მაღლაკელი ქალი ათენის ქართველობას აღდგომას ოქროსფერი პასქებით ულოცავს - კვირის პალიტრა

მაღლაკელი ქალი ათენის ქართველობას აღდგომას ოქროსფერი პასქებით ულოცავს

მართალია, თავად ემიგრაციაში­ არავინ მყავს, მაგრამ მაინც მესევდიანებიან ჩვენი­ ემიგრანტები.­ განსაკუთრებით, დღესასწაულებზე. Gთუნდაც აღდგ­ომა დღეს, როდესაც­ ყველა ზეიმობს - იმ ქვეყნად წასულებიც და ცოცხლებიც. როდესაც ერთმანეთთან უხილავი­ სიმებით კავშირს ისე გრძნობ, თითქოს კანზე­ მზე დაგნათის, მაგრამ რომ მიიხედავ, თურმე შენიანებთან არა ხარ და სხეული გეყინება. აი, სწორედ ამიტომ ვერც წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, ერთი იმერელი ქალის ათენის ცენტრში აღმოჩენა, უფრო სწორად, მისი და მისი სააღდგომო ოქროსფერი პასქებისა და ქადების, ზუსტად ისეთი ქადების, როგორსაც სურამში აცხობენ. მაკა ჟორჟოლიანი სურამელი კი არა, ქუთაისთან რომ ლამაზი სოფელია, მაღლაკი, აი, იქიდან არის. ის იმერელია,­ ჭიშკართან დაძახებისას­, აქეთ რომ დაგძახის, შე კაი ადამიანო, კარში­ რას დგახარ, სახლში შემოდი, ცხელ-ცხელი­ ხაჭაპურები მაქვსო. თვალები კი ისე ტკბი­ლად უციმციმებს, როგორც ქართველმა დიასახლისებმა იციან. ჰოდა, იცით რატომ წავიდა ემიგრაციაში? იმიტომ, რომ უხვი ოჯახი ჰქონდა, იმ სიუხვის დაცოტავება ვერ აიტანა, იფიქრა, წავალ ფულს დავაგროვებ, მერე ჩამოვალ და ვიყიდი იმ ათ ძროხას,­ რომლებითაც­ ჩემი ოჯახი უნდა ვაარსებო და სტუმარსაც ხელგაშლილი შევხვდეო. ამასობაში ქალაქის ცენტრში კაფე გახსნა­. ჰოდა, ახლა აცხობს ოქროსფერ პასქებს და ათენში ქართველობას აღდგომის სევდას უქარვებს.

- ემიგრაციაში წასულს ერთი კონკ­რეტული სურვილი მაქვს, როდესაც დავბრუნდები, აუცილებლად 10 ძროხა უნდა ვიყიდო და მოვუარო. 10 ძროხა მყარად დაგვაყენებს ფეხზე. მოკლედ, აქ ჩამოსულმა­ ბევრი ვიშრომე. ათენში ჩემები­ რომ ჩამოვიდნენ, ქმარი და შვილები, საცხობი მაშინ გავხსენი. ახლა ერთმანეთს ვეხმარებით და ასე ვცდილობთ საქართველოში დაბრუნების ოცნება ავისრულოთ.

- საცხობის გახსნა ადვილი არ არის.

- ქალაქში ქართველობა რომ გავიცანი,­ ვისაც ჩემი ნახელავი გავასინჯე, ყველამ მითხრა, საცხობი აამუშავე, ძალიან გემრიელს აცხობ და გაგეყიდებაო. ქმარი სვანი მყავს, იმდენად მომწონს მეც სვანური კერძები, რომ მათი გაკეთებაც დავიწყე. თავიდან პატარა კაფეს ნახევარი დავიქირავე. აქ 17 წლის ქურთის ბიჭი დამხვდა. მაშინვე მე და ჩემი მეგობარი მის აღზრდას შევუდექით. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენ სითბოს გავუწევდით, შვილებს მონატრებულები. ახლა ეგ ჩემი შავტუხა ქურთი ბევრად ტკბილად მეძახის დედას, ვიდრე ჩემი შვილები, ამბობს, ქართველი ქალები ეგრევე დედებად იბადებიანო. ასე რომ, საქართველოში რომ წავალ, კაფე სამართავად მაგას უნდა დავუტოვო.

- რა გამოაცხვეთ პირველად?

- ნამცხვარი და მაშინვე გაიყიდა, მაგრამ როგორც კი მუშაობა დავიწყე, გამოჩნდა ჯოჯო "კორონა". მერე ობიექტი დამიკეტეს, თურმე გაყიდული ყოფილა და მაინც მოუქირავებიათ. როგორც კი ცუდი რამე მოხდება, მაშინვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ მას აუცილებლად კარგი მოჰყვება, ჰოდა, გამოჩნდა პატარა ობიექტი და ვიყიდე, არ მქონდა ფული, მაგრამ "კორონა" იყო და პატრონი ნაწილის გადახდას დამთანხმდა.

- მშურს თქვენ გარშემო მყოფი ხალხის, ოპტიმიზმს გადასდებთ.

- კი, ეს მართლა შემიძლია. დაახლო­ებით 10 წლის წინ, როდესაც საბერძნეთში კრიზისი იყო, ბერძნები ძალიან შეშინდნენ, რადგან ბანკები დაიკეტა. ერთი მშვენიერი გოგონა მყავს, სტომატოლოგი, ისიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქართველები ხომ შეჩვეული ვართ გასაჭირს და აღარ გვეშინია. ჰოდა, ის ექიმი ასე დავამშვიდე, ჩვენ რომ ვიცით თქმა, თუ გაჭირდა, ცივ მჭადსაც შევჭამო.H გამოვაცხვე მჭადი, წავიღე იმ ექიმთან და გავიყოლე სვანური მარილი - მშიერი იყოს კაცი და მხოლოდ სვანური მარილი შეჭამოს, მაინც გადარჩება, მასში ხომ უამრავი ვიტამინია. ერთი სიტყვით მოვატეხვინე იმ გოგოს მჭადი, მოვკიდე ხელზე ხელი და ვაწებინებდი სვანურ მარილში, თან ვეუბნებოდი, მხოლოდ ეს რომ ჭამო, ამითაც გადარჩები-მეთქი და იცით, რა ქნა? შეწყვიტა ტირილი. ახლა კი ნებისმიერ ქართველს, რომელსაც მასთან ვგზავნი, სულ ეუბნება, თქვენმა მაკამ გადამარჩინაო.

- ახლა პასქებს აცხობთ?

- კი ვაცხობ. ქადებსაც, ხაჭაპურსაც. განა მარტო იმიტომ მიხარია, ჩემს პროდუქციას რომ ყიდულობენ, ქართულს რომ ყიდულობენ, ის უფრო მიხარია.

- რომ გისმენთ, ვფიქრობ, რომ აუცილებლად დაბრუნდებით თქვენს მაღლაკში.

- აბა, რას ვიზამ! და აუცილებლად ვიყიდი 10 ძროხას, თავი რომ ვირჩინო. აბა, სხვაგან სად უნდა ვიცხოვრო, სად უნდა ვიყო მშვიდად? როგორადაც არ უნდა იჩხუბონ ქართველებმა ერთმანეთთან, სადაც არ უნდა წავიდნენ და რა გზაც არ უნდა აირჩიონ, ბოლოს ყველას ფიქრი მაინც საქართველოსთან მიდის. ის გვაერთიანებს ყველას.