უშველის თუ არა გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კოლაფსს შუქნიშნების დაყენება
გმირთა მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებისა და ნაკადების გამტარობის გაუმჯობესების მიზნით თბილისის მერია შუქნიშნების მოწყობას გეგმავს. დიდი ხანია, რაც მოედანი ქალაქის ერთ-ერთ პრობლემურ სატრანსპორტო კვანძად იქცა, სადაც უამრავი ავტომანქანა იყრის თავს და გადაადგილება შეუძლებელი ხდება, განსაკუთრებით, პიკის საათებში. "გმირთა მოედანზე, ასეთ რთულ კვანძში, იმდენად მჭიდრო ნაკადებია, შუქნიშნები ოდნავ შვებას თუ მოიტანს. გაუმჯობესებას უფრო ღრმა ინფრასტრუქტურული ცვლილებები სჭირდება", - გვეუბნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი, პროფესორი კონსტანტინე მჭედლიშვილი:
- გმირთა მოედანი 30-იანი წლების დამდეგს შეიქმნა რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელის ლავრენტი ბერიას ინიციატივით, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მის დროს ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის განივი კავშირი დამყარდა სადგურის ქუჩიდან საბურთალოსა და ვაკესთან (მტკვარზე ახალი ხიდის გაკეთებით). დღესაც აუცილებელია განივი კავშირების განვითარება. განსაკუთრებით ორი უბანი ითხოვს ამას - ქსნის ქუჩის გავლით სანზონა დიღომთან და მეორე - სამტრედიის ქუჩა მარშალ გელოვანის პროსპექტსა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩასთან. თამარის ხიდი რომ არ აშენებულიყო, საბურთალო და ვაკე ისე ვეღარ განვითარდებოდა, დღეს როგორიცაა. რევოლუციამდე მტკვრის მაღალ ნაპირზე განლაგებული იყო რუსეთის საიმპერატორო არმიის საარტილერიო ბრიგადა (მაშინდელი ყაზარმების წითელი აგურით ნაშენები კაპიტალური შენობები დღესაც დგას). ის ტერიტორია ღრმა ჭრილით გაიჭრა, ფერდობებზე გაკეთდა ბერმები (საფეხურები), სადაც ლანდშაფტური დიზაინის მეთოდებით გაშენდა ხეები და ბუჩქნარი. ერთ მხარეს აშენდა ცირკის შენობა, მეორე მხარეს კი უნდა გაშენებულიყო მეცნიერებათა აკადემიის ქალაქი საკვლევი ინსტიტუტებით. XXI საუკუნის დამდეგისთვის აკადემიის საკვლევი ინსტიტუტების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი სხვა შენობებში გადავიდა. ამ ტერიტორიაზე კი საქალაქო განაშენიანების მოთხოვნების დარღვევებით და უსისტემოდ მაღლივი საცხოვრებელი შენობები აშენდა. გასული საუკუნის 60-იანი წლების შუახანისთვის მოედნის გამტარუნარიანობა უკვე აღარ იყო საკმარისი - მოედანზე გადიოდა ტრამვაის ხაზი, რომელიც დღევანდელი კოსტავას ქუჩით ფილარმონიასთან უხვევდა (მაშინ ფილარმონია არ იყო) და ვაკეში ადიოდა. ტრამვაის ხაზი ხელს უშლიდა ავტომობილების მჭიდრო ნაკადების გადაადგილებას, მოედანი იყო კანალიზირებისა და მონიშვნის გარეშე, პიკურ პერიოდში მილიციონერთა ბრიგადები დარბოდნენ და ნაკადებს არეგულირებდნენ. 60-იანი წლების ბოლოს მოედნის რეკონსტრუქციის საკითხი დაისვა. მაშინდელი ქალაქის მერი შოთა ბუხრაშვილი თავად გზების ინჟინერი იყო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში კარგად ერკვეოდა. მისი დამსახურებაა თბილისის მეტროპოლიტენის სადგურების დასრულება, თბილისის აეროპორტის მაგისტრალის აშენება, სანაპიროების გაგრძელება. მისი ინიციატივაა გმირთა მოედნის რეკონსტრუქციაც. ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა კონკურსი და გაიმარჯვა არქიტექტორ კიაზო ნახუცრიშვილის ესკიზურმა იდეამ, რომლის თანახმადაც, ავტომობილთა ძირითადი ნაკადები სხვადასხვა დონეში კვეთდნენ გმირთა მოედანს: საბურთალოდან გამომავალი ნაკადი მტკვრის სანაპიროს მიმართულებით მიწის ქვეშ გადიოდა, მეორე ინტენსიური ნაკადი ვაკიდან სადგურის მიმართულებით, რისთვისაც პროექტში ჩადებული იყო დიდი ესტაკადა, რომელიც ზემოდან გადაუვლიდა მოედნის ზედაპირს, სადაც მოწყობილი იყო თვითრეგულირებადი წრე მეორეხარისხოვანი სიდიდის ნაკადებისთვის. წრეზე მარცხენა მოხვევის შესაძლებლობაც იქნებოდა (მარჯვენა თავისთავად მარტივად ხდებოდა). ამრიგად მივიღეთ მოედნის სრულიად ახალი მოხაზულობა, კარგად გადაწყვეტილი როგორც ფორმით, ისე სატრანსპორტო თვალსაზრისით. 1970 წელს ქალაქის მთავარი არქიტექტორი გახდა შოთა ყავლაშვილი, რომელმაც მრავალი შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა შემატა ქალაქს. თუმცა ქალაქში ესტაკადების აშენების სასტიკი წინააღმდეგი იყო, მიაჩნდა, რომ აუშნოებდა ქალაქს. სხვათა შორის, მოგვიანებით ევროპისა და ამერიკის რიგ ქალაქებშიც დაიწყო ესტაკადების დემონტაჟი და გამჭოლი საავტომობილო ნაკადების მიწის ქვეშ გადატანა. ესტაკადას უნდა გაეტარებინა ნაკადი ვაკიდან სადგურისკენ და მოედანი დღესაც შესანიშნავად იმუშავებდა. 2000-იანი წლებისთვის მოედნის გამტარობამ ამოწურვა დაიწყო და მას ვაკიდან სადგურის მიმართულებით ზემოდან გამჭოლი ესტაკადა სჭირდებოდა (რაც პროექტში იყო ჩადებული). მაშინ ეს არ გაკეთდა და მოედნის განტვირთვისათვის შემოტანილ იქნა ცნობილი სამკუთხედის იდეა - უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ცალმხრივმა მოძრაობამ გაზარდა ნაკადების გამტარობა და ამ ქუჩებზე კვანძების გახსნის იდეა გადავადდა. თუმცა შემდგომ საჭირო გახდა განსაზღვრული ღონისძიებები, რათა უფრო გაზრდილიყო გმირთა მოედნის გამტარუნარიანობა და დაისვა ესტაკადის აშენების საკითხი. ამ დროს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მაშინდელ მერთან ერთად მოიწვია ცნობილი გერმანელი სპეციალისტი. მათი აზრით, გაკეთდა შესანიშნავი კვანძი, მაგრამ მისი სატრანსპორტო თვისებები და არქიტექტურული ღირებულება დაბალი დონის აღმოჩნდა დაშვებული შეცდომების გამო.
- კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვეს?
- საპროექტო ვარიანტები უნდა შერჩეულიყო კონკურსის საფუძველზე; ღრმად უნდა შეესწავლათ და გაეთვალისწინებინათ ნაკადების მიმართულება, რა ინტენსივობის ნაკადი საით მიემართება პიკის საათებში. უნდა გაკეთებულიყო მოძრაობის ინტენსივობის კარტოგრამა; ისედაც რთული კვანძი იყო და იმის ნაცვლად, მოძრაობა განტვირთულიყო, კიდევ ახალი, ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩა დაუმატეს. კარგი იქნებოდა, თუ ის მოედნის ქვეშ გაივლიდა და გვირაბით გავიდოდა სანაპიროზე. ამ ქუჩის მოედანზე შემოყვანამ მოსპო წრიული მოძრაობის თვითრეგულირებადი კვანძი; მოედანი გამოვიდა არალოგიკური, ვინაიდან მარჯვენა მოხვევის მაგივრად, ამ სქემაში საჭირო გახდა მარცხნივ გადასვლა და შემდეგ ესტაკადით ისევ მარჯვნივ. წრიული მოძრაობის გაუქმებამ ქაოსი გამოიწვია. კვანძის გახსნა ნიშნავს, რომ გადაკვეთის არც ერთი საკონფლიქტო წერტილი აღარ არის და რჩება მხოლოდ ნაკადების შეერთებისა და ნაკადების განშტოების წერტილები, ოღონდ მათ შორის დიდი მანძილი უნდა იყოს, მინიმუმ, 30 მეტრი (უკეთესია - 40-50მ), რათა მძღოლებს 3-4 წამი მაინც ჰქონდეთ, ავარიული სიტუაცია რომ არ შექმნან, მარჯვენა ზოლზე მოძრავი ავტომობილი გადავიდეს მარცხნივ და მარცხენა კი - მარჯვნივ. ამ მანევრისთვის, სულ ცოტა, 3-4 წამია საჭირო. ამასთან, მოედანზე კიდევ დარჩა ნაკადების გადაკვეთის წერტილები. კვანძი გახსნილად ჩაითვლება, თუ არ იქნება გადაკვეთის წერტილები და გადახლართვის მონაკვეთებიც საკმარისი სიგრძის იქნება, რათა უპრობლემოდ გადაეწყოს ავტომობილთა ნაკადები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური კვანძია, მას აქვს თავისი გავლენის ზონა და ამ ზონაში მდებარე სხვა კვანძების რეკონსტრუქციის პროექტი უნდა გაკეთებულიყო მასთან კავშირში - უნდა შემუშავებულიყო წინასწარ, რანაირად მოხდებოდა მისი გავლენის არეალში მოხვედრილი კვანძების განტვირთვა-რეკონსტრუქცია. ეს კვანძებია: უნივერსიტეტის წინ, ფილარმონიის წინ, სანაპიროს მაგისტრალთან მიერთების კვანძი, სადაც აღმაშენებლის პროსპექტი სადგურის ქუჩას ჭრის, და სპორტის სასახლის წინა კვანძი.
-. გმირთა მოედანზე მერია მოძრაობის განტვირთვის მიზნით კვანძზე შუქნიშნებით რეგულირების მოწყობას აპირებს.
- მოსაზრება, რომ შუქნიშნებით გავაუმჯობესებთ მდგომარეობას, თეორიულია, ამისთანა რთულ კვანძში პრაქტიკულად ეს როგორ გადაწყდება, ვერ გეტყვით. შუქნიშნები ოდნავ შვებას კი მოიტანს, მაგრამ ამას სჭირდება უფრო ღრმა ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რაც ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება. მოქმედი მოედნის რეკონსტრუქცია, ზოგიერთი ესტაკადის მოხსნა და მათი კონფიგურაციის შეცვლა დიდ ხარჯთან, დროსა და უხერხულობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მომავალში მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება. შუქნიშნებით რეგულირებასაც აქვს შესაძლებლობების ზღვარი. აუცილებელია კვანძის გახსნა ისე, რომ მასზე არ იყოს ნაკადების გადაკვეთის წერტილები და გადახლართვის მოკლე სიგრძის მონაკვეთები. აუცილებელია დაყენდეს ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები - თუ დიდი ინტენსივობის ნაკადი მოდის, მას უფრო გრძელი მწვანე შუქის სიგნალი უნდა მისცენ, თუ მცირე ინტენსივობის ნაკადია, მას უფრო გაუხანგრძლივებენ წითელ სიგნალს. შუქნიშნები მაინცდამაინც ძვირი არ დაჯდება, ვაცალოთ მერიას და თუ არ გაამართლა, მისი დემონტაჟი ადვილია. ბოლო წლებში მგზავრთა დიდი ნაწილი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდა, მაგრამ დედაქალაქში იზრდება ავტოპარკი, მგზავრობათა რაოდენობა, ავტომანქანების რიცხვი, რაც პიკურ პერიოდში საცობებს ქმნის. ამასთანავე, მძღოლები ცდილობენ ავტომანქანა ოფისის წინ დააყენონ ქუჩაში, რაც მკვეთრად ამცირებს ქუჩების გამტარუნარიანობას. თუ გვინდა მოძრაობა რადიკალურად გავაუმჯობესოთ, მაშინ ქუჩაში როგორმე უნდა შევამციროთ პარკირების რაოდენობა და დავიწყოთ მიწისქვეშა პარკინგების გაკეთება. მთელ ამერიკასა და ევროპაში ასეა. მაგალითად, ესპანეთში, სევილიაში პარკინგი XVI საუკუნის ეკლესიის ქვეშაა, რასაც ხელი არაფრისთვის შეუშლია.
აუცილებელია ქალაქის ქუჩების გათავისუფლება პარკირებული ავტომობილებისგან, მათი მოქცევა მიწის ქვეშ, დაუსაბუთებელი პარკინგების, ავტოგასამართი სადგურებისა და სხვა მრავალი ხელის შემშლელი ნაგებობების აღება.
- მალე ქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსები შემოვა.
- 18-მეტრიანი ავტობუსი ყველა ქუჩაზე ვერ გაივლის და ყველა მოსახვევში ვერ შევა. მაგალითად, ნუცუბიძის პლატოზე შეხვევის გარეშე ვერ წახვალ, იქ ვერც 18-იანი და ვერც 11-მეტრიანი ავტობუსი ვერ გავა. აჯობებს ქალაქში მიწისქვეშა სივრცის ათვისება, მათ შორის, მეტროპოლიტენის ხაზების განვითარება მცირე ჩაღრმავების გვირაბებით (დაახლოებით 10-15მ სიღრმის). თბილისში უნდა გამოვნახოთ ამის საშუალება, დავტვირთოთ მეტროსადგურები და მიწისზედა საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტიც თავისუფლად ივლის.