„ვინც გაიძახის, ჯერ ადამიანია და მერე ღმერთიო­, ცოდვაა“ - კვირის პალიტრა

„ვინც გაიძახის, ჯერ ადამიანია და მერე ღმერთიო­, ცოდვაა“

შესაძლებელია თუ არა ადამიანი წლების განმავლობაში ერთსა­ და იმავე საქმეს ენთუზიაზმით ემსახურებოდეს. შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საქმის სიყვარული გასაზრდოებს. ასეთებს შორისაა რესტავრატორი ამირან გოგლიძეც, კაცი, რომელიც მიტოვებულ ტაძრებში თავის ჯგუფთან ერთად ხშირად მშიერიც რჩებოდა და მაინც ამაგრებდა საუკუნეობით მიტოვებულ ფრესკებს. შემდეგ მის ცხოვრებაში ორი სასწაული მოხდა: რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ მაცხოვრის ხატი დააწერინა.­ მას ყოველ აღდგომას რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე გამოაბრძანებენ. მასვე დაავალა საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძრის მოხატვა და მხატვართუხუცესობაც მიანიჭა. სხვათა შორის, მსოფლიოში სულ ხუთი მხატვართუხუცესია.

- 30 ტაძრის რესტავრაციაზე ვიმუშავე­ და 5 სრულად მოხატე... საბჭოთა პერიოდში,­ თუ რაიმეს არ ვიღონებდით, ბევრი დაზიანებული ფრესკა ჩამოიშლებოდა. 1971 წელს, როდესაც ჩვენმა ლექტორმა პირველად წაგვიყვანა­ კახეთში, გაოცებული ვიმეორებდი, ეს რა სიმდიდრე გვქონია-მეთქი. როდესაც ასეთ დანატოვარს ხედავ, ვალდებულებას გრძნობ წინაპრის წინაშე, რომ ის, რაც შეუქმნია და მერე ასე წვალებით მოსულა შენამდე, როგორმე გადაარჩინო. მაშინ რომელ ანაზღაურებაზე იყო საუბარი, როდესაც ეკლესიათა უმეტესობა ცარიელი იდგა... მოგვიანებით სამუშაოდ უკვე ჩემი ჯგუფი და სტუდენტებიც დამყავდა. საქართველოს ყველა კუთხეში დავდიოდით, დარსა თუ ავდარში­ ვმუშაობდით, ხშირად ხმელი პურიც აღარ გვქონია. როგორ ვძლებდით? უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ, და გაძლებ. ასე ცხოვრო­ბდნენ ჩვენი წინაპრები, მცირედით კმაყოფილდებოდნენ, მაგრამ ბევრს ქმნიდნენ.A ამას ის ვერ გააკეთებს, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მათ შორის, საკუთარი ქვეყნისა და უფლის. დღეს მართლმადიდებლობა ზოგიერთისათვის ჩამორჩენილობაა. Eეს არ მიკვირს, რადგან კარგად მახსოვს საბჭოთა პერიოდი, ბოლშევიკები ასევე ირონიულად მოიხსენიებდნენ რწმენასა და ეროვნულობას,­ მაგრამ ბოლშევიზმისგან­ რა დარჩა? დაიმსხვრა, როგორც სხვა წარსული იდეოლოგიები. ახლაც დაიმსხვრევა ის იდეოლოგია, რომელიც სამშობლოს სიყვარულს ირონიით­ უყურებს, და დარჩება, რაც ჭეშმარიტია... განა დამაფიქრებელი არ არის იმ ადამიანის­ სულიერი მდგო­მარეობა, რომელიც თავს ღმერთზე შემძლედ აცხადებს, ისე იქცევა, თითქოს დედამიწის მბრძანებელია? ისიც კი არ ახსენდება, რომ თავად დედამიწა უსასრულო სამყაროში ისეა გამოკიდებული, რომ მასაც განგება იცავს, რათა ადგილს არ მოსწყდეს. ხომ ვხედავთ, როცა ბუნება ბობოქრობს, რამდენი ადამიანი ზარალდება და იღუპება. ერთადერთი, რასაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს, სამშობლოა, მისი დედა და ფესვები. ვინც გაიძახის,­ ჯერ ადამიანია და მერე ღმერთიო­, ცოდვაა. თუ ღმერთზე მაღლა გრძნობს თავს და განსაცდელს მაინც ვერ ერევა, აბა, ვინ უნდა უშველოს, როგორ უნდა მიაღწიოს სიმშვიდეს?

ჩვენი უძველესი ფრესკები იმის ნიშანია, რომ შემდგარი ერი ვართ, რომ კულტურა ათასი წლის წინ და იმის წინათაც გვქონდა,­ თუმცა მისი შენარჩუნების პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს. როდესაც ფრესკებს ამაგრებ, ზედ გამოსახული წმინდანებისა და იმ დიდი ფერმწერების მიმართ მოკრძალებას გრძნობ, რომლებმაც ეს ფრესკები დაწერეს. მიუხედავად დოგმატიკისა, ფრესკების შესრულების სამყარო უსაზღვროა.A ამ სამყაროში თავად ერის ცხოვრების უსასრულო შტრიხებია გაშლილი.

- რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ თქვენ დაგაწერინათ მაცხოვრის ხატი კათოლიკური სამყაროსათვის. როგორ მოხდა რომ ეს მართლმადიდებელს მოგანდოთ?

restavrat2-1681638561.jpg

- შეუცნობელია გზები უფლისანი. პაპს სწორედ იმ ხატის აღდგენა სურდა, რომლის ნაშთი დაახლოებით VII საუკუნიდან, ანუ განხეთქილების წინა დროიდან არის შემორჩენილი რომში. სამწუხაროდ, ამ ხატის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ სრულიად სხვა ხატი დავწერე, ოღონდ კურთხევა, რა თქმა უნდა, უწმინდესს ვთხოვე და სამ თვეში დავწერე ხატი ქართული ასომთავრულით. ეს პირველი ხატია, რომელსაც ყოველწლიურად აღდგომისთვის გამოაბრძანებენ წმინდა პეტრეს მოედანზე.

- თქვენ ყოფილხართ ამ დროს რომში?

- წმინდა პეტრეს ტაძარში დიდი სიხარულით დამხვდნენ, როცა გამჟღავნდა, ვინც ვიყავი, ხალხი ფეხზე ადგა, ტაში დამიკრა...

ჩვენს ერს ნიჭიერება არ აკლია, მხოლოდ რაციონალური აზროვნება გვაკლია. 30 წელია გავთავისუფლდით და ყველა ვხედავთ, რას მივაღწიეთ, მხოლოდ ერთმანეთს ვედავებით. რაციონალური აზროვნება რომ არ გვაკლდეს, დღეს უკვე ფეხზე უნდა ვიყოთ დამდგარი.

- ეკლესიების რესტავრაციის პარალელურად სამების საკათედრო ტაძარსაც ხატავთ. წარმომიდგენია, რამხელა პასუხისმგებლობაა.

- მართლაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შემეშინდა კიდეც, მაგრამ უწმინდესმა მითხრა და ახლაც სულ მეუბნება, არ შეგეშინდესო. ხანდახან ისეთი რჩევა მოუცია, გულში შევწინააღმდეგებივარ, მაგრამ მალე აღმომიჩენია, რომ მართალი იყო. მისი ეს ხედვა მხოლოდ ჩემთვის როდია შვება, ქვეყნისთვისაც შვებაა.