"უწმინდესთან გატარებული თითოეული წამი სიცოცხლის მომნიჭებელია და დიდება ღმერთს ამისთვის" - კვირის პალიტრა

"უწმინდესთან გატარებული თითოეული წამი სიცოცხლის მომნიჭებელია და დიდება ღმერთს ამისთვის"

მთის წვერზე, სადაც ერკეთის­ დედათა მონასტერი მდებარეობს, საო­ცარი­ სილამაზის გამო "სამოთხეს დედამ­იწაზე" უწოდებენ. იღუმენია მარიამი (ფოჩხუა) მონასტრის პირველი წევრია, რომელიც აქ თავიდან­ მარტო ცხოვრობდა. განვლილ გზაზე, დღევან­დელობასა და მონასტრის გასაოცარ­ ისტორიაზე დედა მარიამი თავად მოგვიყვება:

- ქრისტე აღდგა! გილოცავთ, დედა მარიამ, დღესასწაულთა დღესასწაულს!

- ჭეშმარიტად აღდგა! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ მოგილოცავთ ქრისტეს­ ბრწყინვალე აღდგომას! ჭეშმარიტად განგ­ეღოთ­ სასუფევლის კარი, დაიმსხვრეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და ღვთის ძალით, ღმერთმა­ ინებოს, თითოეული ჩვენგანი და ყოველი დაბადებული ამ მზისქვეშეთში კუალად განახლდეს და დავბრუნდეთ აღთქმულ ქვეყანაში, მამის წიაღში, სასუფევლის მკვიდრ ვიქმნეთ. ამინ!

აღდგომის დღესასწაულისათვის განსაკუთრებულად ემზადება ჩვენი მონასტერი. იღებება კვერცხი, ვაცხობთ მონასტრის პასქას, რომელიც უკვე ძალიან ბევრმა დააგემოვნა. ყოველივე ჩვენი დედების ხელით კეთდება, მათი ლოცვით. ამ დღეს განსაკუთრებით ვრთავთ მონასტერს, მზადდება დიდი ტრაპეზი, ვიღებთ უამრავ სტუმარს. ჩვენთვის ეს დღე წელიწადში ყველაზე გამორჩეული და დიდებულია.

- გზა ერობიდან მონაზვნობამდე როგორი იყო?

- ღვთის ნების გარეშე თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება ადამიანს. ყველა ბერისა და მონაზვნის ცხოვრება გამორჩეულია­ დაბადებიდან ღმერთთან შეხვედრამდე.

დავიბადე ბათუმში. ბავშვობის წლები მაკავშირებს გურიასთან, რადგან დედით გურული ვარ. მამა სენაკელია და სკოლაც სენაკში დავამთავრე. რაც შეეხება სტუდენტურ წლებს, ის ყველაზე ძვირფასია, რადგან მაკავშირებს სოხუმთან, რომელიც დღეს ყველას დიდი ტკივილია. სოხუმის დაცემის შემდეგ თბილისში ხშირად ვესწრებოდი უწმინდესის წირვას სიონში. ჩვენი ოჯახის ქრისტიანული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი მიუძღვის ჩემს ხორციელ დას, რუსუდან (ეფემია) ფოჩხუას, რომელიც 80-იანი წლებიდან აქტიური მრევლი იყო. ოჯახის როლი უდიდესია ადამიანის ჩამოყალიბებაში, მადლობა ჩემს მშობლებს, რომ მე ეს გზა ავირჩიე. მყავს ერთი ხორციელი შვილი - ნინო.

2000 წლის დიდმარხვა ბოდბის დედათა­ მონასტერში გავატარე და 2001 წლის ხარების დღესასწაულზე სრული გადაწყვეტილებით მივედი შემოქმედელი მიტროპოლიტ იოსების სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმინდა ნინოს დედათა მონასტერში და შევუდექი მონასტრულ ცხოვრებას. მალე ჩემი შვილი ავად გახდა და მეუფის კურთხევით ბავშვიც გადმოვიყვანე ჩვენთან. 2004 წლის ხარებას მეუფემ მაკურთხა სამონაზვნედ, ხოლო 2006 წლის ხარების დღესასწაულზე ჯიხეთის დედათა მონასტერში აღმკვეცეს და სახელად მარიამი მიწოდეს. 2009 წლის 17 ნოემბერს, როცა ჩოხატაურში საკათედრო ტაძარი ეკურთხა, მაშინ ჩამობრძანებული იყო მისი უწმინდ­ესობა. სწორედ იმ დღეს მეუფე იოსებმა დამაჯილდოვა და ამიყვანა იღუმენიის ხარისხში. მაშინ პატრიარქმა მითხრა, თავმდაბლობითა და მორჩილებით მეტარებინა ეს ჯვარი, რომელიც ღმერთმა მიბოძა.

monazoni3-1681642854.jpg

- ერკეთის მონასტერს წალკოტს ეძახიან, როგორ შეძელით ეს?

- მეუფე იოსების უდიდესი სურვილი იყო ერკეთის დედათა მონასტრის გახსნა­ და ღვთის მადლით, ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წლის 19 სექტემბერს მონასტერი გაიხსნა. მისი უწმინდესობა­ აქ, ერკეთის მთავარანგელოზთა ტაძარში­ 1989 წელს იყო. თავიდან წელიწად-ნახევრის­ განმავლობაში ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში­ ვცხოვრობდი მორჩილ ფოტინესთან, დღეს უკვე მონაზონ ანტონინასთან ერთად. ღვთის მადლით გამრავლდა მონასტრის დების რაოდენობა და დღეს უკვე ოცნი ვართ. მათი ძირითადი საქმიანობაა ლოცვა, შრომა და ასე ერთობლივად, ერთიანი ძალით დამშვენდა მონასტერი. მადლობა ჩვენს დედებს, მადლობა ყველას, ვინც გახსნის დღიდან სულ მცირე წვლილი შეიტანა მონასტრის გაძლიერებაში. ერთი ადამიანის დახმარებით უძველესი ტაძრის ახლოს დიდი კომპლექსი აშენდა, ამ საქმეში მრევლი - ადგილობრივი მოსახლეობაც გვეხმარებოდა. აი, ასე, ერთობითა და სიყვარულით შევძელით ის, რაც შევძელით.

- ცნობილია, რომ აქ სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული.

- ტაძარში დაბრძანებულია დაახლო­ებით XVIII საუკუნის მიქაელ მთავარანგელოზის ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. ის ხანდახან იკარგებოდა, მაგრამ ღვთის მადლით ისევ ბრუნდებოდა საყდარში. კომუნისტების დროს ტაძარს საწყობად იყენებდნენ, ხატები და საღვთისმეტყველო ლიტერატურა დაწვეს. ერთ კაცს მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ნაჯახით შუაზე გაუპია, რადგან ვერ ჩამოუხსნია. სოფლის მკვიდრმა ასაკოვანმა ხალხმა იცის, ვინ იყო ის კაცი - ორ დღეში მის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა, შვილს მეხი დაეცა და ზუსტად ისე გაუპო სახე, როგორც ხატი იყო შუაზე გაპობილი. წლების შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მთავარანგელოზ მიქაელის ხატის რესტავრაცია ითავა.

ერთი ამბავი მახსენდება: დედათა მონასტერი დაახლოებით სამი თვის გახსნილი­ იყო, როცა ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარ მამა თომასთან ერთად ჩვენთან ამოვიდა ბათუმელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც აქვე, სოფელ იანეულში ისვენებდა. ბატონ ავთოს ხილვა ჰქონდა, ღვთაებრივი სილამაზის ჭაბუკი გამოეცხადა, რომელმაც უთხრა, აღმადგინეო და უბრძანა ჩვენს ტაძარში ამოსვლა. ახალგაზრდას ცოტა შეშინებია კიდეც, მამა თომას­ მიმართა და მოსალოცად ამოვიდა. ბატონი ავთო როგორც კი შევიდა ტაძარში­ და შეხედა მთავარანგელოზის ხატს, მაშინვე შეიცნო ის ღვთაებრივი სილამაზის ყმაწვილი, რომელიც მას ეჩვენა. არსებობს ფოტო, სადაც არის აღბეჭდილი პირვანდელი ხატი,­ გაპობილი სახით. ბატონმა ავთომ ხატის რესტავრაცია საკუთარი ფინანსებით გადაწყვიტა. ასეთი სასწაული მოახდინა მიქაელ მთავარანგელოზმა - თავი აღადგენინა. ხატს ორმაგი ჩარჩო აქვს, ძალიან მძიმეა და მეორე სასწაული მაშინ მოხდა, როცა რესტავრირებული მოაბრძანეს. ტაძრის რთულად ამოსასვლელ კიბეზე სამ მონაზონს მოგვქონდა - ჩვენ კი არ ამოვიყვანეთ ხატი, თავად ამოგვიყვანა, მსუბუქად ამოვდიოდით. მალე აქ მოღვაწე მღვდელს დეკანოზის წოდების ჯვარი ჩამოუბ­რძანეს. ის ამ ხარისხში არ იმყოფებოდა და ჯვარი შესწირა ხატს მადლიერების ნიშნად. ამის შემდეგ მრევლმაც დაიწყო ნივთების შემოწირვა და მართლაც,­ ბევრი სასწაული მოხდა მათ ოჯახებში. ეს ძვირფასი ნივთები მიქაელ მთავარანგელოზის ხატის პერანგში ჩასასმელად გამოიყენება. შემოწირული თითოეული თეთრიც კი დიდი სიყვარულის გამოხატვაა. მონასტრის ძირითადი მფარველი მიქაელ მთავარანგელოზის ხატია.

monazoni2-1681642853.jpg

- ადვილი არაა, დედაო, ის გზა, რომელიც აირჩიეთ...

- მონაზვნობა, მონაზვნური ცხოვრების­ წესი საოცრებაა. 16 წელი გავიდა, რაც მონასტერი გაიხსნა, და თითოეული დღის გახსენება საოცარია, საიდან და როგორ დავიწყეთ ეს ყველაფერი. ათასობით ადამიანი მობრძანებულა, გაგვიზიარებია მათი ჭირ-ვარამი თუ სიხარული და ასე, ერთობაში მიმდინარეობს ზრდა, ნაბიჯ-ნაბიჯ. დიდი სურვილი და იმედი მაქვს, უფრო უკეთესობისაკენ შევიცვლებით, ჩვენი ცხოვრების წესით, უფრო მეტად დავემსგავსებით უფალს იესო ქრისტეს.

ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა, როცა უწმინდესს ვხვდები, მასთან გატარებული თითოეული წამი სიცოცხლის მომნიჭებელია და დიდება ღმერთს ამისთვის. განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ერთი შეხვედრა საპატრიარქოში. როცა ლოცვის შემდეგ უწმინდესი გამობრძანდა დიდი დარბაზიდან, მონაზვნები რიგში, მწკრივში ჩავდექით. უწმინდესი ზუსტად ჩემ წინ გაჩერდა, შემომხედა და დამლოცა. მაშინ მე უდიდესი განსაცდელი მქონდა ჩემი მონაზვნური ცხოვრების გზაზე და უწმინდესმა, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მითქვამს, იგრძნო და ის განსაცდელიც მალე გავიდა.

კიდევ ერთხელ მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა!

რუსუდან შაიშმელაშვილი