"ამ მთავრობამ, ძველთბილისურად რომ გითხრათ, ეს თაობა "გამაზა"
"ჩემი მიზანი არ არის თეატრის მხატვრის გაზრდა... ამ ახალგაზრდებმა უნდა მიიღონ ძალიან მაღალი პროფესიონალური განათლება და მერე უკვე ისწავლონ თავისუფალი აზროვნება, რომელიც, სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს. ქვეყანა შებოჭილია, თითქოს ერთ დიდ ჩარჩოში ზის. კაცი რომ განათლებულია და თავისი საქმე მაგრად იცის, არაფრის არ ეშინია". გოგი ალექსი-მესხიშვილი
როდესაც მასთან საუბარს იწყებ, გიჩნდება განცდა, რომ გარშემო ყველანაირი ხმაური წყდება და გადადიხარ მის სამყაროში - ატმოსფეროში, რომელიც უზადოდ გემოვნებიანი და დახვეწილია, როგორც თავად ბატონი გოგი. 50 წელია რუსთაველის თეატრში მუშაობს, ასევე დიდხანს იმუშავა ოპერის თეატრში. გაფორმებული აქვს არაერთი ცნობილი სპექტაკლი. ბატონ გოგი ალექსი-მესხიშვილს ოპერაში ვესტუმრეთ, სადაც "დაისის" მეასე წლისთავისთვის ემზადდება.
პროფესია-მხატვარი
- ჩემს ოჯახში, მამაჩემით დაწყებული, ბევრი ხელოვანი იყო, მათ შორის იყვნენ რეჟისორებიც. თავიდან არ ვფიქრობდი თეატრალურ მხატვრობაზე. ფერწერა დავამთავრე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ახალგაზრდა რეჟისორებმა საბავშვო სპექტაკლზე მუშაობა შემომთავაზეს მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მალე რუსთაველის თეატრიდან მივიღე შემოთავაზება, შემდეგ მარჯანიშვილში ვმუშაობდი, მერე ოპერაში გადავედი. თეატრალური მხატვრობა ბევრს ისე წარმოუდგენია, თითქოს მხოლოდ სცენის გაფორმება და მსახიობების დახმარებაა. ყველა დიდ რეჟისორს თავისი გამოჩენილი მხატვარი ჰყავს. რეჟისორს, რომელსაც თავისი მხატვარი არა ჰყავს, რეჟისურის არ მჯერა. რატომ? იმიტომ, რომ თეატრის მხატვარი ქმნის უდიდეს სამყაროს, რომელშიც აჩვენებს თავის ცოდნას, გემოვნებას... მუდმივი შრომაა საჭირო, არასოდეს არ უნდა იყო კმაყოფილი იმით, რასაც აკეთებ. სულ იმაზე უნდა ფიქრობდე, რა შეცდომა დაუშვი ნამუშევარში. ამ პროფესიის სირთულეც სწორედ ის არის, რომ ამის მიღწევა ძალიან რთულია. უნდა იყო ძალიან მომთხოვნი, არ უნდა შეუშინდე კონფლიქტებს. ამ პროფესიის პლუსი ის არის, რომ მოაქვს სახელი, საზოგადოებრივი აღიარება, მაგრამ თუკი თავიდანვე ფიქრობ, მე სახელოვანი ვიქნები, პრემიას მივიღებო, ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევ - გამორიცხულია!
თეატრი დღეს
- დღეს თეატრი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, უპირველესად ფინანსურად. ბიუჯეტი ძალიან მწირია. ბოლო დროს უპერსპექტივობის გამო ბევრი განათლებული ხალხი ცდილობს წავიდეს ქვეყნიდან. ვინც რჩება, შემძვრალია თავის პატარა სოროში და ეშინია, რომ ვინმე მის უვიცობას გამოამჟღავნებს. მე ჩემს დარგზე ვლაპარაკობ და, ალბათ, სხვაგანაც, თუნდაც მედიცინაშიც, ასეა. სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს. ამას წინათ მეგობრები ვსაუბრობდით, იქნებ სხვა პრემიერ-მინისტრი მოვიდესო. მე ვთქვი, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას უნდა ჰქონდეს 20 წლის კონცეფცია, რას აპირებს და რას უნდა მიაღწიოს ამ 20 წლის განმავლობაში-მეთქი, ეს კი ჩვენთან არ არის. არავინ იცის, რა იქნება ხვალ. როგორ ფიქრობთ, რატომ დაიწყო სტალინმა რეპრესიები? განათლებული ხალხის მოსასპობად, ახმეტელის, მიქელაძის, ოცხელისა და კიდევ ბევრის. მან კულტურული ფენა დაშალა. რამდენი წელი დასჭირდა, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა აღმდგარიყო.
სამწუხაროდ, დიდ რეჟისორებს, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, მათ, ვისაც შეუძლიათ ახალი "ენის" შექმნა. ახალგაზრდა რეჟისორების რამდენიმე სპექტაკლი ვნახე და ძალიან მომეწონა. იმედია, თანდათან გამოჩნდება ეს ახალი თაობა, რადგან, ვფიქრობ, ცოტა სხვანაირად აზროვნებენ.
თანამედროვე ტენდენციები
- მე იმდენი ვიმუშავე და იმდენი რამ მაქვს ნანახი თუ მთელ მსოფლიოში გაკეთებული, ჩემი აღმავლობის წერტილმა გაიარა. ვინც ახლა 50 წლის არის, მათგან არაფერს ველი, რადგან ჩვენმა თაობამ 30 წლის ასაკში უკვე ყველაფერი გააკეთა. ჩვენ ასეთი წერტილი 70-იან წლებში გვქონდა, ეს იყო ჩვენი რუსთაველის თეატრი - სტურუა, მარჯანიშვილის თეატრი - თემურ ჩხეიძე. ახლა ახალი არაფერია ჩვენს თეატრში. რაც მთავარია, თეატრებს არა აქვთ აბსოლუტური თავისუფლება. ჩვენთან ერთგვარი ცენზურა შემოვიდა და შუა თაობამ ვერაფერი გააკეთა, ვერც გააკეთებენ. იმედი მაქვს ახალგაზრდა თაობის, რომელმაც უნდა შექმნას ესთეტიკურად და მხატვრულად ღირებული ნაწარმოებები.
დღეს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები ხმას მაინცდამაინც არ იღებენ, რადგან შეიძლება თეატრიდან გაუშვან. ამას ემატება ისიც, რომ ახლა ბევრ რამეს აღარ ასწავლიან. ჩემთან მოდიან სტუდენტები და წარმოდგენა არა აქვთ, რის სასწავლებლად მოვიდნენ. ამიტომაც ვურჩევ ახალგაზრდებს მიიღონ ფართო განათლება ხელოვნების დარგში, კლასიკურით დაწყებული, თანამედროვეთი დამთავრებული. მაგალითად, სკორსეზე ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია, რომლის განათლების მთელი სისტემა დაფუძნებულია კარავაჯოს მხატვრობაზე, მის შუქჩრდილებზე. არჩეულ პროფესიაში თუ ელემენტარული რამ არ იცი, როგორ მიიღებ განათლებას ან რა იდეა დაგებადება? რაც უფრო ფართოდ განათლებული ხარ, იდეაც უფრო მეტი დაგებადება, უფრო თავისუფლად იაზროვნებ.
სკოლა-აკადემია
- 20 წელიწადი ვასწავლიდი ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტში. ახლა ჩემი სკოლა მაქვს, სადაც ვამზადებ თეატრის დიზაინერებს, მხატვრებს. არც ერთხელ არავინ დაინტერესებულა, რას ვაკეთებთ, როგორ ვასწავლი. 4 წლის წინ მოვიგეთ პროექტი "ადრენალინი", რომელიც ლტოლვილებზეა, და რეაქცია არავის ჰქონია. ჩვენს პროვინციებში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ რაიონებიდან ვერ ვიღებ სტუდენტებს, სწავლა კი უფასოა, მაგრამ ბინა ხომ უნდა იქირაონ, თავი რით ირჩინონ?
ახალი თაობა
- ჩემი თაობის ხალხი ახლა ნაკლებად მაინტერესებს. ვფიქრობ, ქვეყნის მომავალი 20, 25, 28 წლის ახალგაზრდები არიან, ისინი თუ გადაარჩენენ ამ ქვეყანას. მათ არ უცხოვრიათ საბჭოთა კავშირში და სხვანაირად აზროვნებენ, თავისუფლად მოქმედებენ. მათ ვერ გააჩერებ მხუთავი გაზით, ტყვიებით, წყლის ჭავლით... ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს.
- რას ფიქრობთ მარტის მოვლენებზე?
- ეს ემოციური მომენტიც არის და პოლიტიკურიც. ამ ახალგაზრდებმა დაანახეს მსოფლიოს, რომ არ უნდათ რუსეთი და რუსული კანონი. არაფერი ამერიკული ამ კანონში არ არის. ვის ატყუებენ? იმ ახალგაზრდებთან ერთად იქ მეც ვიდექი. იცით, ამ მთავრობას რა მოუვიდა? ეს თაობა, ეს ახალგაზრდობა გამოტოვეს! საშუალო თაობა, რომლის უმეტესობა საჯარო სამსახურებშია დასაქმებული, ხმას ვერ იღებს, ეშინია ლუკმაპურის გარეშე არ დარჩეს, ახალგაზრდებს კი არაფრის ეშინიათ. და ყველაზე მთავარი - მათ საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ და არ იციან, რა არის შიში. ამ მთავრობამ, ძველთბილისურად რომ გითხრათ, ეს თაობა "გამაზა" და ახლა არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. ის 21 წლის მუსიკოსი ბიჭი რომ დაიჭირეს, გგონიათ ამით შეაშინებენ? თავიანთი მოკლე ჭკუით ფიქრობენ, სამაგალითოდ უნდა დავსაჯოთ, რომ სხვებს შეეშინდეთო. საქმეც ეგ არის, რაც არ უნდა გაუკეთონ, ვერ შეაშინებენ.
მე ვირჩევ ევროპას
- მე ვირჩევ ევროპას, იმიტომ, რომ ის ჩემი ქვეყნის მომავალია; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ბედნიერი, მოწინავე და დაცული; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც იზრუნებს ხალხზე და პასუხს აგებს მის წინაშე; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ აღარ მყავდეს დიქტატორები და ბელადები; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ჩვენს ახალგაზრდობას ბედნიერი და წარმატებული მომავალი ჰქონდეს; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ისევ საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდეს; მე მინდა ევროპაში იმიტომ, რომ ბოლო 30-მა წელმა, და უფრო ადრეც, ისტორიამ დაამტკიცა, რომ ჩვენი ერთადერთი გზაა ვიყოთ ევროპის განუყოფელი ნაწილი. და ბოლოს, მე ვირჩევ ევროპას იმიტომ, რომ საქართველო გახდეს ქვეყანა, სადაც ყველასთვის იქნება სასურველი ცხოვრება.
რუსუდან შაიშმელაშვილი