ველოდოთ თუ არა რუსი რეზერვისტ-დეზერტირების ხელახალ მოზღვავებას ლარსის საზღვარზე პუტინის გუშინ მიღებული კანონის შემდეგ? - კვირის პალიტრა

ველოდოთ თუ არა რუსი რეზერვისტ-დეზერტირების ხელახალ მოზღვავებას ლარსის საზღვარზე პუტინის გუშინ მიღებული კანონის შემდეგ?

საქართველოში რუსი რეზერვისტ-დეზერტირების ხელახალი „შემოჭრაა“ მოსალოდნელი მას შემდეგ, რაც გუშინ, 14 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც სამხედრო ვალდებულების მქონე რუსეთის მოქალაქეების ერთიან რეესტრს, მათთვის ელექტრონული უწყებების გაგზავნას, ხოლო თავის ამრიდებლებისთვის კი ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვას ითვალისწინებს...

გასული წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორია სასწარაფოდ დატოვა მილიონზე მეტმა მოქალაქემ, რომლებმაც მარტომ ან ოჯახებთან ერთად ქვეყნიდან გაქცევა ამჯობინეს პუტინის არმიაში მობილიზაციას და შესაბამისად უკრაინის ფრონტზე დასახიჩრებასა ან სულაც სიკვდილს...

დასავლელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, მაშინ რუსეთის მოქალაქეების მასიურმა თავის შველამ ყაზახეთში,სომხეთსა და განსაკუთრებით კი საქართველოში, .პუტინის პირადი განრისხება გამოიწვია „ანტიპატრიოტიზმით“ და მისი ბრძანებით ძალზე გასაიდუმლოებულად დაიწყო ახალი სამობილიზაციო კანონის მომზადება, რომელიც ა.წ.-ის აპრილის დასაწყისში რუსეთის დუმამ დაჩქარებული ტემპით განიხილა და პუტინმაც სასწრაფოდ მოაწერა ხელი...

ახალი კანონის თანახმად, სამხედრო ვალდებულების მქონე რუსეთის მოქლაქეს სამობილიზაციო უწყება შეიძლება პირადად არც ჩაბარდეს, ის მის ელექტრონულ ფოსტაზე იქნება გაგზავნილი და სახელმწიფოს აღარ აინტერესებს, საერთოდ წაიკითხავს თუ არა მას ადრესატი - ელექტრონული უწყების გაგზავნიდან შვიდი დღის შემდეგ უწყება „ჩაბარებულად“ ჩაითვლება...

ამის შემდეგ სამხედროვალდებულს ეკრძალება რუსეთის საზღვრების დატოვება.

თუკი ელექტრონული უწყების გაგზავნიდან 20 დღე-ღამის განმავლობაში სამხედროვალდებული მოქალაქე არ გამოცხადდა სამობილიზაციო პუნქტში, ის მობილიზაციისგან თავის ამრიდებლად ჩაითვლება და აეკრძალება ავტომობილის მართვა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, ბანკში კრედიტების აღება, ინდივიდუალურ მეწარმედ და თვითდასაქმებულად დარეგისტრირება...

თუკი სამხედროვალდებული რუსეთის მოქალაქე გააგრძელებს მობილიზაციისგან თავის შემდგომ არიდებას, მას უკვე თავისუფლების აღკვეთაც დაემუქრება...

თავად რუსეთში მოსახლეობის ნაწილმა პრეზიდენტ პუტინის გუშინდელი გადაწყვეტილება „ციფრულ ავტორიტარიზმად“ შეაფასა და მზადება დაიწყო რუსეთის ფედერაციის საზღვრებიის სასწრაფოდ დასატოვებლად,სანამ ელექტრონული უწყება მიუვათ სამობილიზაციო პუნქტში „მიწვევაზე“...

რამდენად მოსალოდნელია, რომ გასული წლის სეტემბერ-ოქტომბრის თავპირისმტვრევა განმეორდეს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე, როდესაც რუსი რეზერვისტ-დეზერტირები მრავალკილომეტრიან რიგებში იდგნენ საქართველოში შემოსაღწევად და შესაბამისად, თავის გადასარჩენად, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, რადგან ვინც მაშინ საქართველოში მოასწრო გამოქცევა, რეალურად გადაურჩა უკრაინის ფრონტზე გაგზავნას...

რუსი რეზერვისტებიდან ვისაც ჭკუა აქვს, უკვე უნდა იკრავდეს გუდა-ნაბადს და საზღვრებისკენ გარბოდეს, რუსეთის სასწრაფოდ დასატოვებლად.

ამიტომ არის იმის მოლოდინი, რომ ზემო ლარსს კვლავ მოადგებიან რუსი რეზერვისტ-დეზერტირების ბრბო, მაგრამ მათ თავად რუსეთის საზღვრის გადმოკვეთვა ისევე, შედარებით ადვილად, როგორც ეს გასულ წელს ხდებოდა, აღარ შეეძლებათ, რადგან თუკი მათ სახელზე უკვე გაგზავნილი იყო ელეტრონული უწყებები, შესაბამისად მათი მონაცემები უკვე „გაწითლებული“ იქნება რუსი მესაზღვრეების ელექტრონულ სიებში და მათ არათუ რუსეთის ტერიტორიის დატოვების ნებას მისცემენ, არამედ შეიძლება საზღვარზევე დააკავონ და პირდაპირ სამობილიზაციო პუნქტებში უკრან თავი, ცოტა ხანში უკრაინის ფრონტზე გადასროლის ძალიან დიდი „პერპექტივით“, სადაც პუტინის ოკუპანტი არმია უკრაინის განმათავისუფლებლების ძლიერი კონტრიერიშების დაწყებას დღე-დღეზე ელოდება და მათ შესაკავებლად „საზარბაზნე ხორცს“ მთელ რუსეთში ეძებს,ძალით აგროვებს უკრაინის ფრონტზე აგზავნის...