„ნინო გვენეტაძე ჩინჩალაძის მოსახსნელად მიზეზს ეძებდა, მაგრამ...“
როგორც ცნობილია, აშშ-მა უვადოდ არჩეულ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა. სანქცირებული მოსამართლეები მტკიცებულებებს ითხოვენ, ირწმუნებიან, რომ კორუფციაში მათი დადანაშაულება ცილისწამებაა. მოსამართლე ირაკლი შენგელია ჩივილს აპირებს: "ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება კორუფციაში ჩაბმის შესახებ. ეს უმძიმესი ბრალდებაა, ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული"... დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი კახა წიქარიშვილი წლებია საუბრობს სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობასა და კორუფციაზე. ის თავად მუშაობდა ამ სისტემაში და ამბობს, რომ კარგად ხედავდა პრობლემებს.
- კლანი, რომელიც ახლა სანქცირებულია, ზურაბ ადეიშვილის პერიოდიდან მოდის. ისინი პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ: მიხეილ ჩინჩალაძე 2004-2007 წლებში გენპროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. იყო შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი; ვალერი ცერცვაძე 2004-2005 წლებში გენპროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურისა და დეპარტამენტის უფროსი იყო, ლევან მურუსიძე კი გორის რაიონის პროკურორის თანაშემწე. ადეიშვილს სასამართლოში დასაყრდენი სჭირდებოდა. ეს იყო შევარდნაძის რეჟიმის რეორგანიზაცია. მაშინ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ლადო ჭანტურია გახლდათ. მოსამართლეების ნაწილი გაუშვეს, ნაწილი რეზერვში გადაიყვანეს, შემდეგ კი დადგა საკითხი, თუ როგორ გაეკონტროლებინათ სისტემა. შევარდნაძის დროს გაცილებით ლიბერალური სისტემა მოქმედებდა, ისინი ყველაფერში არ ერეოდნენ, მაგრამ ადეიშვილმა გადაწყვიტა სისტემის სრულად გაკონტროლება და პროკურატურიდან სასამართლოში 10-15 კაცი გადმოიყვანა. პირდაპირ თავმჯდომარეებად დასვა პროკურორები: მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე, მამია ფხაკაძე, ვასილ მშვენიერაძე, ნიკა მარსაგიშვილი, სერგო მეთოფიშვილი და სხვები. ამ მოსამართლეებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ პროკურორებთან. განსაკუთრებით აკონტროლებდნენ სისხლის სამართლის საქმეებს. ადეიშვილი სათითაოდ ხომ არ დაურეკავდა ყველა სასამართლოს თავმჯდომარეს, ამიტომ კოორდინაცია ასე ხდებოდა: ადგილობრივი სასამართლოს თავმჯდომარეები პირდაპირ უკავშირდებოდნენ თავიანთი რაიონების პროკურორებს, სამინისტროებსა და მათთან "ალაგებდნენ" სიტუაციას. მაგალითად, ზოგიერთი კოლეგიის თავმჯდომარე პირდაპირ რეკავდა სამინისტროში კითხვით, ამ საქმეზე რა გადაწყვეტილება გჭირდებათო. თბილისის საქალაქო სასამართლოში ყველაზე მეტი საქმე განიხილებოდა და მისი თავმჯდომარე მამია ფხაკაძე კვირაში ერთხელ მიდიოდა გენპროკურატურაში - ამის სამხილი მასალა არსებობს. ჩინჩალაძე პირდაპირ ადეიშვილს აბარებდა ანგარიშს და მისგან იღებდა დავალებებს. შემდგომ, 2013 წელს, როცა თეა წულუკიანმა ადეიშვილის კაბინეტი დაიკავა, იქ აღმოაჩინა ჩინჩალაძისა და ადეიშვილის საუბრის ჩანაწერები. მართალია, კონკრეტულად ჩინჩალაძე არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, აღმოჩენილია ჩანაწერებიო. მერე ჩანაწერები გაქრა. წულუკიანმა მხოლოდ ერთადერთხელ, 2013 წელს, იუსტიციის სახლში შეკრებაზე ილაპარაკა ამაზე. შეხვედრას 50 კაცი ესწრებოდა. ადეიშვილთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძესაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს. განსხვავება ის იყო, ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე კუბლაშვილთან სასამართლოში თავად მიდიოდა ადეიშვილი და ერთად აგვარებდნენ საკითხებს. ერთი ასეთი საინტერესო აზრიც მოვისმინე, ადეიშვილი ცერცვაძესა და ჩინჩალაძეს ბოლომდე არ ენდობოდა და ორივეს აკონტროლებდა, ორივესთან ამოწმებდა და ათანხმებდა რაღაცებსო.მაშინ ჩინჩალაძე ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე იყო, მსხვილ ფინანსურ დავებს, ადმინისტრაციულ საქმეებს ის აგვარებდა. სისხლის სამართლის საქმეები ცერცვაძეს ევალებოდა. როგორც მეუბნებიან, ჩინჩალაძე სისხლის საქმეების კურატორობაშიც ერეოდა. მთავარი მაინც ის იყო, რომ მათ პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ ოლქის პროკურორებთან და ზემდგომებს თითოეულ მოსამართლესთან საუბარი არ სჭირდებოდათ. ადეიშვილამდე ინფორმაცია ოლქის პროკურორებს მიჰქონდათ. ასეთი შეთანხმებაც იყო, თუ რომელიმე მოსამართლეს უნდოდა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ან საქმის კვალიფიკაციის შეცვლა, რაც მაშინ იშვიათობა იყო, სამი დღით ადრე უნდა ეცნობებინა თავმჯდომარისთვის. ის დარეკავდა ოლქის პროკურორთან, რომელიც ამბავს მიიტანდა გენერალურში, იქიდან კი წამოვიდოდა განკარგულება, როგორ მოქცეულიყვნენ.
- შემსრულებლებს არ ასაჩუქრებდნენ?
- არა მგონია, მაშინ უფრო ელიტური კორუფცია იყო და მასაც ადეიშვილი აკონტროლებდა, თუმცა მოსამართლეები დამსახურების მიხედვით პრემიებს იღებდნენ... 2012 წელს, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, მაშინ სასამართლოს თავმჯდომარეები დროებით დანიშნული იყვნენ, ანუ მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი ჰქონდათ და მათი გადაყენება ძალიან ადვილი იყო. 2012 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს თავმჯდომარეები სასწრაფო წესით 5 წლით გადანიშნა, რადგან იცოდნენ, წამოვიდოდა პოლიტიკური ტალღები და უნდოდათ სასამართლოს თავმჯდომარეები ადგილებზე ყოფილიყვნენ. ეს არის იმის მაგალითი, თუ როგორ პასუხობდა ცვლილებებს საკუთარი თავის დაბეტონებით კლანი, ის სისტემაში იმყარებდა პოზიციებს. ამის შემდეგ თეა წულუკიანმა დააანონსა სასამართლო რეფორმის ტალღა, პირდაპირ თქვა, მოსამართლეებს აკონტროლებენ ჩინჩალაძე, კუბლაშვილი, ცერცვაძე და მეიშვილი და უნდა გათავისუფლდნენ ზეწოლისგანო. ეს ინტერვიუ არსებობს, სადაც წულუკიანი იმასაც ამბობს, მოსამართლეები აუცილებლად აგებენ პასუხს იმისთვის, რაც 2012 წლამდე ჩაიდინესო. მან დაასახელა გვარებიც: თევზაძე, ჩემია, გეგენაძე, გიგიტაშვილი და სხვები. წულუკიანი მოსამართლეთა დანაშაულების გამოსააშკარავებლად საგამოძიებო კომისიის შექმნას და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა. ამან მაშინ ძალიან შეაშინა მოსამართლეთა კორპუსი და დაიწყო თვითორგანიზება თავის გადასარჩენად ისევ ჩინჩალაძის, ცერცვაძისა და კუბლაშვილის ირგვლივ. უთხრეს მათ, მოგვეცით ხმა, თუ ჩვენ დავიკავებთ უმრავლესობას საბჭოში, ჩვენს დასჯას ვერ შეძლებენო. კლანიც დაჰპირდა მოსამართლეებს, არავინ დაისჯება, თქვენ შეინარჩუნებთ თანამდებობებსო. მათ საპირისპიროდ მოსამართლეთა ასოციაცია "ერთობამ" განაცხადა, ყველას დამსახურებისამებრ შეხვდება სასჯელი, ჩვენ არავის მივცემთ გარანტიებსო. 2013 წელს სწორედ ეს ორი ძალა დაეტაკა ერთმანეთს და გაიმარჯვა ჩინჩალაძე-ცერცვაძე-კუბლაშვილის გუნდმა... "ქართული ოცნება" იმედგაცრუებული იყო საბჭოს არჩევნების შედეგებით და წულუკიანმა თქვა, არა ვარ კმაყოფილი, მაგრამ რა ვქნა, მოსამართლეებმა ასე გადაწყვიტესო. "ოცნებამ" იუსტიციის საბჭოში დანიშნა არამოსამართლე წევრები: გოცირიძე, თორდია, მამულაშვილი, სოფრომაძე. თავიდან ისინი დამოუკიდებელი წევრები გვეგონა, სინამდვილეში "ქართული ოცნების" ლოიალური წევრები აღმოჩნდნენ, გარდა მამულაშვილისა, ის მეცნიერი კაცი იყო და არ ემორჩილებოდა არავის, ასევე პრეზიდენტის არჩეული ვახო მჭედლიშვილი.2013 წელს "ოცნებამ" პირველი იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი მომხრეებით დააბალანსა და უთხრა: მოდი, თქვენ გაუწიეთ წინააღმდეგობა კლანს და შევეცადოთ სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შევცვალოთო. ამაზე სერიოზული დაპირისპირება მოხდა. ამასობაში "ოცნებამ" კლანთან "დაალაგა" ურთიერთობა და 2015 წლის ზაფხულში კლანმა მოსამართლეებამდე მიიტანა მესიჯი, ჩვენთან არის "ოცნება", მხარს გვიჭერსო. წულუკიანმა მაშინ პირდაპირ ეთერში უარი თქვა მოსამართლეების გათავისუფლებაზე. ეს იყო კლანის გამარჯვება, თქვეს, მოვდრიკეთ წულუკიანიც და ნინო გვენეტაძეცო.
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს როგორი ურთიერთობა ჰქონდა კლანთან?
- ნინოსა და კლანს ურთიერთობა 2015 წლის განმავლობაში არც ჰქონიათ. პირველ წელს ნინო არც ელაპარაკებოდა მათ. ჩინჩალაძეც ამბობდა, ერთხელ არ შემხვედრია, როგორ შეიძლება თავის მოადგილეს არ შეხვდეს თავმჯდომარეო. მაშინ ნინოსთან ვმუშაობდი. ის მიზეზებს ეძებდა ჩინჩალაძის გასათავისუფლებლად და სურდა ეს სადისციპლინო კომისიის წესით მომხდარიყო. ჩინჩალაძე საერთოდ არ განიხილავდა საქმეებს და ნინო ფიქრობდა ამ საბაბით დაეწყო დევნა, მაგრამ ეს მეც არ ვურჩიე, რადგან ისედაც გადიოდა 5-წლიანი ვადა ჩინჩალაძეს. შეიძლებოდა უხმაუროდ წასულიყო სისტემიდან. ამის შემდეგ დანიშნეს მურუსიძე, რომელსაც ნინო გვენეტაძემ მხარი არ დაუჭირა. სამაგიეროდ, მხარი დაუჭირეს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და სწორედ მაშინ გამოჩნდა, რომ "ოცნების" ხალხი იყო. ამის მერე მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლეს, რაც უკანონობა იყო. საერთოდ, ის ცალკე იყო, თავისი გუნდი ჰყავდა, არც ჩინჩალაძის გუნდიდან იყო და არც გვენეტაძის. ახვლედიანის ჯგუფს შეეძლო კლანისთვის პრობლემები შეექმნა და უკვე გვენეტაძის ინტერესიც იყო მისი გაშვება, რადგან ახვლედიანი გვენეტაძესთან დაპირისპირებული გახლდათ.
- რატომ იყვნენ დაპირისპირებული?
- წყენა ძველი დროიდან მოდიოდა, როცა კუბლაშვილმა გვენეტაძე გაათავისუფლა უზენაესი სასამართლოდან, მაშინ ახვლედიანი კუბლაშვილის მხარეს იყო. იყო ახალი მიზეზებიც...
- გვენეტაძეს რატომ აიძულეს წასვლა?
- 2016 წლის დამდეგს მე წამოვედი გვენეტაძისგან. ამ დროს მას იუსტიციის საბჭოში უკვე აღარ ჰყავდა დასაყრდენი, ერთადერთი ხმა ჰქონდა მხოლოდ - ვახო მჭედლიშვილის. მის მხარდამჭერებად შეიძლება ჩავთვალოთ საბჭოში მოგვიანებით შემოსული არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე. ნინო გვენეტაძეს არც სასამართლოში ჰყავდა თავისი გუნდი, პრაქტიკულად, აღარ ჰქონდა არანაირი ბერკეტი, მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და პალატის საქმეებზე მუშაობდა. სასამართლოში მან ინსპექტორის სამსახური შემოიტანა და ისიც პრაქტიკულად ჩინჩალაძემ ჩაიგდო ხელში, ამ თანამდებობაზე თავისი თანაშემწე ცინცაძე დანიშნა. ნინომ ისიც ვერ შეძლო, რომ თავისი კადრი დაესვა. არადა, მურუსიძის საწინააღმდეგოდ შემოიტანა ეს სამსახური.
- ახლა ვის არის კლანის ლიდერი?
- კლანის ლიდერია მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე კი კომუნიკატორია. ჩინჩალაძის ხელშია ყველა ადმინისტრაციული ბერკეტი. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის უფროსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეები მისი კადრებია. ჩინჩალაძეს თავისი ერთგული მოსამართლეები ჰყავს როგორც სააპელაციო, ასევე უზენაეს სასამართლოში და მნიშვნელოვანი საქმეებიც მათთან ხვდება. როცა "ოცნებას" აქვს კონკრეტული ინტერესი, კომუნიკაცია შედგება ჩინჩალაძესთან, რომელსაც ჰყავს რამდენიმე კომუნიკატორი, მაგალითად, მურუსიძე და შენგელია, და მათი საშუალებით ეკონტაქტება მოსამართლეებს. თუმცა, ისედაც იციან მოსამართლეებმა, როდის რა უნდა გააკეთონ. მაგალითად, გვარამიას საქმის მოსამართლემ ისედაც იცის, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს და მას დარეკვა არ სჭირდება.
- ახლა არის კორუფცია სისტემაში?
- თუ ფული შევიდა, კლანი აიღებს. შეიძლება მოსამართლემდეც მივიდეს ფუ-ლი, მაგრამ არა როგორც კონკრეტულ საქმეზე, არამედ როგორც არაფორმალური ბონუსი, რომელსაც კარგი მუშაობისთვის აძლევენ. ეს შეიძლება იყოს პერიოდულად და კონკრეტულ საქმეს არც დაუკავშირონ.
- როგორც ამბობენ, არის რამდენიმე ადვოკატი, რომლებიც პირდაპირ ალაგებენ სიტუაციას მოსამართლესთან და ქრთამსაც აძლევენო.
- ეს ინდივიდუალური შემთხვევები იქნება. სისტემურად თუ რამის დალაგება სურთ, ეს კლანის მეშვეობით უნდა გაკეთდეს. თუ კლანის ინტერესი არ არის, ეს შეიძლება გააკეთოს მოსამართლემ.
- თქვენ ჩამოთვალეთ მოსამართლეები, რომლებზეც ზეწოლას ახდენდნენ. კონკრეტულ ამბებზე ისაუბრებთ?
- ღია წყაროებში არსებულ ფაქტებზე ვისაუბრებ, რომლებიც საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს. მაგალითად, მოსამართლე ლალი ლაზარაშვილზე ზეწოლის ფაქტზე, მან ვასილ როინიშვილს დაადო ხელი. ასევე მოსამართლე თამაზ ჯალიაშვილზე ზეწოლის ფაქტი (ე.წ. შუხუტინსკის ეპიზოდი და მის საქმეებში ჩარევის ცდა), მოსამართლე ჯალიაშვილმა კი თევზაძეს დაადო ხელი, ჩემს საქმეებში ერეოდიო. მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ თქვა, ირაკლი შენგელიამ დამირეკა, ეს საქმე ასე უნდა გადავწყვიტოთო. იყო მოსამართლე ბესო ალავიძეზე ზეწოლა, რომელსაც უთხრეს, დაწექი საავადმყოფოში, მოიტეხე კინჩხი და კისერი და თავიდან აიცილე ეს საქმეო. ალავიძე მზად არის ჩვენება მისცეს სპეციალურ საგამოძიებო კომისიას. ის შეხვდა არასამთავრობოებს, პოლიტიკოსებსა და უცხოელებს და ესაუბრა ამ საქმეზე. კერძოდ, ფულის შეთავაზებაზე, ზეწოლაზე, დაბარებაზე კლანთან საქმის გასარჩევად... სხვათა შორის, მას მეორე საქმეზეც უთხრეს, აიცილეო. ეს არ იყო "რუსთავი" 2"-ის საქმე, მაგრამ იყო "ქართული ოცნებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. მოსამართლე ნათია ქუთათელაძეც ააორთქლეს საარჩევნო საქმეებიდან. ეს იყო ჩინჩალაძის სქემა - ნათია წკეპლაძეს ცალკე კოლეგია შეუქმნეს და მხოლოდ მოსახსენებელ საქმეებს აწერდნენ. იყო ზეწოლა მოსამართლე ანა ღელეყვაზეც - ამბობს, მურუსიძემ პირდაპირ მითხრა, რადგან მხარი არ დაგვიჭირე, არ იქნები მოსამართლეო და არც დანიშნეს. ირაკლი შავაძეს ედავებოდნენ, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილებაო, კერძოდ, მამისეიშვილს დაადო ხელი... სასამართლო ტესტების გაჟონვის ამბავი ყველას ახსოვს. ეს ხალხი ამაზეც ლაპარაკობს. საგამოძიებო კომისიის მეშვეობით გავიგებთ, მართალია თუ არა ამ კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია.
- ნინოს გვენეტაძეს არ ჰქონია სურვილი ამ ყველაფერზე საჯაროდ ესაუბრა?
- ეს შემთხვევა დელიკატურია - მას 3 წელი ჰქონდა ურთიერთობა კლანთან და ისწავლა გაჩუმება. ძნელად წარმოსადგენია, მან დუმილი დაარღვიოს, არადა, ბევრ რამეს გავიგებდით. ხომ ამბობს ეს კლანი, არა ვართ კორუმპირებულიო, მაშინ თავად უნდა მოითხოვონ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა, რათა დაამტკიცონ კორუფციაში არჩართულობის საკითხი.
- ვალერი ცერცვაძე წასულია სისტემიდან, მაინც ერევა საქმეებში?
- წასულია, მაგრამ სისტემა რომ არ ჩამოიშალოს, ამისთვის იბრძვის, რადგან იცის, წინააღმდეგ შემთხვევაში მასაც მოუწევს პასუხისგება. ამიტომ დროდადრო მონაწილეობს სისტემის გასამყარებელ სხვადასხვა შეხვედრაში.