"ქართველი კაცები ცოლებთან სულ ბუზღუნებენ, სამაგიეროდ, სლავ ქალებთან სულ სლადკაია, მილაიას გაიძახიან"
რუბრიკა "პროფესიის" სტუმარია მაია დედალამაზიშვილი. ის ოქროს ნივთების რეალიზატორის ცხოვრებასა და პროფესიულ გამოცდილებაზე გვესაუბრება.
- ოფიციალურად ოქროს დილერი მქვია, ხალხურად კი ოქროს ბირჟაზე გამყიდველი ვარ. ჩემი პროფესიით მუშაობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობის გამო ოქროს ბირჟაზე ამოვყავი თავი - მეუღლე უმუშევარი დარჩა და მოვინდომე მე თვითონ წამომეწყო რაიმე საქმე, რითაც ოჯახს გავაძლიერებდი. თავიდანაც ვერცხლის რეალიზაციას ვფიქრობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ოქრო ბევრად სარფიანია. ჩემთვის, როგორც ინჟინრისთვის, ეს სრულიად უცხო სფერო იყო. პირველი ბეჭედი მუშაობიდან ერთი კვირის თავზე გავყიდე, სიხარულით ხელები ისე მიკანკალებდა, რომ ფული ძლივს დავთვალე.
ამ საქმეს სწრაფად ავუღე ალღო. მალე გამიჩნდა ყოველდღიური შემოსავალიც. ძალიან კომუნიკაბელური გავხდი. ჩემი ლამაზი ენით კლიენტი შემიძლია ჩემს მაგიდა-დახლთან გავაჩერო, ჯერ გულწრფელად ვურჩიო და მერე, თუკი ჩემთვის სასარგებლო იქნება, შემიძლია გადავაფიქრებინო და ბეჭდის საყიდლად მოსული შინ საყურით გავუშვა.
- ეს ნიჭია?
- თურმე ნიჭია, ასე ამბობენ... სიდუხჭირიდან გამოსავალი ჩემსავით აქ ბევრმა იპოვა. მაგალითად, ჩემსავით ოქროს დილერია აქ სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე, რომელიც პარალელურად დღესაც მუშაობს ოპერაში, თან ამ ბიზნესს უძღვება. მეუბნება, ერთხელ მაინც ნახე, როგორ უკრავს სიმფონიური ორკესტრი და სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებიო, მე კი ვერა და ვერ ვახერხებ. ჩემ გვერდით სოხუმელი ქალი ზის, რომელმაც 6 წლის შვილთან ერთად ფეხით გადმოიარა კოდორის ხეობა, ჩამოვიდა თბილისში და ჯერ ბაზრობაზე მუშაობდა, მეზობლის ნაჩუქარი მამაკაცის ფეხსაცმლით დადიოდა. მერე ურჩიეს, იქნებ ოქროს ბირჟაზე დასაქმდეო და დღეს წელში გამართულია. პედაგოგიც გვყავს, ფილოლოგი, ზაფხულის არდადეგებზე შემოგვიერთდა, ახლობელმა უთხრა, სანამ დასვენება გაქვს სკოლიდან, წაიმუშავე ჩვენთანო, და არდადეგების შემდეგ სკოლაში აღარც დაბრუნდა. პროფესორიც გვყავს, ბატონი გოჩა, ანტიკვარულ ნივთებზე მუშაობს. თქვენ წარმოიდგინეთ, ოპერის მომღერალიც გვყავს. გვყავს ექსპერტი გულიკო, რომელსაც თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.
- დღეს რა არის ყველაზე პოპულარული სამკაულებში?
- პატრიარქი რომ დიდ ნათლობას ატარებს, მაშინ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე დარბაზში, უამრავი ჯვარი იყიდება. ნიშნობის ბეჭდები არის როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე სტილის. ადრე 10-გრამიან ბაჯაღლო ოქროს რგოლებს ეძებდნენ, დღევანდელი ახალგაზრდები უფრო ბიუჯეტურ გადაწყვეტილებას იღებენ, მცირეწონიან დაბალი სინჯის ოქროსაც დიდი სიხარულით ატარებენ. ბეჭდის შიგნით ლაზერით წარწერებს აკეთებენ, ზოგი სახელს, ზოგიც გულს. ნიშნობის ბეჭდები კარგად იყიდება, უფრო ბიუჯეტური, 1000 ლარამდე.
იყო შემთხვევა, ისრაელიდან ჩამოსულმა წყვილმა ბეჭედი შეიძინა, თურმე ბიჭი გეგმავდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეთხოვა რჩეულისთვის ხელი, მაგრამ იმდენად ამაღელვებელი სიტუაცია შეიქმნა და ისეთი კმაყოფილი დარჩა ჩვენი მომსახურებითა და გულშემატკივრობით, რომ იქვე, დახლთან ჩაიმუხლა და სთხოვა შეყვარებულს ხელი.
- უცხოელ მომხმარებლებზეც მესაუბრეთ, ვინ არიან ძირითადად?
- ოქრო ებრაელებს უფრო უყვართ, მოდიან უკრაინელებიც, რუსებიც, აზერბაიჯანელები. აზერბაიჯანელები საყიდლად მთელი ოჯახით დადიან. ისინი, ადრე რომ ტრადიცია იყო, დიდი ზომის სამეულების შეძენა, ამ ტრადიციას მისდევენ ახლაც. მოსწონთ ასევე მამაკაცის დიდი ბეჭდები. ჩვენს ახალგაზრდებს კი უფრო მოკრძალებული ნივთების შეძენა ურჩევნიათ, აღარ მოსწონთ ბაღჩაბუღჩები. ის ტრადიციაც აღარ არის, დედამთილ-მამამთილთან ერთად რომ დადიოდნენ სამკაულის შესაძენად. უკრაინელებს ძალიან უყვართ სამკაული ბუნებრივი ქვებით. ისრაელიდან ჩამოსულებს უფრო სამაჯურები და ყელსაბამები, საჩუქრადაც ბევრს ყიდულობენ.
- ხარისხი როგორ მოწმდება?
- ჩემი სარეალიზაციო ნივთი რომ არ აკმაყოფილებდეს სტანდარტს, მე კი არ უნდა ვაგო ამაზე პასუხი, არამედ ლაბორატორიამ, რომელმაც სინჯი დამირტყა. ამიტომ ყველა პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს და უმაღლეს დონეზე კონტროლდება ყველაფერი. ამ ეტაპისთვის საქონელი, ძირითადად, შემოდის თურქეთიდან, სომხეთიდან და ადგილობრივი ხელოსნებიც საუცხოო ნივთებს ქმნიან. ბაზარზე ყველანაირი ხარისხის ბრილიანტია. ხელმისაწვდომია ბელგიური და დუბაის ბრილიანტიც. ყველაზე ძვირფასად ითვლება ძველი საბჭოთა, ციმბირული ბრილიანტი, რომელიც იშვიათად გვივარდება ხელში.
- ბრილიანტის ფერებზეც მესაუბრეთ.
- სხვადასხვა ფერის ბრილიანტი არსებობს: შავი, ყვითელი, ცისფერი... მომხმარებელს უფრო თეთრი ბრილიანტი აინტერესებს. ძალიან პოპულარულია ბრენდული ბეჭდები, "ტიფანი", ლუი ვიტონი, კარტიე...
- ორიგინალებია?
- არა, თურქეთშია დამზადებულები, მაგრამ მაინც დიდი მოთხოვნაა. ძველი საბჭოთა ნივთები ხარისხიანია, მაგრამ დიზაინი ძველმოდური აქვთ. იტალიური ოქროს ნაკეთობა დახვეწილია და უფრო ახალგაზრდებს მოსწონთ. სომხეთიდან შემოტანილი ნივთები ულამაზესია, სულ სხვანაირი ტექნოლოგიით დამზადებული ნივთები აქვთ და ამიტომაც კარგად იყიდება. ძალიან ტრენდულია მარგალიტი ახალგაზრდებშიც და მოზრდილებშიც. ოკეანის მარგალიტი ძვირი ღირს, კარგად იყიდება ტბის გამოყვანილი მარგალიტებიც.ერთი ბიჭი მოვიდა ბეჭდის საყიდლად, გოგოებო, ძალიან ვაწყენინე ჩემს ცოლს და ისეთი ბეჭედი შემარჩევინეთ, რომ შემირიგდესო. ჩვენც მთელი გულით მოვემსახურეთ. ერთმა ბიჭმა, ისეთი ლამაზი შეყვარებული მყავს, არ ვიცი, მისი შესაფერისი ბეჭედი სად ვიყიდოო და მაპოვნინეთო. ისეთი საყვარელი იყო...
- პოლიტიკური ვითარება როგორც ვალუტაზე, ოქროზეც მოქმედებს?
- როცა იწევს დოლარი, იზრდება ოქროს ფასიც. თუ დოლარის ფასი დასტაბილურდება, ნივთის ფასი მაინც არ ვარდება, იმიტომ, რომ ძვირად აქვთ ნაყიდი. დოლარის კურსი უფრო თურქეთიდან შემოსულ საქონელზე აისახება ხოლმე.
როცა ოქროს ფასი იზრდება, ხალხი მაშინ უფრო ყიდულობს, ჰგონიათ, ახლა თუ არ მოასწრეს, მერე ვეღარ შესწვდებიან. რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, რატომღაც ელოდნენ, რომ მსგავსი სიტუაცია საქართველოშიც განმეორდებოდა, და ოქროს აღარ ყიდულობდნენ. პანდემიის დროს ოქროს ფასმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და სასწრაფოდ გავაკეთეთ ფეისბუკგვერდები. შევთანხმდებოდით ადგილზე, სად გადაგვეცა, მეტწილად მეტროსა და ლომბარდის მიმდებარედ ვხვდებოდით, რადგან ზოგი ლომბარდში ამოწმებდა ნივთს ყიდვამდე.
- რა დროს აბარებენ ოქროს ნივთებს?
- უფრო ხშირად ძველი დიზაინის ნივთებს აბარებენ, ზოგი გაჭირვების გამო აბარებს. აბარებენ ისეთ ნივთებსაც, რომლებიც აღარაა სასურველი, ცუდ მოგონებებს უკავშირდება, ვთქვათ, დაშორდა ქმარს და ასე შემდეგ. ერთ რამეს დავაკვირდი, თუ შენ არ მოგწონს ის ნივთი, რომელსაც ყიდი, ვერ გაყიდი.
არსებობს მყიდველების რამდენიმე კატეგორია: მაგალითად, ტყუილად მოსეირნე, არიან მყიდველები, რომლებიც წონიან ნივთებს ეძებენ, ხვალ რომ დამჭირდეს და დავალომბარდოო. არის ხალხი, შვილიშვილებისთვის რომ ყიდულობს. არის კატეგორია, რომელიც ბირკაზე გაზრდილ ფასს გაწერინებენ, ვითომ ბევრად ძვირად შეიძინეს, ეს უფრო ასაკოვან ქალებს ახასიათებთ. ახალგაზრდები საერთოდ უარს ამბობენ ფასის დაწერაზე.
- შევაჭრება ვინ უფრო იცის?
- აზერბაიჯანელებმა, ებრაელები, მიუხედავად იმისა, მართლა მყიდველები არიან, რომ დაგიდებენ გამომთვლელ მანქანას, გაკლებინებენ და გაკლებინებენ, იქამდე ივლიან, სანამ თვითონ რომ უნდათ, იმ ფასად არ შეიძენენ.
- ცნობილი პირები დადიან თქვენთან?
- კი, როგორ არა. რუსა მორჩილაძე, სალომე გოგიაშვილი, გია სურამელაშვილი სულ ოქროს ბირჟაზე უკვეთს თავის ბრჭყვიალა ბეჭდებს, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, მამუკა ხაზარაძე შემოგვივლის, "ლელოს" ოფისი ხომ აქვე აქვთ და გამოივლის ხოლმე. საახალწლოდ საჩუქრებიც დაგვირიგა. იცით, მე რა შემხვდა? - სათამაშო ვირი... ამას წინათ "ნავნეს" უფროსიც მოვიდა, 5-კაციანი დაცვით და თავის ცოლს უყიდა ბეჭედი. ყველა ამბობდა, დაერეკა და სახლში მიუტანდნენო. არის კატეგორია, რომლებიც ჩვენთან ყიდულობენ, ოღონდ დარბაზში არ შემოდიან, ხალხს არ ეჩვენებიან. გაუტან, მანქანაში მიაწვდი და წავა.
- ქურდობა თუ ხდება ხოლმე.
- ამას წინათ გოგოებმა ასაკოვან გამყიდველს ვერცხლის ბეჭდები მოჰპარეს. ეს მაჩვენე, ის მაჩვენეო, გაართეს და რომ წავიდნენ, მიალაგა დახლი და 7 ბეჭედი აკლდა. იმწუთას დაცვას ამცნო და დააკავეს გოგონები. ყოფილა შემთხვევა, პირში დაუმალავთ ნივთი, ზოგი ჯიბეში იდებს, ზოგი ფეხსაცმელში მალავს, ან კისერს მოიფხანს და ჩაიგდებს საკინძში. თუ დროულად გაიგე, სანამ ქურდი დარბაზიდან გავა, დაცვა მაშინვე აკავებს. უფრო გოგონები ქურდობენ...
- ბავშვთა სამყარო რომ დაიწვა, დაზარალებულებს რა ბედი ეწიათ?
- ამბობენ, 3 ათას ლარს ურიგებენო, კვდებოდნენ სიცილით. პირადად მე არ დავზარალებულვარ. ეს საქმე ჭაობივითაა, გითრევს და გითრევს, თავს ვერ აღწევ. აქვს თავის მინუსები და პლუსებიც. პლუსები ის არის, რომ შემოსავალი გაქვს, უფროსი არა გყავს, როცა გინდა, მაშინ მოხვალ და წახვალ. მინუსი ის აქვს, რომ თანამშრომლებს შორის კონკურენციაა. მე ძალიან კარგი მეზობლები მყავს, მაგალითად, დღეს ჩემი ნივთი გაყიდული დამახვედრეს. სულ ზიხარ და ჯანმრთელობის პრობლემები გექმნება, უჰაერობაა... მე მივეჩვიე, მირჩევნია აქ დავრჩე სამუშაოდ. ახალგაზრდამ კი საუკეთესო წლები ამ სივრცეში არ უნდა გაატაროს, არ უნდა ჰქონდეს ვაჭრული სული.
- რა არის ვაჭრული სული?
- შენი ტვინი მარტო იმაზე მუშაობს, რა გაყიდო, რამდენი მოიგო... შეიძლება დაუნდობელიც იყო.
- ტყუილიც თქვა?
- ტყუილსაც გააჩნია. ცუდი, ბოროტი ტყუილი არ უნდა თქვა, თორემ შელამაზება შეიძლება. მეც ვატყუებ ხოლმე მყიდველს, ეს აუქციონზე ნაყიდი ნივთია-მეთქი, სიტყვა აუქციონით ანკესზე ვაგდებ, არადა, რა აუქციონი...
- კიდევ როგორ აგებთ ანკესზე?
- მაგალითად, ასე: ეს მოდელი მხოლოდ 2 ცალი შემომივიდა, მხოლოდ 1-ს ვყიდი, ერთი ჩემი შვილისთვის ავიღე-მეთქი. მყიდველმა ფსიქოლოგიურად იცის, რომ შვილისთვის ცუდს არ ავიღებდი, ე.ი. კარგია. ან ვეტყვი ხოლმე მეზობელს, მარი, იცი, რომელი სამეული აჩვენე, ჩვენ რომ მოგვწონს. არადა, კლიენტი რომ არ წავიდეს და დახლთან გავაჩერო, იმიტომ ვამბობ.
- ქალი უფრო კარგი მყიდველია თუ მამაკაცი?
- ქალები პრეტენზიულები არიან, თუმცა ეს ჩვენი ქართველი კაცები ცოლებთან ერთად რომ დადიან, სულ ბუზღუნებენ, "შენ ხომ დამღალე", "ახლა გავალ და სიგარეტს მოვწევ და აარჩიე ჩემს შემოსვლამდე". სამაგიეროდ, თუ სლავი ქალები მოჰყავთ, თაფლივით არიან დამტკბარი, აღარ იციან, რა ქნან, სულ სლადკაია, მილაიას გაიძახიან.