„შეიძლება მალე ჩემზეც გაიგოთ რაიმე სისულელე...“
"ბრიტანულ სასამართლოში კლანი არ არის და იქ ყველაფერი ობიექტურად გადაწყდება. თუმცა კითხვის ნიშანი ბევრია", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და ქოლცენტრების თაობაზე საკუთარ ვერსიებს გვიზიარებს.
- ვერ ვხვდები, ოპოზიციას რატომ უკავშირებენ კეზერაშვილის საკითხს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს. მეცინება "ქართული ოცნების" ლიდერებზე, რომლებიც აქ ლიბერთი ბანკის საშუალებით ძარცვავენ ქართველ პენსიონერებს, ბიუჯეტს ძარცვავენ, რუსეთიდან შემოსულ კონტრაბანდულ ტვირთებზე სხედან და ვითომ ევროპელ პენსიონერებზე დარდობენ. ევროპელ პენსიონერებს გადასარევად მიხედავენ ევროპელი სამართალდამცავები, ამათ ქართველ პენსიონერებს მიხედონ. რაც შეეხება კეზერაშვილს, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს დანაშაულზე.
- თქვენ რა კითხვები გაქვთ ამ საქმეზე?
- წარმოუდგენელია, საქართველოში ქოლცენტრები გახსნილიყო სპეცსამსახურების მონაწილეობის გარეშე. თუ ვინმეს სურს იმ სიბრიყვის დაჯერება, რომ ქვეყანაში ასობით ქოლცენტრი ფუნქციონირებდა, მილიონობით დოლარი ტრიალებდა და სუს-მა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და "ქართულმა ოცნებამ" არაფერი იცოდნენ, მისი ნებაა. ქვეყანაში ტოტალური კონტროლია, ყველაფერი ისმინება, ლილუაშვილმა თითოეული თეთრის ავან-ჩავანი იცის. 1.500 დოლარის ზემოთ ტრანზაქცია რომ განახორციელო, მაშინვე პროკურატურის მონიტორინგში ხვდები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმე სხვა კი არაფერია - მომენტალურად უნდა გადაამოწმოს საეჭვო ტრანზაქცია. ოპერატორად მომუშავე პატარა გოგო-ბიჭები დაიჭირეს და მათზე უნდათ ხელის შეხოცვა. როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ჩვენ ამ საკითხის სისტემურ გამოძიებას ჩავატარებთ. მეორე საკითხი, რამაც კითხვა გამიჩინა, ის არის, რომ ბი-ბი-სიში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ისრაელის წარმომადგენელია, იქ ცხოვრობს. როგორ მოხდა, რომ ეს ჟურნალისტი სწორედ მაშინ ჩამოვიდა თბილისში, როდესაც ქართულმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს?
- იქნებ დააკონკრეტოთ, რას უკავშირდება თქვენი ეჭვი ჟურნალისტზე?
- მიუხედავად იმისა, რომ ქოლცენტრების საქმეს ქართულ სატელევიზიო სივრცეში არაერთი გადაცემა მიეძღვნა, "ქართული ოცნება" ყურსაც კი არ იბერტყავდა. როგორც კი გერმანელი სამართალდამცავები ჩამოვიდნენ და დაიწყეს ამ საქმის გამოძიება, ქართულმა სპეცსამსახურებმა ოპერაცია ჩაატარეს, პიქსელის შენობაში შეცვივდნენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კეზერაშვილის საკუთრება იყო. რა თქმა უნდა, სპეცოპერაცია გამიზნული იყო გერმანელების თვალის ასახვევად, რაც, ჩემი აზრით, არ გამოუვიდათ. გერმანულ და ბრიტანულ სამართალდამცავებს ვერასდროს ვერ გაექცევიან დამნაშავეები. წარმოუდგენელია, წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში სპეცოპერაცია ჩატარებულიყო, გარკვეულიყო, რომ კეზერაშვილი მსოფლიოში ნომერი პირველი თაღლითია და გერმანელ სამართალდამცავებს საქმე არ აღეძრათ. ამ საქმეში ბევრი ბუნდოვანი საკითხია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - საქართველოში ამხელა კორუფციულ სქემას "ქართული ოცნებისგან" ფარულად ვერავინ ააწყობდა. სულ არ მაინტერესებს კეზერაშვილი, მთავარი თაღლითები ხელისუფლებაში არიან მოკალათებული.
- მაგრამ "ნაცმოძრაობის" მთავარი დამფინანსებელი კეზერაშვილი ძალიან ცუდ საქმეშია ეჭვმიტანილი. როგორ გგონიათ, ეს ფაქტი, თქვენ, როგორც "ნაცმოძრაობის" პარტნიორი პარტიის ლიდერს, პრობლემას შეგიქმნით?
- რა თქმა უნდა, პრობლემა შეექმნება "ნაცმოძრაობასაც", ამ პარტიის პარტნიორ პარტიებსაც და მთელ ოპოზიციას. სწორედ იმიტომ არის ერთი ამბავი ატეხილი, რომ ჩვენ პრობლემები შეგვქმნოდა. არაერთხელ მითქვამს, რომ "ოცნება" ძალიან ბინძურად თამაშობს. შეიძლება მალე ჩემზეც გაიგოთ რაიმე სისულელე. მაგალითად, ის, რომ იური გაგარინი მე ჩამოვსვი ხომალდიდან, როდესაც მეორედ გაფრენას აპირებდა.
- "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას ისევ გააგრძელებთ?
- "ნაცმოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" სხვადასხვა პარტიაა. ხან ვითანამშრომლებთ, ხან არა. პრობლემა ხელისუფლებაში რუსული კრიმინალური ძალაა. იმედია, ყველაფერი გაირკვევა და თავად გადაწყვეტენ, გააგრძელებენ თუ არა კეზერაშვილთან თანამშრომლობას.
- მალე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოს პარლამენტმა. 18 აპრილისთვის დაგეგმილია საგამოძიებო კომისიის შექმნა სანქცირებული მოსამართლეების საქმეზე. თქვენი პოზიცია როგორია?
- აუცილებლად დავუჭერ მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას. სიმართლე გითხრათ, ჩვენი აზრით, ამ საქმეში გამოსაძიებელი აღარაფერია, სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი დასკვნა უკვე წარმოადგინა და ქართულ სასამართლოში მოკალათებულ კლანს ბეჭედი დაადო, უბრალოდ, კოლეგები ამბობენ, რომ სხვების გამოვლენაც სურთ. კი ბატონო, თუ უნდათ ჩვენც გავყვებით. ისე კი ვფიქრობთ, საგამოძიებო კომისიები ამ ქოლცენტრების საქმეზე გაგვეკეთებინა. კარგი იქნებოდა, პარლამენტში დაგვებარებინა ლილუაშვილი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, მონიტორინგის სამსახური და გაგვერკვია, როგორ გაეპარათ მილიარდების ბრუნვა. გულახდილად გეტყვით, როდესაც პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე ფრიდონ ინჯია და მისთანები არიან, სკეპტიკურად ვუყურებ საგამოძიებო კომისიის შექმნას. ინჯიები და ძმანი მისნი უამრავ ტექნიკურ პრობლემას შექმნიან. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მათ დავეხმარებით, ძალიან სოლიდური სამუშაოა.
- საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდებით და ქუჩის აქციები აღარ იქნება?
- ვინ თქვა, რომ აღარ იქნება? 8-9 მარტის აქციები წელს პირველი მერცხალი იყო და კიდევ ბევრი იქნება. ჩვენ ბევრნი ვართ. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ ჩავატარებთ აქციას, რაც არ უნდა სისხლის სამართლის საქმეები აღძრან ჩვენს წინააღმდეგ. სხვათა შორის, არ გამოვრიცხავ, ჩემს წინააღმდეგაც აღძრან საქმე.
- ამის ფიქრის საფუძველს რა გაძლევთ?
- არაერთხელ აღნიშნეს, რომ 8 აპრილის აქციაზე ვაშაძემ მოუწოდა ახალგაზრდებს, პარლამენტს ალყა შემოვარტყათო. ზოგიერთი თავს რომ იშტერებს და ამბობს, ცარიელ პარლამენტს ალყა რად უნდოდაო, ვითომ ვერ ხვდებიან, რომ სწორედ ამან მოიტანა შედეგად ის, რომ "ქართული ოცნება" იძულებული გახდა უკან გაეწვია რუსული კანონი. რამდენჯერაც იქნება საჭირო, იმდენჯერ გამოვაცხადებ ალყას.
- 8-9 მარტს ხალხი ე.წ. აგენტების კანონმა გამოიყვანა ქუჩაში, 9 აპრილის აქცია კი ასეთივე ხალხმრავალი არ აღმოჩნდა.
- "სტრატეგია აღმაშენებელი" არ იყო ამ აქციის ორგანიზატორი. ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქცია. უბრალოდ, სადაც დაგვიძახებენ, ჩვენ იქ მივდივართ. მე არც ველოდი, რომ 9 აპრილს ბევრი ხალხი მოვიდოდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ დემონსტრაცია იყო.
ხათუნა ბახტურიძე