გზა რუსეთ-თურქეთის ტვირთების ტრანზიტისთვის?!
საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთი აფხაზეთს თურქეთში ტვირთის ექსპორტისთვის, შემდეგ კი თურქეთიდან იმპორტისთვის ტრანზიტად იყენებს. აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის თანამშრომლის ალიას ლაბახუას თქმით, რუსეთიდან თურქეთში გასაგზავნი სატრანზიტო ტვირთით აფხაზეთში რკინიგზით 62 კონტეინერი შედის, მთლიანობაში, 2700 ტონა ტვირთი. "ეს პირველი შემთხვევა არ არის, 2022 წელსაც გაიარა აფხაზეთში სხვა ტრანზიტულმა ტვირთმა, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით, რადგან მაშინ "ნიადაგი მოსინჯეს". უკანა გზაზე მატარებელი უკვე რუსეთისთვის გათვალისწინებული პროდუქციით გაემგზავრება. საბაჟო გადასახადი არ არის დიდი, მაგრამ მსგავსი პროცედურები ჩვენი ტერიტორიის გავლით უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს პროცედურა გათვალისწინებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმებით, რომელიც ტვირთების შეუფერხებელ ტრანზიტს ითვალისწინებს", - ამბობს ალიას ლაბახუა.
აფხაზი ეკონომისტის ახრა არისტავას თქმით, აფხაზური მხარისგან ასეთ თემებზე ლაპარაკი ნაკლებად გამართლებულია, რადგან 2022 წლის ივნისში, მაშინ, როცა უკრაინაში შეჭრისთვის დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რუსეთმა აფხაზეთის გავლით სატრანზიტო ვაჭრობა შესამჩნევად გაზარდა. ტვირთი რკინიგზის საშუალებით აფხაზურ პორტებში შედიოდა, იქიდან კი თურქეთში მიჰქონდათ. ეს გზა გამოიყენებოდა უკუმიმართულებითაც - თურქეთიდან რუსეთისკენ, მაგრამ ექსპორტთან შედარებით მოცულობა მცირე იყო."ხუთი თვის განმავლობაში აფხაზეთის რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობა იმაზე მეტი იყო, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში - ტვირთის საერთო მოცულობამ 500 ათასი ტონა შეადგინა. ამას საქართველოს პროტესტი მოჰყვა. ამიტომაც ჩემი ხელმძღვანელობის ადგილას ჩუმად ვიქნებოდი, არ არის საჭირო ნიშნის მოგებით საუბარი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია", - ამბობს არისტავა. აფხაზეთის რკინიგზის წარმომადგენელი ამბობდა, რომ მაშინ ტრანზიტული ტვირთი ქვანახშირი იყო, მერე წყალბადის ზეჟანგი და ფანერა, რომელიც სათათრეთიდან თურქეთში მიდიოდა. შემდეგ ეს ნაკადი შეწყდა. ამჯერად ქართული მხარე რა ღონისძიებებს მიმართავს აფხაზეთის გავლით ტვირთების ექსპორტისთვის, უცნობია, მთავრობის არც ერთ უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია. კონფლიქტოლოგის, ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ხელისუფლება უკვე ისეა დაბნეული, ეშინია, თუნდაც განცხადების გაკეთებისთვის უარესი პასუხი არ დაუბრუნონ.
- ჩვენი ხელისუფლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საკითხში იმდენად პასიური გახდა, რომ რასაც ადრე მოითხოვდა, იმაზეც კი დუმს - რუსეთისგან თავისი ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასაც კი არ მოითხოვს. ახალ ღონისძიებებზეც კი არ არის ლაპარაკი. საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით, აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით თურქეთში ტვირთების გადატანასაც კი არ აპროტესტებენ.
თურქეთს მუდმივად ვიცავ, მის მხარდაჭერას და მოკავშირეობას ვაფასებ, მაგრამ ახლა ქართულმა მხარემ თურქეთის ელჩს მაინც უთხრას, რომ რუსეთი თურქეთს იყენებს აფხაზეთის ტერიტორიის გამოყენებით, რათა სანქციებს გვერდი აუაროს. თურქი საჯარო პირი ან ექსპერტი რომ ვიყო, აქეთ ვეტყოდი ჩვენს ხელისუფლებას, ლარსზე რომ გაგაქვთ ჩვენი ტვირთები, თურქეთის გამოყენებით რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში რომ მონაწილეობთ და ხმას არ იღებთ, მაგაზე რას გვეტყვითო? არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტვირთები ლარსის გავლით თურქეთიდან უწყვეტად გადის. სერგეი ლავროვმა განსაკუთრებული მადლობა რომ გადაგვიხადა იმისთვის, რომ სანქციებს არ ვუერთდებით, იმასაც შევახსენებდი. ლარსიდან შეიძლება და ოჩამჩირიდან არ შეიძლება-მეთქი? ვკითხავდი.
საქართველოს ხელისუფლება თავისი დაუსრულებელი მდუმარებით უკვე ისეთ უხერხულ მდგომარეობაშია, რომ ეშინია, რამის გაპროტესტების, ხმის ამოღების შემთხვევაში ისეთი რამე არ უპასუხონ, რაც უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე განაცხადა, ამერიკა საქართველოს სახელმწიფოდ არ თვლისო. უკაცრავად, თავად თვლიან?! რა ეტყობათ, რომ თვლიან, როდესაც ცხვირწინ 3 ათასამდე ტონა ტვირთს უტარებენ და სამარცხვინოდ გატრუნული არიან. ვინმე იმით მაინც დაინტერესდა, იმ 100-მდე კონტეინერით რა გადააქვთ, ან კიდევ რა აქვთ გეგმაში? მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს ყველა წერტილში ყველაფრის გაფუჭებას ცდილობს, რათა არეულობა სათავისოდ გამოიყენოს, დასავლეთს ყურადღება უკრაინიდან გადაატანინოს, რა გარანტიაა, რომ ქვეყანა ასეთი რამის წაყრუებისთვის საერთაშორისო სკანდალში არ გაეხვევა? შესაძლოა ეს იყო სურსათი, რუსეთში დეფიციტური საქონელი, ქვანახშირი ან ნებისმიერი რამ, მაგრამ სულ რომ ურანი მიჰქონდეთ, საქართველოს ხელისუფლება დუმს, თითქოს მას არ ეხება.
- აფხაზური მხარე ამას გამარჯვებად მიიჩნევს და თავის სატრანზიტო მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
- არც თურქული მხარე ამბობს რამეს და არც რუსული. აფხაზებმა დადეს ინტერნეტში ათობით კონტეინერის ფოტო, მაგრამ იმის იქით არაფერი ვიცით, არც ის, რომელი დროშით მცურავი გემია, ვისი საკუთრებაა. შესაძლოა გზა-კვალის ასარევად ტვირთი ბელარუსისკენ წავიდეს, იქ რამდენიმე დღე დარჩეს და შემდეგ ბოსფორისკენ გაცუროს. უამრავი რამ შეიძლება დავუშვათ, სანამ თურქეთი განცხადებას არ გააკეთებს, მხოლოდ ვარაუდებით შეგვიძლია მსჯელობა. არადა, თურქეთში საელჩო გვაქვს და კითხვის დასმა მაინც შეგვიძლია - აფხაზეთის გავლით თქვენკენ რატომ მოდის ტვირთი, ეს ხომ ჩვენი ტერიტორიაა და არამეგობრული ჟესტია, რატომ აკეთებთ ამასო. ვინმე რომ ბანდაში მოხვდება, თანდათან შეტოპავს და შემდეგ ხმის ამოღებას აზრი აღარ აქვს, იმ მდგომარეობაშია საქართველოს ხელისუფლება.
- აფხაზურმა მხარემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზეც გააკეთა. არადა, რამდენიმე დღით ადრე ამბობდნენ, "კოლოსალური ზეწოლის ფონზე საქართველოს ხელისუფლება ფხიზლად აფასებს სიტუაციას და რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნაზე პროვოკაციებს არ აჰყვა". ფიქრობთ, რომ რუსეთისგან მიიღო მესიჯი?..
- დიახ, და რაც ძალიან სამწუხაროა, სოხუმსა და თბილისს რუსეთისგან ერთი და იგივე დაკვეთა აქვთ, იმ განსხვავებით, რომ ჩვენი ხელისუფლება "მეორე ფრონტზე" მაშინ იწყებს ლაპარაკს, როცა დასავლეთი გააკრიტიკებს. ახლა არჩევნებისთვის ემზადებიან და მეორე ფრონტის საფრთხეზე მუდმივი საუბრით ცდილობენ ამომრჩეველთან პოზიცია გაიმყარონ - აი, რამხელა საფრთხისგან ვიცავთ ქვეყანას, ოპოზიცია გვიშლის ხელს, თორემ ჩვენ კონფლიქტების თემაზეც სხვაგვარად ვიმუშავებდითო. ოპოზიცია კი ისეთ საცოდავ დღეშია, ამ საქმეში კვალიფიცირებული კადრიც კი არ ჰყავს, რათა კონფლიქტის საკითხზე რამე არგუმენტირებულად გააკრიტიკოს და დაბლოკოს. კიდევაც რომ უნდოდეთ, ვერ დაბლოკავენ, რადგან "ქართული ოცნება" უკვე ყველა ინსტანციას აკონტროლებს: სასამართლოს, პროკურატურას, პარლამენტს, ბიუჯეტს.
- ვიცი, რომ მუდმივი კავშირი გაქვთ აფხაზებთან, მათ შორის, მათთან, ვინც ქმნის პოლიტიკურ ამინდს. ე.წ. ოფიციალური პირების განცხადებებს რომ თავი დავანებოთ, პირად საუბრებში რას ამბობენ აფხაზები, ქართული მხრიდან მომავალი აგრესიის სჯერათ?
- ვისთანაც მე ურთიერთობა მაქვს, არ სჯერა, რომ ქართული მხარე ტანკებს დაქოქავს და ენგურისკენ დაიძრება. აფხაზეთში პოპულარულ "იუთუბარხზე" გადაცემა აქვს "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორ ინალ ხაშიგს, თავის ეთერში მუდმივად ეპატიჟება ადგილობრივ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, მიმომხილველებს. როცა თბილისში აქციების დროს რუსული პროპაგანდის გავლენით პრორუსი აფხაზები მძვინვარებდნენ, აფხაზეთს საფრთხე ემუქრებაო, არც ერთი კვალიფიცირებული მიმომხილველი ამ მოსაზრებას არ იზიარებდა. ხაშიგთან საუბრისას პოლიტოლოგმა ასტამურ ტანიამ, რომელიც თავის დროზე ვლადისლავ არძინბას მარჯვენა ხელი, შემდეგ კი რაულ ხაჯიმბას მრჩეველი იყო, განაცხადა, სისულელეა ეს ყველაფერი, ვიღაცას აწყობს რეალობა ასე წარმოაჩინოს. სინამდვილეში, არავითარი საფრთხე არ არსებობს. ამხელა მიტინგი ჩატარდა თბილისში და აფხაზეთზე არავის ულაპარაკიაო. მხოლოდ პოლიტიკოსები და ის დევნილი იგულისხმა, რომელმაც გულწრფელი გულისტკივილი გამოხატა სოხუმის ხსენებით.
- თუმცა ეს კარგად გამოიყენა რუსეთმა.
- დიახ, ამ ერთი სიტყვის გამო სცადა ხელახალი ანტიქართული საომარი კამპანიის აგორება. თუმცა პრორუს კლანს თუ არ ჩავთვლით, რომლის გაფართოებასაც ცდილობს ინალ არძინბასა და მისი თანაშემწე გვაზავას ფრთა, ამის არავის სჯერა. არადა, სიმონიანი-ზახაროვას პროპაგანდისტები ძალისხმევას არ იშურებდნენ, "საფრთხე" რეალისტურად წარმოეჩინათ. გვაზავაც და არძინბაც მოსკოვში არიან გაზრდილი და რუსულ ნარატივს იცავენ. თუმცა არიან ისეთი აფხაზი ახალგაზრდები, რომელთაც დიდი წვალებით, მაგრამ მაინც განათლება ევროპასა და ამერიკაში მიიღეს. არძინბას კლანის გავეშებული ბრძოლა ყველაფერ დასავლურთან, მათ შორის არასამთავრობოებთან, სწორედ ამას ემსახურება. ეშინიათ, რომ ხვალ-ზეგ სინათლის მხარეს სხვებიც დადგებიან და ამიტომაც ცდილობენ დასავლეთთან გზის ჩაჭრას, რათა მოსახლეობას არჩევანის საშუალება არ ჰქონდეს. დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდები პროქართველები ნამდვილად არ არიან, მაგრამ არც პრორუსები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი პროაფხაზები არიან, რაც ბევრად ჯობია არძინბა-გვაზავა ნარატივს.
- თეორიულად თუ დავუშვებთ, მათთან მოლაპარაკება შეიძლება?
- თეორიულადაც ასეა და პრაქტიკულადაც... ქართველი საზოგადოების ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ აფხაზ ახალგაზრდებს განათლების ევროპაში მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რადგან რუსეთის ვერაგული პოლიტიკა იქიდან გაცილებით კარგად ჩანს. 30 წელია ამ კონფლიქტს ვაკვირდები და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვინც კი ევროპაში სწავლობდა, მათთან ლაპარაკი შეიძლება, რადგან რუსები არ არიან, ინალ არძინბასგან განსხვავებით. ის, ისევე, როგორც მისი მხარდამჭერები, რუსი ჩინოვნიკები არიან, აფხაზობის არაფერი სცხიათ. იმ ახალგაზრდებთან, რომლებისთვისაც აფხაზური იდენტობა მნიშვნელოვანია, შეიძლება ლაპარაკი, ე.წ. დამოუკიდებლობის გარდა, სხვა უამრავი თემა არსებობს, რაც ქართველებისა და აფხაზებისთვისაც საერთოა, მაგრამ სიმონიანისა და ზახაროვას დაფინანსებულ არძინბებს ეს არ აინტერესებთ. ისინი აფხაზეთის გადარჩენის გზას რუსეთში ხედავენ, რასაც ევროპაში განათლებამიღებული ფრთა უპირისპირდება. რა თქმა უნდა, ფინანსური რესურსი და პროპაგანდის ძალა პრორუსების მხარესაა. ამიტომაც ჩვენს ინტერესებში უნდა შედიოდეს დასავლეთში განათლების მიღების მსურველი ახალგაზრდების ხელის შეწყობა. ჩვენი მთავრობა ამის ნაცვლად პარლამენტისთვის რკინის ჯებირების შემოვლებით არის დაკავებული.