15 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე მაპ-ი რომ მოეცათ...
ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან 15 წელი გავიდა და დღემდე აქტუალურია კითხვა, მაშინ ჩვენთვის და უკრაინისთვის მაპ-ი რომ მოეცათ, დღეს მსოფლიო იქნებოდა თუ არა უფრო უსაფრთხო. 2002 წლის ნოემბერში, როდესაც შევარდნაძემ პრაღაში ნატოს სამიტზე გაწევრების შესახებ ოფიციალურად განაცხადა, გაჩნდა მოლოდინი, რომ დაახლოებით 2008 წლისთვის მიგვიღებდნენ, მაგრამ მაშინ მაპ-იც კი არ მოგვცეს. ცხადია, იმაზე ლაპარაკი, ასე რომ მომხდარიყო, რა იქნებოდაო, ზედმეტია, მაგრამ ფაქტია, საქართველოში ისევ არის რუსული ბაზები, უკრაინაში კი ხალხი იხოცება... ნატოს სამიტი წელს ივლისში ვილნიუსში გაიმართება. სამიტზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ნატოსგან ითხოვს დაჩქარდეს ალიანსში უკრაინის მიღება. უკრაინამ ნატოს წევრობის ოფიციალური განაცხადი ომის დაწყების შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში წარადგინა, თუმცა თითქმის არავის აქვს იმედი, რომ უკრაინას წელს მიიღებენ. ბუქარესტის სამიტიდან ვილნიუსის სამიტამდე გასულ 15 წელიწადში როგორ შეიცვალა მსოფლიო უსაფრთხოება, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა:
- გამორიცხული იყო სხვა გადაწყვეტილების მიღება. მაშინ რუსეთიც სხვანაირი იყო და პუტინსაც და უკრაინასაც დიდი პრობლემა ჰქონდათ - მოსახლეობის დიდი ნაწილი ნატოში გაწევრების წინააღმდეგი გახლდათ, ყირიმში რუსული ფლოტი იდგა. მაშინ საქართველოსაც წართმეული ჰქონდა ტერიტორიები და ჩვენთანაც იდგნენ რუსი სამშვიდობოები, დემოკრატიის მხრივ კი, ვაღიაროთ, ამაზე უარესი მდგომარეობა იყო. ამას დავამატოთ გარე ფაქტორები, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაზე არ იყო დამოკიდებული - ამერიკა ერაყში ომით დასუსტებული იყო. ომის გამო დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გერმანიასა და საფრანგეთთან, ბუში მეორე ვადას ამთავრებდა და უკვე წამსვლელი იყო. ასე რომ, რეალობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ.
- ბუქარესტის სამიტის შემდეგ იყო აგვისტოს ომი საქართველოში, უკრაინაში - ყირიმის ამბები... ცხადი გახდა, რომ სხვა რეალობა შეიქმნა და პუტინიც არ იყო ის, ვინც ეგონათ? სიტუაცია აქამდე რომ არ მისულიყო, ამის გათვლა 2015 წელს ხომ შეიძლებოდა?
- ამის მერე უფრო გართულდა ჩვენი და უკრაინის გაწევრება. ნატო თავის ტერიტორიებს იცავს, ხოლო ყველა არაწევრის დაცვა მარტივი არაა. ამიტომაც ვერ იღებენ უკრაინას, ამ სიტუაციაში როგორ დაიცავენ. მაშინ პუტინი ასეთი საშიში არ ჩანდა და რუსეთისა და ევროპის ურთიერთობას კიდევ ჰქონდა პერსპექტივა. ამისთვის მუშაობდნენ გერმანია და საფრანგეთი, მათი წონა კი ევროპაში გადამწყვეტია - რაც არ უნდა ვიძახოთ, ევროპაში ყველა თანასწორიაო, ასე არ არის. ამიტომ სხვა რა უნდა გაეკეთებინათ? როგორ უნდა მიეღოთ უკრაინა, ყირიმიანად თუ უყირიმოდ? დონბასიანად თუ მის გარეშე? უკრაინელები ამის გარეშე, ალბათ, არ იქნებიან თანახმა. ამ ტერიტორიებით მიღება კი თავად ნატოს წევრებს არ უნდათ. დღეს კიდევ უარესი სიტუაციაა, ცხელი ომი მიდის და ახლა უკრაინის მთავრობაში თუ ვინმეს სჯერა, რომ უკრაინას ნატოში მიიღებენ, ცდება.
- ბოლო დროს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გააქტიურდა, მაგრამ საქართველოსა და უკრაინის გარეშე ეს როგორ მოხერხდება?
- ეს ნიშნავს, რომ შავ ზღვაზე ნატოს წევრი სახელმწიფოები უნდა გაძლიერდნენ, მაგალითად, რუმინეთი. თურქეთი ისედაც ძლიერია და თავის თამაშს თამაშობს. ამიტომაც ამ კონტექსტში უპირველესად რუმინეთის გაძლიერება იქნება მნიშვნელოვანი. საქართველო, ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ მასპინძლის როლს უნდა დასჯერდეს, მაგალითად, ამერიკული ხომალდი თუ შემოვა. სხვა რა შეგვიძლია? თუმცა მონტროს კონვენცია ზღუდავს დიდი ხნით აქ სამხედრო ხომალდების ყოფნას.
რაც შეეხება ნატოში გაწევრებას, სანამ აქ რუსული ჯარი დგას, ეს ძალიან არარეალურია. ნატოს რომ შეეძლოს ჩვენი მიღება, ვერც ერთ მთავრობას ვერავინ შეასწრებდა, სააკაშვილის იქნებოდა, ბახტაძის თუ ღარიბაშვილის. რუსეთის ერთადერთი გამჩერებელი ამერიკაა. თუ ამერიკა ჩადგამს საქართველოში ბაზას, ამოვისუნთქავთ, მაგრამ სხვა რამ ბევრს ვერაფერს შეცვლის. ეს რეალობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ. ამდენი ხანია წინ არ მიდის ჩვენი ურთიერთობა. ვიმეორებ, პრობლემაა, რომ თბილისთან რუსული ჯარი დგას და არა, ვთქვათ, ის, რომ აქ გეიაღლუმს არ ატარებინებენ. დარწმუნებული ვარ, გეიაღლუმი არც ალბანეთში ჩატარებულა არასოდეს, მაგრამ დიდი ხანია, ნატოს წევრია.
- ჩვენი ხელისუფლების რიტორიკიდან გამომდინარე, არის შანსი, რომ ამერიკამ ჩვენი გაწევრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს?
- ამერიკა ამისთვის ჯერ მზად არ არის, ახლა ის უკრაინაზეა გადართული და აქ ბაზის გახსნა შორეული პერსპექტივაა.
- ათწლეულების განმავლობაში არაწევრი ქვეყნებისთვისაც ნატო უსაფრთხოების გარანტია იყო. დღესაც ასევეა?
- 20 წლის წინ ამერიკას გაცილებით დიდი გავლენა ჰქონდა. რუსეთი და ჩინეთი ნაკლებად გავლენიანი ქვეყნები იყვნენ, ამერიკა და ნატო დომინირებდნენ.
საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ ისევ 2003 წელია, არადა, ვითარება უარესობისკენ შეიცვალა, ორი ავტორიტარული ქვეყანა გაძლიერდა - ჩინეთი და რუსეთი და საქართველოში ამ რეალობის დანახვა ბევრს არ სურს. ზოგი ჩინეთს საერთოდ ვერ ამჩნევს. ზოგს ჰგონია, მთავარია, ამერიკამ მოინდომოს და საქართველოს ეგრევე მიიღებენ ნატოში. ამერიკამ რომც მოინდომოს, გერმანია, ალბათ, ისევ წინააღმდეგი იქნება.
- მაშინ რომ მივეღეთ, მეტი შანსი იყო?
- ჩემი აზრით, 2008 წელს პრობლემა ისიც იყო, რომ ჩვენ უკრაინაზე ვიყავით მიბმული. ნატოში უკრაინის გაწევრება რუსეთისთვის კიდევ უფრო მიუღებელია, ვიდრე ჩვენი. მარტო რომ ვყოფილიყავით, იქნებ გავმძვრალიყავით. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, საკითხი მხოლოდ საქართველოსთვის მაპ-ის მონიჭება რომ ყოფილიყო, იქნებ მოეცათ კიდეც. შემდგომ ამას დაემატა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, და ვითარება გაცილებით გაუარესდა.
რუსა მაჩაიძე