„ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“ - "პალიტრამედია“ 28 წლისაა - კვირის პალიტრა

„ჩვენი საქმე უცვლელია, ვემსახუროთ სიმართლეს!“ - "პალიტრამედია“ 28 წლისაა

"და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო" - "პალიტრამედია" 28 წლისაა!

"თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით..." - ამ სლოგანით 1995 წლის 18 აპრილს იმჟამინდელ ქართულ მედიასივრცეში ახალი გაზეთი - "კვირის პალიტრა" გამოჩნდა, რომელმაც პრესის მოყვარულებში თანდათან მოიპოვა პოპულარობა და საზოგადოების სიმპათია დაიმსახურა. მას შემდეგ, ერთგული მკითხველი ყოველ ორშაბათს ელის მრავალფეროვან და საინტერესო სტატიათა პალიტრას.

სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავისუფალი სიტყვა, ობიექტურობა, ზომიერება, გონიერება და სიმართლისმოყვარეობა - ამ ყველაფრის საფუძველი იმ ადამიანთა უდიდესი ძალისხმევაა, რომლებიც ჰოლდინგის სათავეებთან იდგნენ და დღესაც თავდადებითა და დიდი სიყვარულით ემსახურებიან ამ საქმეს, თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავდაუზოგავი შრომით ისინი წარმატების ისტორიას წერენ. დამოუკიდებელი ქართული მედიის ისტორიისთვის 28 წელი საკმაოდ დიდი დროა.

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

1990-იან წლების ურთულესი პერიოდიდან, როდესაც ისეთი განსხვავებული გაზეთის შექმნის სურვილი გაჩნდა, რომელიც ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მიმზიდველი იქნებოდა. იდეა "კვირის პალიტრის" დამფუძნებელს, ირაკლი თევდორაშვილს დაებადა და მოგვიანებით დედას, ლალი გუნთაიშვილს ("კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი) გაანდო, შემდეგ კი შესთავაზა - იქნებ, შენს მეგობრებთან ერთად, გაზეთის გამოცემა დაგვეწყოო...

ქალბატონმა ლალიმ აზრი პირველად ხუმრობაში გაუტარა, ბოლოს კი მაინც დათანხმდა, რაზეც მოგვიანებით დაწერა:

"პირველად იყო ფიქრი, ფიქრი წამივით ჩაწვეთებული. მყისიერად მოვლენილი და მერე მიჩუმათებული... ფიქრი, ჯერ მცირე დროსა და დიდ პაუზას ითხოვდა. თანდათან იმძლავრა... მარტოობაში აღარ მოუნდა და სხვებთან გაზიარება ითხოვა. ფიქრების ავტორს თანამოაზრეები გაუჩნდა... ფიქრი იგი იყო გაზეთის გამოშვება. უბინაობა, უმისამართობა, უკომპიუტერობა და უხელფასობა - ეს ყველაფერი იყო, და იყო ერთი ძალიან ლამაზი დღე - 1995 წლის 18 აპრილი... იყო დიდი მღელვარება. დიდი მოლოდინი და შიში თქვენთან მოახლოებისა, ბატონო მკითხველო".

მერე სწორედ ლალი გუნთაიშვილის სამეგობროდან ჩამოყალიბდა პირველი რედაქცია: მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით.

თავიდან გაზეთ "კვირის პალიტრას" დაიჯესტის სახე ჰქონდა - თავს უყრიდა და ბეჭდავდა ქართულ და უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ კვირის ყველაზე საინტერესო მასალებს. ორიოდე წლის შემდეგ გაზეთმა საკუთარი ორიგინალური მასალების მომზადება დაიწყო, რის შემდეგადაც გაიზარდა მკითხველის ინტერესიც და ტირაჟიც.

ერთი წლის შემდეგ "კვირის პალიტრამ"­ ქართული პრესის პალიტრას, ჟურნალი "ბომონდი" შემატა. შემდეგ კი, მიყოლებით შეიქმნა რეკლამისა და განცხადებების გაზეთი "სიტყვა და საქმე", საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი "გზა", რელიგიური ჟურნალი "კარიბჭე", სამედიცინო ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", "საბავშვო კარუსელი" და ა.შ. "პალიტრა" დღეს მულტიმედიური კომპანიაა, გამოსცემს გაზეთებს, ჟურნალებს, მაუწყებლობს რადიო სიხშირეზე FM 103,9 - "რადიო "პალიტრა", წარმატებულია ტელევიზია "პალიტრანიუსი"; მის შემადგენლობაშია ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი", მაღალრეიტინგული საინფორმაციო ინტერნეტპორტალები: ambebi.ge, kvirispalitra.ge, mkurnali.ge, bpn.ge, mshoblebi.ge, sportall.ge, lelo.ge, saqme.ge, marao.ge, rogor.ge, allnews.ge, intermedia.ge; კულინარიული ჟურნალი - "გემრიელი" და საიტი gemrielia.ge; პრესის გავრცელების სააგენტო "ელვა სერვისი"; წიგნების გამომცემლობა "პალიტრა L"; წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი"; სტამბა "კოლორი", წიგნის კაფე "პიატო" და სხვა. ასევე საიდუმლოდ გაგანდობთ, რომ მიდის მუშაობა ახალ, ინოვაციურ მიმართულებაზე.

"პალიტრამედია" მუდმივად ვითარდება, იზრდება და ყოველთვის ცდილობს მედიასფეროში მსოფლიო სიახლეების საქართველოში დანერგვას.

ასეთია გზა ერთი გაზეთით დაწყებული საქმიდან უმსხვილეს მედიაჰოლდინგამდე, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 20-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ "პალიტრამედიას" საკუთარი ჰიმნი აქვს.

null

ქალბატონი მარიკა დარჩია, რომელმაც "პალიტრამედია ჰოლდინგში" 10 წელი გაატარა კრეატიული დირექტორის პოზიციაზე და უამრავ წარმატებულ და ცნობილ პროექტს დაუდო სათავე, რომელიც დღესაც წარმატებით განაგრძობს ზრდა-განვითარებას, ჩვენთან საუბარში იხსენებს, თუ როგორ შეიქმნა "პალიტრის" შესანიშნავი ჰიმნი მამა-შვილის ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების მიერ, მისი უდიდესი მონდომებითა და თხოვნით:

"ეს ჰიმნი 2010 წელს დაიწერა. "პალიტრის" დაბადების დღისთვის, კორპორაციული საღამოსთვის ვემზადებოდით და ამ მზადების პროცესში გაჩნდა სურვილი - ოცნებასავით, რომ რა კარგი იქნებოდა, "პალიტრას", ასეთი დიდი ისტორიის მქონე მედიასახლს, საკუთარი ჰიმნიც ჰქონოდა. მაშინ ჰოლდინგის შემადგენლობაში ძალიან ბევრი ბეჭდური გამოცემა იყო, რადიო კი - ახალი ფეხადგმული, ტელევიზია ჯერ არ იყო, მხოლოდ ვიდეო სიუჟეტები გვქონდა...

მამუკა ჩარკვიანს ახალგაზრდობიდან ძალიან კარგად ვიცნობდი და გადავწყვიტე, ჩვენთვის სიმღერის დაწერა მეთხოვა. თუ რაღაც ძალიან გინდა, მგონია, რომ ადამიანები აუცილებლად დაგეხმარებიან მის განხორციელებაში. მოკლედ, მამუკას დავურეკე, ვესაუბრე, მითხრა, ცოტა შეუძლოდ ვარო და თან დასძინა, მე მხოლოდ ჯანსუღის დაწერილ ლექსებზე ვწერ სიმღერებსო. კარგი, ცოტა ხანს დამაცადე-მეთქი, ვუთხარი და დავურეკე ბატონ ჯანსუღს... წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი იყო სურვილი, რომ ახლაც მიკვირს, როგორ შევძელი... მამუკას ნათქვამი გადავეცი და ასეთი რამ მითხრა: მამუკა ასე ადვილად არ თანხმდება, თან შეუძლოდაა და თუ იმდენს მოახერხებ, რომ ახლა რამეს დააწერინებ, მე ლექსს დაგიწერ, "პალიტრა" კარგად ვიცი, რაც არის, ობიექტური, მიუკერძოებელი და დიდ პატივს ვცემო.

ცოტა ხანში დამირეკეო, მითხრა. ზუსტად 15 წუთში დავურეკე და ტელეფონის ყურმილში მიკარნახა ის არაჩვეულებრივი­ ორი სტროფი, რომელსაც დღესაც არ გასვლია ყავლი. თავისუფლებაზე, რწმენაზე, პასუხისმგებლობაზეა - ყველაფერია ჩატეული.

შემდეგ, მამუკას გადავურეკე, ვუთხარი­, რომ ჯანსუღის ლექსი უკვე მქონდა და მიმიპატიჟა, სახლში მოდიო. შინ იყვნენ ქალბატონი ირმა, მამუკა და მისი მეუღლე. სანამ მე მათთან ვსაუბრობდი, მამუკა ინსტრუმენტს მიუჯდა, დაიდო ეს ხელით ნაწერი ტექსტი და პირველივე ჯერზე, პირდაპირ დაუკრა ეს ჰიმნი. ლამის სიხარულის ცრემლები წამომივიდა! მამუკა უნიჭიერესი ადამიანია.

მერე არც იმაზე დაგვზარდა, რომ ეს ჰიმნი ჩაგვეწერა. თან ძალიან ვჩქარობდით, დროში უნდა მოგვესწრო და ხარისხობრივად მთლად რიგიანი არ არის, მაშინ სად იყო ისეთი სტუდიები, ახლა რომ არის. ეს ჩანაწერი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მამუკა საოცრად მღერის.

მერე ეს ჰიმნი ამოვბეჭდე და "პალიტრის" თანამშრომლებს დავურიგე, ჩემი აზრით, ის ყველა "პალიტრელმა" უნდა იცოდეს. მაშინ პატარა კლიპივითაც გადავიღეთ, ტელეფონით.

ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი მოგონებაა. შესანიშნავი შედეგი დაგვიტოვა, ამიტომაც გაუძლო დროს.

10 წელი ვიმუშავე "პალიტრაში", იმ პერიოდში, როცა ძალიან ბევრი გამოცემა იყო და საინტერესო ინოვაციური ნაბიჯები გადავდგით.

"პალიტრას" ამ 28 წლის იუბილეზე ვუსურვებ, რომ იყოს ისეთივე გულწრფელი, მიუკერძოებელი, კვლავაც ემსახუროს სიმართლეს და ყველას ხმა ისმოდეს "პალიტრამედიის" ყველა საშუალებით. დიდხანს, დიდხანს არსებობდეს მედია, რომელსაც დასაწყისიდანვე ენდობოდა ქართველი საზოგადოება. მინდა, რომ ეს ნდობა არასოდეს დაკარგოს!"

28 წლის იუბილეს ვულოცავთ "პალი­ტ­­რამედია ჰოლდინგის" სულისჩამდგმე­ლებს, ამჟამინდელ თუ ყოფილ თანამშრომლებს, ჩვენს მკითხველს, ყველას, ვინც პალიტრელად ან მის მეგობრად მიიჩნევს თავს, მათ შორის, ჩვენს რესპონდენტებს, ყველას დიდ მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველას იმ დადებითი შეფასებებისთვის, რასაც ვკითხულობთ რედაქციაში მოსულ თუ ვებგვერდებზე გამოგზავნილ წერილებში, კომენტარებსა და სხვადასხვა სახის გამოხმაურებებში.