...
სანამ მე "ნათელას სუპს" ვხვრეპდი, ბადრი მუდმივად ერთსა და იმავე ისტორიას მიყვებოდა, რომელიც იცოდა, რომ ბევრჯერ მქონდა მოსმენილი, მაგრამ მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, განსაკუთრებით მიმდინარე მოვლენების ფონზე, რომ ამას არ იმჩნევდა...
მეც არ ვიმჩნევდი...
ისტორია კი ასეთი იყო:
ბადრი ჰყვებოდა, როგორ დაპატიჟა ერთხელ მიხეილ სააკაშვილი თავისთან სტუმრად. რადგან იცოდა, რომ მიშას ძალიან უყვარდა გემრიელად ჭამა და ტრადიციული ჩაქაფულის პერიოდი იდგა, ერთი დიდი ქვაბი ციკნის ჩაქაფული მოამზადებინა. ხატოვნად აღწერდა, როგორი მადის აღმძვრელი ოხშივარი იდგა, მაგრამ, მისი მოლოდინის მიუხედავად, მიშა საკმაოდ თავშეკავებულად იქცეოდა და არც კი უცდია ჩაქაფულისთვის პირის დაკარება. როგორც მითხრა, თავიდან ძალიან გაუკვირდა, მაგრამ მერე მიხვდა, თუ რაშიც იყო საქმე, და მიშას უთხრა: "მოწამვლის ხომ არ გეშინია?! მე სტუმრად დაგპატიჟე. როგორ გგონია, მე ეგ კაცი ვარ, რამე რომ მინდოდეს, ამას საკუთარ სახლში მოვაწყობდი?!" და როგორ "ეცა" ამის შემდეგ მიშა ჩაქაფულს და როგორ შეჭამა თითქმის მთელი ქვაბი.
მე არ ვიცი, ეს რეალური ისტორიაა თუ გაზვიადებული, მაგრამ ის კი ცხადია, რომ, როგორც ზემოთ მოგიყევით, მისთვის საწამლავის და მოწამვლის თემა ყოველთვის აქტუალური იყო და ძალიან აწუხებდა...
2 ნოემბერი
პირველ ნოემბერს, ღამით, ბადრი მიგზავნის მოკლე შეტყობინებას, რომ დილით თბილისში მოემგზავრება.
ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, რადგან გამიჩნდა მისი შესაძლო დაპატიმრების მოლოდინი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მესმოდა, რომ ბადრის ჩამოსვლა შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო. მას უნდა მოეხდინა თავისი უდანაშაულობის და სამოქალაქო სიმამაცის დემონსტრირება. ამას ელოდებოდა ყველა...
ადრე ავდექი და წავედი მის რეზიდენციაში. უჩვეულო გარემოში აღმოვჩნდი - ტერიტორია პრაქტიკულად დაცლილი იყო. მუდმივად "მოჩუხჩუხე" სასახლეში ცოცხალი ადამიანის ჭაჭანება არ იყო. გარე დაცვის სამსახურიც სერიოზულად შეთხელებული მომეჩვენა... ადგილზე მხოლოდ მისი უერთგულესი პირადი მდივანი და პრესმდივანი დამხვდნენ.
არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ბადრი რეზიდენციამდე მოაღწევდა. ხელისუფლებას პროპაგანდისტულად მზად ჰქონდა ყველაფერი მის აეროპორტში დასაპატიმრებლად. მეტიც, ამ ფონზე, თუ მიშა ამას არ გააკეთებდა, ეს შესაძლოა ჩათვლილიყო ხელისუფლების სისუსტედ, რისი გამოვლენისაც ნებისმიერ ავტორიტარს განსაკუთრებით ეშინია.
სავარაუდოდ, სააკაშვილმა შემდგომში ბევრჯერ ინანა, რომ მაშინ ეს ნაბიჯი არ გადადგა... გააგრძელეთ კითხვა