პენტაგონს სამხედრო საიდუმლოებები კიდევ ერთხელ „გაუჟონეს“... - კვირის პალიტრა

პენტაგონს სამხედრო საიდუმლოებები კიდევ ერთხელ „გაუჟონეს“...

აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჰაერო ძალების 1-ლი კლასის რიგითი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა და მის მიერ პენტაგონის დაცული შიდაელექტრონული ქსელიდან ამობეჭდილი, ფოტოგრაფირებული და დახურულ გეიმერსერვერზე ატვირთული რუსეთ-უკრაინის ომის საიდუმლო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც სხვა, ასზე მეტ ასეთივე საიდუმლო დოკუმენტთან ერთად, ღია სოციალურ ქსელში გავრცელდა...

სოციალური ქსელების საშუალებით აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების, უპირველესად კი პენტაგონის სამხედრო და სახელმწიფო მნიშვნელობის სენსიტიური ინფორმაციის გავრცელება ბოლო დღეების მსოფლიო მასშტაბის სკანდალად გადაიქცა, რადგან ეს მასალები შეიცავდა ძალზე ყურადსაღებ ცნობებს, რომელთა მოსაპოვებლად არაერთი ქვეყნის, უპირველესად კი რუსეთის, დაზვერვა არაფერს დაიშურებდა.

ამასთან, ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე კარგად ჩანდა, რომ ფოტოები გადაღებული იყო "სრულიად საიდუმლო" და არა "უცხოელებისთვის" გრიფის მქონე დაჭმუჭნილი ფერადი ფურცლებისთვის, რომლებზეც მართლაც საოცარი ინფორმაცია ეწერა - ის, რითაც, სავარაუდოდ, სარგებლობენ აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალური პირები, პრეზიდენტის ჩათვლითაც კი... სწორედ დილეტანტიზმმა იმსხვერპლა ფოტოგრაფი, რადგან ამ საიდუმლო ფურცლების ფოტოგრაფირებისას კადრში რამდენჯერმე მოხვდა მაგიდის ზედაპირი, რომელშიც სამზარეულოს მაგიდის გრანიტის ზედაპირის ამოცნობა იოლი იყო, მაგრამ 336 მლნ-იან ამერიკაში ვის ეკუთვნოდა ის სამზარეულო?

აშშ-ის უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს აგენტებმა რამდენიმე დღეში მიაგნეს საიდუმლო მასალების გავრცელებაში ეჭვმიტანილს და დააკავეს... ის აღმოჩნდა აშშ-ის ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჰაერო ძალების 21 წლის სამხედრო მოსამსახურე, 1-ლი კლასის რიგითი ჯეკ ტეიშეირა, რომელიც მესამე წელია მსახურობდა და ასრულებდა IT-სპეციალისტის მოვალეობას 102-ე სადაზვერვო დანაყოფში და ხელი მიუწვდებოდა პენტაგონის შიდაკომპიუტერულ ქსელ JWICS-ზე.

ჟჭIჩშ სადაზვერვო კომუნიკაციების გაერთიანებული გლობალური ქსელია. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული კომპიუტერული ქსელები, რომლებითაც მუდმივად სარგებლობენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი, შიდა უსაფრთხოების და იუსტიციის სამინისტროები. საიდუმლო ინფორმაცია ციფრული სახით სპეციალური პროტოკოლის საშუალებით ვრცელდება ქსელში და გამოირჩევა ჰაკერული თავდასხმების მიმართ განსაკუთრებული მდგრადობით, მაგრამ რა ხდება, როდესაც ციხე შიგნიდან ტყდება?

ამ ზედაცული სახელმწიფო კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ევალება, მაგრამ სწორედ მისმა 21 წლის სამხედრო მოსამსახურემ გახადა დასაცინი ასე ნაქები ამერიკული უსაფრთხოების სისტემა.

ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ ამერიკელ რიგითს დაცული შიდაკომპიტერული ქსელიდან ამობეჭდილი საიდუმლო მასალების შემცველი დაჭმუჭნილი ფურცლების (შეიძლება ჯიბეებში მალავდა სამსახურიდან გამოსვლისას და შინ სამზარეულოში ცდილობდა ფურცლების გასწორებას) ფოტოების განთავსება დახურულ გეიმერსერვერზე თურმე... ჯერ კიდევ შარშან, რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებიდანვე დაუწყია და ამერიკული კონტრდაზვერვა მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც ცნობილმა საინფორმაციო საშუალებებმა დაიწყეს ინტერნეტქსელში გადინებული ამ საიდუმლო მასალების პუბლიკაცია.

დღის სინათლე უკვე ასამდე საიდუმლო დოკუმენტმა იხილა, თითოეულის გამჟღავნებისთვის კი ეჭვმიტანილ ამერიკელ რიგითს 10-წლიანი პატიმრობა ელის, თუკი დანაშაული დაუმტკიცდა.

ბოლო პერიოდში ეს არის ამერიკული უსაფრთხოების სიტემის მესამე ყველაზე სამარცხვინო მარცხი - ჯულიან ასანჟისა (ავსტრალიელი ინტერნეტჟურნალისტი, რომელმაც 2006 წელს WikiLeaks-ი შექმნა და მასზე განათავსა აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების ბევრი საიდუმლო მასალა, რომლებიც ჰაკერული წესით იყო მოპოვებული) და ედვარდ სნოუდენის (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი ტექნიკური თანამშრომელი, რომელმაც, სავარაუდოდ, 1,7 მლნ-მდე საიდუმლო ელექტრონული ფაილი დააკოპირა და მათი ნაწილი 2013 წელს ამერიკულ მასმედიას გადასცა, თუმცა დანარჩენი რუსეთის დაზვერვისთვის შემოინახა, რისთვისაც 2022 წელს პუტინმა მას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა) საქმეების შემდეგ.

რუსეთმა შეიძლება დიდი მოგება ვერც ნახა ჯეკ ტეიშეირას "ბავშვური თამაშებით" (მოსკოვში დიდად არ ენდობიან ამერიკული საიდუმლო მასალების გაჟონვას და თვლიან, რომ ეს ამერიკელების დეზინფორმაციული სპეციალური ოპერაციის ნაწილი შეიძლება იყოს), მაგრამ ეს ამერიკული სპეცსამსახურებისთვის უდიდეს გაფრთხილებად იქცეს - კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიუხედავად, ყოველთვის იარსებებს ადამიანური ფაქტორი - ანუ მორიგი სნოუდენები თუ ტეიშეირები ყოველთვის გამოიძებნებიან.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები უკვე უფრთხიან მათი ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაციის განდობას ამერიკული მხარისთვის "გაჟონვის" შიშით, ეს კი უპირველესად რუსეთთან მეომარ იმ უკრაინას ეხება, რომელიც გადამწყვეტი ფართომასშტაბიანი კონტრიერიშების დასაწყებად ემზადება და ცდილობს მათი დაწყების დრო და მიმართულებები ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ შეინახოს.