სამზარეულოს მაგიდის დეტალით ამოცნობილი, პირზე რძეშეუშრობელი კაპრალი - ჰაკერი, რომელმაც ასე ნაქებ აშშ-ის უსაფრთხოების მთელ სისტემას დიდი სირცხვილი აჭამა... - კვირის პალიტრა

სამზარეულოს მაგიდის დეტალით ამოცნობილი, პირზე რძეშეუშრობელი კაპრალი - ჰაკერი, რომელმაც ასე ნაქებ აშშ-ის უსაფრთხოების მთელ სისტემას დიდი სირცხვილი აჭამა...

ბოლო ერთი კვირაა, მსოფლიოს თითქმის ყველა, მეტ-ნაკლებად ცნობილი საინფორმაციო საშუალებები ერთმანეთის მიყოლებით ისეთ საიდუმლო მასალებს აქვეყნებენ, რომლებისთვისაც ბევრი ქვეყნის დაზვერვა ასი ათასებსაც არ დაინანებდა...

თანაც, ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე კარგად მოჩანდა, რომ ფოტოები გადაღებული იყო „სრულიად საიდუმლო“ და „არა უცხოელებისთვის“ გრიფის მქონე დაჭმუჭნული ფერადი ქაღალდის ფურცლებისთვის, რომლებზეც მართლაც რომ საოცარი ინფორმაცია ეწერა - ის, რითაც სავარაუდოდ, სარგებლობენ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პირები, პრეზიდენტის ჩათვლითაც კი...

სწორედ ფოტოგრაფის წინდაუხედავობამ იმსხვერპლა ის საბოლოოდ, რადგან ამ საიდუმლო ხასიათის ფურცლების ფოტოგრაფირებისას კადრში რამდენჯერმე მოხვდა მაგიდის ზედაპირი, რომელშიც სამზარეულო ოთახის მაგიდის გრანიტის ზედაპირის ამოცნობა სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ 336 მლნ-იან ამერიკაში ვის ეკუთვნოდა ეს სამზარეულო ოთახი?

მიუხედავად ამისა, აშშ-ის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს აგენტებმა რამდენიმე დღეში მაინც მოახერხეს საიდუმლო მასალების გავრცელებში ეჭვმიტანილის მიგნება და დაკავება...

2-teish-1681468585.png
ეჭვმიტანილი ტეიშეირის დაკავების ოპერაციაში ამერიკულმა FBI-მ ჯავშანმანქანებიც კი ჩართო...

ის აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჰაერო ძალების 21 წლის სამხედრო მოსამსახურე,1-ელი კლასის კაპრალი ჯეკ ტეიშეირი აღმოჩნდა, რომელიც მესამე წელია, მსახურობდა და ასრულებდა „აიტის“ სპეციალისტის მოვალეობას 102-ე სადაზვერვო დანაყოფში და, შესაბამისად, ჰქონდა წვდომა პენტაგონის შიდაკომპიუტერულ ქსელში JWICS-ში.

JWICS წარმოადგენს „სადაზვერვო კომუნიკაციების გაერთიანებულ გლობალურ ქსელს“ ანუ ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერული ქსელები, რომლებითაც მუდმივად სარგებლობენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი, შიდაუსაფრთხოების სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო. საიდუმლო ინფორმაცია ციფრული სახით სპეციალური პროტოკოლის საშუალებით ვრცელდება ქსელში და გამოირჩევა ჰაკერული თავდასხმების მიმართ განსაკუთრებული მდგრადობით, მაგრამ რა ხდება, როდესაც „ციხე შიგნიდან ტყდება“?

ამ ზედაცული სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ავალია, მაგრამ, საერთო ჯამში, სწორედ მისმა 21 წლის სამხედრო მოსამსახურემ გახადა დასაცინი ასე ნაქები ამერიკული უსაფრთხოების სისტემა...

3-teish-1681468664.png

ფურცელზე ამობეჭდილი საიდუმლო გრიფის მქონე ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლიც ეჭვმიტანილმა დახურულ გეიმერ-სერვერზე მეგობრებს გაუზიარა, მაგრამ, მისი თხოვნის მიუხედავად, „მეგობრებმა“ ის ღია ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს...

ყველაზე საოცარი კი ის გახლავთ, რომ პირზე რძეშეუშრობელ ამერიკელ კაპრალს შიდა, დაცული კომპიტერული ქსელიდან ამობეჭდილი საიდუმლო მასალების შემცველი დაჭმუჭნული ფურცლების (შეიძლება ჯიბეებში მალავდა სამსახურიდან გამოსვლისას და სახლში სამზარეულო ოთახში ცდილობდა ფურცლების გასწორებას) ფოტოების განთავსება დახურულ გეიმერ-სერვერზე, თურმე... ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებიდანვე დაუწყია და ამერიკული კონტდაზვერვა მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ცნობილმა საინფორმაციო საშუალებებმა დაიწყეს ინტერნეტქსელში გადინებული ამ საიდუმლო მასალების პუბლიკაცია...

დღის სინათლე უკვე ასამდე საიდუმლო დოკუმენტმა იხილა, თითოეული მათგანის გამჟღავნებისთვის კი ეჭვმიტანილ ამერიკელ კაპრალს 10 წლის პატიმრობა ელის, თუკი დანაშაული დაუმტკიცდა...

ბოლო პერიოდში ეს არის ამერიკული უსაფრთხოების სისტემის მესამე, ყველაზე სამარცხვინო მარცხი - ჯულიან ასანჟისა (ავსტრალიელი ინტერნეტ-ჟურნალისტი, რომელმაც 2006 წელს WikiLeaks -ი შექმნა და მასზე აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების ბევრი საიდუმლო მასალა განათავსა, რომლებიც ჰაკერული წესით იყო მოპოვებული) და ედვარდ სნოუდენის (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ტექნიკური თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ 1,7 მლნ-მდე საიდუმლო ელქტრონული ფაილი დააკოპირა და მათი ნაწილი 2013 წელს ამერიკულ მასმედიას გადასცა, თუმცა დანარჩენი რუსეთის დაზვერვისთვის შემოინახა, რისთვისაც 2022 წელს პუტინმა მას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა) საქმეების შემდეგ.

4-teishe-1681468760.png

ჯეკ ტეიშეირის სახლის სამზარეულოს ინტერიერი, რომლის ფრაგმენტის ფოტოზე შემთხვევით დაფიქსირების შემდეგ ამერიკელმა კონტრმზვერავებმა სავარაუდოდ შეძლეს ეჭვმიტანილის იდენტიფიკაცია...

რუსეთმა შეიძლება დიდი მოგება ვერც ნახა ჯეკ ტეიშეირის „ბავშვური თამაშების“ შედეგად (მოსკოვში ბოლომდე არ ენდობიან ამ ამერიკული საიდუმლო მასალების გაჟონვას და თვლიან, რომ ეს ამერიკელების დეზინფორმაციული სპეციალური ოპერაციის ნაწილი შეიძლება იყოს), მაგრამ ეს ამერიკული სპეცსამსახურებისთვის უდიდეს გაფრთხილებად უნდა გადაიქცეს - კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიუხედავად, ყოველთვის იარსებებს „ადამიანური ფაქტორი“ ანუ მორიგი სნოუდენები თუ ტეიშეირები ყოველთვის გამოიძებნებიან...