რა იწვევს ამომრჩეველში ნიჰილიზმს - კვირის პალიტრა

რა იწვევს ამომრჩეველში ნიჰილიზმს

არც ისე დიდი დრო გვაშორებს 2024 წლის არჩევნებს, არადა, ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები ამომრჩეველში ნიჰილიზმს ნერგავს. გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ­ საყვარელიძე.

- ნიჰილიზმის მიზეზი, წესით, უნდა იყოს ის ვითარება, როცა ადამიანს რა არ­ჩე­ვანიც აქვს, არც ერთი არ აწყობს. სულ ვჩივით, ახალი პარტია, მესამე ძალაა საჭიროო, მაგრამ, თუ დავაზუსტებთ, რას ვგულისხმობთ მესამე ძალაში, აღმოჩნდება, რომ მას მმართველის ტოლი ძალა უნდა ჰქონდეს. ჩვენი ყველა ოპოზიციური პარტია კი­ იმდენად სუსტია, ვერც ერთი ამინდს ვერ ქმნის. ჩვენთვის მისაბაძ ამერიკაში სულ ორი პარტიაა, მაგრამ მესამეს­ არავინ ნატრობს, იმიტომ, რომ ორივე ერთმანეთის ტოლი სიძლიერისაა და როგორც კი ერთს ოდნავ რამე შეეშლება, მოსახლეობა მეორეზე გადაინაცვლებს­ ხოლმე. მათ შორის შედეგებში­ სხვაობა იშვია­თად სცილდება 5-10%-ს. სიძლიერით ტოლი რომ არ ყოფილიყვნენ, სახელმწიფო ერთპარტიული სისტემისკენ წავიდოდა. ჩვენ კი მართლაც ერთპარტიული სისტემისკენ მივდივართ, მაგრამ პრობლემა ის არის, როცა ის ერთი პარტიაც­ არ გაწყობს, რა უნდა ქნა? ამიტომაც ჩნდება გამოუვალი მდგომარეობის­ განცდა. მრავალპარტიული კი არის არჩევნები,­ მაგრამ ასარჩევი არა გვაქვს. პრობლემა და, სხვათა შორის, ნიჰილიზმის მიზეზიც, ისიც არის, რომ მმართველი პარტია ნაკლებად ცდილობს იყოს უფრო მისაღები ამომრჩევლისთვის და არ არის თვითკრიტიკული. წინააღმდეგ შემთხვევა­ში, არ წამოაყენებდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რასაც ამხელა რეაქცია მოჰყვა. დიდი ფიქრი არ სჭირდებოდა იმას, რომ ეს კანონი საბაბს მისცემდა ოპოზიციას აეყირავებინა პოლიტიკური მაგიდა, უწესრიგობა შემოეტანა პოლიტიკურ ურთიერთობაში. ადრეც ბევრი რამ გაუკეთებიათ დაუფიქრებლად. გავიხსენოთ გავრილოვის ღამე. არც დაფიქრდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ამას მარტო ის კი არ მოსდევს, რომ შეიძლება შენ წააგო, რევოლუცია მოგადევნონ, არამედ ისიც, რომ ავტორიტეტი გელახება, მცდარ გადაწყვეტილებებს იღებ, გონივრულად არ იქცევი. იგივე ითქმის ოპოზიციაზეც, მცდარ ნაბიჯებს რომ გადადგამს, ავტორიტეტი მასაც უფუჭდება. დღეს ის უმეტესად სწორედ ასე იქცევა.

- მაგალითად?

- პარლამენტში შეუსვლელობა, საპარლამენტო ტრიბუნის ბოიკოტირება. ხალხმა ოპოზიციას ხმები იმისთვის მისცა, რომ მას პარლამენტში ემუშავა. მე თუ მკითხავთ,­ ის აკვიატებაც, არჩევნები აუცილებლად პროპორციული უნდა იყოს და საპარლამენტო­ რესპუბლიკაო, სისულელე იყო. ახლა შედეგსაც იღებენ - საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს და, ფაქტობრივად, ერთპარტიული ქვეყნისკენ მიდის საქმე­. ვინც ხელისუფლებაშია, არავინ ვარგა, და მათ უკვე უმრავლესობა აქვთ. შეიძლება ვარაუდობდნენ, რომ პატარა მაინც შეხვდებოდათ ერთი დიდი ნამცხვრიდან, რასაც ხელისუფლება ჰქვია, მაგრამ ის ვერ გათვალეს, რომ შეიძლება არც ერთს არ რგებოდა საკმარისი რაოდენობა, მეტისმეტად პატარა ყოფილიყო თითოეულის ულუფა და ქვეყანა აღმოჩენილიყო ერთპარტიული მმართველობის წინაშე. ჰოდა, როდესაც ერთი პარტიის მოქმედებებში გონიერებას არა აქვს შესაბამისი წილი, მაშინ ადამიანი მეორე პარტიის მოქმედებაში ეძებს, მაგრამ ისიც რომ შეცდომებს უშვებს, თანაც უფრო დიდს, ადამიანი დგება იმ რეალობის წინაშე, რომ წესიერი არჩევანი არა აქვს.

- ალბათ, ამიტომ ყველა ბოლოდროინდელი კვლევით, 60%-ზე მეტი ამბობს, რომ არა აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემს ხმას. დიდია ალბათობა, რომ ისინი არჩევნებზე არც მივლენ, პრინციპით, ერთმაც და მეორემაც თავი დამანებეთო. თუ ასე მოხდა, ისევ ისეთ სურათს მივიღებთ, როგორიც 2022 წელს იყო?

- ვინც მივა, მათ ხმებს დაითვლიან, და არა მთლიანი მოსახლეობის. ეგ ერთი, და მეორე - სადაც უფრო საჭიროა კვოტის­ ტიპის შედეგი, ხშირად ნიჰილიზმი იქ არის, მაგრამ, როგორც წესი, ბოლო მომენტში დიდი ნაწილი მაინც გადაწყვეტს ხოლმე მონაწილეობას არჩევნებში. წინასწარი ნიჰილიზმი უფრო დიდია ხოლმე,­ ვიდრე ნიჰილიზმი, რომელიც არჩევნების დღეს აქვს ხალხს. ანალოგიური მდგომარეობაა­ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში­. თითქმის ყველგან არასრულფასოვანი პოლიტიკური­ სპექტრია, იმიტომ, რომ პოლიტიკური სპექტრის მომწიფებას, ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. ამერიკისგან განსხვავებით, ევროპა უფრო მრავალპარტიულია, რადგან ჯერ კიდევ მონარქიის დროს, როცა უკვე მზადდებოდა რევოლუციები, იქმნებო­და პარტიები, რომლებიც ამ რევოლუციებისთვის მუშაობდნენ. ამიტომ არის იქ მრავალპატიულობა, რაც რამდენიმე ასეული წლის პრაქტიკაა. არ დაგვავიწყდეს, რომ იმდროინდელ ევროპაში, სადაც იყო რევოლუციები, ინგლისი,­ გერმანია და საფრანგეთი იყვნენ ინტელექტუალური ცენტრები, ისინი ქმნიდნენ პოლიტიკური ცხოვრების ფილოსოფიას თავი­ანთ ქვეყნებში - ანუ ცარიელი­ თავებით, გულხედაკრეფილი პოზით პოლიტიკა არ კეთდება. ეს დიდი ინტელექტუალური ამოცანაა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ინტელექტუალური ტრადიციები არა აქვთ. საბჭოთა კავშირი კრძალავდა იმაზე ფიქრსაც კი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო სახელმწიფო­ სტრუქტურაში საბჭოთა სტრუქტურის გარდა. მრავალპარტიულობაზე ლაპარაკი­ ზედმეტი იყო და, რა თქმა უნდა, ოპოზი­ციის, მრავალპარტიულობის ტრადიცია ვერ შეიქმნებოდა. სხვა რამესაც დავამატებდი - თუკი დავაყე­ნებდით საკითხს, რა გვჭირდება, მოვიქცეთ ისე, როგორც აშშ - ფაქტობრივად, იქ მოსახლეობამ გადაწყვიტა ყველაფერი, თორემ რეგისტრირებული პარტია იქაც ბევრია.

ერთია, კარგი იქნებოდა, გვყავდეს ორი პარტია და მეორე - არავითარი საპარლამენტო რესპუბლიკა, აიღონ გეზი საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე, მაჟორიტარულ არჩევნებზე, სადაც თითოეულ კანდიდატს ირჩევს მოსახლეობის ნაწილი და ა.შ. ამ სისტემაზე დგას ამერიკა 200 წელია. ეს არის გამოსავალი, ოღონდ საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლა მოითხოვს გაბედულებას და იმის ინტერესს, ქვეყანას რა გამოადგება. მხოლოდ ზურა ჟვანია იყო მომხრე საპარლამენტო რესპუბლიკის,­ თვითონ­ მიიწევდა პრემიერ-მინისტრობისკენ და აუსრულდა ოცნება. მან კარგად იცოდა,­ რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკაში ვერ გახდებოდა პირველი პირი, ანუ პრეზიდე­ნტი­, ქარიზმა არ ჰქონდა. ასე რომ, გადაწყვეტილების მიღების დროს, რომელი სისტემა ურჩევნიათ, უნებლიეთ პოლიტიკოსები არჩევანს აჩერებენ იმაზე, რაც მათთვის იქნება შედეგიანი და არა ქვეყნისთვის.

მართლაც დიდი დატვირთვაა პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღება. არიან საპრეზიდენტო რესპუბლიკები, რომლებიც­ ვერ ახერხებენ ამერიკასთან გატოლებას­. საპრეზიდენტო რესპუბლიკას ძლიერი ფიგურები სჭირდება. თუმცა ესეც არ არის გამოსავალი, აგერ ამერიკის სისტემაც კრიზისშია. ერთ მხარეს არის ოთხმოცდარაღაცა­ წლის ბაიდენი, მეორე მხარეს - ტრამპი.­ ერთ კაცზე აგებული სისტემის ხარვეზი ესაა. იდეალური არც ერთი არ არის, მაგრამ უნდა ამოხვიდე იმ მდგო­მარეობიდან, რაც გაქვს. რადგან პარტიების დიდი რეიტინგი არა გვაქვს, პრობლემა კი უამრავია, საქართველოსთვის გარკვეული პერიოდით საპრეზიდენტო რესპუბლიკა ჯობს.

- ჩავჯდეთ ამომრჩევლის ტყავში, რომელიც პოლიტიკურ პროცესებს მედიით ეცნობა.­ ისინი რა არჩევანის წინაშე შეიძლება დადგნენ 2024 წლის არჩევნებისთვის?

- ჯერ ერთი, ძალიან დიდია ნიჰილიზმის შანსი; მეორე, მოსალოდნელია ხელისუფლების მხარდაჭერა უფრო იმის გამო, რომ ხელისუფლება ცდილობს შეინარჩუნოს მშვიდობა და ეს ამომრჩეველს აწყობს; მესამე ვარიანტია ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმეს არჩევა. თუმცა მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

- 2024 წლის არჩევნებზე ისევ ცუდსა და უარესს შორის გვექნება არჩევანი?

- დიახ, საერთოდ, ასეთია ყველა არჩევანი. რა, ტრამპი რომ აირჩიეს, არ იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის? ბაიდენი რომ აირჩიეს, არ იყო ცუდსა და უარესს შორის არჩევანი?

- გამსახურდია რომ აირჩიეს?

- იგივე იყო, იმიტომ, რომ ერთ მხარეს იყო კომუ­ნისტური პარტია, მეორე მხარეს სრულიად გამოუცდელი ჯგუფი გამსახურდიას ხელმძღვანელობით... ჯერჯერობით, ამ გადასახედიდან, არჩევნებში დაწინაურების ყველაზე მეტი შანსი სახელისუფლებო პარტიას აქვს.

- არ შემიძლია არ გკითხოთ კეზერაშვილის შესახებ ატეხილ ამბებზე.

- ახალი შტრიხები მის პორტრეტს არ შემატებია, კეზერაშვილი თავიდანვე იყო ტოქსიკური ფიგურა. სააკაშვილის პერიოდში, თუ სააკაშვილი არ შეხედავდა კეთილი თვალით, კეზერაშვილის გარშემო ფიგურები არ გროვდებოდნენ, განსხვავებით დღევანდელი დღისგან. დღეს კეზერაშვილზე ორიენტირებული პირები არცთუ ცოტანი არიან. მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ერთი მხრივ "ნაცმოძრაობამ" დაკარგა სააკაშვილის ფიგურა თვითონ სააკაშვილისა და მისი ახლობლების ხელშეწყობით, რომლებიც ჯიუტად გაიძახოდნენ და გაიძახიან, დემენცია აქვსო, სუსტი და უძლური კი ლიდერი ვერ იქნება. ოპოზიციურ სპექტრში ვიღაცაზე ორიენტაცია სჭირდებოდათ და გეზი აიღეს კეზერაშვილზე, რომელიც თანახმაა იყოს ლიდერი, უპირველეს ყოვლისა, ფინანსური. მისგან მეტი არც არაფერი აინტერესებდათ. დიდი თეორეტიკოსი რევოლუციური მოძრაობისა კეზერაშვილი არ იყო. ფინანსური მხარე კი მნიშვნელოვანია...

- რა არის მთავარი პოლიტიკაში - ფული თუ პრინციპები?

- ფული ძალიან მნიშვნელოვანია. როცა პრინციპულ ადამიანებს ფული აქვთ, კარგია. როცა ერთ-ერთი აკლია, პოლიტიკური სურათი მკაფიო არ გამოდის.