"პროე­ვ­როპულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს ევროპელი პენსიონერების ქურდი, ხომ მაგარია?!" - კვირის პალიტრა

"პროე­ვ­როპულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს ევროპელი პენსიონერების ქურდი, ხომ მაგარია?!"

"დავით კეზერაშვილი იშვიათი გარე­წარია - ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა, ბოლო თეთრამდე ვარწყევინებდი",­ - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი BBC-ის მილიარდდოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას. ელისაშვილის თქმით, კეზერაშვილის ადგილი ციხეშია და ის ევროპელმა­ სამართალდამცავებმა პენსიონერთა გამწარებისთვის უნდა გაამწესონ იქ, სადაც მისი ადგილია... ქოლცენტრების, სანქცირებული მოსამართლეების, საგამოძიებო კომისიების შექმნასა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებზე "მოქალაქეების" ლიდერი უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- ძალიან მაგარ ამბებში ვართ, პროე­ვ­როპულ პოლიტიკურ ძალებს აფინანსებს ევროპელი პენსიონერების ქურდი, ხომ მაგარია? მე ნამდვილად არაფერი მაქვს საერთო იმ ოპოზიციონერებთან, რომლებიც კეზერაშვილისგან ფულს, ხოლო მერაბიშვილისგან დავალებებს იღებენ. ხალხსაც არ უნდა. ხომ ნახეთ 9 აპრილს, რა მოხდა? - სამი ტელევიზია ატრიალებდა რეკლამას,­ არიქა, გამოდითო. "ნაცმოძრაობა" ხომ იჩემებდა, მარტში ჩვენ გამოვიყვანეთ ხალხიო. 9 აპრილს ძალიან კარგად გამოჩნდა, სინამდვილეში რისი გამკეთებლებიც არიან.

- თქვენ თუ ხედავთ ქოლცენტრების საქმეში "ოცნების" თანამონაწილეობას?

- რა თქმა უნდა. სწორედ "ოცნების" ბრალია, რომ კეზერაშვილი 11 წლის განმავლობაში დაუსჯელად ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. კეზერაშვილი რომ იშვიათი გარეწარია, რად გვინდოდა ამისთვის BBC-ის გამოძიება? 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში ერთადერთი ბედნიერი ის იყო. რუსებმა რომ იარაღის საწყობები გაძარცვეს, განსაკუთრებით უფლისციხის ცენტრალური საწყობი, კეზერაშვილმა, ალბათ, ცხვრები და ხარები დაკლა და დავლურიც დაუარა ბედნიერებისგან. იმ დღეებში ისედაც ჰეროინი ჰქონდა მიღებული და უაზროდ გახარებული დარბოდა. აქ იყო და, ქართული ჯარი გაძარცვა, ევროპაში წავიდა და, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა, თან მილიარდ დოლარს მეხუმრებით?! ვინ შეარჩენს?

kezera-1681646956.jpg

- თქვენი აზრით, რა უნდა ყოფილიყო "ქართულ ოცნებასა" და კეზერაშვილს შორის გარიგების საგანი?

- ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კეზერაშვილი "ქართულ ოცნებას" "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის საფასურად გაურიგდა. ხომ ყველამ იცის, რომ მათი გარიგების საფუძველი პარტიიდან ბოკერიას ჯგუფის გამოყოფა იყო? ამიტომ "ქართულმა­ ოცნებამ" თვალი დახუჭა მის კრიმინალურ წარსულზეც და მომავალზეც.

- თქვენც ხომ იცით, რომ მის წინააღმდეგ­ ხუთი, მათ შორის ფულის გათეთრებასთან, თანხების გაფლანგვასთან, კორუფციასთან, 7 ნოემბერსა და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებული საქმეები იყო აღძრული?

- კი, როგორ არა. მე ისიც კარგად მახსოვს, კეზერაშვილი საფრანგეთში რომ იყო დაკავებული, "ქართულმა ოცნებამ" საექსტრადიციო დოკუმენტაცია არც გაგზავნა. ზრდილობისთვის იყო ძებნა გამოცხადებული, სინამდვილეში კეზერაშვილი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. იმედია, ახლა მაინც დაიჭერენ!BBჩ პროკურატურა არ არის, მაგრამ მისი გამოძიება რეპუტაციულად დამანგრეველია. რა თქმა უნდა, ეს გამოძიება საფუძვლად დაედება გამოძიებას ევროპულ ქვეყნებში კეზერაშვილის წინააღმდეგ. კეზერაშვილისთანა გათახსირებული ხალხის ადგილი ციხეშია. ჩემი ნება რომ იყოს, რაც ჯარს მოჰპარა, ვარწყევინებდი ბოლო თეთრამდე. ახლა ევროპელებმა უნდა დაიჭირონ!

- ეს ყველაფერი ქართული ოპოზიციის პრესტიჟზე გავლენას არ იქონიებს?

- ეს იმან იკითხოს, კურტუმგაბზეკილი რომ დადიოდა და აქეთ გვეჩხუბებოდა.

- ვის გულისხმობთ?

- გამგები ძალიან კარგად გაიგებს. მე ისედაც კარგად ვიცოდი და დროა სხვებმაც გაიგონ, რომ კეზერაშვილისნაირი ამაზრზენი კაცით ბიძინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებთ, მით უმეტეს, ისეთ კაცზეა ლაპარაკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერ დროს გაურიგდება და კურტუმგაბზეკილ ოპოზიციას თხებივით გაყიდის. დადგნენ ახლა და იმართლონ თავი, გრძელი ენები რომ ჰქონდათ. არ რცხვენიათ, ჯარისა და პენსიონერების ქურდისგან ფულს რომ იღებენ?

- იმის თაობაზე რას იტყვით, კეზერაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაში რომ მედიამაგნატად იყო მოხსენიებული?

- სანამ ევროპარლამენტერს მივედავებით, საკუთარ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი. პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტში რომ იყო მოსული, ბაქიბუქობდა და ლანძღავდა კეზერაშვილს. თვალებში ჩავხედე და ისე ვკითხე, ახლა რომ ამბობ კეზერაშვილზე, ქურდია და ქართული ჯარი გაძარცვა, 11 წელი რას უყურებდი-მეთქი. ლონდონში 18-მილიონიან ბინაში რომ ცხოვრობს კეზერაშვილი, ეს აქამდე არ იცოდა "ქართულმა ოცნებამ"? გიორგი თარგამაძემ მიაგნო ინტერვიუს ჩასაწერად და "ქართული ოცნების" დაგეშილმა პროკურატურამ ვერა? ძალიან ცდილობენ ვიღაცები კეზერაშვილის გამართლებას, მაგრამ არ გამოუვათ. რატომ უწოდეს მედიამაგნატი ევროპარლამენტარებმა? იმიტომ, რომ არ ჰქონდათ მის შესახებ სწორი ინფორმაცია. ბი-ბი-სი მსოფლიოში ყველაზე ობიექტური და გავლენიანი მედიასაშუალებაა. შესაბამისად, ევროპარლამენტარების რეზოლუციებიც შეიცვლება - არ იცოდნენ აქამდე, როგორი გათახსირებულიც იყო. ასევე აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება სანქცირებულ მოსამართლეებს. "ქართული ოცნება" კი არა, მამა ღმერთი ვერ უშველის მაგათ. ყველას თავისი მიეზღვება.

- როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, 18 აპრილის საპარლამენტო სხდომაზე ნებისმიერი ოპოზიციონერი დეპუტატის მიუსვლელობა ნიშნავს, რომ ის გადავიდა "ქართულ ოცნებაში". თქვენ რას აპირებთ?

- აუცილებლად მივალ და მხარს დავუჭერ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მხოლოდ ოთხი სანქცირებული მოსამართლის კი არა, ყველას საქმე უნდა იყოს გამოძიებული. მე არ ვიცი, "ნაცმოძრაობა" რას იზამს, მაგრამ, ვფიქრობ, კომისია მხოლოდ 2012 წლის შემდეგ პერიოდით არ უნდა დაინტერესდეს, წინა პერიოდიც გამოსაძიებელია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ის მოსამართლეები ასეთ გათახსირებულ ხალხად სწორედ წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა. "ქართული ოცნების" სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ "ნაციონალების" გამოჩეკილ კორუმპირებულ მოსამართლეებს თავზე ხელი გადაუსვა და დააწინაურა. სწორედ ეს ხალხი იყო ბოროტების შემოქმედი პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად, განსაკუთრებით, მურუსიძე. მისი გვარი უსამართლო სასამართლოს ზედსართავ სახელად იქცა. ასე რომ, "მოქალაქეები" აუცილებლად დავუჭერთ მხარს კომისიის შექმნას.

- ფიქრობთ, რომ შეიძლება "ნაციონალებმა" არ დაუჭირონ მხარი კომისიის შექმნას?

- არის ასეთი ეჭვი და ვნახოთ. ამ დრომდე ყველა საგამოძიებო კომისია ჩააგდო "ნაცმოძრაობამ". როცა მოსმენების ფაილები გავრცელდა საეკლესიო პირებსა და მაღალჩინოსნებზე, მაშინ დავაინიცირეთ საგამოძიებო კომისია, ჩვენც შევუერთდით, მაგრამ სხდომაზე არ მოვიდა "ნაცმოძრაობა". ეს კარგად გაიხსენონ ხოლმე განსაკუთრებით მათ, ვისაც გრძელი ენები აქვთ და ჩვენზე ათას სისულელეს ამბობენ.

ხათუნა ბახტურიძე