12-პუნქტიანი გეგმა და დეოლიგარქიზაციის კანონი
ვენეციის კომისიის შეფასების შემდეგ მმართველმა პარტიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონში მეორე მოსმენისთვის ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, პირის ოლიგარქად ცნობის უფლებამოსილება არა საქართველოს მთავრობას, არამედ ახალშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს მიენიჭოს; პროექტიდან ამოიღეს პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო, სხვა კამპანიებისა და დემონსტრაციების დაფინანსების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი, რაც პირის ოლიგარქად ცნობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგი უნდა ყოფილიყო; ასევე, კანონპროექტიდან სრულად ამოიღეს "უმწიკვლო საქმიანი რეპუტაციის დეფინიცია", რადგან ვენეციის კომისიის დასკვნით, ეს ჩანაწერი "ბუნდოვანია". ამასთან, ახლებური რეგულაციით ოლიგარქად ცნობის პროცედურა ასეა გაწერილი: პირი, რომლის ოლიგარქად ცნობაზე ანტიკორუფციული ბიურო სხდომას გამართავს, ინფორმაციას მიიღებს სხდომიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, 10 დღის ნაცვლად; ხოლო, თუკი მას ოლიგარქად ცნობს ანტიკორუფციული ბიურო, ამის სასამართლოში გასაჩივრება შეეძლება.ცნობისთვის: 2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებულ ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში დეოლიგარქიზაცია მეხუთე პუნქტად არის განსაზღვრული და თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე სადავო პირობა იყო. მმართველი პარტიის ინიციატივით, ამ პუნქტის შესასრულებლად უკრაინული კანონპროექტი ითარგმნა, იმ განსხვავებით, რომ ქართულ ვარიანტში ოლიგარქების რეესტრის უფლებამოსილება მთავრობას ენიჭებოდა. რაც მთავარია, ამ პუნქტზე დავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კანონის ივანიშვილი-კეზერაშვილისთვის მორგებაში გადაიზარდა. ოპოზიცია ამბობდა, რომ ოლიგარქი არის მხოლოდ ივანიშვილი და ევროკავშირის ეს რეკომენდაცია სწორედ მას უნდა შეხებოდა. თავის მხრივ, "ქართული ოცნება" ოლიგარქის კრიტერიუმებს არგებდა კეზერაშვილს, რომელიც საქართველოში მედიამფლობელია და აქვს პოლიტიკური ინტერესებიც, თუნდაც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ ხაბეიშვილის მხარდაჭერის გამო. ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას რეკომენდაციისთვის გაეგზავნა და მის დასკვნაში შენიშვნები გაცილებით ფართოა. კომისია სარისკოდ მიიჩნევს "პერსონალურ მიდგომას", რაზეც არის დაფუძნებული უკრაინულიდან ნათარგმნი კანონპროექტი და ქართულ მხარეს სისტემურ მიდგომას ურჩევს. ასევე, კომისიისთვის მიუღებელია, რომ პროექტის ქართულ ვარიანტში, უკრაინულისგან განსხვავებით, ოლიგარქების რეესტრის შედგენის უფლებამოსილება მთავრობას ენიჭება, რადგან ამაში პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ხედავს... საკმარისია თუ არა ეს ცვლილებები და მოაგვარებს თუ არა ე.წ. სახელმწიფოს მიტაცების პრობლემას, რისთვისაც 12 პუნქტში ეს მუხლი ჩაიწერა, ამ საკითხებზე "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს ვანო ჩხიკვაძეს ვესაუბრეთ:
- გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისრის ვიზიტის დროს ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქი აენთო, შესაბამისად, ითვლება, რომ კანონი ერთგვარად ამ პრობლემის მოგვარების საშუალებაა. თუმცა უყურებს თუ არა ამ ყველაფერს დადებითად ვენეციის კომისია, ვნახავთ. ვიცით, რომ შეცვლილი პროექტი მეორედ უნდა გაგზავნონ ვენეციის კომისიაში და, ალბათ, მისი დასკვნით გავიგებთ, სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა.
რაც შეეხება ანტიკორუფციულ ინსტიტუციას, რომელსაც საგამოძიებო უფლებამოსილება და დამოუკიდებლობის ხარისხი არა აქვს, ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ვალდებულების ჩანაწერში სწორედ ეს წერია. ამიტომაც იბადება კითხვები საგამოძიებო უფლებამოსილებისა და დამოუკიდებლობის შესახებ და, როდესაც ამას ემატება დეოლიგარქიზაციის საკითხიც, ცხადია, კითხვები უფრო მძაფრდება.
- ახალ ცვლილებებში მთავარი ის არის, რომ ოლიგარქის სტატუსის მინიჭების უფლება ანტიკორუფციულს ექნება და ოლიგარქს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აღარ აეკრძალება. მაშინ ამ კანონის მიღებას რა აზრი აქვს?
- მგონი, ამ საკითხზე ევროკავშირსაც აქვს კითხვები, თუ რამდენად იქნება ეს საკმარისი, რომ პრობლემა, ე.წ. სახელმწიფოს მიტაცება, მოგვარდეს. ალბათ, ამის სულ უფრო ნაკლებ ჩვენს მოქალაქესაც არ სჯერა. ასე რომ, ეს შეიძლება ჩაითვალოს როგორც ერთ-ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ არასაკმარისი.
- ამ საკითხზე დავის ივანიშვილ-კეზერაშვილამდე დაყვანა პროცესზე ზეგავლენას თუ მოახდენს?
- ვფიქრობ, პოლიტიკოსები ამ საკითხს პიროვნულ დონეზე არ უნდა უყურებდნენ. რომელიმე ნორმატიულ აქტს ვინმეს წინააღმდეგ კი არ უნდა იღებდნენ, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. პერსონიფიცირება არ არის სწორი. შესაძლოა გაჩნდეს აზრი, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ამის გამოყენებას თავიანთი მიზნებისთვის ცდილობენ. ეს ერთგვარად პოლიტიკურ იარაღადაც იქცევა.
- 12 პუნქტის შესრულების საქმეში დღეს რა მდგომარეობაა.
- არის სფეროები, სადაც მოთხოვნები დიდწილად შესრულებულია, არის სფეროები, სადაც შესასრულებელია, და არის, სადაც შესრულდა. ასეთი ერთია - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პირობა. ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს გენდერული თანასწორობის პუნქტი, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პირობა. ის კი, რაც არ არის შესრულებული, მოიცავს ფაქტობრივად ყველა ძირითად პირობას: დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, პოლარიზაციას, საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში და მედიაპლურალიზმს.
- როდესაც ხელისუფლება ე.წ. აგენტების კანონს იღებდა, ნათლად ითქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემდნენ. მერე გაჩნდა მოლოდინი, რომ საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე, სტატუსს მივიღებდით. დღეს რა მდგომარეობაა?
- ბოლო მონაცემებით, ევროკავშირს სურს საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ბუნებრივია, ამ საკითხის განხილვისას ითანამშრომლებენ წევრ ქვეყნებთანაც. არის თუ არა კონსენსუსი, ვერ გეტყვით, ერთია კომისიის დასკვნა და მეორე წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, საბოლოო სიტყვა მათ ეთქმით. წევრ ქვეყნებში კი არის სკეპტიციზმი, ახლა მოგვცენ თუ არა სტატუსი. მოკლედ, ასეთი სურათია - ევროკომისიას სურს, მაგრამ წევრ ქვეყნებთან კონსენსუსი ამ საკითხზე ჯერ არ არის.
რუსა მაჩაიძე