„ნიანგის“ ძველი ფურცლებიდან
სატირულ-იუმორისტული ჟურნალი "ნიანგი" არსებობის 100 წელს ითვლის. 1923 წელს, ჟურნალი შეიქმნა როგორც სახელმწიფო პროპაგანდის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მისი გამომცემლობა ცენტრალური გაზეთის "კომუნისტის" რედაქციაში იყო განთავსებული. დღიდან დაარსებისა "ნიანგმა" ბევრი ცენზურა, რეპრესია, ზეწოლა გაიარა, მაგრამ გაუძლო. 1924-1930 წლებში ჟურნალს "ტარტაროზი" ერქვა. სხვადასხვა დროს მისი რედაქტორები იყვნენ: სილიბისტრო თორდია, სანდრო ეული, Gგრიგოლ აბაშიძე, ვახტანგ ჭელიძე, ნოდარ დუმბაძე, ზაურ ბოლქვაძე და ა.შ. სპეციალურად ჟურნალის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთვის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა კარიკატურების გამოფენა, რომელიც 28 აპრილამდე გასტანს. მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ეპოქის ამსახველი ილუსტრაციები, რომლებიც "ნიანგის" ფურცლებზე ისტორიად იქცა. ვინ შემოინახა ილუსტრაციები და რა აწუხებდა გასულ საუკუნეში საზოგადოებას? - გვესაუბრება გამოფენის კურატორი, "იარტ-გალერეის" ხელმძღვანელი იკა ბობოხიძე:
- 5 წლის წინ ერთ-ერთი ცნობილი კარიკატურისტ ანდრო კანდელაკის კარიკატურების გამოფენა გავმართეთ. კერძო კოლექციებშიც ნანახი მქონდა "ნიანგის" კარიკატურები, სწორედ აქედან დაიბადა იდეა, ერთ ექსპოზიციად გაგვეერთიანებინა კარიკატურები ჟურნალის 100 წლის იუბილესთვის. დიდი მუშაობა დასჭირდა მასალის მოძიებას. 1940-იანი წლებიდან მოყოლებული ნამუშევრების ნაწილი ანდრო კანდელაკის ოჯახს ჰქონდა შენახული. ანდრო კანდელაკი 1940-იანი წლებიდან ხატავდა ილუსტრაციებს "ნიანგისთვის". ომში იყო და იქაც აკეთებდა ჩანახატებს. მას ეკუთვნის "დალხენილი" საქართველოს რუკა, ეს იყო "ნიანგის" დამატება, რომელიც ომის დასრულების შემდეგ გამოიცა.
- არქივებზე მუშაობისას თუ წააწყდით რამე განსაკუთრებულს, რაც დღევანდელი საზოგადოებისთვის უცნობია?
- არქივებზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ წლების განმავლობაში უამრავი მხატვარი თანამშრომლობდა "ნიანგთან". მაგალითად, ოსკარ შმერლინგი, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე, მიხეილ ჭიაურელი, უჩა ჯაფარიძე, ანდრო კანდელაკი და ა.შ. ბოლო პერიოდში უკვე ზაალ სულაკაური. ზოგიერთის ოჯახში ილუსტრაციების ორიგინალებიც ინახებოდა. 1960-იან წლებში ზურაბ წერეთელსაც აქვს უამრავი კარიკატურა შექმნილი "ნიანგისთვის". Mმეც მქონდა "იარტ გალერეის" კოლექციაში შემონახული ილუსტრაციები. Gგამოფენის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ზურაბ წერეთელიც მონაწილეობდა. "იარტ გალერეამ" და ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა ერთობლივად ვიმუშავეთ, რათა ილუსტრაციები დამთვალიერებლისთვის საინტერესოდ გამოგვეფინა. მოგეხსენებათ, წლობით შენახული გაზეთის ქაღალდი რთულად იკითხება, ამიტომ "ნიანგის" ძველი ფურცლები დავამუშავეთ. ჩვენი ამოცანა იყო წარმოგვეჩინა, როგორ მიჰქონდა საზოგადოებამდე სათქმელი ჟურნალს: იუმორით, შარჟით, მაშინდელ ავტორებს ლავირება უწევდათ სათქმელსა და დამკვეთის სურვილს შორის.
- თუ არსებობს ისეთი კარიკატურები, რომლებიც დღევანდელობას მიესადაგება?
- რა თქმა უნდა, არის, მაგალითად, მექრთამეობის თემაზე, მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაზე. საინტერესოა ლადო გუდიაშვილის ერთი ილუსტრაცია, რომელიც 1933 წელს დაიბეჭდა "ნიანგის" მეათე წლის იუბილეზე, და ჰქვია "უკანასკნელი გადაღება" - ფოტოგრაფი ნიანგი დგას დიდი ობიექტივით, მის წინ მექორწილენი, მაყრიონი, მღვდელი, ყარაჩოხელები არიან. სათაური "უკანასკნელი გადაღება", ერთი მხრივ, იკითხება როგორც უკანასკნელი ფოტოგადაღება, იმიტომ, რომ გადაღების შემდეგ ისინი "ნიანგმა" უნდა გადაყლაპოს, მეორე მხრივ ეს ერთგვარი მინიშნებაა, რომ იწყება რეპრესიები.
- თქვენი აზრით, დღეს რომ არსებობდეს "ნიანგი", როგორი იქნებოდა?
- 1990-იანი წლებიდან ჟურნალის გამოცემა რამდენჯერმე შეწყდა და განახლდა. ბოლოს რამდენიმე ნომერი 2011 წელს ირაკლი თოდუას ხელმძღვანელობით გამოიცა. ჟურნალის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მაშინდელ სისტემაში შეიქმნა როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურებოდა სისტემას, ამის მიუხედავად, მასში იყო ისეთი პუბლიკაციები, რომლებიც თავად სისტემას აკრიტიკებდა.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ კომუნისტური ცენზურის პირობებში "ნიანგმა" ბეწვის ხიდზე გაიარა, სატირულ-იუმორისტული გამოცემა ხშირად აკრიტიკებდა სისტემის მანკიერ თვისებებს. ამას როგორ ახერხებდნენ? ახერხებდნენ კარიკატურით, იუმორით და არა ლანძღვა-გინებით, როგორც დღეს ხდება. მაშინ ლამაზად აშარჟებდნენ პრობლემებს, აქტუალურ საკითხებს, ჟურნალის ფურცლებზე იბეჭდებოდა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, სადაც ერთი შეხედვით მსუბუქი, უწყინარი იუმორისტული შარჟებისა და სასაცილო კარიკატურების მიღმა ყურადღებიანი მკითხველი ხისტ სატირასაც პოულობდა. "ნიანგმა" პოპულარობის პიკს 1970-1990-იან წლებში მიაღწია. ხალხი თითოეული ნომრის გამოსვლას მოუთმენლად ელოდებოდა. მასში ბევრი რამ იყო თქმული, მაგრამ ყოველთვის კორექტულად. დღეს მოთხოვნები შეიცვალა, მედიის მიმართ, ახლა პირდაპირ შეიძლება ყველაფრის თქმა, ამიტომ დღეს რომ არსებობდეს "ნიანგი", სრულიად სხვანაირი იქნებოდა.