როგორ აალაპარაკა გორელმა ოსტატმა თიხა - კვირის პალიტრა

როგორ აალაპარაკა გორელმა ოსტატმა თიხა

საქართველოს ტერიტორიაზე იშვიათია ისეთი არქეოლოგიური გათხრები, კერამიკის ექსპონატები არ აღმოეჩინოთ. ეს მეტყველებს, რომ მეთუნეობა საქართველოში უძველესი დროიდან ვითარდებოდა. მარტო თრიალეთის სამარხების დასახელებაც საკმარისია, სადაც საუცხოო კერამიკაა აღმოჩენილი - სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობები, ყოფითი ნივთები თუ სარიტუალო ჭურჭელი... ამ დარგის სპეციალისტი დღევანდელ საქართველოში არც ისე ბევრია და დაფასებასაც იმსახურებენ. ამჯერად ამ უძველესი ხელობისა და მამა-პაპის საქმის გამგრძელებელი გიორგი ტატულაშვილი უნდა გაგაცნოთ. გორში ნინოშვილის 10-ში ტატულაშვილების კერამიკის სახელოსნო-მუზეუმი ყველამ იცის, მათ შორის ქალაქის სტუმრებმაც. იქ ბატონი გიორგი გორის მოჭიქული კერამიკის ტრადიციებს, წინაპრებისგან ნასწავლ ტრადიციულ ხელობას სიყვარულით განაგრძობს. გორში ჩამოსული საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ.

ჩვენი რესპონდენტი ამზადებს ფიალებს, დოქებს, ქვევრებს, ჯამებს, სამაწვნე ქილებს, თეფშებსა და ღვინის თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. გამორჩეულია მისი თეთრჭიქურიანი ჭურჭელი, რომელზეც ცისფერი საღებავებით მცენარეების ორნამენტია დატანილი. იყენებს იმავე ფერებსა და ფორმებს, რომლებსაც მისი წინაპრები. 2022 წელს "ეთნოფესტზე" ბატონი გიორგი საუკეთესო კერამიკოსად დაასახელეს.

- არიან კერამიკოსები, რომლებიც შემოტანილი თიხით მუშაობენ. მე მამაპაპური, ქართული თიხით ვმუშაობ, რათა ჩვენი ქართული თიხა და რეწვა არ დაიკარგოს. ვქმნი თითქმის ისეთსა და მიმსგავსებულს, როგორსაც წინაპრები აკეთებდნენ. პაპაჩემმა XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო ხელოსნობა. ეს ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ და ვმუშაობ, მისი იყო, აქვე მუშაობდა ამქარიც, სადაც რამდენიმე ხელოსანი ერთიანდებოდა. ზოგი ჯამს აკეთებდა, ზოგი თასს, ჩაფს, დიდ ქილას, საღვინეს.

tixa2-1681650224.jpg

მაშინ სხვა მასალის ჭურჭელი თითქმის არ არსებობდა. ამიტომ გორში გაკეთებული ჭურჭელი სხვადასხვა კუთხეში ვრცელდებოდა. დიდი მოთხოვნაც იყო, რადგან ყველაფერს თიხის ჭურჭელში ინახავდნენ.

გადმოცემით ვიცი, რომ პაპაჩემი დიდხანს შეგირდად ყოფილა, არა ერთსა და ორ წელიწადს, პატარაობიდანვე. მერე უსტაბაშმა ლოცვა-კურთხევა მისცა, ხელოსნად ემუშავა. თავისი საქმე დაიწყო. ამქრის უფროსი იყო.

პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ვარ. როცა წამოვიზარდე, მამაჩემს ვუთხარი, მეც თიხა ხომ არ უნდა ვზილო-მეთქი და ინჟინერ-მშენებელი გავხდი. ჩემი პროფესიით ვიმუშავე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე. მერე პროფესიულ სასწავლებლებში სამშენებლო საქმეს ვასწავლიდი.

პაპის ხელობა მამაჩემმა გააგრძელა, ჩემი ძმაც მუშაობდა, მას სამხატვრო აკადემია კერამიკის განხრით ჰქონდა დამთავრებული და პედაგოგიც იყო აკადემიაში. მართალია, მე სხვა მიმართულებით წავედი, მაგრამ პატარაობაში მამას ვეხმარებოდი. მერე უსამსახუროდ დავრჩი, შინ კი ყველაფერი მქონდა აწყობილი, რაც კერამიკისთვის მჭირდებოდა, და გადავწყვიტე, კერამიკოსობა მეც დამეწყო. მით უფრო, მამაჩემს ყველაფერი ჰქონდა გაკეთებული, ელექტროღუმელიც აშენებული იყო. გვაქვს ძველი, ისტორიული ღუმელიც, XIX საუკუნის ბოლოს ააშენა პაპამ. ახლა არტეფაქტია. სხვათა შორის, ეს ერთადერთია საქართველოში შემორჩენილი, თორემ ღუმელების მეტი რა არის?! ეს თავისი ფორმით, ტექნოლოგიით, სპეციფიკით სხვანაირია.

- რას გულისხმობთ?

- შეშას უკეთებდნენ საჭირო ტემპერატურის მისაღწევად, რათა მასში გამოსაწვავად შეწყობილი ჭურჭელი სათანადოდ დამუშავებულიყო. უმეტესად ჭიქური უნდა დამდნარიყო და პრიალა გამოსულიყო. ამიტომ ნელ ცეცხლს 14 საათის განმავლობაში არ აკლებდნენ. 900ოჩ-ზე­ მეტი სჭირდებოდა. ჭურჭელი "სიკრიალეს" რომ დაიწყებდა, თვალით ატყობდნენ... მოკლედ, ნელ ცეცხლზე დილიდან საღამომდე შეშას უკეთებდნენ. ამისთვის შეშის მოტანა, გაშრობა, დაპობა ცალკე ამბავი იყო და დრო სჭირდებოდა. ახლა ჩავრთავ ელექტროღუმელს და საქმეს თავისით აკეთებს. 7-8 საათი სჭირდება.

- ყველანაირ ჭურჭელს აკეთებთ?

- დღესდღეობით უფრო სუვენირებს. დოქებს, პატარა ფიალებს, განსხვავებულ სასმისებს, ოღონდ, რა არტეფაქტებიც მაქვს, იმის მიხედვით ვმუშაობ. სახელოსნო-მუზეუმი­ 200 კვმ-ია. აქ ვმუშაობ და აქვე ვფენ ნახელავს. ტელევიზიები, ელჩები, ტურისტები, სტუმრები, ყველანი აქ მოდიან. მეუფე ისაიას ანიმაციური კინოს ფესტივალის სტუმრები აქ მოჰყავდა ხოლმე. დავდივარ ნიქოზშიც, იქ ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლაში ვასწავლი, მეუფემ გახსნა. კერამიკა ტექნიკუმში მეუფესაც აქვს ნასწავლი. ძალიან მოწადინებულია, რომ ბავშვებმაც განაგრძონ ეს საქმე და დარჩეს მომავალ თაობას ჩვენი ქართული ხალხური კერამიკა. მოსწავლეები გორშიც მყავს, ამას გორის მერია მიფინანსებს.

tixa4-1681650224.jpg

- ამბობთ, მასალა ქართული თიხაა, რომელსაც მამა-პაპა იყენებდაო. საიდან მოგაქვთ?

- მეტეხის აგურის ქარხნიდან. თურქულ თეთრ თიხას მე არ ვიყენებ.

- თიხა მღერის, თიხა ლაპარაკობსო, ეს ფრაზა ცნობილ ქართულ ფილმში ისმის. თქვენ რას გვეტყვით?

- თიხა ცოცხალი, ჯანმრთელი და მოლაპარაკეა. ამ წუთში ეს საქმე ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. 74 წლის ვარ, ამ სახელოსნოში ახლა უფროსიც მე ვარ, უმცროსიც, დამლაგებელიცა და ოსტატიც. მუშაობა ჩემთვის დასვენება და განტვირთვაა. ცნობილი ფილმი ახსენეთ და, თვით "საბუდარელ ჭაბუკს", მსახიობ იმედა კახიანს ფესტივალზე შევხვდი. პირველად მაშინ მოსინჯა ძალა ამ საქმეში, მთხოვა, დამსვით, აბა, თუ შევძლებ გაკეთებასო.

- ნახელავს სად ყიდით?

- თბილისშიც ვაბარებ, ზოგი აქვე ყიდულობს, ტურისტები ინტერესდებიან. ტრადიციული რეწვის ასოციაციაში ვარ გაწევრებული.

ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს ხელობა არ დაიკარგოს. რაც მთავარია, მომავალ თაობას გადავცემ, იმათ კი თავიანთ შვილებს უნდა გადასცენ. ეს საქმე რომ მოისპოს, საქართველოს ბევრი რამ დააკლდება. მიხარია, რომ ჩემი მოსწავლეები ყოჩაღობენ და მასტერკლასებს უკვე თვითონაც ატარებენ. მჯერა ამ ახალგაზრდების.