„ღმერთმა დაგვიფაროს, ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნებას უმანკო ახალგაზრდების სისხლი დასჭირდეს“
ბოლოდროინდელ მოვლენებზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე საბა (ინწკირველი) გვესაუბრა:
- ქრისტეს აღდგომის დღესასწაულია. ძალიან ამაღლებული განცდა გვაქვს ყველას, რადგან ამ დღეს კაცობრიობამ სიკვდილზე გამარჯვება იზეიმა. ეს დღესასწაული იმედია სამყაროსთვის, კაცობრიობისთვის. ამ იმედით ვცოცხლობთ, რადგან უდიდესი ნუგეში გვაქვს, თუ როგორ გაიმარჯვა იესომ სიკვდილსა და ბოროტებაზე. თუმცა ამ დღეს ასევე ვსვამთ კითხვას, როგორ უნდა წავიდეთ უკეთესობისკენ. ქრისტე ღმერთი სინათლე და ნათელია, მაგალითს მისგან უნდა ვიღებდეთ. ის, რომ მიმტევებლები არა ვართ, სიყვარული არ გაგვაჩნია, მხოლოდ ქართველების კი არა, კაცობრიობის პრობლემაა. მერე გვიკვირს, რით ვერ დასრულდა ეს განხეთქილება, ვერ ამოვწურეთ ეს ქიშპობა, სიძულვილი, უპატივცემულობა... როდესაც სხვისგან ვითხოვთ კეთილშობილებას, გულწრფელობას, სიყვარულს, იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, ვხედავთ თუ არა ჩვენს შეცდომებს. საკუთარი თავისთვის ყველა იღვწის, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრება სხვაზე უანგარო ზრუნვაა. როდესაც აღდგომის დღესასწაულს აღვნიშნავთ, კარგი იქნება, დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა, წლიდან წლამდე, მარხვიდან მარხვამდე, რა შეიცვალა ჩემში, რა გამოვასწორე ან ვეცადე მაინც? ხორცშესხმულმა, განკაცებულმა ძე ღვთისამ, რომელიც ჩვენ შორის ისე ცხოვრობდა, როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი, მაგალითი მოგვცა, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ მასავით ვერ ვიცხოვრებთ, რადგან მოკვდავები ვართ, მაგრამ თუ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ, მის მცნებებს უნდა მივყვეთ, რათა მივუახლოვდეთ მის გზას. ქრისტე ყველაფრით გვგავდა, ადამიანური განცდები მასაც ჰქონდა, შიოდა, სტკიოდა, სციოდა, განიცდიდა ღალატს, შურს, მაგრამ ცოდვები არ ჰქონია. როდესაც მისი მეგობარი ლაზარე მიიცვალა, მან მკვდრეთით აღადგინა. ადამიანურად შეეძლო სხვების თანადგომა, მათ შორის ცოდვილი, განსხვავებული ადამიანების, რომლებიც იმდროინდელი მორწმუნე საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ მაცხოვარი მაინც მიდიოდა იმ ხალხთან და მათთან ერთად პურს ჭამდა, ესაუბრებოდა, მათ გასაჭირს ისმენდა... ქრისტიანები ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე უნდა ვფიქრობდეთ, რომლებიც ეკლესიისგან დაშორებული არიან. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ მათთვის მაგალითი გავხდეთ, ამას კი სიყვარული სჭირდება. თუ მათ ჩვენს მტრად წარმოვაჩენთ, პატიებისა და სიყვარულის მაგალითს არ მივცემთ, ვერასდროს შევძლებთ თანადგომას, გაერთიანებას. ჯვარცმული ქრისტე, რომელიც ადამიანებმა გააკრეს ჯვარზე, მამა ღმერთს ევედრება, აპატიე, რამეთუ არა იციან, რას იქმანო. ასევე უნდა ვევედროთ ჩვენც უფალს იმ ადამიანების ქმედებების შენდობა, რომლებმაც არ იციან, რას იქმან. არც იმ ადამიანებს ჰქონდათ სინანული, ვინც ქრისტე ჯვარს აცვეს, დასცინოდნენ, მაგრამ უფალი მაინც ლოცულობდა მათთვის, რათა სინანული გასჩენოდათ... ზოგჯერ ადამიანი თავის დანაშაულს ვერ ხვდება, მაგრამ ქრისტიანი, თუ ჭეშმარიტად სწამს უფლის, ნიშნის მოგებით კი არ უდგება მას, გულით ზრუნავს მასზე.
- ხშირად გვესმის, რომ საზოგადოება, მათ შორის, სასულიერო პირები, ჭეშმარიტ ქრისტიანობას დავშორდით.
- როდესაც მაცხოვარი ჯვარს ეცვა და განკაცდა, იმდროინდელი საზოგადოება გარეგნული წესების აღმსრულებელი იყო. მაცხოვარმა მათ უთხრა, განგოზილ საფლავს ჰგავხართ, რომელიც გარედან ლამაზია, შიგნით კი აქოთებული ძვლებით არის სავსეო. აღდგომამდე რამდენიმე დღის წინ, 9 აპრილს, ბზობა ვიზეიმეთ. მიკვირს, ყველაზე მეტი ხალხი მხოლოდ ბზის წასაღებად მოდის. არადა, ეს დღესასწაული მხოლოდ ნაკურთხი ბზის შინ წაღებას არ ნიშნავს. ისევე, როგორც აღდგომა არ არის მხოლოდ კვერცხის შეღებვა და პასქის გამოცხობა. ეს მხოლოდ ტრადიცია და მოლხენის მიზეზი არ არის, როგორც ჩვენშია დამკვიდრებული. აღდგომის მარხვას ორმოცდღიანი მარხვა უძღვის წინ. ადამიანი შინაგანად იცვლება, საკუთარი თავის განახლებას ცდილობს, ჩვენს თავში სიძულვილის, შურის, უსიყვარულობის, განკითხვის, ვნებების დათრგუნვას ვცდილობთ და ასე ვხვდებით აღდგომას, როგორც დღესასწაულთა შორის დღესასწაულს. წმინდა მამა იოანე ოქროპირი ამბობს, დღეს ცა და დედამიწაა გაერთიანებულია და ვინც ლიტურგიაზე, წირვაზე მოდის, უფლის ტრაპეზიდან მშიერი არავინ უნდა წავიდეს. მათ, ვინც პირველი, მესამე, მეექვსე ან მეთერთმეტე ჟამიდან იმარხულა, ყველამ მიიღოს ზიარებაო. ადრე, ასეთი წესი იყო, თუ ადამიანი ცოდვას ჩაიდენდა, ადამიანს მოკლავდა ან იმრუშებდა, დიდი ხნის განმავლობაში არ აზიარებდნენ, მაგრამ აღდგომის დღესასწაულზე ყველას აზიარებდნენ, იმდენად დიდია ამ დღეს უფლის წყალობა. მაცხოვარი ამბობს, იყავით მოწყალენი ერთმანეთის მიმართ, ვითარცა ღმერთიო...
აღდგომის დღესასწაულს უდიდესი სიხარული მოაქვს, მაგრამ ჩემი ფიქრი მაინც უკრაინას დასტრიალებს. ათასობით ადამიანს ყოველგვარი სიხარული წაართვა რუსულმა ჭურვებმა. უკრაინელი მებრძოლები საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმული, ათეულობით ქართველი სანგარში შეხვდა ამ დიდებულ დღესასწაულს. ჩვენი ბიჭები გმირულად დაეცნენ უკრაინის მიწაზე, სადაც საქართველოს რუსეთისგან იცავენ, ისევე, როგორც 90-იან წლებში აფხაზეთში ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ უკრაინელები. თითქოს ბედისწერამ გადააჯაჭვა ამ ორი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. ორივეს ერთი უმძიმესი განსაცდელი გვაქვს - რუსეთთან მეზობლობა. მთელი გულით და სიყვარულით ვლოცულობ უკრაინისთვის, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინის გამარჯვებით, თუმცა არც ის ვიცი, რამდენად გამართლებულია ამ სიტყვის გამოყენება, ამდენი სისხლის ღვრის, ნგრევის, სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ბუნების კანონზომიერებით იმან უნდა გაიმარჯვოს, ვინც ღვთის და ხალხის წინაშე მართალია. უკრაინელები თავიანთ მიწას, სახლ-კარს, ოჯახებს იცავენ და ღმერთს შევთხოვ, მათ გაიმარჯვონ, რათა მაგალითი გახდეს სხვა ქვეყნებისა და ერებისთვის, რომ ძალმომრეობით ვერ დაიმონებ ხალხებსა და ქვეყნებს. მხოლოდ იმიტომ, რომ ტერიტორიულად მათზე დიდი ხარ, უფლება არა გაქვს სხვას თავისუფლება წაართვა. დღევანდელ რუსეთს ძლიერს ვერ ვუწოდებ, ომს ყოველთვის შიდა პრობლემების გადასაფარად იწყებს და ეს ძალიან კარგად აქვს აპრობირებული. მაშინვე ამუშავდება პროპაგანდა - დასავლეთი გვებრძვის, რა დროს შიდადაპირისპირებააო და ყველაფერი მიჩუმდება. ის ქვეყნები, სადაც დემოკრატია არ არის, ყოველთვის ასე იქცევიან - პატარა, მეზობელი ქვეყნების დაჩაგვრის ხარჯზე უნდათ ძალაუფლების გამყარება. ორი საუკუნეა საქართველომ სენი, სახელად "რუსეთი", ვერ მოიშორა. სასულიერო პირი ვარ, მაგრამ ჩემს მოქალაქეობრივ ვალსაც ვგრძნობ ხალხის წინაშე და სიმართლეს გვერდს ვერ ავუვლი თუნდაც იმიტომ, რომ მღვდელმთავრების სიტყვამ საზოგადოება უნდა გამოაფხიზლოს - მარტის პირველ რიცხვებში თბილისის ქუჩებში გამოსულმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას. რუსული მარწუხების მტვრევას ჩვენ 9 აპრილს სისხლის ფასად მივაღწიეთ. სულ ვფიქრობ იმ სისხლიან დღეებზე, თუ რას გაუძლეს ანთებულმა ახალგაზრდებმა. როგორი ძლიერი იყო სისხლის ყივილი, თავისუფლების ჟინი, რომ რუსულ ტანკებს დაუდგნენ წინ. დარწმუნებული ვარ, ქართველ კაცში გენეტიკური მეხსიერება არასდროს მოკვდება. უფრო ადრეც, XIX საუკუნეში და XX საუკუნის დამდეგს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ, მაგრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის დიდებული სიტყვების არ იყოს, "და გზა უვალი, შენგანი თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება!.." საბედნიეროდ, დარჩა და გაღვივდა ჩვენს გულებში. ის ახალგაზრდები, რომლებიც მარტის აქციებში მონაწილეობდნენ, დაბადებულიც არ იყვნენ 90-იანი წლების ბოლოს, მაგრამ მათი მშობლები იდგნენ იქ და ისტორიულად იციან ყველაფერი. ჩვენს ერს იმისთვის არ უბრძოლია, რომ ისევ უკან, რუსეთში დაბრუნდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, ქვეყნის თავისუფლების შენარჩუნებას უმანკო ახალგაზრდების სისხლი დასჭირდეს.
იმ დღეებში ინტერნეტსა და ტელევიზორს არ მოვშორებივარ, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს დანაღმულ ველზე დავდიოდით. 30 წელზე მეტია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რატომ ვერ უნდა შეგვეძლოს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვა?! ეს ეხება ხელისუფლებასაც და იმ პოლიტიკურ ძალებსაც, რომელთაც სურთ აქციაზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება მოხდეს. ვიღაცებმა თავის მართლება დაიწყეს - მასშტაბურ პროტესტს გადაცდომები ყოველთვის ახლავსო. ამერიკაშიც გვინახავს, ქუჩებში ლამის ცეცხლს ანთებენ, მაგრამ ამაში მოსაწონი არაფერია. ევროპაშიც ბევრი რამ არის მიუღებელი, ეს არ არის გამართლება. ძალადობა ყოველთვის შობს ძალადობას. მაგრამ ამერიკას სხვა რეალობა აქვს, ეკონომიკურად, სამართლებრივად ბევრად წინ არიან, ნუ შევედრებით მას. იქ კონტროლის მექანიზმიც სხვაგვარია.
ქართველ საზოგადოებას თითქოს ძალიან ცოტა ჰყოფნის ასაალებლად, მაშინვე შევიძულებთ ერთმანეთს და ეს არასდროს გვავიწყდება. ვთხოვ ჩემს შვილებს, დებს და ძმებს, ვისწავლოთ მშვიდობიანი პროტესტი. როდესაც ერს ერთი იდეა აერთიანებს, მას ვერაფერი დაუდგება წინ, ვერც სახელმწიფომ შეძლო იმ მუხტის ჩაქრობა. როდესაც უკან დასახევია, დაიხევს კიდეც... თუმცა გულწრფელი პროტესტის პარალელურად, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. არანაირ მატერიალური სიკეთე არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლედ. ჩემს სიცოცხლეს დღესვე გავიღებ, რადგან გააზრებული მაქვს ის მწარე გამოცდილება, რაც რუსეთთან ყოფნამ მოგვიტანა, მაგრამ უდანაშაულო ახალგაზრდის სიცოცხლის ფასად მოტანილი თავისუფლება ღირებული ვერ იქნება... არ შეიძლება ადამიანების გამოყენება არც ერთი მხრიდან. ორივე მხარე მიდიოდა პროვოკაციაზე - პოლიცია, რომელიც დაცემულ ბავშვს ურტყამდა, ახალგაზრდები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ... რაც მთავარია, ვნახე პოლიტიკოსები, რომლებმაც სიტუაცია მიუშვეს, თითქოს სეირს უყურებდნენ. მათ საქართველოში არ უნდა იცხოვრონ? სისხლი რომ დაღვრილიყო, შეძლებდნენ იმ ტვირთით ცხოვრებას? თუ შეძლებდნენ, მით უარესი მათთვის და თუ ამაზე არ უფიქრიათ, საშინელებაა.
ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვა მედიაზეც, რომელიც ხშირად ანტიპიარს უკეთებს დასავლეთს. ყველაფერი, რაც ევროპასა და ამერიკაში ხდება, უპირობოდ არ უნდა მივიღოთ, მაგრამ ის, რომ დასავლეთში ადამიანის თავისუფლება დაცულია, ჭეშმარიტებაა, მაგრამ ის სწორად უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას. ადამიანის, პიროვნების თავისუფლება კანონით არის დაცული. იქ სხვა ადამიანის დამცირება და შეურაცხყოფა დასჯადია. ეს არის დასავლეთის მთავარი ღირებულება და არა, ძალადობის წაქეზება რეიტინგისთვის... ჯანსაღი კრიტიკა როგორც საჯარო პირების, პოლიტიკოსების, ასევე სასულიერო პირების ყოველთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენი მედია იმათ აძლევს ტრიბუნას, ვინც სიძულვილის ენით საუბრობს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ძალადობის წახალისება, აგრესიის პოპულარიზაცია. ეს აგრესია ხომ ახალგაზრდებში, მოზარდებში ღვივდება. მათ ეთერებში პოლიტიკოსები მოსისხლე მტრებივით ლანძღავენ ერთმანეთს. ზოგჯერ მგონია, გარე ძალა არც არის საჭირო, ისე ვანადგურებთ ერთმანეთს. თუ გვინდა რამე გამოსწორდეს, ჩვენს გულებში უნდა ჩავიხედოთ, სინდისს ვკითხოთ, რამდენად კეთილსინდისიერად ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ხელისუფლებები წავლენ, ადამიანები კი ისევ ერთი ცის ქვეშ გააგრძელებენ ცხოვრებას. განსხვავებული აზრი ნორმალურია, მათ შორის სასულიერო პირებშიც, მაგრამ ამის გამო ერთმანეთის განადგურება არ შეიძლება. რაც მეტი რყევა იქნება ქვეყანაში, მით უფრო გაჭიანურდება ევროპასთან ინტეგრაცია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არაერთხელ უთქვამს, რომ ეკლესია დგას იმ არჩევანის მხარეს, რომელიც ხალხმა გააკეთა - ეს არის ევროპა და ევროატლანტიკური სტრუქტურები. მღვდლები და მღვდელმთავრებიც ადამიანები ვართ, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს მომავალი დევს სასწორზე, მათ პოლიტიკოსებზე მეტი სიფრთხილე მართებთ, რადგან მეტი პასუხისმგებლობა აქვთ. სასულიერო პირებს უდიდესი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე და პირადი სიმპათია-ანტიპათია არ შეიძლება იყოს განმსაზღვრელი. წლებია ამერიკაში ვცხოვრობ და ვმსახურობ, ევროპაზეც მაქვს საკმარისი წარმოდგენა. ამ უმძიმესი რეალობის დროს ევროპის გარყვნილებაზე საუბარი მორალურად რამდენად გამართლებულია მაშინ, როდესაც მთელი ბავშვობა 37 მანეთად რუსეთში სირბილზე უხამსი ხუმრობები გვესმოდა. თუ ვინმე ამბობს, საბჭოთა კავშირის დროს მშვიდად და ძმურად ვცხოვრობდითო, ეს შინაგანი მონური მდგომარეობის გამოხატვაა. კი არ ვცხოვრობდით, გვგუდავდნენ, წინააღმდეგობას სისხლში ახშობდნენ. ვისთვისაც თავისუფლება მნიშვნელოვანია, სმა-ჭამაში ვერ იპოვის ბედნიერებას. ქართველი ერის გენეტიკაში "მონური ნაყროვანება" არ დევს, მონობასა და ჭაობში არასდროს გვიცხოვრია და თუ გვამყოფებდნენ, იძულებით. თუ მონობისა და თავისუფლების არჩევანის წინაშე დადგებოდა - სიკვდილზე მიდიოდა ჩვენი წინაპარი, ერიც და ბერიც. ქრისტიანული რელიგია ადამიანს თავისი აზრის გამოხატვის უფლებას აძლევს. იმავდროულად, ტოლერანტობასაც ასწავლის, მაგრამ ვერ ვეთანხმები მათ, ვინც მიმტკიცებს, რომ კომუნიზმის დროს კარგად ვცხოვრობდით. საბჭოთა კავშირი იყო რეპრესია, ძალადობა, ტყვეობა ბორკილი, რომელიც, საბედნიეროდ, დაიმსხვრა. ბებიაჩემისგან მახსოვს, ერთი გადაბრუნებული სიტყვა რომ დაგცდენოდა სტალინზე, დაგხვრეტდნენ, უკეთეს შემთხვევაში, გადაგასახლებდნენო. უდანაშაულო ადამიანს აბრალებდნენ, რომ პარტია ან ბელადი აუგად მოიხსენია და ცხოვრებას უნგრევდნენ. ყველაზე მეტი ეკლესია-მონასტერი საბჭოთა წლებში დაინგრა. დევნიდნენ და აწამებდნენ ღირსეულ სასულიერო პირებს. ე.წ. ცენტრის გარეშე ეკლესია ვერაფერს აკეთებდა, მათთან შეთანხმების გარეშე სასულიერო პირსაც ვერ აკურთხებდა.
დღევანდელი რუსეთი ბევრად უარესია საბჭოთა რეჟიმზე. საქართველო იმ ჯოჯოხეთში აღარასდროს დაბრუნდება და ეს ძალიან კარგად აჩვენეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც მარტის პირველ რიცხვებში აქციაზე იდგნენ. ქართველ ხალხს არასდროს ჰქონია სხვა ერთან პრობლემა. ამის დასტურია ის, რომ თავიანთი ქვეყნიდან გამოქცეული რუსები საქართველოს მოაწყდნენ.
ომის პირველივე დღიდან ჩემი, როგორც სასულიერო პირის მოწოდებაა, რომ ომი კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტებაა და კაცის კვლის უფლება არავის აქვს. ვისურვებდი იგივე მოწოდება რუსეთის პატრიარქისგან მომესმინა, მაშინ მის გვერდით დავდგებოდი, მაგრამ ახლა, როდესაც ის ახალისებს ომს, ხალხს მოუწოდებს, ვინც ომში მიდის, თავისი მეგობრებისა და ქვეყნის თავისუფლებისთვის წირავს თავსო, რომელ ქვეყანაზეა საუბარი, როდესაც უკრაინას თავად დაესხნენ თავს და უმწეო ქალებსა და ბავშვებს ხოცავენ?..
კიევში უნდოდათ ტანკებით შეგრიალება, ეგონათ, ხალხი ბუშტებით დახვდებოდა, მაგრამ ხელყუმბარებით უცვივდებოდნენ ტანკებს ქვეშ. უკრაინამ ომი უნდა დაასრულოსო, ამბობენ, მაშინ, როდესაც მათ მიწას ბომბავენ, ეს ხომ ცინიზმია. ქრისტიანობას როგორ ვახსენებთ, როდესაც პუტინსა და მის გუნდზე ვსაუბრობთ, რომელთაც ადამიანის სიცოცხლე, სხვათა შორის, არც თავიანთი მოქალაქეების, არაფრად უღირთ. ამაზრზენი პროპაგანდაა ის, რომ "ქრისტიანობის დამცველი რუსეთი" თურმე უკრაინელ ხალხს დენაციფიკაციისა და დასავლეთის სახიფათო გავლენისგან იცავს. სინამდვილეში, პუტინის რუსეთს ქრისტიანობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. კაცობრიობას ახსოვს პირველი ოთხი საუკუნე, მილანის ედიქტამდე, სანამ ქრისტიანებს თავისუფლება მიეცემოდა, იყვნენ ქრისტიანები, რომლებიც მართლაც სიცოცხლის ფასად იცავდნენ ამ რელიგიას, სხვას კი არ ებრძოდნენ, მის დაცვას ეწირებოდნენ. წმინდა გიორგი თავადაც მეომარი იყო, შეეძლო ჯარი შეექმნა და იმპერატორს წინ აღსდგომოდა, მაგრამ ამის ნაცვლად მრავალი ტანჯვა დაითმინა. ქრისტიანობის დაცვა სხვათა კვლით არ ხდება. როდესაც გეთსამანიის ბაღში მაცხოვრის შესაპყრობად მივიდნენ, პეტრე მოციქულმა ქრისტეს დასაცავად მახვილი ამოიღო და ერთ-ერთ მონას ყური მოჰკვეთა. მაშინ მაცხოვარმა ყური გაუმთელა მონას და მოციქულს უთხრა, ჩააგე, პეტრე, მახვილი, ვინც მახვილი აღიღოს, მახვილითვე განიგმიროსო. ჯვარცმულ ქრისტეს აყვედრიდნენ, თუ ძე ღვთისა ხარ, მოუწოდე შენს ანგელოზებსა და მსახურებს, გიხსნანო, მაგრამ ის კაცობრიობისთვის მოკვდა და აღდგა!.. ასეთი იდეოლოგიური საუბრები უფრო ანტიქრისტეს ემსახურება, ვიდრე ქრისტიანობას. ასეთი მიზეზებით ომის გამართლება ქრისტიანობის პროფანაციაა და ამ რელიგიის შეცვლის მცდელობა, რასაც გარკვეულწილად აღწევენ კიდეც. უამრავ ადამიანს ასეთი იდეებით გონება აქვს მოწამლული და მართლაც ჰგონია, რომ უკრაინაში რუსეთი რწმენისთვის იბრძვის. თუნდაც ასეთი საშიში იდეოლოგიის გამო არ უნდა გვინდოდეს რუსეთი. მაცხოვარი ამბობს, სამშობლოსთვის, ოჯახისთვის თავის გაწირვა შენი ვალიაო. როდესაც ხედავ, რომ სხვას თავისუფლებას ართმევენ და მისთვის სიცოცხლეს სწირავ, ეს ქრისტიანული სიყვარულის, მისი მცნების აღსრულებაა. ის ქართველები, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, თავს იცავენ, რადგან თუ რუსეთს მადის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა, აუცილებლად მოიხედავს საქართველოსკენ, რათა მის ორბიტაზე დააბრუნოს...
- იმედია, ეს დღე არ დადგება.
- მხოლოდ იმედი არ გვიშველის, რომ ეს დღე არ დადგეს. ქართველმა ხალხმა არჩევანი დიდი ხანია გააკეთა - ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრება. ეს არის უალტერნატივო გარანტია, რომ რუსეთმა ვერასდროს გაბედოს საქართველოსთან ულტიმატუმის, შანტაჟის ენაზე საუბარი. ნატო და ევროკავშირი იქნებიან ის ფარი, რომელიც რუსული აგრესიისგან დაგვიცავს. 45-მილიონიან უკრაინას, რომელსაც დასავლეთი უმაგრებს ზურგს, მასთან შედარებით რუსეთს საქართველო ერთ ლუკმად არ ეყოფა, ერთ დღეში გადაგვივლის, თუ მოკავშირეებისგან მყარი გარანტია არ გვექნება. გარდა ამისა, ევროკავშირი არის კეთილდღეობა, დაცული უსაფრთხოება, ჯანდაცვა, სტაბილური განვითარების პერსპექტივა. მაშინ ამდენი მიგრაცია და ინტელექტის გადინება არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანს, რომელიც საქართველოს ტოვებს და შორეულ ემიგრაციაში მიდის, გული და სული სამშობლოში რჩება, მაგრამ ბევრისგან გამიგია, რომ პერსპექტივას ვერ ხედავს. დეპრესიასთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ უკან მიხედვა მაინც არ მინდაო, - არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის ემიგრანტებს. განსაკუთრებით პირველ ხანებში უჭირთ, დევივით კაცები ბავშვებივით მოიბუზებიან, რაც უმძიმესი სანახავია. ჩემი მიწის სუნი მენატრებაო, უთქვამთ. ემიგრანტებს, ეროვნებას სანამ მეტყვიან, უკვე თვალებით ვცნობ. რაც მთავარია, კიდევ უამრავი აპირებს გამოქცევას. თუ ევროკავშირში შევალთ, სწორედ ის პერსპექტივა გაუჩნდებათ, რომლის არქონის გამოც ქვეყნიდან გამორბიან. გვიფიქრია, ხვალ-ზეგ ვის უნდა დარჩეს ქვეყანა?! ამასაც მიაღწია რუსეთმ ამ მუდმივი ჯანჯღარით, დაუცველობის განცდით, სტრესული ფონი შექმნა და ქართველებს სამშობლოში დარჩენა აღარ უნდათ. ეს ტრაგედიაა! ევროპა საქართველოსთვის ამ ყველაფრისგან, რუსეთისგან ხსნაა.