თქვენს ოჯახებში შემობრძანდება „მავედრებელი ღვთისმშობლის“ სასწაულმოქმედი ხატი
მართლმადიდებელი სამყარო 16 აპრილს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას დღესასწაულობს - დღეს, რომელიც ქრისტიანთათვის ზეიმთა ზეიმია. "კვირის პალიტრა" არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს ამ უდიდეს დღესასწაულს ვარძიის "მავედრებელი ღვთისმშობლის" ხატითა და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.
ძვირფასია ქართველი კაცისთვის წმინდა თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ყოველი სიწმინდე. სწორედ თამარის ეპოქაში დაწერილა "მავედრებელი ღვთისმშობლის" სასწაულმოქმედი ხატიც.
ხატი ეკუთვნოდა ხარაგაულის რაიონში არსებული სოფელ ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიას. აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოკვლევით, XI-XIII საუკუნეებში ამ ადგილას დიდი სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. ჟურნალ "ცისკრის" 1863 წლის მე-10 ნომერში ვკითხულობთ ლეგენდას ხარაგაულის ვარძიის მონასტრის დაარსების შესახებ: "ხალხური გადმოცემით, ვარძიის სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ბრძანებით აუშენებიათ. მეფე თამარი ღვთისმშობლის ხატს მოაბრძანებდა მესხეთის ვარძიიდან. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია. ძილში ღვთისმშობელი გამოსცხადებია და მიუნიშნებია, თუ სად უნდა აეშენებინა წმინდა ხატისთვის ტაძარი. როდესაც თამარი გამოცხადების ადგილზე მივიდა, თვალწინ საოცარი სილამაზე გადაეშალა. მეფეს იქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ტაძრის მშენებლობა. აუგია მონასტერი და აუშენებია სამეფო სასახლე. სახელი ვარძია მეფეს შეურჩევია და იგი მესხეთის ვარძიის მეტოქად უქცევია. მეტოქი მონასტრის კუთვნილ, დაქვემდებარებულ ეკლესიას ეწოდება".
ვარძიის მონასტერში იწერებოდა და ითარგმნებოდა წიგნები. მონასტერი XVII საუკუნის 90-იან წლებში დაიწვა, ამიტომ აქ შექმნილმა მწიგნობრულმა ნიმუშებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
გადამწვარი მონასტრის ადგილას თეთრი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათოვანი ეკლესია აუგიათ. 1783 წელს, იმერეთის მეფემ სოლომონ I-მა სოფელი ვარძია თავისი მონასტრით, ადგილ-მამულით კვიპროსის დედაღვთისას ბერძნულ კიკოს მონასტერს შესწირა. სოლომონ II-მ განაახლა შეწირულობის წიგნი. ასე რომ, 1783 წლიდან 1914 წლამდე ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ. ისინი კრეფდნენ გადასახადს, აკეთებდნენ ჩანაწერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ და ასე იქმნებოდა ვარძიის მატიანე.XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი მეტად უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1905 წლის რევოლუციის დროს ადგილობრივმა გლეხებმა დაარბიეს ვარძიის მონასტერი, არქიმანდრიტი გაიქცა. 1914 წლიდან კვიპროსელი ბერების მიმოსვლა შეწყდა. ვარძიაში საცხოვრებლად დარჩა ბოლო სასულიერო პირის სამოელ ბისკობითის სტიქაროსანი, ვინმე ძაბუნიდი. აქედან გაჩნდა სოფელში გვარი ძაბუნიძე.
"მავედრებელი ღვთისმშობელი"
იმერეთის ვარძიის "მავედრებელი ღვთისმშობელი" მესხეთის ვარძიის სასწაულმოქმედი დედა ხატის ზუსტ ასლად მიიჩნევა. ცნობილია, რომ ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი შესთხოვდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა ურიცხვი არმია. მემატიანის ცნობით, ვარძიის ხატს გამმარჯვებელს უწოდებდნენ.
წმინდა ხატი, რომელიც დედაღვთისას ხატის სახელით არის წოდებული, 1924 წლამდე ვარძიაში ინახებოდა, შემდეგ კი, თბილისის ეროვნულ მუზეუმში იქნა გადაბრძანებული ხელოვნებათმცოდნე შალვა ამირანაშვილის მიერ.
სოფელ ვარძიაში ტრადიციულად, აღდგომიდან რიგით მესამე ორშაბათს ,,დედაღვთისობის" დღესასწაულს ზეიმობენ.
შევთხოვოთ ყოვლადწმინდა დედას, მოგვანიჭოს საკუთარ ცოდვებზე გამარჯვების უნარი, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიოს მოსახლეობა. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ!
მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი
მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია IIII-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერშია ჩამოქნილი. მონასტერი სწორედ იმ ეზოშია, სადაც ილია II ყმაწვილობაში ცხოვრობდა. უწმინდესის მშობლიურ სახლში დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერი 2003 წლიდან მოქმედებს. ხატებიცა და სანთლებიც სტამბა "კოლორში" ანჩისხატის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ აკურთხა.
დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: - ღვთის წყალობით, ისევ გრძელდება ის შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც გულისხმობს გაზეთ "კვირის პალიტრისაგან" საქართველოსთვის, ჩვენი მრევლისთვის როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებსგარეთ სასიამოვნო სააღდგომო საჩუქრის გაკეთებას. წელს "კვირის პალიტრის" მკითხველს საშუალება ექნება გაზეთთან ერთად მიიღოს სააღდგომო საჩუქარი - სანთელი და "მავედრებელი ღვთისმშობლის" სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ვარძიის ღვთისმშობელი ეწოდება.
ისტორია გვაუწყებს, რომ ამ ხატის წინაშე მუხლმოყრილი ლოცულობდა თამარ მეფე ბასიანის ბრძოლის წინ, რომელიც საქართველოს, ქართული ჯარის გამარჯვებით დამთავრდა.
მინდა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას, თითოეულ მართლმორწმუნეს, რომ იყოს ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოში მშვიდობა და დედა ღვთისმშობლის მფარველობით ყველა გამოწვევასთან, ბოროტებასთან ბრძოლა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამარჯვებით დასრულდეს.
გაიხარეთ! ქრისტე აღდგა!
ტრადიცია, რომელიც უკვე არაერთ წელს ითვლის, მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და ჰოლდინგი "პალიტრამედია", როგორც ფლაგმანი ქართული საგამომცემლო საქმისა, კვლავაც გააგრძელებს ამ სააღდგომო ტრადიციას. კვლავაც სააღდგომოდ თუ სხვა დიდ დღესასწაულებზე გაახარებს ქართველ მორწმუნეებს მსგავსი საჩუქრებით.
თამარ მამაცაშვილი
ეკა სალაღაია