"შესაძლოა, მალე სკანდალური მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდეთ"
ცოტა ხნის წინ BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ და ეძღვნება საპენსიო ასაკის პირების დანაზოგის თაღლითურად მითვისებას. ამ საქმეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული. BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა კეზერაშვილი და განაცხადა, რომ ქოლცენტრების საქმესთან კავშირი არა აქვს. რა კავშირი შეიძლება იყოს მოსამართლეების სანქცირების ამბავსა და ქოლცენტრების საქმეს შორის, გაემიჯნება თუ არა ოპოზიცია საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში ეჭვმიტანილ ექსმინისტრს, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- საინტერესო ამბები ხდება. გარდა იმისა, რომ მოსამართლეების საკითხი და ქოლცენტრების საქმე ერთმანეთს უცნაურად დაემთხვა, საინტერესოა ისიც, რომ "ქართულ ოცნებას" BBC-ის სანდოობაში ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ უნდობლობას უცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. "ნაცმოძრაობა" ვერ ამბობს, რომ BBC შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ კეზერაშვილი თავის სიმართლეს დაამტკიცებს. სცადეს ეთქვათ, რომ ამ ამბის უკან რაღაც ინტრიგაა, მაგრამ საეჭვოს ვერაფერს ხედავენ მოსამართლეების სანქცირებაში. ამ ორ ამბავს შორის პარალელი იმის დასადასტურებლად გავავლე, რომ მმართველი გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა ერთმანეთისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებიან. ორივე პროცესებს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აფასებს და არც ერთს არ აინტერესებს რეალობა. რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან BBC-ის გამოძიება და მოსამართლეების საქმე? საზოგადოება ვერ ახერხებს ამოსვლას იმ ჭაობიდან, რომელშიც 30 წელია ჩაფლულია. "ქართული ოცნება" რასაც წარმოადგენს, ვიცით. ისიც ვიცით, რა იყო "ნაცმოძრაობა", მაგრამ ვერ ვახერხებთ, რომ ერთიც და მეორეც პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ. აი, ამაში გვჭირდება დახმარება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და BBC-ის განცხადებები, ორივე მიმართულია "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" დისკრედიტაციისკენ. სხვანაირად როგორ უნდა დაგვეხმაროს დასავლეთი, ხელისგულზე დაგვიდო, რას წარმოადგენს ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალა. თუ გავაანალიზებთ, როგორი მასშტაბური იყო ქოლცენტრების პროექტი, და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ორგანიზაციას ოფისი თბილისში ჰქონდა, ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ ამ ამბავში ხელისუფლების თანამონაწილეობა ვერ დავინახოთ. როგორც ჩანს, პროცესი გაგრძელდება. არც იმას გამოვრიცხავ, გავიგოთ, თუ როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ ხელისუფლება, კეზერაშვილი და აწ მისი "ნაცმოძრაობა". წესით, ამის შემდეგ ქართველმა ხალხმა გამოფხიზლება უნდა დაიწყოს და საბოლოოდ მიხვდეს, რომ ეს ორი ძალა ერთნაირია და ორივე პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს. თუ ამას გავაკეთებთ, მოჯადოებულ წრეს თავს დავაღწევთ, თუ არადა, დავრჩებით ისევ იმ უბედურებაში, რომელშიც 30 წელია უკვე ვართ.
- ალბათ, გახსოვთ, 2014 წელს, როდესაც კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, სააკაშვილმა სასამართლოს სარეკომენდაციო წერილი მოსწერა, რომ "დავით კეზერაშვილის პატიმრობა ნიშნავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობის შემცირებას დააფინანსოს პოლიტიკური აქტივობები და მონაწილეობა მიიღოს მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომ კეზერაშვილი იყო პარტიისთვის ფინანსების მოძიების მთავარი ორგანიზატორი. დიდი სურათის ეს ერთი დეტალი რას გეუბნებათ?
- იმას, რომ კეზერაშვილმა საკუთარი თავისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთა. 2013-2014 წლებში სააკაშვილის მაქებარიც იყო, მისი დაკვეთების შემსრულებელიც და დამფინანსებელიც. მოგვიანებით პირველად სწორედ სააკაშვილმა თქვა კეზერაშვილზე, ჩვენი ხელისუფლების დროს იშოვა ფულიო. როგორც ჩანს, ერთხანს უარი თქვა "ნაცმოძრაობის" დაფინანსებაზე და "ევროპული საქართველოს" დაფინანსება დაიწყო, მაგრამ არც ეს პროექტი აღმოჩნდა მომგებიანი და სხვაგან გადაწყვიტა ფულის დაბანდება. კეზერაშვილის, "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" შეთანხმებული მოქმედებები მეტყველებს, რომ სააკაშვილი დღეს აღარც "ნაცმოძრაობისთვის" არის ფაქტორი და აღარც კეზერაშვილისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც დაკარგავს მნიშვნელობას.
- ისინი ისედაც არ იყვნენ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი.
- დიახ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო და ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ანგარიშს მაინც უწევდნენ. მას შემდეგ, რაც "ნაცმოძრაობაში" "ხავერდოვანი რევოლუცია" მოხდა და პარტიის სათავეში ის ხალხი მოვიდა, რომელსაც "ქართულ ოცნებასთან" დალაგებული აქვს საქმე, სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა ფასი. ეს ლოგიკურიცაა - როდესაც ერთმანეთთან იდეისა და ღირებულების კი არა, პირადი გამორჩენის მიზნით იწყება თანამშრომლობა, "გადაგდება" ჩვეულებრივი ამბავია. რაში სჭირდებათ ახლა სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას", კეზერაშვილს ან მერაბიშვილს? ყველაფერი იმაზე მეტყველებს, სააკაშვილი პოლიტიკურ პენსიაზე მიდის. როგორც ჩანს, კეზერაშვილი არა მარტო სააკაშვილთან, "ქართულ ოცნებასთანაც" ცდილობდა "დალაგებას".
- როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მოსამართლეებისა და ქოლცენტრების ამბავს?
- კეზერაშვილი ქოლცენტრების პროექტს ხელისუფლების ფარულად ვერ წამოიწყებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველ გუნდს ამ ამბის გარკვევის ხალისი დიდად არ ექნება, მაგრამ საქმეში BBC-ის ჩართულობის გამო იძულებული იქნება რაღაც მოიმოქმედოს, რა იქნება ეს რაღაც, ძნელი სათქმელია, თუმცა ვადამდელ არჩევნებს არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა და მოსამართლეების სანქცირება და ქოლცენტრების საქმე მართლა გახდა "ქართული ოცნების" ლიდერებისა და კეზერაშვილის შეთქმულების გამოაშკარავების წინა პირობა, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი გახდება.
- როგორ წარმოგიდგენიათ, მოვლენების ასეთ განვითარებას რამდენად სწორად აუწყობს ფეხს ოპოზიცია?
- ქართველ ხალხს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად, "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას", საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. მგონი, ეს დასავლეთმაც კარგად იცის და ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს მესამე ძალის შექმნას. რამდენად შეძლებს "ნაციონალებისა" და "ოცნებისგან" გამიჯნული ოპოზიცია ამ შესაძლებლობის გამოყენებას, ეს უკვე მათი საქმეა.
- თუ თქვენი ვერსია გამართლდა და "ქართული ოცნების" ლიდერებსა და კეზერაშვილის შეთქმულება გამოაშკარავდა, რატომ გგონიათ, რომ "ოცნება" და "ნაცები" მაინც შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას?
- ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას მაძლევს "ნაცმოძრაობის" მაგალითი. რაც "ნაციონალებმა" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთეს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, წესით, აღარ უნდა ჰქონოდათ ხალხის მხარდაჭერა. არადა, დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაა. იგივე ითქმის "ქართულ ოცნებაზეც". ამ პოლიტიკურ ძალას აუცილებლად დაუდგება კრიზისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ელექტორატს დაკარგავს. ორივე პოლიტიკური პარტია დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ წამყვანი უნდა გახდეს მესამე ძალა.
- მთელ ამ ამბავში, როგორ აფასებთ პრეზიდენტის სტრატეგიას, რომლის გამოც დღეს ორმხრივ ცეცხლშია მოყოლილი? ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდი ძალიან გააღიზიანა მისმა განცხადებამ, სადაც ამბობს, რომ სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების გამო გადადო. მეორე მხრივ, ოპოზიციის ნაწილი ესხმის თავს, რომ სააღდგომოდ შეწყალებულ პატიმრებს შორის არ აღმოჩნდა ნიკა გვარამია.
- სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიაა წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებს არც "ქართული ოცნება" ატარებს და არც "ნაცმოძრაობა". დარწმუნებული ვარ, ამ ხაზს გააგრძელებს. შესაბამისად, არც გვარამიას შეიწყალებს და არც სააკაშვილს. რატომ? იმიტომ, რომ ორივე "ნაცმოძრაობასთან" ასოცირდება... ზურაბიშვილს კი აქვს ნათქვამი, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში აღარ დარჩება და ამის მიზეზად ასაკი აქვს დასახელებული, მაგრამ არა მგონია, მომენტის გამოჩენის შემთხვევაში უარი თქვას. ბაიდენი მასზე გაცილებით უფროსია, მაგრამ... ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ცდილობს არ დაიტოვოს შავი ლაქები, ამასთან, "ოცნებას" არ მისცეს საშუალება, "ნაციონალების" მხარდამჭერად გამოიყვანოს. თავად განსაჯეთ, რამხელა კოზირი ჩაუვარდება ხელში მმართველ გუნდს ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუ ის გვარამიასა და სააკაშვილს შეიწყალებს.
- ესე იგი, არ იზიარებთ ვერსიას, რომ ის ივანიშვილის ინსტრუქციებით მოქმედებს?
- დიახ, არ ვიზიარებ. ზურაბიშვილმა ივანიშვილისგან უკვე მიიღო ის, რაც სჭირდებოდა - პრეზიდენტის პოსტი. არ ვიცი, რა ხდება ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ მისი სტრატეგია, შეინარჩუნოს ნეიტრალური მდგომარეობა "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის, მეტყველებს, რომ ნიადაგს ამზადებს პოლიტიკაში დარჩენისთვის. ბიძინა ივანიშვილის რა მოგახსენოთ, მაგრამ, მგონი, დასავლეთის ინსტრუქციებსა და მითითებებს კი ითვალისწინებს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დასავლელ პარტნიორებს ზურაბიშვილი გაცილებით მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე ივანიშვილს.
ხათუნა ბახტურიძე