ჯარში გაწვევის 10 ათასად გადავადების მოხსნა, მდიდრებისთვის პრივილეგიების შეზღუდვა თუ...
"თავდაცვის კოდექსის" კანონპროექტი, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაარეგულიროს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში (რომელიც ამ კანონპროექტით უკვე "წვევამდელთა ეროვნულ სამსახურად" იწოდება) გავლის წესები, საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში დამატებით განხილვას გადის და მასში ახალი ცვლილებები შედის. კერძოდ, ამ კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებდა წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში (მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში სამსახური) პირის გაწვევის ერთჯერადად, ერთი წლით გადავადებას სახელმწიფო ხაზინაში 10 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ.
ჯარში გაწვევის გადავადების ამ შეღავათს 20 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს - შევარდნაძის ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული, რომ 18-დან 27 წლამდე ასაკის წვევამდელს 2 ათასი ლარის გადახდით 1,8 წლით გადაუვადდებოდა სამხედრო-სავალდებულო სამსახური, თუმცა 27 წლის შესრულებამდე მაინც მოუწევდა ყაზარმის სუნის შესუნთქვა.
მაშინ ეს დაშვება პროგრესული ჩანდა, რადგან სამხედრო კომისარიატებში კარგი ქრთამის სანაცვლოდ მალავდნენ წვევამდელების საბუთებს, და ლოგიკური იყო, რომ წვევამდელის მშობლების მიტანილ ფულს კომისარიატის რომელიმე პოლკოვნიკის ჯიბე კი არა, არამედ გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტი შეევსო.
"თავდაცვის კოდექსის" ახალ კანონპროექტში თავიდანვე ჩაიდო, რომ 2-ათასიანი გადავადება ხუთჯერ, 10 ათას ლარამდე გაზრდილიყო და მისით სარგებლობის უფლება წვევამდელს მხოლოდ ერთხელ მისცემოდა. თუმცა პარლამენტის კომიტეტებზე გაგრძელებული ბჭობის შემდეგ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ამოეღოთ მუხლი, რომელიც თანხის გადახდის სანაცვლოდ პირს თუნდაც ერთხელ გადავადების უფლებას დაუტოვებდა, რაც უმრავლესობის პარლამენტარების ნაწილმა "მატერიალურად შეძლებული პირებისთვის შესაძლო პრივილეგიის მინიჭების აღქმის პრევენციის მიზნით" ახსნა.
მაგრამ ოპოზიციამ ამაში სხვა რამ დაინახა - კერძოდ, ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობასთან ერთად ცდილობს წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევისგან უკანონოდ გაათავისუფლოს სახელმწიფო სტრუქტურებში, სამინისტროებსა და სსიპ-ებში მომუშავე 18-დან 27 წლამდე მამაკაცები და მათი "გული მოიგოს" მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის.
თავდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს პირები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში გაივლიან, ხოლო ის წვევამდელი ასაკის მამაკაცები, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე იმუშავებენ იმ სამინისტროებში, სადაც დღეს მიმდინარეობს წვევამდელების გაწვევა, ისარგებლებენ გადავადების უფლებით, თუმცა სრულად არ გათავისუფლდებიან წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან, გადავადება დროებითი იქნება.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში 2023 წლის საგაზაფხულო გაწვევა 1-ლი თებერვლიდან 30 ივნისამდე გასტანს და საერთო ჯამში გაიწვევენ 3 010 კაცს. აქედან თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში 1 400-ს, შსს-ში - 8980-ს, სპეციალურ პენიტენციარულ სამსახურში - 502-ს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 210 კაცს.
პარლამენტში დამტკიცების შემთხვევაში "თავდაცვის კოდექსის" ახალი კანონპროექტი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და წესით, ყველა წვევამდელი თავდაცვის სამინისტრომ უნდა გაიწვიოს, მაგრამ როგორ დააკომპლექტებს თავის მოთხოვნას შსს-ს დაცვის პოლიცია ან ვის დააყენებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების გარე პერიმეტრის დაცვის კოშკურებზე, თუკი ამ სამინისტროებს წვევამდელების მიღების შესაძლებლობა აღარ ექნებათ?
გამოდის, საელჩოების ღობეებთან თუ ციხეების გალავნებზე უკვე არა წვევამდელები დადგებიან, არამედ კონტრაქტით აყვანილი პირები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, ვიდრე გაწვეულ ჯარისკაცებს ჰქონდათ და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ... დაცვის პოლიციელად თუ ციხეების გარე პერიმეტრის სადარაჯოდ ამ სამინისტროების ხელმძღვანელობა, ბუნებრივია, ეცდება ახალგაზრდა და ჯანმრთელი მამაკაცები აიყვანოს, თუმცა ამ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს თავდაცვის სამინისტრო წელიწადში ორჯერ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გამოიძახებს.
დაიწყება უწყებრივი ინტერესების დაპირისპირება, რაც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს დააზარალებს - ერთი მხრივ, აუცილებელია ყველა ჯანმრთელმა წვევამდელმა გაიაროს საწყისი საბრძოლო მომზადება სწორედ თავდაცვის ძალებში, მაგრამ ვინ შეასრულებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების უსაფრთხოების არანაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციებს?აქედან გამომდინარე, გასაგებია, თუ რატომ უშვებს "თავდაცვის კოდექსის" კანონპროექტი 18-დან 27 წლამდე იმ პირებისთვის სამსახურის გადავადებას, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე იმავე სამუშაოს შეასრულებენ, რომელსაც დღეს დაცვის პოლიციასა და სასჯელაღსრულებაში ერთწლიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ჩვეულებრივი რიგითები. ამასთან, ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამ პირების სრულად გათავისუფლებას წვევამდელთა ეროვნული სამსახურისგან.