"მოქალაქეებს შეუძლიათ მიწის ნაკვეთები უფასოდ დაიკანონონ"
მიწის რეგისტრაციის საკითხები ბევრ ადამიანს აინტერესებს, მით უფრო რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო, ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომ დიდი ხნის წინ გაავრცელა. მოქალაქეებს შეუძლიათ ვებსაიტზე ნახონ, როდის უწევთ განრიგით მიწის დარეგისტრირება, მაგრამ, როგორც ჩანს, კითხვები მაინც არის და მათ უპასუხებს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა:
- სოფლებში დაიწყო მიწის უფასო რეგისტრაცია, როგორ უნდა დავარეგისტრირო?
- მოქალაქეებს შეუძლიათ მიწის ნაკვეთები სრულიად უფასოდ დაიკანონონ. ბევრს აქვს წინაპრებისგან დანატოვარი მიწა, წლებია სარგებლობენ, მაგრამ ოფიციალურად რეესტრში გატარებული არა აქვთ ეს ქონება და არც არანაირი საბუთი არ გააჩნიათ. ზოგს სახლიც კი აქვს აშენებული, მაგრამ საკუთრების უფლება ამ მიწის ნაკვეთზე არა აქვს. ახლა აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ პროცესით. თუ გაქვთ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ვერ არეგისტრირებდით დოკუმენტაციის, აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის უქონლობის ან ხარვეზიანი დოკუმენტების, სამეზობლო დავის ან სხვა მიზეზით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თავად შეასრულებს ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას. \უკვე ცნობილია მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს დაწყების დროც, მითითებულია, რომელ რაიონში, სოფელში როდის შეიძლება მიწის უფასოდ დარეგისტრირება. ეს პროცესი 2024 წლამდე უნდა დასრულდეს. თუ გადაწყვეტთ მიწის დარეგისტრირებას და დაელოდებით თქვენს რიგს, მაშინ საფასურის გადახდის გარეშე მიიღებთ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვით-აზომვით სამუშაოებს; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიებასა და სისტემატიზაციას; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმებას; სანოტარო მედიაციას; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას; ფაქტების კონსტატაციას; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენას; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაციას. ასე რომ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სიარული და დამატებითი ხარჯის გაწევა აღარ მოგიწევთ. შეგიძლიათ დაირეგისტრიროთ როგორც უფლების დამდგენი დოკუმენტით გაცემული მიწები, ასევე თვითნებურად დაკავებული ტერიტორიებიც.
- რა საბუთებია საჭირო მიწის რეგისტრაციისთვის?
- თუ გაქვთ რაიმე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, წარადგინეთ, ამის შემდეგ საველე სამუშაოების ჯგუფი ნახაზებს თავად მოამზადებს. კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლების დასადასტურებლად საჭირო დოკუმენტებად შეიძლება ჩაითვალოს: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის სისტემური რეგისტრაციის სააღრიცხვო ბარათი; საკომლო წიგნიდან ამონაწერი; ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მიწის აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება; მებაღეობის ამხანაგობის გაცემული მებაღის წიგნაკი; მიწის გადასახადის გადამხდელთა სია; მიწის განაწილების სია; მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი; სასამართლოს აქტი; სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან მისი მართლზომიერი ფლობა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა და ა.შ.
- ვსარგებლობ მიწით, მაგრამ არა მაქვს დოკუმენტები. მეხება თუ არა მიწის სისტემური რეგისტრაცია?
- შეგიძლიაY მოითხოვოთ მიწის აზომვა, თუ ნაკვეთს 2007 წლამდე ფლობდით და ამუშავებდით, ასეთ მიწებს საჯარო რეესტრის თანამშრომლები აღრიცხავენ, საკადასტრო ნახაზებს აიღებენ და დოკუმენტაციას გამოითხოვენ.
- რა შემთხვევაში შეიძლება უარი მითხრან მიწის საკუთრებაში აღიარებაზე?
- თუ არ დადგინდება 2007 წლამდე მისი ფლობის ფაქტი, მაშინ შეიძლება უარი გითხრან, ან თუ მიწის ნაკვეთი არის საძოვრის ტიპის, თუ პირუტყვის გადასარეკი ტრასაა, ან დაცული ტერიტორიაა, რეკრეაციული პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და ა.შ.
- წლების წინ სოფელში სახლი და ეზო დარეგისტრირებული გვქონდა, აუცილებელია თავიდან დარეგისტრირება?
- თუ ფართობი დაუზუსტებელია, თავიდან იქნება ასაზომი, თუ დაზუსტებულია, შესაძლოა უბრალოდ ხელახლა აიზომოს.
- სპორადული და სისტემური რეგისტრაციის დროს ოჯახის სხვა წევრების თანხმობა საჭიროა?
- თუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ოჯახზეა გაცემული, დიახ.
- შემიძლია თუ არა სოფელში თვითნებურად დაკავებული მიწის დარეგისტრირება, რომელსაც წლებია ვამუშავებ?
- შეგიძლიათ, მთავარია სხვისი საკუთრება არ იყოს. ალბათ, ამ შემთხვევაში გულისხმობთ, როდესაც თქვენი წინაპრები ამ მიწას სახნავ-სათესად იყენებდნენ. ასეთ დროს არ არის აუცილებელი მაინცდამაინც შენობა-ნაგებობა იყოს ამ მიწის ნაკვეთზე, უბრალოდ, აუცილებელია 2007 წლამდე მიწის ფლობა. თუ ასეა, შეგიძლიათ დარეგისტრირება. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არსებობს თუ არა მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ არსებობს, სააგენტო განიხილავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს. თუ სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკადასტრო აღწერის შედეგებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეჯერებით სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა, რომ სარეგისტრაციო ობიექტი სრულად ან მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ არ არის მართლზომიერ მფლობელობაში და დაინტერესებული პირი მოითხოვს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ნივთი დაათვალიეროს. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ დაინიშნება, თუ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციით დადგინდება, რომ ერთ ფიზიკურ პირზე ან კომლზე თვითნებურად დაკავებული წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი აღემატება ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში - 5 ჰა-ს. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალში საკუთრების უფლების აღიარება ხდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მიწის ნაკვეთის მოსარგებლის საკუთრების უფლების რეგისტრაციით. თუ მიწის ნაკვეთს თვითნებურად რამდენიმე პირი იკავებდა, მაშინ განცხადების შეტანა ერთ-ერთ მათგანს შეუძლია. თუ, ვთქვათ, მიწის ნაკვეთის ნაწილი მართლზომიერ მფლობელობაშია, ხოლო მიწის მეორე ნაწილი - თვითნებურად დაკავებული, სააგენტო უფლებამოსილია ორივე ნაწილზე საკუთრების უფლება აღიაროს ერთობლივად და მიიღოს რეგისტრაციის შესახებ ერთი გადაწყვეტილება. ერთადერთი აუცილებელი პირობაა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი 2007 წლის 20 სექტემბრამდე იყოს თქვენს ფლობაში. თუ თანხის გადახდა არ გსურთ, მაშინ თვალი უნდა მიადევნოთ იუსტიციის განრიგს და როცა მოუწევს თქვენი სოფლის მოსახლეობას უფასოდ ქონების დარეგისტრირება, მაშინ დაირეგისტრიროთ ქონება. თუ უფრო ადრე გინდათ, მოგიწევთ მიწის რეგისტრაციისთვის დაწესებული თანხის გადახდა. ნაკვეთის მფლობელს საჯარო რეესტრში 300 ლარის გადახდა მოუწევს, თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაციისთვის კი 600 ლარი.
- ვინც ემიგრაციაშია, მათთვის როგორ ხდება რეგისტრაცია?
- ელექტრონულად. ასევე, მათი ოჯახის წევრების ადგილზე ყოფნა საკმარისია, რათა შესაბამისმა სამსახურმა ყველა პროცედურა შეასრულოს.