რა ბედი ეწიათ რუს „განმათავისუფლებლებს“
ვინც დანაშაულს სჩადის, აუცილებლად მიეზღვება. ამის კარგი მაგალითი უკრაინაა. იქ ზოგიერთმა უღალატა თავის სამშობლოს, რუსეთის სამსახურში ჩადგა და თანამემამულეების ხოცვა დაიწყო, თუმცა მათ სასჯელი წამოეწიათ და ცუდად დაასრულეს სიცოცხლე.
"გივი"
მედიასივრცეში მეტსახელი "გივი" (იგივე მიხაილ ტოლსტიხი) ცნობილი ხდება 2014 წლიდან, ილოვაისკში ბრძოლების შესახებ სიუჟეტებში. რუსულ პრესაში მას იხსენიებდნენ "არტილერისტების მეთაურად", რომელმაც ქალაქიდან უკრაინელი ჯარისკაცები განდევნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ "გივი" დაიბადა 1980 წელს, ილოვაისკში. სამხედრო გამოცდილება უკრაინულ არმიაში მიიღო. კონფლიქტამდე მუშაობდა სამრეწველო ალპინისტად, ასევე სუპერმარკეტის დაცვის სამსახურში.
მეტსახელი "გივი", მისივე სიტყვებით, ჯერ კიდევ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს მიუღია.
2014 წლის გაზაფხულიდან მიხაილ ტოლსტიხი თვითგამოცხადებულ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკას" "იცავდა". მედიაში ის უკვე ფიგურირებდა, როგორც "ბატალიონ სომალის მეთაური".
ერთ-ერთი უკრაინელი ექსპერტის თქმით, "პირველ ეტაპზე ის რეალურად იყო ერთ-ერთი შეიარაღებული რაზმის მეთაური, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ. ადგილი ჰქონდა უკრაინელი სამხედროების წამებასა და დახვრეტას".
"განსაკუთრებული სისასტიკის გარდა, ამ ადამიანს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ის არ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებების დაგეგმარებაში, ის, უბრალოდ ასრულებდა ბრძანებას", - დასძენს ექსპერტი.
შემდგომში "გივის ბატალიონი" გახდა თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვედანაყოფი, ხოლო თვითონ "გივიმ" "პოლკოვნიკის" წოდება მიიღო.
2017 წლის 8 თებერვალს "გივის" კაბინეტის ფანჯარაში ესროლეს ცეცხლმფრქვეველი "შმელი", რის შედეგადაც ის დაიღუპა.
არსებობს "გივის" ლიკვიდაციის რამდენიმე ვერსია: თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ამაში ადანაშაულებენ უკრაინელ დივერსანტებს, ხოლო "დამკვეთად" ხედავენ უკრაინის შს მინისტრის თანაშემწე ზორიან შკირიაკს.
უკრაინის პარლამენტის სახალხო დეპუტატის ანტონ გერაშენკოს თქმით, "გივის" ლიკვიდაცია განხორციელდა ან რუსეთის სპეცსამსახურების მიერ, ან ის განადგურებულ იქნა კონკურენტების მიერ ფინანსურ ნაკადებისთვის ბრძოლაში.
"მოტოროლა"
თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით ლიკვიდირებულ იქნა თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" "სპარტის" რაზმის მეთაური, რუსეთის მოქალაქე არსენ პავლოვი, მეტსახელად "მოტოროლა". ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი საცხოვრებელი სახლის ლიფტთან ამოქმედდა. არსენ პავლოვი დაიბადა 1983 წელს კომის რესპუბლიკაში. მისივე აღიარებით, უკრაინაში ჩავიდა 2014 წლის თებერვალში, სადაც ხარკოვსა და დონეცკში პრორუსულ აქციებში მონაწილეობდა. დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს ის "სპარტის" რაზმის მეთაური იყო. პავლოვი ეჭვმიტანილი იყო სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. მისივე აღიარებით, მან 15 უკრაინელი სამხედრო დახვრიტა.
ტრადიციულად, "მოტოროლას" განადგურებაშიც უკრაინის დაზვერვას ხედავენ, ხოლო უკრაინელი ძალოსნებისა და პოლიტიკოსთა შორის პოპულარულია ვერსია მისი ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ. ამ ვერსიას ემხრობა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელიც, არმიის გენერალი ნიკოლაი მალომუჟი. მისი თქმით, "შესაძლებელია, ეს ყოფილიყო შიდადაპირისპირება, შესაძლოა მისი ლიკვიდაცია სანქცირებულიც იყო მოსკოველი კურატორების მიერ".
ზოგმა "მოტოროლას" ლიკვიდაციაში აფხაზურ კვალსაც კი მიაგნო - ვითომდა აფხაზეთში ყოფინისას მისმა მეუღლემ შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივებს, რის გამოც აფხაზმა (ახრა ავიძბა), ტერორისტთა "მე-15 ინტერნაციონალური ბრიგადის" მეთაურმა, გასცა კიდეც შესაბამისი ბრძანება.
შიდაკრიმინალური გარჩევები თუ ტერაქტი
ლიკვიდირებულ იქნა ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ბრიგადა "პრიზრაკის" მეთაური ალექსეი მოზგოვოი.
ასევე, "ბეტმენის" სახელით ცნობილი მეთაური ალექსანდრ ბელოვი.
2018 წლის 31 დეკემბერს დონეცკის ცენტრში აფეთქების შედეგად დაიღუპა თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო. აფეთქება მოხდა ქალაქის ცენტრში, რესტორან "სეპარში".
მძიმე დაზიანებები მიიღო თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ერთ-ერთმა მინისტრმა ალექსანდრ ტიმოფეევმა, მეტსახელად "ტაშკენტი".
ზახარჩენკო დონეცკში დაიბადა. 2014 წლის შეიარაღებულ კონფლიქტამდე ის ფლობდა ბიზნესს, რომელიც დაკავშირებული იყო ნახშირთან. 2014 წლის აპრილში მონაწილეობდა დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის შტურმში, შემდეგ გახდა "დონეცკის სამხედრო კომენდანტი". 2014 წლის ნეომბერში გახდა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მომხდარი უკავშირდება შიდადაპირისპირებას, რომელიც დიდი ხანია, არსებობს ტერორისტებში, მათ შორის მათ რუს კურატორებთანაც. იმავე სამსახურის აპარატის ხელმძღვანელმა კი ივარაუდა, რომ მომხდარი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ბიზნესის გადანაწილებასთან.
"ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ზახარჩენკოს სიკვდილი ბოევიკთა შორის შიდაკრიმინალური კონფლიქტების შედეგია, რომელიც, პირველ რიგში, უკავშირდება ბიზნესის განაწილებას", - განაცხადა იგორ გუსკოვმა.
მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი
2023 წლის 2 აპრილს სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთ კაფეში აფეთქების შედეგად განადგურებულ იქნა ცნობილი რუსი პროპაგანდისტი და ძ-ბლოგერი ვლადლენ ტატარსკი, რომლის ნამდვილი სახელი მაქსიმ ფომინია. ის დაიბადა მაკეევკაში (დონეცკის ოლქი). 2011 წელს ბანკის ძარცვის გამო მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, მაგრამ 2014 წელს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მხარეს იბრძოდა. ზუსტად მას ეკუთვნის ცნობილი ციტატა: "ყველაზე გავიმარჯებთ, ყველას მოვკლავთ, ყველას, ვინც იმსახურებს, გავძარცვავთ. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს!".
აფეთქება მოხდა საუნივერსიტეტო სანაპიროზე მდებარე "სტრით-ფუდ ბარ №1"-ში, სადაც ვლადლენ ტატარსკის შემოქმედებითი საღამო მიმდინარეობდა. აფეთქების შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აფეთქების შედეგად დაზარალდა კიდევ 30 კაცი, მათგან 24 მძიმე მდგომარეობაში იქნა ჰოსპიტალიზებული.
რუსეთის მაღალჩინოსნებმა და პროპაგანდისტებმა მაშინვე უკრაინა დაადანაშაულეს, თუმცა ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, ამაში შეიძლება იყოს ჩარეული თვით რუსეთში მოქმედი ძალები.
ამის დასტურად, ანალიტიკოსებს მოაქვთ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინის განცხადება იმის შესახებ, რომ ვერ დაადანაშაულებს კიევს ტატარსკის სიკვდილში. შეგახსენებთ, რომ ტატარსკის მკვლელობა მოხდა პრიგოჟინის კუთვნილ ბარში.
ექსპერტების აზრით, პროპაგანდისტის მკვლელობა შესაძლოა იყოს ერთგვარი გაფრთხილება პრიგოჟინისთვის, რომელიც ხშირად ეჭვქვეშ აყენებს კრემლის პროპაგანდისტულ ტერმინებს უკრაინაში ომის შესახებ და საუბრობს თავის ინტერესზე რუსეთის პრეზიდენტის სავარძელზე.
ასევე ინსტიტუტში თვლიან, რომ ტატარსკის მკვლელობას რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს თვითცენზურის გასაძლიერებლად რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის წარმატებას უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ოლეგ პავლენკო